წინასიტყვაობა, რომელიც ოლივერ უორდროპმა მისი დის, მარჯორი ოურდოპის, მიერ ინგლისურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას დაურთო

კითხულობს ლელა გაფრინდაშვილი. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

„ეს ნაშრომი ცდაა, პირდაპირ, სიტყვასიტყვით თარგმნილიყო ის წიგნი, რომელიც ერთ ბრწყინვალე წარსულის მქონე განათლებულ ერის სარკედ ითვლება; ეს სარკე ალაგ-ალაგ გაბზარული და დაზიანებულია, დროისა და უბედობის გავლენით. გარნა სწავლულთა გულმოდგინე შრომას შეუძლია ისევ აღადგინოს მისი დაზიანებული ადგილები და დაუბრუნოს პირვანდელი ბრწყინვალება. თვით იმ მდგომარეობაშიაც კი, რა სახითაც ეს ნაშრომი წარმოდგენილია, შეუძლია საზოგადო ყურადღება მიიპყროს. თავგადასავალი პოემისა ამ უკანასკნელს წაკითხვის ღირსადა ჰქმნის. ამ წიგნს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა იმით, რომ მთელი შვიდი საუკუნის განმავლობაში მთელი ერის საკითხავ წიგნად ითვლებოდა; უკანასკნელ ხანამდე ახალგაზრდობა მას ზეპირად სწავლობდა. ყოველ ქართველ გასათხოვარ ქალს მოეთხოვებოდა ყოველი სიტყვა ამ წიგნისა ზეპირად სცოდნოდა და გათხოვებისას მზითევში ამის ხელნაწერიც თან გაჰყოლოდა.

ასეთი მოწიწება ამ წიგნისადმი და მერე ამდენი ხნის განმავლობაში, საბუთია იმისი, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირის ამბავი წარმოადგენს ქართველთა ცხოვრების სურათს და მოწმობს იმ აზრის ჭეშმარიტებას, რომ მისი ღირსება ცხადქმნილია 700 წლის ცხოვრებითა, რომელიც უმეტეს წილად ტანჯვითა და წვალებით იყო სავსე; ცხადივე უნდა იყოს სხვა ერთათვისაც, რომ ასეთი წიგნი განძად უნდა ჩაითვალოს მთელი კაცობრიობისათვის, განსაკუთრებით კი ისეთ ერებისათვის, ვინც, მსგავსად ქართველთა, ბერძნების და ქრისტიანობის იდეალების გავლენას განიცდიდნენ.

ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს უცხო ენის ფსიქოლოგიასთან კი არა, არამედ თვით ხალხისავე სულიერ ცხოვრებასთან, რომელიც, მართალია, მეზობელი აზიის გონებრივი მოძრაობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაინც მთელი ათასი წლის ბრძოლის განმავლობაში ცხადად ამტკიცებდა, რომ მისი ბუნებრივი მისწრაფება მიმართული იყო ევროპისაკენ, პათეტურ გამუდმებით მისთვის მიეპყრო თვალნი.

რუსთაველი, თავის პოემას რომ წერდა, ეტყობა, არ ცდილობდა ერთი რომელიმე სარწმუნოება ღირსებით შეემკო, ხოლო მეორე დაემცირებინა, ესა თუ ის სარწმუნოება ამოჩენებული არა ჰქონია, განგებ სხვა სარწმუნოებაზე წინ არ აყენებდა. არამედ ყველას კრიტიკულის თვალით უცქეროდა, და თვითონ შეიმუშავა ცხოვრების შესახებ საკუთარი ფილოსოფია, საკუთარი მსოფლმხედველობა; არაბთა და სპარსთა აზრზოვნების გავლენა თუმცა ცხადად ეტყობა, მაგრამ ერთშიაც და მეორეშიაც გარეული აქვს ქრისტიანობისა და ნეოპლატონიზმის აზრები იმდენად, რომ ორსავე დასავლეთურ მსოფლმხედველობას უახლოვებს.

ქართველები მეათე და მეთერთმეტე საუკუნეებში საფილოსოფიო სფეროში იმავე კითხვების კვლევა-ძიებაში იყვნენ, რა კითხვებიც იმ ხანის მოწინავე საქრისტიანოში ქვეყნების მოაზრეთ აინტერესებდათ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ამ შემთხვევაში სხვებისაგან, სახელდობრ ევროპელთაგან, იმით განსხვავდებოდნენ, რომ იმ ხანებში ქართველებმა სხვებზე უწინ გასცეს პასუხი საფილოსოფიო აზროვნების მიმართულებას და აღჭურვილნი იყვნენ იმ დროისათვის სამაგალითო კრიტიციზმით, რომელსაც საგნად ჰქონდა ბერძენთა ნაწერების განხილვა თვით ორიგინალებშივე.

ქართული ენა უაღრესად განვითარებული სამწერლო ენა იყო თვით ქრისტიანობის დასაწყისშივე, და ლურსმნულ წარწერათა მკვლევარნი იმ აზრს ადგებიან, რომ ამ ენაზე ლიტერატურა ისტორიის თვით უპირველეს ხანებში არსებობდაო; ისეთი სიმდიდრე აქვს სიტყვებისა და ისეთი სიძლიერე მათი მიმოხვრისა, რომ ბერძნული სამეტაფიზიკო თხზულებანი არამცთუ სიტყვასიტყვით ითარგმნენ მისი საშუალებით, ზოგჯერ მარცვალ-მარცვლობითაც. როდოსში, პეტრიწის მონასტერში, დღეს ბაჩკოვად წოდებულში, რომელიც დაარსებული თუ განახლებული იყო ქართველთა მიერ 1183 წელს და რომელსაც დღსაც ატყვია კვალი მათი პატრონობისა, საფილოსოფიო სემინარია არსებობდა და აქ ნეოპლატონიკური და სხვა მრავალი თხზულებანი თარგმნეს ქართულად.

ინგლისურად მთარგმნელი ამ პოემისა, მარჯორი უორდროპი, ეცადა მკითხველისათვის გაეცნო ავტორის იდეა და მისი ენა, ამ იდეის გამოსათქმელად ნახმარი; ეცადა იმავე სისწორით, რა სისწორითაც ქართველს მკითხველს შეუძლია თვით დედანში გაიგოს როგორც ერთი, ისე მეორე. ამის თარგმნას შეუდგა კენტში (ინგლისში) 1891 წელს და შავად თარგმნა დაასრულა ქერჩში, 1898 წლის ნოემბერს. მას შემდეგ მრავალჯერ შეასწორა და შეავსო ეს თარგმანი; მუშაობა არ შეუწყვეტია 1909 წლის ქრისტეშობისთვემდე. ამდენი შრომა გასწია, კმაყოფილი მაინც არ იყო, თარგმანი უნაკლოდ მაინც არ ეჩვენებოდა. ყოველსავე შემთხვევაში, ათზე მეტი წლის შრომის შემდეგ გადაწყვიტა დასრულებულად მიეჩნია შრომა. რაც უნდა იყოს, ეს ნაშრომი ხელს შეუწყობს ქართული ენის შესწავლის საქმეს ევროპAაში და უნდა ჩაითვალოს იმ კიბის საფეხურის ქვად, რომელიც სხვებს სიარულს გაუადვილებს ამ საძნელო საქმეში.

ბატონ არტურ ლაისტის მეტრიკული თარგმანი გერმანულად საუცხოოდ გადმოგვცემს შინაარსს პოემისას და მკითხველთ ვურჩევდით მის წაკითხვას.

იმედი გვაქვს, დამხმარენი და ხელისშემწყობნი თავისი შრომის ჯილდოდ მიითლიან იმ გარემოებას, რომ თანამშრომმლობა გაუწიეს იმ ადამიანს, რომელსაც ესდენ უყვარდა რუსთაველი და საქართველო.

დასასრულ, უნდა მოვახსენოთ მკითხველს, რომ ეს წიგნი მთარგმნელის მთავარი ნაშრომთაგანია და, მაშასადამე, უნდა შეიცავდეს ცოტაოდენ ცნობას მისი ცხოვრების შესახებ:

მარჯორი უორდროპი დაიბადა ლონდონში 1869 წლის გიორგობისთვეში; გარდაიცვალა ქ. ბუქარესტში (რუმინეთში) 1909 წლის ქრისტეშობისთვეში; დასაფლავებულ იქნა სევენოკში (ინგლისში). ქართული ენის სწავლა რომ დაიწყო, მ. ფ. ბროსეს მსგავსად, ხელთ ჰქონდა ქართული ანბანი და ქართულივე სახაარება, და ცოტაოდენი რამ ისწავლა, სახელმძღვანელოდ გაიხადა ბროსეს გრამატიკა და მისივე ქართულ-ფრანგული ლექსიკონი; ოცდაათი წლის ასულისათვის ქართული ენის შესწავლა სიცოცხლის საგნად იქცა, საფუძვლიანი განათლებით იყო აღჭურვილი და თავისი საქმიანისა და მრავალფეროვან ცხოვრების დროს არამც თუ ხმარობდა ფრანგულსა, გერმანულსა, იტალიურსა, რუსულსა და რუმინულს ენებს შინაურობაში თუ ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობაში, არამედ იკვლევდა ამ ენებსა და მათ ლიტერატურასაც.

ახალგაზრდობითვე მთელი თავისი სიცოცხლე უცხოეთში გაატარა: იტალიასა, საფრანგეთსა, სამხრეთ აფრიკაში (შედარებით ცოტა ხანი); ჰაიტში ერთ წელიწადზე მეტი; რუმინეთში – სამი წელიწადი; რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილას თითქმის ათი წელიწადი. ინგლისურიდან თარგმნა და გამოსცა „ქართული ხალხური ზღაპრები“, ლონდონში, 1894, „განდეგილი“, ლეგენდა თ. ილია ჭავჭავაძისა, ლექსად, ლონდონში, 1895, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, ოქსფორდში, 1900 , „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა თარგმანები ხელნაწერებად დარჩა.

საქართველოში იშვიათია ოჯახი, სადაც მისი სახელი არ გაეგონოთ. ქართველთა ენა, ისტორია და ლიტერატურა შეისწავლა; განსვენებულმა ყოველსავე ამას დაურთო გულწრფელი და უანგარო სიყვარული თვით ქართველ ხალხისადმი, ცდილობდა მუდამ სცოდნოდა ყოველივე, რაც ქართველთა კეთილდღეობას შეეხებოდა, იღვწოდა მის სასიკეთოდ, მისთვის არაფერი ეშურებოდა. თავისზე ნაკლებ დალხინებულ თანამემამულეს, ვისაც კი შეხვდებოდა უცხოეთში, უეჭველად უნდა მიჰშველებოდა, გულწრფელი მეგობრობა უნდა გაეწია. მისი გარდაცვალების ამბავმა ყველა შეაწუხა, ისეთებიც კი, ვინც მხოლოდ ოდნავ იცნობდნენ, იმიტომ, რომ თავად სათუთისა და სუსტი აგებულებისას, თავი არ ეზოგებოდა მოყვასთა მისაშველებლად, ნუგეშის საცემად. მისნი დაახლოვებულნი მეგობარნი იცნობდნენ როგორც ხელოვნების ზედმიწევნით მცოდნეს, როგორსაც ინგლისური ოჯახი ზრდის ხოლმე, იცნობდნენ როგორც ადამიანს მხიარულ გუნებისას, საღი გონებისას, მხურვალე გულის პატრონს.

განსვენებული ბუნებით თავმდაბალი და მოკრძალებული ხასიათისა იყო, ერიდებოდა თავისი ნაშრომების შესახებ ლაპარაკს, ასე რომ, ვინც დამტკბარა მისი ოჯახებრივისა და საზოგადოებრივი ღირსებითა, ბევრმა არ იცოდა, თუ თავის თავისუფალ დროს მეცნიერებას ანდომებდა. მშვიდად, მხიარულად, არა ერთხელ გაუსწორებია თვალი გადამდებ სენისა, ომისა და სხვა მრავალი განსაცდელისათვის; და სამგან საცა მოუხდა ცხოვრება, ჰაიტის რესპუბლიკაში (1902), პეტერბურგში (1905), ბუქარესტში (1907) – მოწამე გახდა ზარბაზნების გრგვინვა-ჭექისა სამოქალაქო ბრძოლის დროს და გაინაწილა როგორც სიხარული, ისე განსაცდელი და მწუხარება იმ ხალხისა, რომელთა შორის ისა ცხოვრობდა. მის მიერ არაერთხელ გამოთქმული სურვილის თანახმად, დაარსებულ იქნა ფონდი ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული ენის შესწავლისათვის და მისი წიგნები და ხელნაწერები კიდეც გადაეცა ბოდლეის წიგნთსაცავს“.

ოლივერ უორდროპი,
1912