მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურიატი, ბერტა ზუტნერი იგონებს მისი და არტურ გუნდაკარ ზუტნერის საქართველოში ცხოვრების წლებს
კითხულობს ლელა გაფრინდაშვილი. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
... ზუგდიდში ჩვენი დამკვიდრების მიზეზი ის იყო, რომ პრინცმა აშილ მიურატმა ჩემი ქმარი მშენებლობის ზედამხედველად და ასისტენტად აიყვანა. არტურის მოვალეობას შეადგენდა პროექტების ხაზვა და მშენებელი მუშების ხელმძღვანელობა. ფუნქციები ასე იყო დანაწილებული. იხაზებოდა ბაღ-ბაღჩების პროექტები, იღებებოდა ხის პლაფონები, გაჰყავდათ არხები, აკრავდნენ შპალერს, ამზადებდნენ საჯინიბოების საიმედო საკეტებს, ცხენები რომ არ მოეპარათ . ყველაფერი ეს კეთდებოდა საერთო ძალებით.
მე სხვა სამუშაო მქონდა: ყოველდღე 2 საათს ვასწავლიდი მათ ორთავე ვაჟს – ლუსიენსა და ნაპოს გერმანულ ენასა და პიანინოს დაკვრას.
კვირაში ორჯერ ვსადილობდით ერთად მშენებარე ვილაში. განსხვავებით ყოველდღიური სამუშაო ტანსაცმლისაგან, აქ საგარეო ტანსაცმლით მოვდიოდით და საღამოებს მუსაიფში, მუსიკობასა და ჭადრაკის თამაშში ვატარებდით. გვამხიარულებდა აგრეთვე ჩემი ქმრის მიერ დახატული კარიკატურები, რომლებშიაც ასახული იყო მშენებლობის მთელი ქრონიკა, და მშენებლობაში მონაწილე ადამიანთა მეგობრული გონებამახვილური შარჟები.
ზამთარში, როცა ჩვენ დედოფალთან /ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი/ ზუგდიდში ვიმყოფებოდით, კვირა დღეს ყოველთვის სუფრაზე გვპატიჟებდნენ. ზაფხულობით კი ზუგდიდში სრულიად მარტონი ვრჩებოდით და ამ სიამრტოვეს დიდებულად ვიყენებდით. რამდენიმე საათს დილით არტური საამშენებლო საქმიანობის მეთვალყურეობას უთმობდა, ხოლო დანარჩენი დრო მთლიანად მე მეკუთვნოდა.
მაშინ შეგვეძლო ჩვენ მუყაითად გვემუშავა ჩვენს ნაწაროებებზე, გვეწერა. ამ დროს შეიქმნა ჩემი რომანები: „ცუდი ადამიანი“, „ჰანა“ და წიგნი „სულის ინვენტარიუმი“, რომელსაც ხელს ფსევდონიმით ვაწერდი.
ამ დროს დაწერა ჩემმა ქმარმა „დარეჯანი“, “აზნაური“ და მოთხრობების კრებული „კავკასიის შვილები“. ამ დროსვე ვკითხულობდით ჩვენ ერთად, ერთად ვსწავლობდით, ხანგრძლივად ვმუსაიფობდით ყველაფერზე, რაც გვაინტერესებდა.
შინაგანად მდიდრული ცხოვრება გვქონდა უკაცურ ადგილას მდგარ გლეხის ქოხში. ღამ-ღამობით ზოგჯერ ტურების კივილი გვესმოდა. კვირების განმავლობაში ვერავის ვნახულობდით და გარშემო არაფერი ხდებოდა. ჩვენი განცდებისა და განცდილის წყარო იყო ჩვენი წიგნები და ჩვენი გულები.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა კმაყოფილებით გვავსებდა. ჩვენს წინაშე გადაიშალა მე-13 საუკუნის სამყარო . ეს იყო ეპოქა, რითაც ამაყობენ ქართველები, რადგან ამ დროს ქვეყანაში ოქროს ხანა სუფევდა, როცა დიდი დედოფალი თამარი მართავდა საქართველოს, შოთა რუსთაველი გალობდა მის კარზე, უმღეროდა მის დიდებას, მის ძალას, მის სილამაზეს. ამ სახელის ხსენებაზე ყოველ ქართველს მოწიწება ეუფლება. ახლაც ქართველებში ცოცხალია რუსთაველის მიერ განდიდებული ეპოქა, როგორც ამაღლებული და წარუვალი.
„ვეფხისტყაოსნის“ ჩვენეული თარგმანი არ დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ არ გვინანია ის დრო, რაც ამ საუშაოზე დაგვეხარჯა. ყოველივე ამის მეშვეობით ჩვენ შევაღწიეთ ქართველი ხალხისა და ამ მომაჯადოებელი ქვეყნის არსსა და სულში, მის ისტორიასა და ლიტერატურაში, სადაც ამდენი ხანი დავყავით.
ჩვენ გავიცანით იმ წარჩინებული ოჯახის ქრონიკები, რომლებთანაც ურთიერთობა გვქონდა. არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ ქვეყნის ბუნების თავისებურებათა სიღრმეშიც შევაღწიეთ, ვეცნობოდით სოფლის ამ განმარტოებაში ხალხის ზნე-ჩვეულებებს, ჩვენს მასპინძელს დავყავდით ქორწილებში, ნათლობებზე და სატირალში.
მაგრამ რა საინტერესოც უნდა ყოფილიყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, მაინც ვითვლიდით დღეებს, რომელნიც სამშობლოში ჩვენს გამგზავრებამდე გვაშორებდნენ და რაც უფრო გვიახლოვდებოდა ჩვენი უკან დაბრუნება, მით უფრო ძლიერი სიხარული გვიპყრობდა.
ბერტა „ მემუარები“,
შტუტგარტი, 1909 წელი