დიმიტრი ყიფიანი, 1885, სიტყვა წარმოთქმული სენაკის სააზნაურო სკოლაში
კითხულობს ლევან ლორთქიფანიძე. ჩაწერილია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
ადამიანი ისეა დაბადებული, რომ რაკი შვილი მიეცემა, სულ იმას ჰფიქრობს და იმაზე ზრუნავს , რა დავუტოვო, როგორ დაუმკვიდრო უზრუნველი ცხოვრებაო. ზოგი იმით იოხებს გულს, რომ ფულებს უგროვებს, ზოგი იმით, რომ ადგილ-მამულს უმზადებს, მაგრამ წარმავალია ეს ყოველივე: ფული ადვილად დაიხარჯება, ადგილ-მამული შეიძლება სადავოდ გახდეს და სასამართლოში წაგებული იქნას.
მაგრამ სად არის ეს ხერხი? აქ არის, ამ სასწავლებელში! რა არის მერე ეს ხერხი? ეს ხერხი არის სწავლა! სწავლას დაჰყვება ცოდნა. იპოვება ვინმე ჩვენში ისეთი, რომ აღრიცხვას შეიძლებდეს, გამოიანგარიშებდეს, თუ რა და რა საქმეში გამოიყენებს კაცი თავის ცოდნას და რა და რა განსაცდელს და გაჭირვებას გადივლებს თავიდან თავისი ცოდნით?
სწავლას დაყვება მეცნიერება და მეცნიერება ის ხერხია, რომლის მოხმარებითაც შეიტყობენ და შეგვატყობინებენ , ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილს მზე და მთვარე ამგვარად დაბნელდება და ამდენს და ამდენს წამს შემდეგ ისევ განათდებაო. ის ხერხია მეცნიერება, რომლითაც კაცი განუზომელს ზომავს, განუვალს - განვლის, ზღვის ღელვას არაფრად აგდებს, მზის სინათლეს იგდებს ხელშო და თავის ნებიერად ამუშავებს: ზოგს ცეცხლით, ზოგს ელექტრონის ძალით, ესეიგი ხელოვნებით - ელვა, ჭექის გამოყენებით და ზოგს - ცარიელი ანგარიშით.
ერთი სიტყვით: სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზე-აღავლენს და ღირსჰტოფს დაუსაბამოსთან მიახლოვებისა. ეს დაყვება სწავლას და ამ სწავლისთვის არის ეს სკოლა გამართული!“
დიმიტრი ყიფიანი