ილია ჭავჭავაძის შეხედულება საერთაშორისო სამართლის არსებობის საჭიროების შესახებ
მაშინ, როდესაც მთელი ევროპა და ევროპის დიპლომატია ქსელს აბამს ათასნაირად ხლართულს, რომ ერთმა მეორეს ფეხი როგორმე წამოაკვრევინოს და კისერი მოატეხინოს, სწორედ ამ დროს მცირეოდენი ნაწილი კაცობრიობისა, მშვიდობიმოყვარეობითა და კაცთმოყვარეობით აღძრული, ჩუმად, მაგრამ დაუძინებლად ჰსაქმობს, რომ ომი, ეს საზარელი რისხვა ღვთისა, მოაშოროს თავიდამ კაცობრიობასა.
რაში მდგომარეობს იგი მოძღვრება? იმაში, რომ თუ თვითვეულმა ცალკე კაცმა სახელმწიფოში დასთმო ძალმომრეობა, მუშტი და თვისი ყოფა-ცხოვრება სამართალზედ დაამყარა, რატომ ესევე არ შეიძლება მოიხდინოს თვითვეულმა ცალკე სახელმწიფომ კაცობრიობაშიო? თუ რამ შუღლი, მტრობა და დავა ჩამოუვარდება თვითვეულს ცალკე კაცს და სახელმწიფო შუა ჩადგება თავისის სამართლითა და მოარიგებს ხოლმე, რატომ ეგრევე არ უნდა მოექცეს თვითვეულს ცალკე სახელ-მწიფოს მთელი კაცობრიობაო? ამ წარსულს ივლისის დასაწყისში ამ საგანზედ ჩამოვარდა ლაპარაკი ინგლისის პარლამენტში. ამ მოძღვრების მომხრე კაცმა, მარკიზმა ბრისტოლმა წინადადება შეიტანა ლორდთა პალატაში და ითხოვა დაადგინონ განაჩენი მასზედ, რომ სასურველიაო უზენაესი სასამართლო დაწესდეს ერთაშორისის დავების გასასამართლებლადაო, რომ საერთაშორისი შუღლი და დავა ამ სასამართლომ განარჩიოს და დააბოლოვოსო.
თუმცა კონსერვა-ტორთა დასის წინამძღოლმა მარკიზმა სალუსბერიმ უკანვე წააღებინა მარკიზს ბრისტოლს მისი წინადა-დება, მაგრამ სალუსბერმაც კი საჭიროდ დაინახა ზრდილობიანად მოჰქცევოდა ამ აზრსა და ქებით და დიდებით დაეთხოვნა ლორდთა პალატიდამ.
სალუსბერიმ პასუხად ესა სთქვა, რომ სურვილი, რომელიც ამ შემთხვევაში წინ მიუძღვის ბრისტოლსა, ისეთი უცილობელი რამ არის, რომ, თუ თეორიულად გავსინჯავთ, ყველასათვის სანატრელია და ყველასაგან თანასაგრძნობიო. მართლადა, რა იქნება უკეთესი მასზედ, რომ საერთაშორისი სასამართლო დაარსდეს და მან სათავეშივე მოსპოს ხოლმე ყოველივე მიზეზი ომისაო! ხოლო განხორციელება ამ სურვილისა ძალიან და ძალიან შორს მანძილზეა ჩვენგანა და დღეს უფრო შორს არის, ვიდრე რამდენისამე წლის წინად იყოვო.
ჩვენ ეს ამბავი მოვიყვანეთ იმისათვის კი არა, რომ გამოვიძიოთ, ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი და მტყუანი. იგი, რაც სალუსბერიმ გადუღობა წინ ბრისტოლის წინადადებას, ნუთუ ადვილად მოსავლელი არ არის? რა გაუჭირდება კაცობრიობას? არაფერი, თუ კი მოინდომა. მონდომება კი იმაზეა დამოკიდებული, როცა მოძღვრება ბრისტოლისა, თუ ყველას არა, მომეტებულს ნაწილს მაინც სულსა და გულში გამოენასკვება. საქმე ესე არის. ყოველივე ამისთანა დიდი მოძღვრება ამ ბედისაა: ბევრი წყალი ჩაივლის ხოლმე, ვიდრე ცხოვრებაში გზას გაიკვალავს და ფეხს მოიკიდებს.
დღეს ამ მოძღვრებას ემსახურებიან ერთი ეგრეთ-წოდებული “ინსტიტუტი საერთასორისო სამართლისა” ბრუსსელში და მეორე “ლონდონის საერთაშორისო კრებული სამუდამო მშვიდობიანობის მომხრეთა”. 1873 წლიდამ დაწყებული ამ აზრს სამუდამო მშვიდობიანობისას გზა გაეხსნა. 1873 წელს ჰენრი რიჩარდმა შეიტანა იგი აზრი ინგლისის პარლამენტში და პროფე-სორმა მანჩინიმ იტალიისაში. 1974 წელს სენატორმა სობნერმა ამ აზრს უმოძღვრა ამერიკაში, ვაშინგტონის კონგრესში; შვეციამ და ჰოლანდიამაც აალაპარაკა ამ საგანზედ თვითვეულმა ცალკე თავისი პარლამენტი და სხვანი.
ჩვენ ხსოვნაში არა ერთი მაგალითია სხვათა შორის, რომ შუაკაცთა სამართლით გათავებულიყოს გამწვავებული დავა და შუღლი სახელმწიფოთა შორის. ეგრე მოიქცა ამერიკა და ინგლისი ”ალაბამის” გამო საქმეში, რომელმაც კინაღამ ომი არ ჩამოუგდო ამ ორს სახელმწიფოს, მაგრამ შუაკაცებმა მოარიგეს; ეგრე მოიქცა ამას წინად გერმანია და ისპანია, რომელთაც შუაკაცად თვითონ პაპი ლეონ XIII ჰყვანდათ და რომელმაც საომრად გაცხარებული ისპანია მოარიგა ცუდად თუ კარგად გერმანიასთან და მშვიდობა ჩამოაგ-დო. ამ მოძღვრებას თავისი მერმისი აქვს შორსა თუ ახლოს, და თუ დღეს სალუსბერის მზგავსნი ეურჩებიან, ეგ მარტო იმით აიხსნება, რომ დღევანდელის გარემოებით შეხუთვილნი არიან. სანამ სახელმწიფო იკისრებდა თვითვეულის კაცის მფარველობას, არა გვგონია კაცს ძალმომრეობის გაუქმება ცალკე კაცთა შორის იმგვარ ოცნებადვე არ სჩვენებოდა, როგორც ეხლა ჩვენ გვეჩვენება ძალმომრეობის მოსპობა სახელმწიფოთა შორის.
ილია ჭავჭავაძე
1887 წელი