ილია ჭავჭავაძის შეხედულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ჩვენ გაზეთში ლაპარაკი ჩამოვაგადეთ ფრიტრედერობასა და პროტექციონობაზე, რომელნიც ორს სხვადასხვანაირს სისტემას შეადგენს შინაგანთა საქმეთა წყობისა და მსვლელობისათვის.
ფრიტრედერობა წარმომდგარია ინგლისურის სიტყვისაგან Free Trade და სიტყვასიტყვით რომ ითარგმნოს, ჰნიშნავს: აღებმიცემობის თავისუფალებას. მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ჰქადაგებს აღებმიცემობის თავისუფალებასა, იმაში მდგომარეობს, რომ სააღებმისაცემო საქონელი, შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლო-ბისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას.
ამ მოძღვრებამ ფეხი აიდგა ევროპაში ადამ სმიტის* მეცადინეობითა. ეგ ადამ სმიტი მამამთავრად ითვლება საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებისა. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ეს მოძღვრება თმას ყალხზედ აუყენებდა კაცობრიობას და კაცობრიობის სვე-ბედის გამგებელთა, რომელთაც ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვევარს ლხინსა. მით ამ ადამ სმიტის მოძღვრებას ბევრი არა დააკლო რა და თანდათან უფრო ძლიერ ფეხს იკიდებდა. ამ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ხანებში ინგლისში შესდგა კიდეც რაღაც დასი თავისუფალის აღებმიცემობის მომხრეებისა. სახელოვანებმა ინგლისელებმა კობდენმა, ბრაიტმა, და სხვებმა შეადგინეს 1831 წელსა საზოგადოება და ჰთხოულობდნენ სამზღვარგარეთიდამ შემომავალს პურს ყოფილი ბაჟი სრულებით აეხსნასო. ეს პირველი იერიში იყო პროტექციონობაზედ მიტანილი.
ამ თავისუფალ აღებმიცემობის მოძღვრებამ იმოდენად იმუშავა და იმოდენა თანაგრძნობა მოიპოვა, რომ როცა ინგლისში მთავარ მინისტრად გახდა სერ რობერტ პილი 1841 წელსა, და მასთან ერთად მინისტრებად იყვნენ ველლინგტონი და აბერდინი, მაშინ მაგ სამეცნიერო თეორიამ თვითონ ცხოვრებაშიც გზა გაიკაფა. ერთი უდიდესი სამსახური, რომელიც რობერტ პილმა გაუწია თავის ქვეყანასა, ის იყო, რომ 1846 წელს გააუქმა პურზედ დადებული ბაჟი, პური სულ მთლად გაანთავისუფლა ბაჟისაგან ღარიბთა მცხოვრებთა საოხად და საკეთილდღეოდ.
მაშინ ამ ამბავს მიეგება მთელი ევროპა როგორც ძლევამოსილობას, გამარჯვებას ლიბერალობისას და მთელი ქვეყანა აქებ-ადიდებდა ძლევამოსილობის და გამარჯვების ჩამდენს სერ რობერტ პილსა, რომელმაც თვითონ ინგლისში ისეთი სახელი მოიპოვა, რომ თაყვანსაცემელი გახდა უმრავლესობისაგან. ამ მოძღვრებას მოსარჩლენი გამოუჩდნენ და არა მარტო ინგლისში, საფრანგეთშიაც, ბევრი ცოტად თუ ბევრად სახელგანთქმულნი მეცნიერნი მიემხრნენ ამ მოძღვრებასა, მაგალითებრ, ბასტია, შევალიე, გარნიე, პაჟეს და სხვანი. დროთა განმავლობაში ამ მოძღვრებამ ისეთი სახელი გაითქვა, რომ ერთაშორისმა კანონმდებლობამაც კი შეიწყნარა და სათავედ დაუდვა ყოველს თვის მოქმედებასა. ამ მოძღვრების საფუძველ-ზედ შესდგა 1861წ. აღებმიცემობის კონვენცია (ხელშეკრულობა) ინგლისისა და საფრანგეთს შორის და 1865წ. გერმანიისა და საფრანგეთს შორის.
ილია ჭავჭავაძე,
1887 წელი