მარჯორი უორდროპის მოგონება XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ

კითხულობს ლელა გაფრინდაშვილი. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

ჩვენ იმერეთში ვართ. რომანტიულ ქვეყანაში. აქ, ქუთაისში, უძველეს ქუთაისში, კოლხეთში, რიონის ჩრდილოვან ტყეებს შორის მოსულა იაზონი ოქროს საწმისის საძებრად. აქ ჰპოვა მან ის განძიც, რომელსაც დიდ ხანს ეძებდა და აქვე ჩასჩურჩულებდა სიყვარულის ზღაპრებს მშვენიერ ჯადოქარ მედეას.

აი, იქ უფატრავდა გულს ზევსის სასტიკი ბრძანებით კლდეზე მიჯაჭვულ პრომეთეს ზეცის ფრთოსანი ძაღლი. მრავალი ძველი ლეგენდა შემოუნახავს გლეხთა მეხსიერებას. ერთი მათგანი არის ლეგენდა ამირანის შესახებ, რომელიც სხვა არა არი რა თუ არა კლასიკური მოთხრობა პრომეთეს შესახებ. მედეა და იაზონი დღემდე საკუთარ სახელებად იხმარება საქართველოში და თქვენ შეხვდებით ტელემაქს, იუნონას და ვენერასაც კი ამ საინტერესო ქვეყნის მკვიდრთა შორის...

... იმერეთის ახლანდელი ეპისკოპოსი თუმც მთლად თმადათოვლილი მოხუცია, მაგრამ მისი ძლიერი გავლენა არასოდეს განქარდება. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებანი, ორ ტომად, რომელიც გამოირჩევა ჰუმანიურობით, ენის დახვეწილობითა და აზრის დიდებულებით, თბილისში გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბევრჯერ ხელახლა გამოიცა. აწ განსვენებულმა მალანმა ამ ქადაგებათაგან ზოგიერთი ინგლისურად თარგმნა.

არასოდეს დამავიწყდება ჩვენი სტუმრობა გაბრიელ ეპისკოპოსთან. ის თავის სამუშაო ოთახში იჯდა. მნახველი გულდამშვიდებით ვერ შეხედავდა მისი მშვენიერი ცხოვრების დაისს. თმა თოვლივით გათეთრებოდა, თვალებსაც დაკარგოდათ ახალგაზრდული ცეცხლი, მაგრამ მის დახვეწილ ნაკვთებში გამოსჭვიოდა კმაყოფილების მშვიდი გამომეტყველება, რაც იმ სიცოცხლის დასასრულზე მეტყველებდა, რომლის განმავლობაშიც ის ხალხს მხოლოდ სიკეთისკენ მიუძღოდა...

...ინგლისელთა მხრივ უდიდესი ყურადღების ღირსია თავადი ივანე მაჩაბელი, როგორც შექსპირის შესანიშნავი მოწაფე. მან ბრწყინვალედ თარგმნა ქართულად შექსპირის რამდენიმე პიესა, რომლებმაც საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს.

როგორც, საერთოდ, მთაში მცხოვრებ ხალხს, ქართველებსაც წარმოსახვის ნათელი უნარი აქვთ და ძლიერ უყვართ პოეზია. აქ შეუძლებელია მოვიხსენიოთ ყველა პოეტი და პოეტი ქალი, რომელთაც სახელი გაითქვეს საქართველოში, მაგრამ ვიმედოვნებ, ინგლისელი საზოგადოება მალე უფრო უკეთ გაეცნობა ამ ხალხის ძველსა და ახალ ლიტერატურას, რომელიც დასავლეთისათვის თითქმის სრულიად უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ უფრო ისწრაფოდა, ვიდრე აღმოსავლეთისაკენ. ჯერ კიდევ მე-11-12 საუკუნეებში მათი ახალგაზრდა დიდებულები განათლების მისაღებად საბერძნეთს იგზავნებოდნენ და დრემდე ქართველები განათლების მიღებას დასავლეთში ცდილობენ.

“ივერიის” გარდა, აქ რამდენიმე ჟურნალი და გაზეთი გამოდის ქართულ ენაზე. ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალია “კვალი”, სამეურნეო საკითხებს ეძღვნება “მეურნე”, გამოდის საბავშვო ჟურნალი “ჯეჯილი”, რელიგიური ჟურნალი “მწყემსი” და სხვა.”

მარჯორი უორდროპი
1894 წელი