კატო მიქელაძის წერილი ეკატერინე გაბაშვილს ქალთა სოლიდარულობის შესახებ

კითხულობს ეკატერინე აღდგომელაშვილი. ჩაწერილია ელენე ახვლედიანის სახლ მუზეუმში

ძვირფასო კატო,

თქვენთან დიდათ დამნაშავე ვარ, რომ ამდენ ხანს არ გიპასუხეთ წერილზე, მაგრამ ჩემი მდგომარეობა რომ იცოდეთ, არ გამამტყუნებდით. დილიდან საღამომდე დავრბივარ, რომ რაიმე ადგილი ხელში მოვიგდო. ახლა მგონი მივაკვლიე მიზანს და შედარებით უფრო დამშვიდებული ვარ. პირველ თქვენს თხოვნაზე, რომ მკითხავთ საქართველოში ქალთა მოძრაობის შესახებ რამე ნაწარმოები მქონდეს, ეს მართალი არ არის და თქვენ შეცდომაში შედიხართ. მე მაქვს სიტყვა მომზადებული , ქართველი ქალის სოციალური მდგომარეობა ძველსა და თანამედროვე საქართველოში, რომელიც ქალთა მოძრაობას სრულიადაც არ შეეხება.

რაც შეეხება მაგ საკითხს, თუ „რისთვის არ ვარ მე თქვენს მიერ აღნიშნულ ქალებთან?“ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. რომ ეს ჯგუფი არა სდგას დღევანდელს მომენტის შესაფერ ნიადაგზე, ამას თქვენც უნდა ხედავდეთ. მე არ მიყვარს უაზროდ საქმეში ჩარევა. ამისთვის შეიძლება ჩემი სახელი დღეს ყველაზე უფრო მკრთალათ გამოსჭვიოდეს, რომელზედაც გული სრულიადაც არა მწყდება. წერა მისთვის, რომ წერა ვიცით ან ლაპარაკი მისთვის, რომ ენა მიჭრის, ეს ერთგვარი მეტიჩრობაა. მე ჩვენი ქალები საერთოთ ყველანი მიყვარს. ის პირნიც კი, რომელთანაც მე პირადათ უსიამოვნება მაქვს. მიუხედავათ ამისა, მე მათთან მუშაობა არ შემიძლია. არ შემიძლია მისთვის რომ, არც ერთი მათგანი არც გულისწვას და არც ინტერესს არ იჩენს ნახევარი კაცობრიობის ადამიანურ ღირსებისა და ცხოვრებისადმი.

ეს ჯგუფი ლაპარაკობს, რომ ის პოლიტიკის გარეშე სდგას და ემსახურება მხოლოდ წმინდა ხელოვნებას. და რომ ავიღო ეგ წმინდა მათი ხელოვნური ნაწარმოები, იქ სანუგეშოს ქალთათვის ვერას დავინახავთ. ისევ ის ძველი დახავსებული გემოვნება, ისევ ის ბარბაროსული დამოკიდებულება სქესთა შორის და განცდები, რომელიც აგრე უხვათ არის სხვათა ნაწარმოებში. განა ხელოვნებაში არ შეიძლება გამოიხატოს ის, რაც გულით გწადია და რასაც ელტვი? მე მგონია, რომ ეს ძალიან ადვილი საქმეა როგორც პროზისთვის, ისე პოეზიისთვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი ქალები ამაზე არცა ფიქრობენ. ჩვენი ქალები უფრო იმაზე ფიქრობენ, რომ მამაკაცებს მოაწონონ თავიანთი ნაწარმოები. ეშინიათ კრიტიკის, ეშინიათ თვით მათი უარჰყოფითი აზრის. ასეთი მხდალი რაზმი ბრძოლისთვის არ გამოდგება. და მე არ მინდა გავერიო მათში მხოლოდ დისონანსის შესატანათ იმ დროს როცა ვიცი, საქმით ვერას გავხდები.

მანდ არც დაჯერება და არც პიროვნული პატივისცემა არ არსებობს. მაგენი იმასაც ვერ ამჩნევენ, თუ ჩემი სახელი რამდენათ აშინებთ და ზიზღსა ჰგვრის ქალთა უფლებების მოძულე მწერალს და არამწერალ მამლებს. ჩვენი ქალები ამ ვაჟბატონებს უფრო ანგარიშს უწევენ, ვიდრე მე. ამას მე ვხსნი მაგათი მოუმზადებლობით და ჩამორჩენილობით. მარტო ერთი უმიზნო ფაფხურით არაფერი გამოვა, თუ თავს მითი არ ვინუგეშებთ, რომ „ტყუილათ ჯდომას ტყუილათ შრომა სჯობსო“.

თქვენი პატივისმცემელი,

კატო მიქელაძე ,
1 მარტი, 1926 წელი