‍მოსე ჯანაშვილი (1855-1934)

ავტორი: გიორგი იოსელიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

janashvili moseგამოჩენილი ქართველი მეცნიერი მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი დაიბადა 1855 წლის 11 მარტს (ძვ. სტ.) საინგილოს სოფელ კახში. იგი ღარიბი მშობლების შვილი იყო და 13 წლამდე დედ-მამას საოჯახო საქმიანობაში ეხმარებოდა.

1865 წელს მიაბარეს ის კახის სამრევლო სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში. მშობლებს სურდათ, მისთვის სასულიერო განათლება მიეცათ და ამ მიზნით ჩამოიყვანეს თბილისში, სადაც სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს.

სემინარიაში ყოფნის დროს მოსე ჯანაშვილი დაახლოებული იყო მოწინავე ქართველ მასწავლებლებთან და რევოლუციურად განწყობილ მოსწავლე-ახალგაზრდობასთან. ის გატაცებით დაეწაფა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული აკრძალული ლიტერატურის კითხვას, რამაც ხელი შეუწყო მასში პროგრესული მსოფლმხედველობის გამომუშავებას.

მოსე ჯანაშვილი სემინარიაში სწავლისა და მომდევნო პერიოდის შესახებ თავის ბიოგრაფიაში წერს: „1874-1875 წლებში ტფილისს ჩამოვიდა ეგნატე იოსელიანი და ჩამოიტანა სკივრებით აკრძალული ლიტერატურა. ამ ლიტერატურამ შეგვბორკა რამდენიმე სემინარიელი. ბლომა მისი ნაწილი მივაწოდეთ კახში ივ. როსტომაშვილსაც. განსაკუთრებით გვიზიდავდა „ოტჩეპენცი”. მთავრობამ სუნით იგრძნო, რაშიც იყო საქმე და გამორიცხვა დამიპირა. ჟანდარმმაც პასუხი მოგვთხოვა მე, დ. ჯანაშვილსა და როსტომაშვილს, რომელიც „კარეტით” ტფილისის ციხეში ჩამოიყვანეს. ბოლოს გამოველ სემინარიიდან „ოთხით” ყოფაქცევაში, ჩავაბარე გამოცდები გიმნაზიაში და შევუდექი საპედაგოგიო და სამწერლობო საქმეს.

საპედაგოგიო შრომა დავიწყე ქუთაისში, სადაც ვმსახურობდი ჯერ მ. პეტრიაშვილის პანსიონის გამგედ და მერე იქაურ პროგიმნაზიაში. 1878 წელს გამოვეთხოვე ქუთაისს და დავბინადი ტფილისში. აქ ვმასწავლებლობდი სასულიერო სასწავლებელში, მერე რალურსა და წმინდა ნინოს სასწავლებელში, ქალთა მეხუთე და ვაჟთა მეხუთე გიმნაზიებში, მიწის მზომელთა სასწავლებელში და ბოლოს 1920 წ. ქართული ენის ლექტორად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში”.

მოსე ჯანაშვილი მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართული ენა, ეთნოგრაფია, საქართველოს ისტორია, ნუმიზმატიკა და სხვ.

მოსე ჯანაშვილის ბევრი ნაშრომი გადათარგმნილია ევროპულ ენებზე. მის სამეცნიერო მუშაობას დიდად აფასებდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები.

თავის ავტობიოგრაფიას მოსე ჯანაშვილი ასე ამთავრებს: „არც კაცი ვარგა, იყოს სოფელში და სოფელს არარა არგოს”, – ბრძანებს ნიკოლოზ ბარათაშვილი. მეც, ვფიქრობ, „უსარგებლოდ სოფლისა” არ გავატარე ჩემი 73 წლის მანძილი”. ღვაწლმოსილ მეცნიერს ამის თქმის სრული უფლება ჰქონდა.

მოსე ჯანაშვილს ეკუთვნის ცნობილი „საქართველოს ისტორია”, რომელიც, ავტორის თქმით, პირველ სახელმძღვანელო წიგნს წარმოადგენს ამ დარგში.

1900 წელს, პარიზის გამოფენისათვის დაწერილ ნარკვევში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა: „საშუალო სკოლებისათვის იხმარება: სალიტერატურო ქრესტომათია პროფ. ჩუბინაშვილისა, ისტორიული ქრესტომათია ალ. ჭყონიასი, საქართველოს ისტორია ცნობილი სწავლულის დიმიტრი ბაქრაძისა, სახალხო სახელმძღვანელო ქართული ისტორიისა მოსე ჯანაშვილისა, საქართველოს ეკლესიის ისტორია მისივე, სიტყვიერების თეორია აუარებელი ნიმუშებით, შედგენილი ცნობილი ეპისკოპოზის კირიონისა და ლიტერატორის გრიგოლ ყიფშიძის მიერ. ქართული გრამატიკები: ჩუბინაშვილისა, დ. ყიფიანისა, თ. ჟორდანიასი, პ. კვიცარიძისა, ა. ქუთათელაძისა და სხვა. ეს თხზულებანი, ყველა მცოდნე კაცების აზრით, შემკულნი არიან ჯეროვანი ღირსებითა და იხმარებიან ზოგნი როგორც სამოსწავლო, ზოგნი როგორც სახელმძღვანელო წიგნები ქართულის სწავლის დროს”.

როგორც ვხედავთ, ჩვენი დიდი პედაგოგი მნიშვნელოვან ქართულ სახელმძღვანელოთა შორის მოსე ჯანაშვილის წიგნებსაც ასახელებს და მათ სათანადო შეფასებას აძლევს.

მოსე ჯანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” საქმიანობაში. აღნიშნული საზოგადოების სიძველეთა ფონდმა მისი ინიციატივით არა ერთი და ორი შესანიშნავი ძეგლი შეიძინა და შეუნახა შთამომავლობას.

ის იყო ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის გულისხმიერი აღმზრდელი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის დროს ქართველ სტუდენტობას გულში უნერგავდა მეცნიერების სიყავრულსა და ქართული კულტურის უდიდეს პატივისცემას.

მოსე ჯანაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავის მშობლიურ კუთხეს – საინგილოს და ყოველი შესაძლებლობის დროს ქართველი ინტელიგენციას მოუწოდებდა იქ სკოლების გახსნითა და ქართველი მასწავლებელთა გაგზავნით შეემსუბუქებინათ ბედი ჩვენი მოძმე ინგილოებისა, რომლებიც თვითმპყრობელობის დროს მრავალნაირ შევიწროებას განიცდიდნენ.

როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამეცნიერო მუშაობაში პროფ. მოსე ჯანაშვილი უაღრესად დიდ თავმდაბლობას ამჟღავნებდა თითქმის ყოველი თავისი ნაშრომის შესახებ ამბობდა: „მართალის სიმართლით ჩვენის გამოცემის გაჩხრეკისა და თუნდ ქარცეცხლში გატარების უფლება ყველას აქვს, – აქ ჩვენ არათუ საწინააღმდეგო, მადლობის მეტი არა გვეთქმის რა”. მაგრამ ეს თავმდაბლობა ბევრმა ცუდად გაიგო და მის მიერ მეცნიერებაში წამოყენებული მთელი რიგი დებულებანი, რომელთაგან ბევრი იმჟამად სავსებით დადასტურებულია, თავის დროზე უსამართლოდ უარჰყო.

მეცნიერების შემდგომმა განვითარებამ კი სავსებით ცხადყო, რომ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენების ახსნა მხოლოდ ქართულ ნიადაგზე შეიძლება, რასაც ყოველთვის მკვეთრად აღნიშნავდა სახელოვანი მკვლევარი.

ამაშია ერთი დიდი დამსახურება მოსე ჯანაშვილისა, რომელიც მთელი რიგი წლების მანძილზე სკოლებში მუშაობდა მასწავლებლად და ჩვენს მოსწავლეებს მშობლიურ ქართულ ენას ასწავლიდა.

მოსე ჯანაშვილი გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 80 წლის ასაკში, 1934 წლის 19 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.