კირილე ჯავახია (1871-1945)
კირილე იესეს ძე ჯავახია დაიბადა 1871 წლის 9 (21) ივნისს სენაკის მაზრის სოფელ გურძემში. მან წარმატებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსი, რომელიც მაშინ ახალსენაკში არსებობდა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. კირილე ჯავახიაზე, როგორც მომავალ ბელეტრისტზე, დიდი გავლენა მოახდინა შესანიშნავმა მასწავლებელმა და მაღალნიჭიერმა პროზაიკოსმა, ვასილ ბარნოვმა, რომელიც იმ ხანებში (1882-85) სასულიერო აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, სენაკის სასულიერო სასწავლებელში მსახურობდა მასწავლებლად.
კირილე ჯავახია წინააღმდეგობებს არ უშინდება, იგი ენერგიულად განაგრძობს მასწავლებლობას დაწყებით სკოლებში, ახალი სკოლების დაარსების ინიციატორია სოფლებში, ახერხებს გლეხობის დარაზმვასა და აქტიურად ჩაბმას სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში და საიმედო ავტორიტეტი ხდება სოფლის ღარიბი მოსახლეობისათვის. სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლობდა ახალსენაკის მაზრის სხვადასხვა სოფელში (სორტა, კოტიანეთი, ძველი სენაკი, გურძემი, ახალსენაკი და ა. შ.) და ყველგან ნაყოფიერი შრომისა და საზოგადო მოღვაწის შესამჩნევი კვალი დაუტოვებია.
კირილე ჯავახიას სასკოლო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში აღსანიშნავია ქართული ენის დაცვა იმდროინდელ სამეგრელოს სკოლებში. იგი პრაქტიკულად ახორციელებდა იმ დიდ და შეუპოვარ თეორიულ ბრძოლას, რომელსაც იმ დროს ქართველი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები აწარმოებდნენ ცაიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ამასთანავე, როგორც მწერალი-ბელეტრისტი და კორესპონდენტი აქტიური თანამშრომელი იყო იმდროინდელი ქართული პერიოდიკისა (“ივერია”, „კვალი”, „მწყემსი”, „განთიადი”, „ცხოვრება”, „სახალხო გაზეთი”, „იმერეთი”, „კოლხიდა”, „სამშობლო”, „საქართველო” და სხვ.), რომელშიც ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს.
ამ წერილებსა და კორესპონდენციებში იგი იცავდა გლეხის ინტერესებს, ილაშქრებდა ჩარჩ-ვაჭრების, მემამულეების, თავად-აზნაურების, ჩინოვნიკებისა და გაუმაძღარი ხუცების წინააღმდეგ.
კირილე ჯავახია (კირილე წუთისოფლელი) მსგავსად ქართულ ლიტერატურაში სახელმოხვეჭილი მოთხრობების „ბნელოს” (მელანია) და „მამელუკის” (უიარაღო) ავტორებისა, ერთხანს მღვდელიც იყო, რომ ხელისუფლების თვალში საეჭვო პირად არ გამოჩენილიყო.
შესანიშნავი საბუთი მოიპოვება იმისა რომ კირილე ჯავახიამ, როგორც მღვდელმა, ციხე შიგნიდან გატეხა – პერიოდულ პრესაში საჯაროდ ამხილა ის სამარცხვინო საქციელი, რაც მღვდლების სიხარბით იყო გამოწვეული და რომლითაც, ვინ იცის, ისედაც მრავალგვარი გადასახადებით დატვირთულ გლეხობას მერამდენეჯერ ძვრებოდა ტყავი (“საქართველო”, 1916, №12).
იმ ხანებში კირილე უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, მაგრამ ცოტამ თუიცოდა, რომ ფსევდონიმი „წუთისოფლელი” მას ეკუთვნოდა.
იმის გამო, რომ ფსევდონიმი ბოლომდე გაუხსნელი იყო და ავტორიც ჩუმი და მოკრძალებული, ერთი მისი თხზულება ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიისათვის ფართოდ ცნობილ მოღვაწეს მიაწერეს. პროფესორმა სიმონ ხუნდაძემ ნიკო ნიკოლაძის თხზულებათა ტომის შენიშვნებში (გვ. 378) კირილე ლორთქიფანიძის დახასიათების დროს აღნიშნა: „მას (კირილე ლორთქიფანიძეს) ეკუთვნის მოთხრობა „მოჯალაბე”, 1914 წელს დაბეჭდილი „სახალხო გაზეთის” დამატებაში კირილე წუთისოფლელის ფსევდონიმით”.
მართალია, ეს შეცდომა მკვლევარმა შემდეგ გამოასწორა, მაგრამ ავტორისავე თხოვნით ფსევდონიმი მაინც გაუხსნელი დარჩა. მწერალმა თავის სიცოცხლეში არ ისურვა თავისი ფსევდონიმების (“კირილე წუთისოფლელი”, „კ. წ-ს-ლელი”, „სორტელი სტუმარი” და სხვ.) გახსნა.
კირილე ჯავახია საბოლოოდ ქ. ახალსენაკში დასახლდა, სადაც მისთვის ჩვეული ენერგიითა და ნაყოფიერებით განაგრძობდა სწავლა-აღზრდისა და მწერლობის სამსახურს.
კირილე ჯავახია გარდაიცვალა 1945 წლის 1 სექტემბერს, დაკრძალულია ქ. სენაკში, სადაც აგრეთვე განისვენებს ქართველი პოეტი გიორგი ჭალადიდელი.
კირილე წუთისოფლელი სამწერლო ასპარეზზე 90-იანი წლებიდან ჩანს. მის გამოქვეყნებულ თხზულებათაგან აღსანიშნავია: 1. ისტორიული მოთხრობა „მოჯალაბე”, 2. „კონსტანტინე დადეშქელიანი” (გაზეთი „იმერეთი”, 1912, №№ 50-57); 3. „სააღდგომო კაბა”, 4. „დატანჯული მნათობი” (“საქართველო”, 1919, №49) და წვრილ-წვრილი ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვ.
გამოუქვეყნებელი ნაწერებიდან აღსანიშნავია: „ლევანის დრო”, „ტახტის დამხობა”, „ოლიკო” და „ორი დედა”.
მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივი შეიცავს აგრეთვე რამდენიმე მოთხრობას, ვარიანტებს, ისტორიული ხასიათის ნარკვევებსა და სტატიებს, მიწერ-მოწერას, საბუთებსა და სხვა ოფიციალურ ქაღალდებს, რომელთაც მწერლის ცხოვრებისა და ღვაწლის აღწერისათვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ.