გერასიმე კალანდარიშვილი (1836-1874)
ჩვენი სახალხო განათლების ისტორიაში გერასიმე კალანდარიშვილი შესანიშნავი ფიგურაა. ის იყო, პირველ ყოვლისა, აღმზრდელი, მასწავლებელი – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – და შემდეგ განათლებული პედაგოგი, უანგარო საზოგადო მოღვაწე და დაკვირვებული პუბლიცისტი.
გერსიმე სიმონის ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1836 წლის 4 (16) მარტს გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ ნიგოითი (ამჟამად ლანჩხუთის რაიონი). მამამისს, წვრილშვილსა და სოფლის ღარიბ და თითქმის მცირემცოდნე მღვდელს, იმდენი ღონე გაჰყოლია, რომ ნიჭიერ შვილს „სწავლის ძირიდან კენწერომდე” ასდევნებოდა. კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრული 25 წლის ახალგაზრდა გერასიმე კალანდარიშვილი „1861 წელს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად და მას აქეთ აქამომდე ნიადაგ იმის ზრუნვაში იყო, რომ სასწავლებლისათვის წარმატება მიეცა; ბოლო დროს ის ცდილობდა, რომ ქუთაისში სასულირო სემინარია დაფუძნებულიყო და ეს თავისი სურვილი ეპისკოპოსის გაბრიელის გავლენით კიდეც აღასრულა... მთავრობამ დაამტკიცა სემინარიის დაფუძნება ქუთაისში...”
მისგან ფუძედადებული ამ დიდი საქმის საბოლოო დაგვირგვინებას ის არ მოსწრებია, ხოლო იმ სასწავლებელში, რომლის ღირსეული მასწავლებელი და ზედამხედველიც ის იყო, სულ 13 წელიწადი დასცალდა მუშაობა.
1872 წ. გერასიმე კალანდარიშვილს ეუღლება, აგრეთვე ღირსეული აღზრდისა და განათლების მქონე ადამიანი, გაბრიელ ეპისკოპოსის ძმის ათანასე ქიქოძის ასული ნინო... მაგრამ მათი შინაარსიანი ცხოვრება მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. იონა მეუნარგიას ცნობით, გერასიმე კალანდარიშვილი 1873 წ. ნოემბრის უკანასკნელ რიცხვებში გამხდარა მძიმედ ავად. 14 იანვარს საავადმყოფოში გადაუყვანიათ, სადაც 874 წლის 27 იანვარს (ძვ. სტ.) საღამოს 11 საათზე გარდაცვლილა „შემდგ საშინელის წვალებისა და შფოთვისა” და იქვე, ქუთაისში დაუკრძალავთ.
ამ ცნობით შეშფოთებული სერგეი მესხის გაზეთი „დროება” გულისტკივილით იტყობინება „სამწუხარო ამბავს. ჩვენი ქვეყანა მოაკლდა ერთს სასარგებლო კაცს. იანვრის დამლევს ქუთაისში გარდაიცვალა გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილი, რომელიც 12-ის თუ 13-ის წლის განმავლობაში შეძლებისამებრ შრომობდა ჩვენის ხალხის განათლებისათვის. ხალხში წერა-კითხვისა და სწავლის გავრცელება იყო მისი მიზანი, რომელსაც შეწირა იმან თავისი ჯანმრთელობა”.
გაზეთი მკითხველის ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ გერასიმე კალანდარიშვილი მარტო კარგი მასწავლებელი და გამოცდილი მეთოდისტი როდი იყო, არამედ დროის მოთხოვნილების სიმაღლეზე მდგარი თეორიული ცოდნით აღჭურვილი პედაგოგი და ავტორი რიგი პუბლიცისტური სტატიებისა და პოლემიკური წერილებისა („დროება”, „მნათობი”, „კრებული”), რომ მან „თავის სახსოვრად ერთი სახელმძღვანელო წიგნიც დაგვიტოვა. ყოველი იმის ნაცნობი კეთილად მოიხსენიებს ამ კაცის დაუღალავ შრომას და განუდრეკლად აღნიშნულ მიზნისადმი მსვლელობას”.
ცხადია, ეს სახელმძღვანელო წიგნი აქვს მხედველობაში მის ღირსეულ მოაწფეს იონა მეუნარგიას, როცა ის თავის დღიურში ნუგეშით წერს: „გერასიმეს რაღაც დარჩა ამ სოფლად, იგი სულ არ დაკარგულა”.
აღნიშნული წიგნი, „რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქართველთათვის, შედგენილი გერასიმე კალანდარიშვილის მიერ” პირველად 1866 წელს გამოიცა თბილისში, მეორედ – 1868 წ. მას შემდეგ მას ისეთი მზრუნველი და რედაქტორ-გამომცემელი გამოუჩნდა, როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო – დიდი მეგობარი და პატივის მცემელი გერასიმე კალანდარიშვილის უზადო პიროვნებისა.
გერასიმე კალანდარიშვილი იაკობ გოგებაშვილისთვის რამდენადმე უფროსი იყო, მათი სულიერი კავშირი იმდენად შინაარსიანი, ღრმა და მომავლის იმედებით აღსავსე იყო, რომ გერასიმე კალანდარიშვილი „უღვთო სიკვდილმა” ახალგაზრდა გოგებაშვილი სასოწარკვეთილი და მწუხარე ლირიზმით აღსავსე სიტყვები ათქმევინა:
`გერასიმე და სიკვდილი, ეგ ორი საგანი აქამდის ვერ თავსდება ჩემს გონებაში, ვერც გული და ვერც გონება ვერ შეჯერებია ამ საძაგელ ფაქტს. მხოლოდ ახლა მაგრძნობინა სიკვდილმა თავისი საშინელი, შეუბრალებელი და საზიზღარი ძალა, თუმცა ახლო ნათესავი ბევრი მყავს დახოცილი. როცა სიკვდილი სცელავს ჩვეულებრივ პირთა, მის მოქმედებაში ვერ ჰპოვებ განსაკუთრებულ ამაღელვებელ საბუთსა. მაგრამ როცა ის უდროოდ ეხება მაღალ ჭკუას, ღრმა გრძნობას, ენერგიულ და გონიერ შრომას, მტკიცე და პატიოსან ხასიათს, როცა ის ეხება იმ იშვიათ პირსა, რომელიც შეადგენს ცხოვრების მარილს, როცა ის შეუბრალებლივ უსვამს ცელს ყმაწვილ სიცოცხლეს, რომელსაც ჰქონდა სრული უფლება ხანგრძლივი ბედნიერებისა, მაშინ, მხოლოდ მაშინ, ცხადად მიდგება თვალწინ სიცოცხლის უაზრობა...”
ამ სიტყვებს თუ დავუმატეთ რამდენიმე ამონაწერი მაშინდელი თბილისის სასულიერო სემინარიის უკანასკნელი კურსის მოსწავლის იონა მეუნარგიას დღიურიდან, გერასიმე კალანდარიშვილის მნიშვნელობა ისედაც მცირერიცხოვან იმდროინდელს ქართველ ინტელიგენციაში, რამდენადმე წარმოგვიდგება. „გერასიმე კალანდარიშვილის გავლენამ, – წერს იოანა მეუნარგია 1874 წლის ერთ თავის დღიურში, – დიდი და შესანიშნავ გზა მიჩვენა. ამ გზით უნდა იაროს ყველა ადამიანმა, თუ არ უნდა, რომ ადამიანის სახელი ტყუილ-უბრალოდ არ ერქვას. ეს გზა არის ენერგიული და გონიერი შრომა, მტკიცე და პატიოსანი ხასიათი”. რამდენიმე ამგვარი მსჯელობის შემდეგ დღიურის ავტორი დაასკვნის: „ამ პატიოსანმა და გონიერმა კაცმა შემაყვარა მე პატიოსნება და დამჯდარი ხასიათი. მე მსურს, იმას მივბაძო ყველაფერში, მინდა, ყოველთვის თვალწინ მედგას იმისი ყოფაქცევა”. არა მარტო მისი მოსწავლეებისათვის, არამედ ყველა გონიერი და მოწინავე ქართველისათვის მისაბაძი იყო გერასიმე კალანდარიშვილის უანგარო ღვაწლი და სასარგებლო შრომა. იგი არ მოსწონდა მხოლოდ ეკლესიის მაშინდელ მეთაურს, ბობოლა ბერს, საქართველოს ეგზარხოსს, რომელსაც გერასიმე კალანდარიშვილის უდროო გარდაცვალებამ სასიამოვნო ღიმილი მოჰგვარა თურმე.
გერასიმე კალანდარიშვილის ხანმოკლე ღვაწლი ერთგვარი სათავე გახდა ქართული პედაგოგიკური აზროვნების იმ მტკიცე მაგისტრალისა, რომელიც შემდეგ იაკობ გოგებაშვილმა გაავლო.
ქართველი „საქართველოსათვის ზრუნვა” გერასიმე კალანდარიშვილმა თავიდანვე მტკიცედ დანერგა. იგი სიტყვითა და საქმით ემსახურებოდა სახალხო განათლების დიდ საქმეს. იყო მედაგრი დამცველი სწავლისა, სასწავლებლისა და მასწავლებეთა. როცა ვინმე „შორაპნელმა ბლაღოჩინმა” თავის სტატიაში უმართლებულოდ გააკრიტიკა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ზოგიერთი ბრალდებაც კი დასდო მასწავლებლებს, გერასიმე კალანდარიშვილმა მას სასტიკი პასუხი გასცა, სადაც ამხილა ავტორის ულოგიკობა, ცილისმწამებლური გამოსვლა, დემაგოგია და კონსერვატიზმი. „შორაპნელი ბლაღოჩინის” აზრით, რაკი ამ სასწავლებელში ცემა-ტყეპა აღარ არის და „შიში არა აქვთ, მოსწავლეები აღარ ისწავლიანო”. „საკმარისად ბევრია ამისთანა პირები, – წერს გერასიმე კალანდარიშვილი, – რომელნიც აძაგებენ სასწავლებელს ამისათვის, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა დაძრახოს კაცმა ეს უმეცარნი; ხშირად ისინი გულწრფელად მაინც ამბობენ, მეტი არ იციან და რა ჰქნან? მაგრამ განა შეიძლება კაცმა გულგრილად უყუროს, როდესაც ამას ამტკიცებს კაცი, რომელიც სწავლის ერთგვარ პრეტენზიებს იჩენს?”
ამ ვრცელ სტატიაში გერასიმე კალანდარიშვილი ძირფესვიანად აბათილებს რა „შორაპნელი ბლაღოჩინის” მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და ბრალდებებს, დაასკვნის: ამისთანა ფრაზებს დამტკიცება უნდა, და თუ თქვენ ამ ჩვენს მოთხოვნილებას არ აღასრულებთ, მაშინ ვიხმართ თქვენს წინააღმდეგ იმ ზომას, რომელიც ჩვეულებრივ ჭორის გამავრცელებლებისა და ცილისმწამებლების წინააღმდეგ იხმარებაო” და წერილს ამთავრებს, ამ შემთხვევისათვის მეტად მოხდენილ, ჰაინეს შემდეგი სიტყვებით: „ყველა კაცს აქვს უფლება, როგორიც უნდა ხეპრე იყოს, მაგრამ იმის ნება კი არა აქვს, რომ ეს უფლება ბოროტად მოიხმაროს”.
ამ მცირე ამონაწერიდან საკმაოდ იგრძნობა სტილი გერასიმე კალანდარიშვილის პუბლიცისტიკისა, რომელიც მუდამ სკოლისა და სახალხო განათლების საკითხებს დასტრიალებდა.
გერასიმე კალანდარიშვილის სახელის უკვდავყოფას ყველაზე მეტად იაკობ გოგებაშვილმა შეუწყო ხელი და კერძოდ იმით, რომ იგი რედაქტორობდა და გამოსცემდა ხსენებულ სახელმძღვანელოს ავტორის გარდაცვალების შემდეგ. და არამც თუ მარტო რედაქტორობდა და ბეჭდავდა ამ წიგნს იაკობ გოგებაშვილი, არამედ თეორიულადაც იცავდა მას. როცა ვინმე „ქუთათურმა ბორამ” აღნიშნული სახელმძღვანელო მოძველებულად სცნო და მოითხოვა მისი ან გადაკეთება, ან სულ გაუქმება და ახლის შედგენა, გოგებაშვილმა თავის ვრცელ სტატიაში „უკუღმართი ნაბიჯი” კორესპონდენტს მეტად დასაბუთებული პასუხი გასცა და ამით დაიცვა გერასიმე კალანდარიშვილი და მისი სახელმძღვანელოს ღირსება და დამსახურება ქართული სკოლის წინაშე.
ამ სტატიაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა: „განსვენებული ეგრასიმე კალანდარიშვილი იყო იშვიათი ნიჭის, მხნეობისა და პატიოსნების კაცი, ამასთან იგი თვითონ ასწავლიდა რუსულუ ენას 14 წლის განმავლობაში სასწავლებელში, რომლის მმართველად იგი იყო დანიშნული. როგორც თეორიით, ისე პრაქტიკით მას კარგად ჰქონდა შესწავლილი საგანი, რომლის სწავლება სწორე, ნაყოფიერ გზაზე სურდა დაეყენებინა. ამიტომაც სახელმძღვანელო მისი აღმოჩნდა სისტემატურად შემუშავებული და პედაგოგიკურად დალაგებული. ვინც კი გულდადებით გაიცნობს ამ სახელმძღვანელოს და თავის მსჯელობას სინდისზე დაამყარებს, არ შეუძლიან არა თქვას, რომ პედაგოგის მოთხოვნილებანი: ადვილიდან – ძნელზედ, მარტივიდან – რთულეზედ, ნაცნობიდან უცნობზედ, ახლობელიდან შორეულზედ, მეტ-ნაკლებობით არ იყოს დაცული ამ სახელმძღვანელოში”.
მართალია, დრო გადიოდა, 60-იანი წლების სახელმძღვანელო 80-იანსა და 90-იანი წლების მოთხოვნილებას ყოველმხრივ ვერ დააკმაყოფილებდა, მაგრამ იაკობ გოგებაშვილცი ხომ ამ დროს კვალდაკვალ მისდევდა, წიგნში ახალი შესწორებები და დროის შესაფერი მასალები შეჰქონდა და ამით ორ, მისთვის საყვარელ საქმეს აკეთებდა, – გერასიმე კალანდარიშვილის ბრწყინვალე ხსოვნა თაობიდან თაობაში გადაჰქონდა და, რაც მთავარია, ქართველ მოსწავლეებს რუსული ენის შესაფერ სახელმძღვანელოს აწვდიდა.
თუ რამდენად მწირი იყო იმ ხანებში ნიადაგი სახალხო განათლებისა და რამდენი წყურვილიც სუფევდა აღნიშნული სახელმძღვანელოსადმი, ამის ნიმუშად გამოდგება „დროების” ის კორესპონდენცია სოფელ სკანდედან, სადაც ნათქვამია, რომ „განსვენებულის გერასიმე კალანდარიშვილის სახელმძღვანელო აქ 200-მდე კაცს უნდა, მაგრამ შოვნა კი ძნელია. თუ არ არის დაბეჭდილი, იკისროს ვინმემ იის დაბეჭდვაო”.
ეს „მაკისრებელი” იაკობ გოგებაშვილი აღმოჩნდა და ისიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემატურად ბეჭდავდა ამ წიგნს, ვიდრე მართლაც დრომ არ დააძველა და საჭირო არ გახადა ახლის სედგენა. ეს ახალი იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო” იყო, რომელიც ნაწილობრივ გერასიმე კალანდარიშვილის „პირველდაწყებითი კურსიდან” მომდინარეობდა და ორივე კი, რუსეთის გამოჩენილი პედაგოგის უშინსკის ძირითადი პედაგოგიკური დებულებიდან მშობლიური ენის სწავლების შესახებ.
საქართველოს სახალხო განათლების ისტორია არ დაივიწყებს გერასიმე კალანდარიშვილის სახელს.