ილია ჭავჭავაძე საუბრობს თანასწორუფლებიანობის შესახებ
კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ.
თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო.
ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანას მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქმნება თუ პატარა.
ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც დღეს ახალს ამბებშია დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ერთი იმერელი მოსამსახურე გაუგზავნია თავის პატრონს ფაეტონის მოსაყვანად. დიდხანს ჰცდილა ეს მოსამსახურე, მრავალს მეფაიტონეებს შეჰხვეწნია, მაგრამ არავინ გამოჰყოლია. ბოლოს, როგორც იყო უშოვნია ფაეტონი. იქაც მახლობლად მდგარა სამი სამხედრო წოდების კაცი, ერთს მათგანს უბრძანებია მოსამსახურის მიერ დაჭერილ მეფაიტონესათვის, მე წამიყვანეო, მოსამსახურე უარზედ დამდგარა, ძლივძლივობით ვიშოვე ფაეტონი, ჩემი დაჭერილია და ვერ დაგითმობთო. სამხედრო წოდების კაცს ბევრი აღარ ულაპარაკნია, ფაეტონი წაურთმევია, დაუძახნია პოლიციელისათვის და უბრძანებია, ურჩი მოსამსახურე სადმე გამაცალეო.
ამისთანა ძალმომრეობა ხშირია ჩვენში, მაგრამ იშვიათად გამომჟღავნდება ხოლმე. სამართლამდე რომ მიაღწიოს ამ საქმემ, რასაკვირველია, ამ ძალმომრეობას, მარტო დიდპატარაობისა და მაღალ-დაბალობაზედ დაფუძნებულს, თავისი შესაფერი მსჯავრი დაედებოდა, მაგრამ საწუხარო ეს არის, რომ დიდმა იცის, პატარა ამაებს არ გამოუდგება და დანაშაული შერჩება დამნაშავესა. უსათუოდ ამისთანა ბოლოც ექმნება ამ საქმესა: მოსამსახურე არ იჩივლებს და ეს ამბავი ჩაილულის წყალს დალევს. ჩვენ კი არ შეგვეძლო ხმა არ ამოგვეღო ამ საგანზედ.
ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ კაცთა საზოგადოება ცნობიერთა არსებათა კრებას კი არ წარმოადგენდა, არამედ შავის ტყის ნადირთა გროვას, საცა ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ამისთანა ამბებს აწ არსებულნი კანონები არ იწყნარებენ და სანატრელია, რომ არც ამ ზემოხსენებულს შემთხვევაში შეიწყნაროს.
ილია ჭავჭავაძე
1887 წელი