‍აკაკი პაპავა (1890-1963)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0138_papaაკაკი პაპავა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის პირველი დღეებიდანვე იმ მამულიშვილთა გვერდით დადგა, რომელთაც თავიანთი ცხოვრების უმთავრეს მიზნად საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჰქონდა დასახული. იგი იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი. მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო, როგორც პოლიტიკასთან ისე შემოქმედებით მოღვაწეობასთან. მას სამწერლო ასპარეზის გზა დაულოცა დიდმა ქართველმა მოაზროვნემ არჩილ ჯორჯაძემ.

აკაკი პაპავა იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობის წევრი, ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტისა და საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი. მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში შედიოდა ასევე მწერალთა კავშირის თავჯდომარის მოადგილის საქმიანობა.

აკაკი პაპავა საქართველოში იყო თეატრალური საზოგადოების წევრი.

ემიგრაციაში აკაკი პაპავას საზოგადოებრივი მოღვაწეობა წუთითაც არ შეუწყვეტია. იგი რეგულარულად აფინანსებდა პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონს“. საკუთარი სახსრებით ყიდულობდა ჟურნალისათვის ლინოტიპის ქართული ასოების კონპლექტს.

სამხრეთ ამერიკაში ცხოვრების დროს აკაკი პაპავას ინიციატივით გამოდიოდა სპეციალური ჟურნალი „სახალხო საქმე“.

მწერალ აკაკი პაპავას მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილ მთავრობასთან, რომლის წარმომადგენელი თავად იყო არგენტინაში. ბუენოს-აირესში იგი დაუკავშირდა ე. წ „სატელიტების“ განმანთავისუფლებელ კომიტეტს, სადაც გახდა ამ კომიტეტის წევრი და მათთან ერთად იბრძოდა ერთა განთავისუფლებისათვის. აკაკი პაპავა გადასცემდა იქაურ რადიო „პორტენიათი“ მოხსენებებს დაჩაგრულ ერთა და მათ შორის საქართველოს შესახებაც. „ყოველ 26 მაისს აწყობდა რადიო გადაცემას მოხსენებითა და ქართული მუსიკით.“

არგენტინაში აკაკი პაპავა იყო ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე და ჟურნალ „მამულის“ საპატიო რედაქტორი და მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი.

ბუენოს-აირესის გარეუბანში ლონას-დე-სამორაში, სადაც პაპავები ცხოვრობდნენ აკაკი პაპავა გამუდმებით ზრუნავდა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ენის პროპაგანდისათვის. მან არამატო თავიანთ შთამომავლებს შეასწავლა მშობლიური ენა, არამედ ამ მხრივ არგენტინელი ბავშვებიც დააინტერესა.

საქართველოში იგი სისტემატიურად აგზავნიდა ემიგრაციაში გამოსულ ქართველ მწერალთა წიგნებს, ბიბლიოგრაფიას, მისი და მისი მეუღლის თამარ პაპავას ემიგრაციაში დაბეჭდილ შემოქმედებით ნიმუშებს.

აკაკი პაპავას შემოქმედებითი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ძირითადად პოლიტიკური მიზნებისაკენ იყო მიმართული, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებია საქართველოსთვის თავსდამტყდარი უბედურება.

ქვეყნისადმი თავდატეხილი ტრაგედიის დიდი ემოციური სიმძაფრეა გამოხატული სამხრეთ ამერიკაში დაბეჭდილ მის კრებულებში: „ბაბუტას ლექსები", „უცხო ჭიშკართან", „1500 წლოვან თბილისს", „მოწამეთობა", რომლებშიც ერთი აზრია გატარებული, რომ რუსეთიდან მოდის სიბნელე და ჩრდილოეთიდან ქართველი ხალხისათვის მზე არასოდეს ამოვა. თუ მის სიტყვებს მოვიშველიებთ: „იქედან მოდის გათახსირება საზოგადოებრივი, ოჯახური, მეგობრული, ნათესაური... იქედან აფურთხებენ და ფეხქვეს სთელავენ წმინდათაწმიდას. მას ჩვენი ერი არ აჰყვა. საქართველომ მოსკოვი არ მიიღო არც პოლიტიკურად, არც მორალურად, საქართველოს აქვს საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი კულტურა და ზნეობა".

ამ აზრის კონსტატაციაა ხსენებული წიგნის ავტორისეული წინასიტყვაობაც: „ვიცით – წინაპართა მოწამეების სიაში ჩვენ არავინ მოგვიხსენიებს, ჩვენ ასეთ კადნიერებიდან შორსა ვართ... მაგრამ მათის მოწამებრივის გზით ჩვენც გვივლია... ბევრ ახლობელთ და ნათესავთ წავაყარეთ ამ გზაზე მიწა: ცივი და უცხო... და ყოველივე ეს ავიტანეთ, უფრო მძიმეც, მაგრამ ჩვენს „მაისობას", მტერმა რომ „მოწამეთობად" გვიქცია, არ განვდგომილვართ... ვერც განვუდგებით... და ჩვენი გოლგოთის გზა უეჭველად იმსახურებს „მოწამეთობის" გზის სახელს... პატარანი ვართ, სუსტნი. მაგრამ „ქართლის ცხოვრებამ" დიდთა და ძლიერთა საქმენი დაგვაკისრა და ამით, სწორედ ამით ვართ უკვდავნი..."

აკაკი პაპავა დაკრძალულია ლევილის ქართველ ემიგრანტთა სასაფლაოზე.