არტურ ლაისტის მოგონება XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ
კითხულობს ლელა გაფრინდაშვილი. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
თუ მე-19 საუკუნის ქართულ ცხოვრებას განვიხილავთ, დავინახავთ, რა სისწრაფით იცვლებოდა ზნე-ჩვეულებები, შეხედულებანი და მასთან ერთად ზოგიერთი სხვა მხარეც მე-18 საუკუნესთან შედარებით.
იმ ცვლილებათა შორის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი, რაც კი მოხდა მე-19 საუკუნეში, ევროპული ცივილიზაციის შემოჭრამ გამოიწვია. ამ ახალმა მოვლენამ მრავალგვარი სიამე, მოხერხებულობა და ცხოვრების შემსუბუქება მოიტანა. მაგრამ, სააგიეროდ, ის შრომას მოითხოვდა იმისაგან, ვისაც თავისი საჩუქრებით აჯილდოებდა.
1873 წლამდე ქართველებში ცოტა იყო ექიმი, იურისტი, მხატვარი, მუსიკოსი, ინჟინერი, ტექნიკოსი, კარგი ხელოსანი და სხვა, მაგრამ საუკუნის მიწურულში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
როგორი იყო ქართველი საზოგადოების სულიერი ცხოვრება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დამდგეს? მისი ყურადღება სერიოზულად მიპყრობილი იყო თავაშვებულობის პროცესის შესაჩერებლად. პირველად ქართული კულტურის გამოცოცხლებისა და მისი განვითარებისათვის საჭირო მასალის შექმნის ცდა მიმდინარეობდა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ სუსტი და მკრთალი იყო. თუ თვალს გადავავლებთ იმ პირველ მოღვაწეთა დაუცხრომელ ნებისყოფასა და სურვილს, შრომის უშრეტ ძალასა და იმედს, განცვიფრებული დავრჩებით. ივანე კერესელიძე, სერგეი მესხი და სხვები ქართული ჟურნალისტიკის ნამდვილი დამაარსებლები იყვნენ. დღეს მათ შორიდან ვუყურებთ და ამიტომ მოსალოდნელია ეს ადამიანები ბუმბერაზებად არ მოჩანდნენ, რაკი მათი მძიმე შრომა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია. ისინი თითქმის მარტოხელებიც კი იყვნენ, არავითარი სახსარი არ გააჩნდათ.
ამ ვრცელი დროის მანძილზე ქალების როლი ნაკლებად დაფასდა. ქართველმა ქალებმა თანდათან იწყეს გამოსვლა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1875 წლიდან პირველი მწერალი ქალებიც გამოჩნდნენ, მათ არა მხოლოდ ლიტერატურული თხზულებანი შექმნეს, არამედ საფუძველიც ჩაუყარეს ქართველ ქალთა მომავალ მუშაობას.
იმ დიდი მასისაგან, რომელიც მამა-პაპათაგან დატოვებული კულტურით ცხოვრობდა, თანდათან გამოეყო პიროვნებები, რომლებსაც ახალი დროის ქართული კულტურა უნდა შეექმნათ. ისინი პირველად მასწავლებლები და მწერლები იყვნენ. ილიასთან და აკაკისთან თითქმის ერთდროულად იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე გამოჩნდნე. ეს უბრალო ადამიანები, რომელთაც თავისი ერის განათლების მოგვარების გარდა სხვა საზრუნავი არაფერი გააჩნდათ. დღეს თუ ბევრი გაწეული შრომა და შედეგი დადვიწყებას არის მიცემული, თავის დროზე დიდი სარგებლობა მოუტანია. ეს ჯაფა და ნაყოფი მომავლის თესლი იყო და, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა.
ქართველი პედაგოგების ეს საქმიანობა დიდ სკოლას დაემსგავსა, რომლის განუხრელი მიზანი და საქმიანობა ფართო განათლება იყო. უსაჭიროესი მასალა ტექნიკისა და მეცნიერების დარგში საზღვარგარეთიდან უნდა შემოტანათ და ამას სწავლით მიაღწიეს. სწავლა-განათლებისადმი სწრაფვა უკვე ბევრი ქართველი ინტელიგენტის ძვალ-რბილში გამჯდარიყო.
მეცნიერული მოღვაწეობა ქართველი ხალხისა ჯერ კიდევ არ გაშლილა მთელი ძალით ამ ორმოცდაათი წლის წინ, როდესაც ამ ერმა ახალი გონებრივი ცხოვრებისაკენ გზის გაკაფვა დაიწყო, იგი მოკლებული იყო ყოველგვარ საშუალებას და საშუალო განათლებისათვის აუცილებელი სასკოლო სახელმძღვანელოებიც კი არ გააჩნდა. სკოლებში რუსული ენის შემოღებამ ახალგაზრდობის განათლებას რუსული დაღი დაასვა და საკუთარი მეცნიერული მოღვაწეობის გაშლა ქართველებისათვის გაძნელდა. რუსი მთარგმნელობითი ლიტერატურა საშუალებას აძლევთ მათ, გაეცნონ დასავლეთ ევროპის ხალხთა მიღწევებს მეცნიერებაში. მათი კონტაქტი სხვა კულტურულ ერებთან უაღრესად მცირე მასშტაბისაა.. გერმანული ან ფრანგული ენა საფუძვლიანად ბევრმა არ იცის.
სხვებთან ერთად მეც მწამს, რომ ქართველები ხელოვნებაში უფრო შორს წავლენ, არა მარტო მხატვრობასა და მუსიკაში, არამედ პოეზიაშიც. მაგრამ არც მეცნიერება მოუხვეჭს ქართველებს არანაკლებ სახელს, რადგან ისინი ინტელიგენტი, სულიერად მკვირცხლნი და ნიჭით დაჯილდოებულნი არიან. ქართველობა, როგორც კულტურული ერი, სულ მალე, რამდენიმე ათეულ წელში საპატიო ადგილს დაიჭერს თანამედროვე დაწინაურებული ევროპული ერების გვერდით.
არტურ ლაისტი
საქართველოს გული 1923