ეკატერინე გაბაშვილის წერილი ქალთა განათლების შესახებ
ამ თიბათვის პირველს, კვირაზე დავესწარი „საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კრებას. საზოგადოებას შეადგენდნენ ჩვეულებისამებრ ჩვენი ყმაწვილკაცები, რომელნიც, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც მხურვალეთ ეკიდებიან საზოგადო საქმეებს. არც ერთი ჩვენი ჩინებით და სხვადასხვა ამ ქვეყნიერების ბედნიერებით შემკულნი არა სჩანდნენ ზალაში.
საზოგადოების მმართველობის წლის ანგარიშის წაკითვის შემდეგ გაიმართა გაცხარებული ბაასი სხვადასხვა საგნებზედ. ბაასობდნენ იმაზედ, თუ რა საშუალება იხმაროს მმართველობამ, რომ უკეთ მოიხმაროს საზოგადოების შეწირული ფული და საზოგადოების აზრი და განზრახვა უკეთ შეასრულოს.
მე გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თორმეტიდგან დაწყებული თითქმის ხუთ საათამდე იყო ცხარე ბაასი საზოგადოების ფულის მოხმარებაზედ წერა-კითხვის გავრცელებისათვის და არავის იმაზედ ხმა არ ამოუღია, ეს ღვაწლი მარტო ვაჟების სასწავლებლებს და იმათ განათლებას უნდა ეკუთვნოდეს, თუ ქალებსაც უნდა ჰქონდეთ რამე მონაწილეობა.
მართლაც გასაკვირია, როგორ ერთს ან საზოგადოების წევრს ან საზოგადოების მმართველებს ფიქრადაც არ მოუვიდათ ქალების ბედის გახსენებაც! ორიოდე სიტყვა ითქვა ხონში ქალების შკოლის გამართვაზედ, მაგრამ ეს სიტყვები ისე საჩქაროთ იყვნენ ჩაფარცხულნი, თითქოს ეს მომეტებული საგანი ყოფილიყოს საზოგადოების არსებითის აზრებისთვის. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენი წერა-კითხვის საზოგადოების მმართველნი საჭიროდ არა რაცხდნენ ქალებისთვის ზრუნვას?
თუ აგრე არ არის, რისგან მოხდა, რომ არც ერთი სიტყვა, არც ერთი მანეთი არ იყო შეწირული ქართველი ქალებისათვის და არც მომავალი წლისთვის იქნება? განა ცუდი იქნებოდა, როგორც ბათუმისა და თბილისის შკოლებზე ლაპარაკობენ, ესეც გადაეწყვიტნათ, რომ ყველა შკოლა საქალ-ვაჟო ყოფილიყო?
მართალია, ჩვენს სასოფლო შკოლებში ქალებიც სწავლობენ, მაგრამ ეს სრულიად მასწავლებელზეა დამოკიდებული. თუ სურვილი აქვთ, ქალებსაც ასწავლიან, თუ არა და არა. რათ არის ასე? რატომ ყველა შკოლა ვალდებული არაა ერთნაირათ მიიღოს მსურველნი ვაჟებიცა და ქალებიცა? რატომ პედაგოგიურ კურსებზე ქალებიც არ უნდა იყვნენ მიღებულნი?
განა ჩვენში ცოტა ქალები არიან, რომლებიც სიამოვნებით იკისრებენ სასოფლო შკოლების მასწავლებლობას, ამ საქმისთვის სპეციალური მომზადება რომ ჰქონდეთ. განა არ მოგეხსენებათ, რომ ევროპაში და მომეტებულად ამერიკაში საუკეთესო და მომეტებული რიცხვი მასწავლებლებისა ქალები არიან? რატომ ჩვენ არ უნდა გამოვცადოთ? თქვენ თვითონვე არ ამბობთ – ჩვენს კაცებში იშვიათათ იპოვნით რიგიანს მასწავლებელსო? ნუთუ ჩვენი წერა-კითხვის საზოგადოება უადგილოთა სახავს ქალების განათლებას საერთო სიკეთისათვის საქართველოში?
მე კი ჩემის აზრით, ქალებისთვის უფრო საჭიროდ ვხედავ ქართულის ენის ცოდნას, იმიტომ, რომ ქალი არის პირველი მასწავლებელი შვილებისა; ყმაწვილს თუ ბავშვობიდანვე სიყვარული არა აქვს სწავლისა და თავის დედა ენისა, ის შემდეგშიაც ძნელად შეითვისებს იმას, და თუ ჩვენმა წერა-კითხვის საზოგადოებამ ქართველი ქალების აღზრდა ინსტიტუტსა და ზავედენიებს მიანდო, სადაც ქალებს სრულიად არა აქვთ ღონის-ძიება, პრაქტიკის უქონლობის გამო, ქართული ენის შესწავლისა, იმასაც ჩქარა მოვესწრებით, რომ ჩვენ ბავშვებს, დიდების მოწყალებით, სასირცხვილოდ მიაჩნდებათ თავის დედა-ენაზედ ლაპარაკი. ამის მაგალითები ახლაც ბევრია ჩვენში. ამაზედ ბევრი დამემოწმება.
წარსულის კვირის კრებაში ვიყავით რამდენიმე ქალი და ვერც ერთმა ჩვენთაგანმა ვერ მოვახერხეთ ხმის ამოღება ქალების გამოსასარჩლებლად. რატომ? იმიტომ, რომ შევკრთით, ვერ გავბედეთ ხმამაღლა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, არა ვართ ქალები შეჩვეული საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღებას.
იმედი გვაქვს, საქართველოს წერა-კითხვის საზოგადოება მიიღებს მხედველობაში ამ აზრს და შემდეგისთვის მისცემს ღონის-ძიებას ქართველ ქალებს თავის დედა-ენის შესწავლისას; ვგონებთ, საქმითაც მალე გამოჩნდეს, რომ ეს საზოგადოების ზრუნვა უსარგებლოთ არ ჩაივლის.
ეკატერინე გაბაშვილი
1880 წელი