გიორგი ელიავა (1892-1937)
რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დის ნინოს შვილი გახლადათ გიორგი ელიავა,
„თბილისში ლიზა (ელისაბედ) ჭავჭავაძე–მარჯანიშვილის ოჯახი, მაშინდელ გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე, მირიმანოვის სახლში ცხოვრობდნენ. სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე ყაზბეგი, სერგეი მესხი, აკაკი წერეთელი და სხვები.
1882 წლიდან ლიზა მარჯანიშვილის სალონში მოსიარულეთ მიემატა ახლად კურსდამთავრებული ექიმი გრიგოლ ელიავა (შემდეგში ბათუმში ცხოვრობდა, ცნობილი იყო საზოგადო მოღვაწეობით), რომელმაც ცოლად შეირთო ლიზას უფროსი ქალი ნინო" .
მათი ვაჟი გიორგი ელიავა დაიბადა 1892 წლის 13 იანვარს საჩხერეში. გიორგი ელიავა სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამავე წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამდეგ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას.
ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა უნიკალური ვირუსი აღმოაჩინა. ეს უცნაური, თვალით უხილავი არსება საოცრად სიცოცხლისა და ბრძოლისუნარიანი გამოდგა; მიკრობულ უჯრედში შეღწევისას ისეთი გამალებით იწყებდა გამრავლებას, რომ მალე ამ მიკრობისაგან აღარაფერი რჩებოდა.
მან ჯერ არ იცოდა, რომ პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მოღვაწე კანადელ ბაქტერიოლოგ ფელიქს დერელს ბაქტერიოფაგის ფენომენი უკვე აღმოჩენილი ჰქონდა და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბაქტერიოფაგის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას. ახალგაზრდა ბაქტერიოლოგმა მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზინის ფენომენს. დიზენტერიით დაავადებული ადამიანებიდან გამოყოფილ შიგელებზე დაკვირვების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზინი განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო და მას ბაქტერიის მშთანთქმელი ანუ “ბაქტერიოფაგი” დაარქვა.
ამ ახლადაღმოჩენილი “სასწაულის” საფუძვლიანი შესწავლის (და მომავლაში მისი გამოყენების) მიზნით, გიორგი ელიავა პარიზში გაემგზავრა, სადაც 1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. გიორგი ელიავა მოიხიბლა დერელის კვლევებით ექპერიმენტული მედიცინის დარგში. 1923 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. ინსტიტუტი გახდა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და ფართოდ გაშალა კვლევა ფაგების შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების დარგში. ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა და წარმოადგენს გიორგი ელიავას ინსტიტუტის საქმიანობის ტრადიციულ და ამასთანავე, ძირითად სფეროს, იმ კვლევებთან ერთად, რომლებიც ტარდება იმუნური და ბაქტერიული პრეპარატების შემუშავებისა და დანერგვისათვის. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს კი დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა.
1927 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან – მიკრობიოლოგიის კათედრებს.
დიდი მეცნიერი 1937 წელს საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. იგი საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობისა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობის ბრალდებით, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები გადასახლებაში “გაისტუმრეს”. თვითონ ინსტიტუტი კი, გაურკვეველი მიზეზით, ხელუხლებელი დატოვეს. გიორგი ელიავასთან ერთად დახვრიტეს მისი მეუღლეც, ხოლო ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს.
ელიავას დაწყებული საქმე მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს და დღესაც ეს ინსტიტუტი პირველი სამეცნიერო კერაა მსოფლიოს მასშტაბით.