მალაქია ჯაფარიძე (1862-1924)
მოწინავე ქართველ მასწავლებელთა შორის საზოგადოების დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა მოპოვებული თავმდაბალსა და ჩუმ მოღვაწეს მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძეს.
მალაქია ჯაფარიძე დაიბადა 1862 წელს, სოფელ ღარში (ონის რაიონი), ოჯახში წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ მამამ პატარა მალაქია წაიყვანა თბილისში, აქ დაამთავრებინა საშუალო სკოლა და სამასწავლებლო ინსტიტუტი. 19 წლის ჭაბუკმა უკვე დაიწყო პედაგოგიურ სარბიელზე მუშაობა. 1881-1883 წლებში იგი მასწავლებლობდა ქალაქ გუმბრის სამოქალაქო სასწავლებელში, 1883-1902 წლებში – ონის ორკლასიან სკოლაში. მალაქია ჯაფარიძე სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა ქუთაისში, იგდირში (სომხეთი), ლანჩხუთსა და ხონში.
1914 წლიდან კი იგი მუდმივად ცხოვრობდა ქ. ონში და იქვე მასწავლებლობდა სხვადასხვა ტიპის სკოლებში.
1904 წელს ონის საზოგადოებრიობამ ჭაღარა პედაგოგს გადაუხადა მოღვაწეობის 45 წლის იუბილე. მაშინდელმა ჩვენმა პრესამ გულთბილად აღნიშნა სახალხო განათლების ჩუმი მუშაკის ნაყოფიერი მუშაობა.
იმავე წლის დეკემბერში მალაქია ჯაფარიძე გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა მშობლიურ სოფელ ღარში.
მალაქია ჯაფარიძეს პედაგოგიური მოღვაწეობა უმთავრესად თვითმპყრობელობის მძიმე პირობებში მოუხდა. მას არა ერთხელ მოსვლია შეტაკება მონარქიის ერთგულ დამქაშებთან, რომლებიც საქართველოს ისე უყურებდნენ, როგორც ველურ ქვეყანას და მთელ თავიანთ ძალ-ღონეს იქით მიმართავდნენ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში ჩაეკლათ ეროვნული თვითშეგნების, სიამაყისა და ღირსების გრძნობა. მალაქია ჯაფარიძე კი, ისე როგორც ბევრი სხვა პროგრესულად მოაზროვნე და პატრიოტულად განწყობილი ქართველი მასწავლებელი, ამ ნიადაგზე ცნობილმა შავრაზმელმა კრუპსკიმ, განათლების დარგში მთავრობის დიდმა მოხელემ, მალაქია ჯაფარიძე 1912 წელს ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან მოხსნა, თანამდებობიდან დააქვეითა და სხვაგან გადაიყვანა.
მიუხედავად შევიწროებისა, მალაქია ჯაფარიძეს მასწავლებლობისათვის თავი არ დაუნებებია, რადგან მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ თუ სკოლაში მოწინავე ძალების თუნდაც მცირე რიცხვი მაინც იქნებოდა, ეს დიდ დაბრკოლებას შეუქმნიდა ბიუროკტარიული მმართველობის მიზნების განხორციელებას.
სწორედ ამიტომ სცემდა პატივს მას ქართველი საზოგადოება. გაზეთი „სახალხო ფურცელი” 1916 წლის 4 სექტემბრის ნომერში, როცა მალაქია ჯაფარიძის მასწავლებლობის 35 წლისთავს ეხებოდა, ღვაწლმოსილ პედაგოგს ასე ახასიათებდა: „35 წელი მასწავლებლობდა იგი სამშობლოს გარეთ თუ სამშობლოში. მწვავედ განიცდიდა არსებული წყობილების უკუღმართობას, თუმცა ერთხელაც არ ჩაქრობია წრფელი სიყვარული მამულიშვილობისა და მოქალაქეობისა...” მშობლიური ქვეყანა ყოველთვის შეადგენდა მალაქიას სულის განძს, გუუმბრს ვერ ურიგდება, თავს ანებებს ქონებრივად სასარგებლო საქმეს და რაჭაშივე იწყებს მუშაობას პირველდაწყებით სასწავლებელში.
აქედან იწყება მალაქიას ნამდვილი მამულიშვილური მოღვაწეობა. 15 წელს მუშაობს დაბა ონში, საფუძველი ეყრება მის ოჯახს და იქმნება ქართული კერა. მალაქიას ოჯახი ხდება რაჭის საზოგადოებრიობისა და ინტელიგენციის ოჯახად, რომლის ლამპარი ღვივის და აშუქებს რაჭის მყუდრო ცხოვრებას.
ონიდან მას იწვევენ ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ იგდირის სკოლის ინსპექტორად და ინსპექტორადვე ინიშნება გურიაში, სოფელ ლანჩხუთში. ოთხი წლის განმავლობაში მალაქიამ მცხოვრებთა უღრმესი სიყვარული დაიმსახურა. გულწრფელი მოამაგე და პროგრესული აზრებით გაჟღენთილი პიროვნება ასეთსავე ხასიათს აძლევს საკუთარ ოჯახს, რომლის წიაღიდან გამოდიან ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწენი – ლადო და გრიშა ჯაფარიძენი, შემდეგში მათ შეემატათ უმცროსი ძმა უჩა ჯაფარიძე, სახელოვანი ქართველი მხატვარი.
გურიაში მალაქიას მოღვაწეობა არ მოსწონს ცნობილ მოხელეს – კრუპსკის, და უკვე ჭაღარამოსილს უბრალოდ მასწავლებლად გზავნიან დაბა ხონში, რასაც მალაქია თავს ანებებს და თავის მშობლიურ მხარეში იწყებს კულტურულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას.
რაჭაში მალაქია ჯაფარიძე დაუცხრომელ კულტურულ მუშაობას აჩაღებს, მას, როგორც მასწავლებელს, თავის წმინდა მოვალეობად მიაჩნია უანგაროდ ემსახუროს ხალხს. მისი სამართლიანი აზრით, სკოლა განათლების ის კერაა, რომელსაც ინათლე, კულტურა შეაქვს ხალხში, ხოლო ეს ამოცანა, რომ წარმატებით შეასრულოს კოლამ, ამისათვის საჭიროა ნიჭიერი მასწავლებლების შერჩევა და მათი მატერიალური უზრუნველყოფა.
კერძოდ, ასეთი შეხედულება მალაქია ჯაფარიძეს გამოთქმული აქვს ერთ გამოუქვეყნებელ წერილში, რომელიც დაწერილია 1903 წელს ქალაქ ქუთაისში.
მალაქია ჯაფარიძეს კარგად ესმოდა, რომ სკოლებს ბავშვთა აღზრდა-განათლების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის საუკეთესო კადრებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იგი წერს: „სკოლას რომ შეეძლოს მაღლა ეჭიროს თავის დროშა, შეეძლოს შეასრულოს თავისი ძნელი ამოცანა, ამისათვის საჭიროა სკოლაში აღმზრდელ-მასწავლებლებად მივიზიდოთ საუკეთესო ახალგაზრდა ძალები, განათლებული საზოგადოების ყველაზე საუკეთესო პირები, რომლებიც გამოირჩევიან ფართო განათლებით, მაღალი ზნეობრიობით და ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარულით. მაგრამ ვამჩნევთ, თუ არა ჩვენ საზოგადოების საუკეთესო ძალების მისწრაფებას სასწავლებლებისაკენ? სრულიადაც არა! პირიქით, ადგილი აქვს საწინააღმდეგო ფაქტებს: საუკეთესო და ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლიდან გარბიან. ამ მოვლენის მიზეზი არავისათვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს: ქალაქის სკოლების მასწავლებლები არა მარტო უზრუნველყოფილი არ არიან მატერიალურად, არამედ ყველაფერში გაჭირვებასა და შევიწროებას განიცდიან”.
მალაქია ჯაფარიძე თავის წერილში მოითხოვდა მასწავლებლების მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა მათ ღირსეულად შესძლებოდათ ახალგაზრდათა სწავლა-აღზრდის ამოცანის პირნათლად შესრულება. მაგრამ თვითმპყრობელობა სრულიადაც არ იყო დაინტერესებული ამ საქმის მოგვარებით და მასწავლებლებს კვლავ მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა.
მალაქია ჯაფარიძე უაღრესად ფაქიზი ბუნების ადამიანი იყო. იგი გულისხმიერად ეპყრობოდა ყველას და განსაკუთრებით კი მოსწავლეებს, სასტიკად იბრძოდა მაშინდელ სკოლებში გაბატონებული ბავშვთა ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ. მას ძალიან უყვარდა კითხვა და წიგნებისადმი სიყვარული თავის შვილებსაც ღრმად ჩაუნერგა გულში.
თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე მალაქია ჯაფარიძე ახლო ნაცნობობა და მეგობრობა ჰქონდა ბევრ ქართველ საზოგადო მოღვაწესთან: ალექსანდრე გარსევანიშვილი, სილოვან ხუნდაძე, ლ. ხმალაძე, სერგო რობაქიძე, ი. ნიკოლაიშვილი, პ. თვალჭრელიძე, თ. მთავრიშვილი. გ. ზდანოვიჩი-მაიაშვილი, კორნელი ლორთქიფანიძე, იოსებ ოცხელი, კიტა აბაშიძე და სხვ., იზიარებდა მათ პროგრესულ შეხედულებებს და იღვწოდა მათი განხორციელებისათვის, ჩვენს ხალხში სწავლა-განათლების შეტანისათვის.
მალაქია ჯაფარიძე შეძლებისდაგვარად კალმითაც ემსახურებოდა საზოგადოებას და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა, ყოველთვის აქტიურად უწყობდა ხელს სახალხო წარმოდგენების გამართვას, ლიტერატურული დილა-საღამოების მოწყობას, პოპულარულ-მეცნიერული ხასიათის ლექციების ჩატარებას.
განსაკუთრებით აინტერესებდა მას მეტეოროლოგია და პეტერბურგის ფიზიკურ ობსერვატორიას სისტემატურად აწვდიდა ცნობებს ონიდან (ის ამ ობსერვატორიის მუდმივი კორესპონდენტი იყო).
ამავე დროს მალაქია ჯაფარიძე გულმოდგინედ სწავლობდა მშობლიური კუთხის – რაჭის მცხოვრებთა ზნე-ჩვეულებებსა და მდიდარი ფაქტიური მასალის შესწავლის საფუძველზე ათავსებდა ნაშრომბს რუსულ კრებულში «Сборник матприалов для описания местностей и племен Кавказа».
1908 წელს მალაქია ჯაფარიძემ დიდი დახმარება გაუწია სახელოვან ქართველ კომპოზიტორს, პროფესორ დიმიტრი არაყიშვილს ეთნოგრაფიულ მუშაობასა და მასალების შეგროვებაში დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის დროს. ამის გამო მალაქია ჯაფარიძეს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების პრეზიდენტის, დამსახურებული პროფესორის ანუჩინისაგან განსაკუთრებული მადლობა გამოეცხადა.
პროფესორი დიმიტრი არაყიშვილი შემდეგნაირად იგონებს რაჭაში თავის მოგზაურობას და მალაქია ჯაფარიძესთან შეხვედრას: „42 წლის წინათ, სახელდობრ, 1908 წელს, მე ბევრს ვმოგზაურობდი ფონოგრაფით დასავლეთ საქართველოში. ჩემს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა რაჭაში მოხვედრა და იქ, ჩემთვის საინტერესო რაჭული სიმღერების ჩაწერა. მოსკოვსი მე მოველაპარაკე მოსკოვის უნივერსიტეტი სორ რაჭველ სტუდენტს – ძმებს ვლადიმერ და გრიგოლ ჯაფარიძეებს, რომლებიც უნდა დამხვედროდნენ დაბა ონში. ივლისის თვეში მე ჩავედი ონს და მართლაც, შემხვდნენ ისინი და მათი მამა მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძე, ძველი პედაგოგი, უაღრესად საყვარელი და თავაზიანი ადამიანი, რომელმაც თავის მზრუნველობა არ მომაკლო”.
სამუშაო ადგილად აირჩიეს სოფელი უწერა, სადაც პროფესორმა არაყიშვილმა ფონოგრაფით ჩაიწერა მრავალი ხალხური სიმღერა, ხოლო ტექსტების ჩაწერას აწარმოებდა მალაქია ჯაფარიძე. ამ საქმეში მას სხვებიც შველოდნენ. თავის მოგონებას კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი ასე ამთავრებს: „შემდგომ ჩემს მუშაობაში მე ყოველმხრივ მეხმარებოდა აწ განსვენებული მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძე და მე არ შემიძლია არ მოვიგონო საყვარელი სახე ძველი ქართველი პედაგოგიინტელიგენტისა, რომელიც ჩუმად, თავმდაბლად და სხვებისათვის შეუმჩნევლად, ცოტა როდი აკეთებდა, კერძოდ, ქართული მუსიკალური კულტურისათვის”.
მალაქია ჯაფარიძის ოჯახი რაჭაში წარმოადგენდა კულტურისა და ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვან კერას. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, რომლებიც გულწრფელად აფასებდნენ მალაქია ჯაფარიძის უანგარო და სასარგებლო მუშაობას.