პეტრე ხარისჩარაშვილი (1814-1890)
ქართველ კათოლიკეთა მოძღვარი, კონსტანტინოპოლის ქართული სასულიერო სასწავლებლის დამაარსებელი, განმანათლებელი და წიგნების გამომცემელი პეტრე ივანეს ძე ხარისჩარაშვილი (იგივე ხარისჭირაშვილი) დაიბადა 184 წელს სოფელ ბარალეთში, ჯავახეთში. მისი წინაპრების ნამდვილი გვარი ყოფილა ადუაშვილი, ეს გვარი კი წარმამდგარა ზედმეტი საგვარეულო სახელიდან, ხარისჭირასაგან, რომელიც მე018 საუკუნეში უწოდებიათ პეტრეს ერთ-ერთი წინაპრისათვის იმის გამო, რომ იგი ბავშვებს უცრიდა ყვავილის წინააღმდეგ ხარის წყლულის ჩირქით.
პეტრე ხარისჩარაშვილი ჯერ ახალციხის სამრევლო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი გადავიდა ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იგი იტალიაში გაემგზავრა. აქ მან რომის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. ერთხანს მღვდლად იმსახურა ახალციხეში. აქვე დაიწყო ქადაგება რომის კათოლიკური ეკლესიის პროპაგანდის პოლიტიკის შედეგად ეროვნული გადაგვარების გზაზე დამდგარ ქართველ მოსახლეობაში იმ მიზნით, რომ სამცხე-ჯავახეთი, ნაციონალურად დეზორიენტირებულ და ჩამორჩენილ მცხოვრებლებს ეღიარებინათ, რომ ქართველები იიყვნენ. ქადაგებამ ნაკლები შედეგი გამოიღო და მას ბევრი უსიამოვნება შეხვდა. ამის შემდეგ პეტრე ხარისჩარაშვილმა გადაწყვიტა ქართველ კათოლიკეთა საკითხი ევროპის სასულიერო წრეების ყურადღების ცენტრში დაეყენებინა და ყველა ღონისძიება ეხმარა სამშობლოს კუთხის კათოლიკე მოსახლეობის გვარ-ტომობის დასაცავად, რადგან მათ ხან „ფრანგებად” აცხადებდნენ და ხან „სომეხ კათოლიკებად” ნათლავდნენ.
ქართველ კათოლიკეთა ეროვნული გათვითცნობიერების საქმეში პეტრე ხარისჩარაშვილს უდავოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის; ამ საკითხზე მან რომის პაპს ვრცელი მოხსენება წარუდგინა, ესპანეთში იქადაგა ქართველთა „ქართველობა” და ევროპის პრესაშიც არაერთგან გამოაქვეყნა საპროტესტო წერილები, დაარსა სასულიერო კულტურული ცენტრები, რომელთა საქმიანობაში ფართოდ ჩააბა სამცხე-ჯავახეთის პატრიოტულად განწყობილი კათოლიკე მღვდელ-მოძღვარნი და სამოქალაქო პირნი.
პეტრე ხარისჩარაშვილმა აქტიური ბრძოლის შედეგად იმას მიაღწია, რომ XIX საუკუნის 50-იან წლებში კონსტანტინოპოლში დააარსა ქართველ კათოლიკეთა მონასტერი, ქართული სასულიერო სასწავლებელი და იქვე გახსნა სტამბა. სასულიერო სასწავლებლის მიზანს შეადგენდა ქართველი ახალგაზრდების მომზადება საეკლესიო მოღვაწეობისათვის მშობლიურ ენაზე. როგორც სასწავლებელს, ისე თვით მონასტერსა და სტამბას პირადად პეტრე ხარისჩარაშვილი ხელმძღვანელობდ და მან დამსახურებისათვის აბატის წოდება მიიღო.
ქართველთა მონასტერი პეტრეს თაოსნობით საფრანგეთშიც დაარსდა (ქ. მონთობანში), აქვე ჩამოყალიბდა ქართული სტამბაც.
კონსტანტინოპოლისა და მონთობანის საგამომცემლო საქმიანობაში პეტრე ხარისჩარაშვილმა აქტიურად ჩააბა საეკლესიო სარბიელზე მოღვაწე მწიგნობრები საქართველოდან (კერძოდ, სამცხე-ჯავახეთიდან. მაგალითად,&ნბსპ; ივანე მამულაშვილი, იოსებ წალდაძე _ იგივე, მამუკათი, ივანე გვარამაძე, ანდრია წინამძღვრიშვილი, სტეფანე გიორგიძე და სხვ.) მათ დაავალა სასულიერო და საერო შინაარსის წიგნების თარგმნა ლათინური, ფრანგლუი და სომხური ენებიდან, ორიგინალური თხზულებების დაწერა, რომელთაგან ზოგიერთი სახელმძღვანელოდ უნდა ყოფილიყო გამიზნული. აის შესახებ „მოკლე ქართული გრამატიკის” წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „დიდი ხანია მწუხარე გულით ვხედავდით, რომ არ იპოებოდნენ ქართულს ენაზედ დასტამბულნი სასარგებლო და გამოსადეგი წიგნები და ამით ყოველითურთ მოკლებული იყო სწავლის საშუალებისაგან მთელი საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, იგი, რომელმანც ქართული ენის მეტი სხვა ენა არ იცის”.
ჩვენს სასოფლო სკოლებს „ბუნების კარის” გარდა, აღნიშნავენ წინასიტყვაობის ავტორები, არ მოეპოვებათ საჭირო სახელმძღვანელო წიგნები და უამისოდ კი „ვერც მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს რაიმე ყრმათა და ვერცაღა იმათ შეუძლიანთ ისწავლონ რამე... აი, ამფერნი სამწუხარო გარემოებანი იყვნენ, რომელთაც აღგვიძრეს ჩვენ, რათა მოყვასის სიყვარულის თანამდებობის შესასრულებლად, რაოდენიც შეგვეძლო გვეშრომა გლუის მოდგინებით ამ ფრიად სასარგებლო საქმისათვის”.
80-იან წლებში კონსტანტინოპოლის ქართულ სტამბაში შემდეგი ქართული სახელმძღვანელოები დაიბეჭდა: „მოკლე რიტორიკა გინა მჭევრმეტყველება სასარგებლო ახალგაზრდა ყმაწვილ კაცთა”, 1879, „მოკლე ფილოსოფია, გინა სიბრძნის მოყვარება, რომელი შიცავს თავისში ფსიხოლოღიას, ლოღიკას, ბუნებით ღვთის მეტყველებას და ზნეობას, მაღალს სწავლაში შესასვლელ ყმაწვილ კაცთათვის”, „მოკლე მსფოლიო გინა საყოვლიერო ისტორია ძველთა და ახალთა ნათესავთა”, 1880; „ფიზიკებრივი, მოქალაქეობრივი და ისტორიებრივი მოკლე გეოგრაფია სასოფლო სკოლებისათვის”, 1881.
საფრანგეთის ქალაქ მონთობანში გამოცემული წიგნებიდან აღსანიშნავია „მოკლე ქართული გრამატიკა სასოფლო სკოლებისათვის” და „სიბრძნე კაცებრივი” (1877).
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პეტრე ხარისჩარაშვილის გამომცემლობას ქ. მონთობანში დაუბეჭდავს საქართველოს რუკა და თამარ მეფის ფერადი სურათი.
1883 წელს პეტრე ხარისჩარაშვილმა წიგნების ბეჭდვა შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობაში საკმაოდ იყო დაგროვილი გამოსაცემად განზრახული ხელნაწერები. ამის ერთ-ერთ მიზეზად ზაქარია ჭიჭინაძეს ენის სისუსტე მიაჩნია, მას მოჰყავს სიტყვები ვინმე ა. ნასყიდაშვილის პირადი წერილიდან: „ჩვენ წიგნების ბეჭდვა მიტომ შევაჩერეთ, რადგანაც საქართველოში ენის სტილი დაგვიწუნესო”.
თანამედროვეთა გადმოცემით, პეტრე კარგი მოქადაგე იყო და მრავალ ენასაც ფლობდა. 1894 წლის „საქართველოს კალენდარში” მოთავსებულია პეტრე ხარისჩარაშვილის ბიოგრაფია, სადაც მითითებულია, რომ იგი თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, ლათინურ, ბერძნულ, სომხურ და თურქულ ენებზე.
პეტრე ხარისჩარაშვილი გარდაიცვალა 1890 წელს ქალაქ ახალციხეში.
ჩვენი კულტურის დაუცხრომელმა მკვლევარმა ზაქარია ჭიჭინაძემ პეტრე ხარისჩარაშვილის მოღვაწეობას საგანგებო წიგნი უძღვნა „აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი” (ტფილისი, 1895).
მის შესახებ რევოლუციამდელ პრესაში იბეჭდებოდა სტატიები, რომელთაგან აღსანიშნავია ცნობილი პუბლიცისტის ილია ხონელის წერილი გაზეთ „კავკაზში” (1896, №142).