ბარბარე ჯორჯაძის წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“
კითხულობს ეკა წერეთელი. ჩაწერილია ელენე ახვლედიანის სახლ მუზეუმში
პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ: `შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო~.
თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო. გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო: თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო.
მართალია, დედაკაცისთვის თვით ბუნებას არ მოუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა. მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდა ქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: `თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თავლის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს, ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალს ეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა სიტყვებით: მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო.
ახლა ბრძანეთ, ამგვარ გზაზედ დაყენებული, უსწავლელი და შებორკილი არსება, პირუტყვულ წრეში მყოფი ცუდიც რომ გამოსულიყო, ვინ იყო პასუხი მგებელი?
ამოდენი საუკუნოების განმავლობაში ამ გვარად მომდიანრეობდა ქალების ვითარება და ყურადღება არავისა ჰქონდა მიქცეული, მხოლოდ კაცთა გამოხსნისათვის განხორციელებულმა უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არცა დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც კი პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.
საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც აკრგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არ ქალი, როდესაც კაცები მამულის დასაცველად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი? თუ აქამომდე მოაღწია მდიდარმა ქართულმა ენამ, ქალის მეოხებით მაოღწია.
დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა. ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს-რა. ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან, თუკი საქმეს უშველიან რასმე.
ბარბარე ჯორჯაძე
ჟურნალი „კვალი“, 1893 წელი