ავთანდილ მერაბაშვილი (1902-1974)
მეცენატსა და მრეწველ ავთანდილ მერაბაშვილის შესახებ ცნობილი ემიგრანტი ალექსანდრე მანველიშვილი წერდა: „1925 წელს გრიგოლ ვეშაპელი, თავის სტატიაში, ქადაგებდა ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებასა და „შერიგებას უკვე დამყარებულ რეჟიმთან...“ ამ ღალატის გამო, იგი მოკლა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ავთანდილ მერაბაშვილმა, რომლის გასამართლებას მეტად საინტერესო ისტორია უკავშირდება: „სასამართლოზე ბრალმდებელმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა. მოსარჩელედ გამოსულმა ემიგრანტმა პოეტმა, „ვეფხისტყაოსნის” რუსულად მთარგმნელმა კონსტანტინე ბალმონტმა მაშინ ბრწყინვალე სიტყვა წარმოსთქვა და აღნიშნა: „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე იგი დიდი ხანია მუშაობს და ღრმად ჩაწვდა ქართულ ხასიათს, რომ ამ პოემაზე აღზრდილი ქართველებისათვის ყველაზე დიდი დანაშაულია რწმენის, სამშობლოსა და მეგობრის ღალატი. ვეშაპელმა კი სამივე ეს ზნეობრივი კრიტერიუმი დაარღვია და ამიტომ დაისაჯა. ბალმონტის გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგულ სასამართლოზე, რომ მან მკვლელს მხოლოდ საფრანგეთიდან გადასახლება მიუსაჯა. მერაბაშვილი ჯერ გერმანიაში დასახლდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ამერიკაში”.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ამერიკაში დასახლებულმა ა. მერაბიშვილმა, ჩილეს გვარჯილისა და სპილენძის საწარმოები შეიძინა. წარმოებაში მოგებული ფულით კი, სანტიაგოს მახლობლად, ოკეანის სანაპიროზე მიწები შეიძინა, რესტორანთა ქსელი და სააგარაკო ქალაქი გააშენა. ქუჩებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ცენტრალურ გამზირს კი – თავისი „გადამრჩენელის“ რუსთაველის ქუჩა უწოდა; მასპინძლობდა და პატრონობდა გერმანიის მხარეზე მებრძოლ ქართველებს, რადგან ჩილეს მთავრობამ 1947 წელს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა უკვე გაწყვიტა და ლტოლვილებიც შეიფარა“
1953 წლის ბოლოდან სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე ლიტერატურულ-სამეცნიერო, კულტურულ-საგამომცემლო საქმიანობამ არგენტინიდან სანტიაგო-დე-ჩილეში გადაინაცვლა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი მეცნიერი, რედაქტორ-გამომცემელი ვიკტორ ნოზაძე. მნიშვნელოვანი ნაშრომების გამოცემა იკისრა მრეწველმა ავთანდილ მერაბაშვილმა, რომელიც დაინტერესებული იყო შოთას გენიის მეცნიერულ-ლიტერატურული ნამუშევრების გამოცემით: მართლაც, ამ შესანიშნავმა ქართველმა მისი ღვაწლის დასტურად დაბეჭდა ვიკტორ ნოზაძის სამი ფუნდამენტური ნაშრომი: „1957 წელს სანტიაგო-დე-ჩილეში დაიბეჭდა ვ.ნოზაძის ნაშრომის II ტომი – „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”. მას მალევე მოჰყვა ისევ სანტიაგო-დე-ჩილეში დაბეჭდილი III ტომი – „ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება”.
სანტიაგო-დე-ჩილეშივე დასრულდა, 1958 წელს, „ვეფხისტყაოსნის” მეოთხე ტომიც „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება”. რაც შეეხება ორ დანარჩენ ტომს, იგი ავტორმა პარიზში დაასრულა.
სამივე წიგნის ავტორი ვ. ნოზაძე „ანაბეჭდთა წაკითხვისათვის მადლობას უძღვნიდა ავთანდილ მერაბაშვილს და აღნიშნავდა: ამ წიგნების გამოქვეყნება შეუძლებელი იქნებოდა, რომ ქართული წარსულის სიყვარულით ალმოდებულ ავთანდილ მერაბაშვილს არ გაეღო ხარჯი მის დასაბეჭდად. რა თქმა უნდა ასეთი შემწეობისათვის მას მადლობას მოვახსენებ და თუ ეს ჩემი ნარკვევი ცოტაოდენ ღირსეულ წვლილს შეიტანს „ვეფხისტყაოსნის“ კვლევა-ძიების საქმეში, მგონია, არც სხვა დაიშურებს მას მადლობა მიუძღვნას“.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ გამომცემელმა ა. მერაბაშვილმა ჩილეში დაბეჭდილი ვიკტორ ნოზაძის მეორე წიგნი უძღვნა დედას წარწერით: „შვილთაგან გაუხარებელ დედათა, ჩემი საყვარელი დედის და კატო ალექსანდრე ჭილაძის ასულ მერაბაშვილისა მებრძოლი და სათნო დედის მოსახსენებლად“, მესამე ტომზე აღნიშნულია შემდეგი: „მამა – ჩემი ვანოს, ძია გრიგოლ ფხალაძის, ძია კოლია გაფრინდაშვილის, ისაკო მერაბაშვილის და უცხოეთში გარდაცვალებულთა: კოკი დადიანის, ლადო ახმეტელის, ბაბო ქვლივიძის, მარიამ და ლევან მამულაიშვილის, შურა და იური ფაღავას სახსოვრად“.
ლიტერატურულ-სამეცნიერო საქმიანობა ჩილეში ვიკტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ სამი წიგნის დაბეჭვდით არ ამოწურულა. ემიგრანტ ავთანდილ მერაბაშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით, ვიკტორ ნოზაძის დახმარებით გუსტავო დელა ტორემ ესპანურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“.
ამ მხრივ საინტერესოა ესეისტ თამარ პაპავას წერილი სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე ავთანდილ მერაბაშვილის შესახებ. თავის სამშობლოზე უაღრესად შეყვარებულმა მამულიშვილმა ავთანდილ მერაბაშვილმა „ვეფხისტყაოსანზე“ მეცნიერული და მთარგმნელობითი მუშაობისათვის ნამდვილი ქართული ოაზისი შეუქმნა ვიკტორ ნოზაძესა და „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურად მთარგმნელს გუსტაო დე ლა ტორეს, რასაც ცხადყოფს ერთი ამონარიდი თამარ პაპავას ეპიტოლარული მემკვიდრეობიდან: „ჩვენი მეგობარი, ავთანდილი, მშვენივრათ გამოიყურება; თუმცა ხანდახან გულს იტკიებს, – ბევრი აქვს გამოვლილი.. ცხოვრობს მშვენიერს საკუთარ სახლში, რომელსაც აკრავს უმშვენიერესი ბაღი, ხეხილითა და ვარდ-ყვავილებით. მისი მეუღლე ჭეშმარიტად, მშვენიერი სილამაზის და მოხდენილი ტანადობის ქალია; ის ჩილელია წარჩინებულის და განათლებული წრიდან... ავთანდილი ძალიან ბევრს მუშაობს. საქმე რასაც ის მოეკიდა, დიდია და მძიმე; თან მეტათ ბევრ და მუდმივ შრომას და ზრუნვას მოითხოვს. და რაც მთავარია, დიდ თანხებს. ის სანტიაგოდან მოშორებით აშენებს კურორტს. ოკეანის ეს ნაპირი მართლაც მშვენიერია. იქ უკვე გაყვანილია წყალსადენი, გზები, სინათლე და სხვა. შენდება უკვე სახლები, აგარაკები, იქამდე პატარა სკოლაც არის გახსნილი. ყველა ამის გამო, საქმეებიც აუარებელია. და ავთანდილი თითქმის მარტო უძღვება ამდენ სამუშაოს. ამიტომ ფული ჯერ ძალიან უჭირს. თან ოჯახი, მეუღლე, შვილები, საქმის გამო სტუმრები, მეგობრები, გულუხვი სუფრა და ყველა ამით მეტად დამძიმებულია ბატონი ავთანდილი. ავთანდილს ჰყავს ერთგული მოსამსახურე ქალი, რომელიც 17 წელია მასთან მსახურობს. უვლის ოჯახს, შრომობს და თან საუცხოვოთ ამზადებს ყველა ქართულ კერძებს. პურის ჭამა ავთანდილს არ შეუძლია, თუ კერძები ქართულად არაა შემზადებული. ეხლა შვილებზე: გოგი სახლშია, მამას შველის. ვანო ცოტა შორს, მეორე ქალაქშია, მუშაობს. ტარიელს მშვენიერი მეორე ცოლი ჰყავს, ისიც მუშაობს და ცალკე ცხოვრობს. ქალიშვილი ლონდა მშვენიერია, ცალკე ცხოვრობს და მუშაობს... ერთი სიტყვით ავთანდილი ჩვენი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტია“ (პაპავა ფონდი 28 103/19).
1966 წელს რუსთაველის 800 წლის იუბილეზე ა. მერაბაშვილის შეკვეთით ჩილელმა მხატვარმა პოეტის პორტრეტი შექმნა, რომელიც ამშვენებდა ჩილელ მწერალთა ასოციაციის მიერ მოწყობილ საიუბილეო მოსაწვევს.
ავთანდილ მერაბაშვილის დიდ ქველმოქმედებაზე თამარ პაპავა შემდეგ ეპისტოლეში აღნიშნავდა: „ავთანდილი საინტერესო ადამიანი და ყველაზე ადრე, წმინდაწყლის ქართველი პატრიოტია“ (პაპავა ფონდი 28 103/19).
მნიშვნელოვანია ისიც, რომ XX საუკუნის ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მწერლური ინდივიდუალობითა და ნიჭიერებით გამორჩეული წარმომადგენლის გიორგი გამყრელიძის პოეტური კრებულიც „გვიანი რთველი” 1960 წელს სანტიაგო-დე-ჩილეში ავთანდილ მერაბიშვილის დაფინანსებით დაიბეჭდა.
1960 წელს ა. მერაბაშვილის დაფინანსებით სანტიაგო-დე-ჩილეში დაიბეჭდა ასევე აკაკი პაპავას კრებული „1500 წლოვან თბილისს“. კრებულში შესულია ავტორის თბილისისადმი მიძღვნილი ლექსები და წერილები. კრებული იხსნება ვახტანგ VI-ის სიტყვებით:
„რა სჯობს მაისში ტფილისსა,
ვარდი ვარსკვლავებრ ესხასა!
მწვანედ ღელავდეს გარემო,
ცვარი ცის მასზედ ესხასა...“
საქართველოდან ბოლო დროს, როგორც თამარ პაპავას მიერ სარა მერაბაშვილისადმი (ავთანდილ მერაბაშვილის და) გაგზავნილი წერილებიდან ჩანდა, პარტიული დოგმისადმი მონურ მორჩილებას თავდაღწეულმა ქართველმა ინტელიგენციამ გააცხოველა ინტერესი თავისუფალი აზროვნების შემოქმედების ნიმუშების მიმართ. რამაც თავისთავად გააძლიერა ინტერესი ემიგრანტი მწერლებისადმი. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება მათი მიმოწერიდან ერთი ასეთი წერილიც: „ესეცაა მივიღეთ ჩილედან წერილი, რომლითაც თქვენი ძმა და ჩვენი მეგობარი ავთანდილი გვატყობინებს (იგულისხმება მერაბაშვილი), რომ საქ. ს.ს.რ აკადემიის მომსახურეს, თუ წევრს სურვილი გამოუთქვამს ჩვენი წიგნების „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“ და რამდენიმე სხვა წიგნების „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ მიღება.
ჩვენ ეს წიგნები განმეორებით გადმოუგზავნეთ საქართველოს აკადემიის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს, „სახელგამს“, „საბჭოთა საქართველოს“, გამომცემლობას „მნათობს“ და სხვა რედაქციებს.
წიგნები დაზღვევით გადმოიგზავნა და არა მგონია დაკარგულიყო. რაკი საქართველოს მეცნიერების მუშაკებმა ეს ჩვენი მცირედი ნარკვევები ღირსეულ ქართველ ქალებზე ასე თუ ისე ყურადღების ღირსი გახადეს, ჩვენ, რასაკვირველია, მზადა ვართ ამ უკანასკნელ ეგზემპლიარებსაც შეველიოთ და სიამოვნებით მოგაწვდით ცალკე, ჩვეულებრივ ფოსტით, დაზღვევით თითო ან ორ-ორ ეგზემპლიარს იმ წიგნებისას, რაც კიდევ დაგვრჩენია არქივში.
დაბალი სალამი მათ, ვინც ასეთი გულმხურვალებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის წარსულის კვლევა-ძიებას“ (პაპავა ფონდი 28 103/26).
ავთანდილ მერაბაშვილის სურვილი იყო სანტიაგოს მახობლად აშენებული სააგარაკო ქალაქი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაეცა, ვერც ეს სურვილი და ვერც სამშობლოს ხილვა ვეღარ მოასწრო. მისი ღვაწლის დასტურად მხოლოდ ვიკტორ ნოზაძის სამი წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ ესპანური თარგმანი, საქართვლოში გამოგზავნილი საიუბილეო მოსაწვევი, ჩილეს გაზეთებში დაბეჭდილი ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის წარმატებული გასტროლების რეცენზიები და ის სიკეთე დარჩა, რომელიც ამერიკაში მოგზაურ ქართველთა ხსოვნაში ავთანდილ მერაბაშვილმა თავისი მასპინძლობით დატოვა.
ქართველი ერის იძულებით მოწყვეტა მშობლიური წიაღიდან არ ახალია, ამიტომ სამშობლოდან დევნილ ქართველს არა ერთი სახელი დაუმკვიდრებია უცხო მიწაზე და მათ შორის გახლდათ ავთანდილ მერაბაშვილიც, რომელთა მსგავსთა შესახებ უთქვამთ: „სადაურსა სად წაიყვან ბედო“...