სიმონ ჯაფარიძე (1845-1898)
ხანმოკლე იყო სიმონ ბეჟანის ძე ჯაფარიძის ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ჩვენი სახალხო განათლების ისტორიაში ის ღირსშესანიშნავი ფიგურაა, როგორც ენთუზიასტი აღმზრდელ-მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე.
სიმონ ბეჟანის ძე ჯაფარიძე დაიბადა 1845 წელს რაჭის მაზრის სოფელ ძეგლევში. მამამისს – ხელმოკლე, მცირემცოდნე აზნაურს – ჰყავდა ორი ქალი და სამი ვაჟი. სიმონის უფროს ძმას, მიხეილს, კლასიკრი განათლება არ მიუღია, მაგრამ სწავლა-განათლების დიდი პატივისმცემელი იყო. მან სიმონი გორში წაიყვანა და სასწავლებელში მიაბარა. სიმონი ბეჯითი და ნიჭიერი გამოდგა. ორში იგი რამდენიმე წელი სწავლობდა. შემდეგ მიხეილმა სიმონი თბილისში გადაიყვანა და სამასწავლებლო სემინარიაში შეიყვანა. სიმონს თბილისში ცხოვრება მეტად გაუჭირდა და ისევ გორის საოსტატო სეინარიაში დაბრუნდა, რომელიც 1878 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა და სახალხო მასწავლებლის წოდება მიიღო. ამ წელს თბილისის საოსტატო სემინარია პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. თავისი ნიჭის წყალობით სიმოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ინსტიტუტში მოწყობილიყო, მაგრამ მან ეს არ მოისურვა და პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა.
1872 წლის 15 ივნისს სიმონ ჯაფარიძე დაინიშნა სოფელ ჩარგლის სკოლის ზედამხედველ-მასწავლებლად. ამ თანამდებობაზე ის 1878 წლის პირველ ივლისამდე დარჩა, დაკისრებულ მოვლეობას ზედმიწევნით მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, სწავლა-აღზრდის საქმე სანიმუშოდ დააყენა და ამ ხნის განმავლობაში სკოლის შემოწმების შედეგად სამჯერ ფულადი ჯილდოც მიიღო.
1878 წლის 1 აგვისტოდან სიმონი დაინიშნა ქალაქ გორის სამაზრო სკოლის შტატგარეშე მასწავლებლად. იგი აქაც მისთვის ჩვეული ენერგიით მუშაობდა, მაგრამ შტატის გაუქმების გამო 1880 წლის 15 ივლისს გაათავისუფლეს. კავკასიის ოლქის მზრუნველის 1880 წლის 22 სექტემბის ბრძანებით იმავე წლის 1 სექტემბრიდან სიმონი დანიშნეს მასწავლებლად გორის საქალაქო სკოლაში. ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ 4 თვე დაჰყო.
1881 წლის 1 იანვრიდან სიმონ ჯაფარიძე გადაიყვანეს ცხინვალის ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის ზედამხედველ-მასწავლებლად.
1881 წელს ცხინვალის სკოლის შემოწმებამ გამოავლინა მოსწავლეების მომზადბის მაღალი დონე. ცხინვალში იგი 1884 წლის სექტემბრამდე დარჩა, შემდეგ კი გადაიყვანეს საცხენისის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველის მოადგილე-მასწავლებლად.
ამ სკოლაში ისწავლებოდა რუსული ენა, ქართული ენა, რითმეტიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბუნებისმეტყველება, ხატვა-ხაზვა. გარდა ამისა, პრაქტიკულად ასწავლიდნენ ხეხილისა და ვაზის მყნობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობას, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გამოჭრას და კერვას, დურგლობას, მჭედლობასა და ა. შ. ზოგიერთ მოსწავლეს ისე იზიდავდა ეს პრაქტიკული საქმიანობა, რომ ამა თუ იმ დარგის ჩინებული მცოდნე გამოდიოდა.
სკოლას ჰქონდა მიწის ნაკვეთები, რასაც სასწავლო ხასიათიც ჰქონდა და სამეურნეოც. სწავლული მებაღე, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა, პრქტიკუმსაც ხელმძღვანელობდა. ბაღების დასამუშავებლად სკოლას ჰყავდა შტატის მუშებიც, მაგრამ ძირითადად ყოველგვარ სამუშაოებს მოსწავლები ასრულებდნენ.
სიმონს რაჭაში ერთი დღეც არ უმსახურია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან პირველმა შეიტანა განათლების სხივი ამ კუთხეში. მან რამდენიმე ათეული რაჭველი ბავშვი საცხენისში წაიყვანა და სკოლაში სახელმწიფო ხარჯზე მიაღებინა. მათზე იგი მშობლიურ მზრუნველობას იჩენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან რამდენიმე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი გამოასწორა, რაც მისი ფრთხილი და ზომიერი პედაგოგიური ტაქტის შედეგი იყო.
1895 წლის ივნისს სიმონ ჯაფარიძე გადაიყვანეს ცხინვალის სკოლის ზედამხედველად, იგი აქაც უნაგაროდ ემსახურებოდა სახალხო განათლების საქმეს.
სიმონ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1898 წლის 22 მაისს, დაკრძალულია თავის საყვარელ სოფელ ძეგლევში.