ივანე კერესელიძე (1827-1892)
ავტორი: სოლომონ ცაიშვილი XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი მოღვაწე, მასწავლებელი, თეატრალი და დრამატურგი, ქართული ჟურნალისტიკის ერთი ფუძემდებელთაგანი ივანე ივანეს ძე კერესელიძე დაიბადა 1827 წელს ქალაქ თბილისში. როგორც თვით ივანე კერესელიძე მოგვითხრობს, მას სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, მაგრამ სწავლა სასულიერო სემინარიაში არ გაუგრძელებია. რადგან, როგორც იგი წერს, – „ვსცან, რომე უდიდეს სასულიერო სემინარიისა არს საკეთილშობილოდ ღიმნაზია და უფლებაცა მქონდა მას შინა შესვლისა... გარდაველ მასშიგან და მუნცა სრულებით შევასრულე”. ივანე კერესელიძეს გიმნაზიის კურსი 1850 წელს დაუსრულებია. რადგან მისი მუდმივი დამხმარე და ნივთიერად ხელისშემწყობი თეკლე ბატონიშვილი იმ ხანებში უკვე გარდაცვლილი (1846) ყოფილა, მას უმაღლესი განათლების მიღება ვერ მოუხერხებია და იქვე დარჩენილა ბავშვების აღმზრდელ-მასწავლებლად. ცოტა ხნის შემდეგ, 1851 წელს კომერციულ სასწავლებელში გადაუყვანიათ, თუმცა დიდხანს არც აქ უმუშავია. იგი, როგორც ქართული და რუსული ენების კარგი მცოდნე, თავისი ნათლიის შვილების ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანების მიერ რეკომენდირებულ იქნა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და მისი მეუღლის ეკატერინეს წინაშე მათი შვილების ნიკოლოზისა და სალომეს აღმზრდელ მასწავლებლად. ნივთიერად ხელმოკლე ივანე კერესელიძისათვის ეს თანამდებობა მეტად ხელსაყრელი იყო. იგიც გულმოდგინებითა და კეთილსინდისიერად შეუდგა დავალებულ საქმეს და მალე, როგორც თავისი აღსაზრდელების სიყვარული, ისე მთელი ამ დიდი ოჯახისა და თვით მთავრის პატივისცემა დაიმსახურა. ივანე კერესელიძე ნივთიერად საკმაოდ მოღონიერებული დაბრუნდა დედაქალაქში, სადაც მაშინ გიორგი ერისთავს უკვე განეახლებინა ქართული თეატრი და ჟურნალ „ცისკრის” გამოცემაც დაეწყო. ივანე კერესელიძე ამ ახალ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში მთელი თავისი გონებრივი და ქონებრივი შესაძლებლობით ჩაება. 1852 წელს ივანე კერესელიძემ გამოსცა წიგნი „ყრმათა მეგობარი”, რომელიც მან გადმოთარგმნა რუსულით მაქსიმოვიჩის ამავე სახელწოდების წიგნიდან, მაგრამ რაკი ეს გამოცემა მეტად ძველი და არქაული ენით იყო ნათარგმნი, 1853 წელს კვლავ გადააკეთა და ხელახლა გამოსცა „საკითხავი წიგნის” სახელწოდებით, რომელსაც „ანბანი ქართული” წარუმძღვარა. შემდეგ ეს გამოცემა 1855 და 1861 წლებშიც გაიმეორა. 1856 წელს ივანე კერესელიძემ გამოსცა პატარა სახელმძღვანელო სახელწოდებით: „ანბანი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის”. წიგნი, ცხადია, მეტად პრიმიტიული და მეთოდურად გაუმართავი ყო, მაგრამ იმ ხანებში, როცა მშობლიური ენის შესასწავლად სხვა უკეთესი სახელმძღვანელო არ მოიპოვებოდა, იმასაც საკმაო სამსახურის გაწევა შეეძლო. ამ სამსახურისა და ხალხის მასზე მოთხოვნილების დამადასტურებელია ისიც, რომ ეს წიგნი სამჯერ ზედიზედ გამოიცა (1856, 1858, 1862). ამ წიგნმა თავის დროზე საკმაოდ შეასრულა მასზე დაკისრებული როლი მშობლიური ენის შესწავლისა და განმტკიცების საქმეში. 1855 წელს ივანე კერესელიძე გამოსცემს თავის ორ პროზაულ ნაწარმოებს – „მწყემსის სიყვარული” და „ნაოხარი სოფელი”, რომლებიც საკითხავ წიგნთა შორის საკმაოდ პოპულარულად ითვლებოდა. 1859 წელს გამოდის აგრეთვე მისი „ლექსთა კრების” I წიგნი, ხოლო 1878 წელს „ლექსების” II წიგნი. მაგრამ რაც მთავარია, ივანე კერესელიძის მოღვაწეობის მეორე პერიოდიდან, ე. ი. 1857 წლიდან დაწყებული, ეს არის მისი თეატრალური და ჟურნალისტური მოღვაწეობა. გიორგი ერისთავის შემდეგ დახურული (1855) ქართული თეატრის კვლავ აღდგენა კერესელიძემ იკისრა. მან დაიქირავა „დიდი მამაპაპური დარბაზი, მეფის ირაკლის დროს გაკეთებული, რომელიც სიდიდით ზაფხულის თეატრზე ნაკლები არ იყო...”, ისესხა 200 თუმანი ფული, გააკეთებინა ერთი იარუსი, ლოჟები, დაადგმევინა სკამები, დაახატვინა დეკორაცია და წარმოდგენებიც დაიწყო. ჩინებული მსახიობთა დასიც შედგაო, – გადმოგვცემს თვითონ კერესელიძე. მაგრამ უსახსრობამ მალე ამ თეატრსაც მოუღო ბოლო. დასიც დაიშალა, განაგრძობს იქვე ივანე, – „ზოგი სად წავიდა, ზოგი სად. მე დავრჩი ვალში ჩაფლული. გიმნაზიაში ვმსახურობდი და ჩემი ჯამაგირი სამი წლის განმავლობაში სულ მოვალეებს მიჰქონდათ”. აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ სამეგრელოს მთავრს ოჯახიდან დაბრუნებულმა მატერიალურად კარგა მოღონიერებულმა ივანემ სოფელ ბოგვში საკმაოდ მოზრდილი მამულები შეიძინა, მეუღლედ შეირთო მსახიობი ქალი ნ. უზნაძისა და კვლავ მასწავლებლობას განაგრძობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. სწორედ ამ გიმნაზიდან მიღებულ ფულს აძლევდა ის მისგან აღდგენილი თეატრის მევალეებს, რასაც შემდეგში საკუთარი მამულის ზოგი ნაწილიც მიაყოლა. ქართული კულტურის, მწერლობისა და ლიტერატურის აღორძინებით გატაცებული ახალგაზრდა ივანე კერესელიძე მაინც არ ისვენებდა. თეატრის წარუმატებლობით მას გული არ გატეხია და არ აცრუებია საზოგადოებრივ საქმეებზე. 1854 წელს ის შეუდგა გიორგი ერისთავის მიერ 1852 წელს დაარსებული და 1853 წელს შეწყვეტილ ჟურნალი „ცისკრის” კვლავ აღდგენას. მთელი რიგი ოფიციალური მიწერ-მოწერის, მოხსენებებისა და რჩევის შემდეგ, საცენზურო სამმართველომ და განათლების მინისტრმა აღუძრეს ივანე კერესელიძეს შუამდგომლობა იმპერატორის წინაშე, რომ, მსგავსად გიორგი ერისთავისა, გამოეცა ყოველთვიური ჟურნალი „ცისკარი”. 1857 წლის იანვარს, მართლაც, გამოვიდა ივანე კერესელიძის „ცისკრის” 1-ლი ნომერი, რომელიც თვითონ რედაქტორის აღფრთოვანებული ლექსი („ავრორამ განხვნა სიბნელის კარი, რომლით გამოხდა კვალად ცისკარი” და სხვა) იხსნება. აქედან იწყება ივანე კერესელიძის დაუცხრომელი შრომა ქართული წიგნისა და ჟურნალისტიკის აღორძინებისა და გავრცელებისათვის. მეგორებისა და გამოჩენილი ქართველების დახმარებით ივანე კერესელიძემ საკუთარი სტამბაც გამართა, რითაც კიდევ უფრო მეტად განამტკიცა და გააუმჯობესა ჟურნალის გამოცემა, მისი გაფორმება და შინაარსი. იმდროინდელ საქართველოში ერთადერთ ჟურნალსა და მის რედაქტორს სხვაგვარად არც შეეძლო მოქცეულიყო – ჟურნალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანი იყო. თითქმის ყოველი დარგი ლიტერატურისა და მეცნიერებისა ჰპოულობდა მის ფურცლებზე სათანადო ადგილსა და გამოხმაურებას. ჟურნალის გარშემო შემოიკრიბნენ ისეთი ქართველი მწერლები, როგორიც იყვნენ: გრიგოლ, ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანები, ლავრენტი არდაზიანი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ რჩეულიშვილი, რაფიელ ერისთავი, დანიელ ჭონქაძე, მიხეილ თუმანიშვილი, ბარბარე ჯორჯაძისა, დიმიტრი მაჩაბელი, კოლხიდელი (გრიგოლ დადიანი), მამია გურიელი, ანტონ ფურცელაძე, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი და სხვა. პირველად ამ ჟურნალის ფურცლებზე იხილეს სტამბური ნიშნები და მზის სინათლე ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და სხვათა ლექსებმა, რომელთაგან ამჟამად ასე დამშვენებულია მეცხრამეტე საუკუნის ქართული სიტყვაკაზმული მწერლობა. ამ ჟურნალს ივანე კერესელიძე სრული 18 წლის განმავლობაში ბეჭდავდა, რედაქტორბოდა, ავტორობდა, კორექტორობდა, ასოთამწყობობდა და საკუთარივე ხელით ავრცელებდა კიდეც და იგი არ დაუხურავს მანამ, სანამ ყოველგვარი საკუთარი შეძლება – მამული, სახლ-კარგი და სხვა მოძრავი სახსარიც ზედ არ შეალია. მიუხედავად ამგვარი დამსახურებისა, „ცისკარსა” და მის რედაქტორს მაინც მრავალი წკიპურტი მოხვდა ახალი თაობის მწერალთაგან, ე. წ. თერგდალეულთაგან. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ჟურნალი, რომელიც ერთ დროს თვითონ უწყობდა ხელს წინ წასულიყო ცხოვრება (ამიტომაც ერქვა მას „ცისკარი”), ირგვლივ გამეფებული წყვდიადი გაეფანტა და ახალი ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა გაეკვლია და გაეშუქებინა, ათეული წლის შემდეგ თვითონვე ჩამორჩა. ეს ჩამორჩენა, პირველ რიგში, ცხადია, ახალმა თაობამ შეამჩნია და განგაშიც ატეხა. იგი ჟურნალის ყოველმხრივ დახვეწასა და მის გარკვეულ მიმართულებას ითხოვდა რედაქციისააგან. ივანე კერესელიძეც კარგად გრძნობდა ამ „მიმართულების” საჭიროებას, მაგრამ რაკი სხვა გზა არ იყო, მას იგი ადვილად თმობდა, ოღონდაც ჟურნალის ბეჭდვა არ შეწყვეტილიყო. ამ „მიმართულების” შესახებ თვითონ ივანე კერესელიძე შემდეგს მოგვითხრობს: „ზოგნი მაყვედრიდნენ, რომ კეესელიძეს მიმართულება არა აქვსო. რა დროს მიმართულება იყო. მე ვცდილობდი, რომ ხალხში წერა-კითხვა შემეტანა. 1858 წელს თბილისში ჩამოსულმა ალ. დიუმამ რომ მკითხა: ხელისმომწერი რამდენი გყავსო, ვუთხარი 600-მეთქი. გაუკვირდა, იცოტავა. ამის ფულით როგორ ჰბეჭდავო? მე კი ამ დროს 60 ხელისმომწერი მყავდა. სირცხვილით როგორ ვეტყოდი. მოდი, და აქ მიმართულება ეძიე. ჩემი მიმართულება ბეჭდვა იყო, რომ ქართველთა შორის ბეჭდვითი სიტყვა გამევრცო”. ეს სიტყვები უკომენტაროდაც ნათლად მოგვითხრობს იმაზე, თუ რა პირობებში უხდებოდა მუშაობა იმ დროს ქართველ ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალს მიმართულება მაინც ჰქონდა, რომელსაც აკაკი და მთელი მისი თაობის მწერლები – „თერგდალეულთა” ჯგუფი წუნობდნენ. ეს იყო ჟურნალის ოდესღაც პროგრესული, მაგრამ აწ უკვე კონსერვატული – „მამათა” ბანაკის მიმართულებათ, „შვილთა” – თერგდალეულთა ჯგუფის წინააღმდეგ. ჟურნალმა „ცისკარმა” მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარების საქმეში. საქართველოს ამ ეპოქისა და პერიოდის მემატიანეს, რა დარგითა და საკითხითაც არ უნდა იყოს ის დაინტერესებული, ივანე კერესელიძის ღვაწლისა და მისი 18 წლის „ცისკრის” კომპლექტების გვერდის ავლა არ შეუძლია. ჟურნალი „ცისკარი” საბოლოოდ დაიხურა 1875 წელს. მას შემდეგ მისი რედაქტორი და სულისჩამდგმელი კიდევ კარგა ხანს ცოცხლობდა და მოქმედებდა „უცისკროდ”. უნდა აღინიშნოს, რომ 1862 წლიდან ივანე კერესელიძე „ცისკართან” ერთად ბეჭდავდა ორკვირეულ გაზეთ „გუთნის დედას”. ეს იყო პირველი ქართული სამეურნეო-აგრონომიული ხასიათის ორგანო, რომელიც „ცისკრის” დახურვის ერთი წლის შემდეგ, 1876 წელს დაიხურა და რომელმაც ერთხელ კიდევ გაიელვა გაზეთ „ცისკარის” სახელწოდებით 1887 წელს. კვლავ მხცოვანი მოღვაწის ივანე კერესელიძის რედაქტორობით, მაგრამ სულ რაღაც 23 ნომრის გამოსვლის შემდეგ იგი საბოლოოდ დაიხურა. ნივთიერად მეტისმეტად გაღატაკებული ივანე კერესელიძე დღიური ლუკმის ძიებაში გაციებული, ფილტვების ანთება მიეღო და 1892 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა ქ. თბილისში. მადლიერი ხალხის მიერ შესაფერი პატივმიგებით ის დაკრძალულ იქნა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953