დიმიტრი ჯანაშვილი (1840-1905)
ავტორი: დ. შუღლიაშვილი სახალხო განათლების ქართველ მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ეკუთვნის დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილს, როგორც თავისი ხალხის უანგარო და თავდადებულ მუშაკს; ჩუმსა და უპრეტენზიო ადამიანს, მოღვაწეს, რომელმაც მთელი თავისი შრომა და ახალგაზრდული ენერგია შესწირა აღმოსავლეთ საქართველოს განაპირა კუთხის – საინგილოს კულტურული აღორძინებისა და ქართველი ახალგაზრდობის სწავლისა და ზნეობრივად აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. იგი იყო, ამავე დროს, ჩვენი ისტორიული წარსულის შესანიშნავი მკვლევარი, ნიჭიერი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, – ილია ჭავჭავაძის თანამესაგრე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, თავისი საქმის კარგი მცოდნე, განათლებული, პრინციპული და მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი. დიმიტრი ჯანაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 დეკემბერს საინგილოში, სოფელ კახში. მამამისი, იოსები, წვრილშვილიანი კაცი იყო და როგორც ღარიბს, საშუალება არ ჰქონდა პატარა დიმიტრისათვის სკოლაში ესწავლებინა. დიმიტრის სწავლა-აღზრდა იკისრა მისმა ბიძამ, გიორგი ჯანაშვილმა (პროფესორ მოსე ჯანაშვილის მამამ), რომელმაც 10 წლის დიმიტრი ჯერ სამხედრო სასწავლებელში მიაღებინა, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანა. 1865 წელს, სემინარიის დამთავრებისთანავე, დიმიტრი ჯანაშვილმა, რადგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა, თავის მშობლიურ საინგილოს მიაშურა და იქ, სოფელ ყორღანში, სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ყმაწვილების სწავლა-აღზრდის საქმეს. ერთგულად ემსახურებოდა განათლების დანერგვას საინგილოს სოფლებში, აარსებდა დაწყებით სკოლებს და თვით ხელმძღვანელობდა მათ. დიმიტრი ჯანაშვილმა თორმეტი წელი დაჰყო საინგილოს სოფლებში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას და ყოველნაირად ცდილობდა, ინგილო ქართველების გაქრისტიანებას, განათლებას და ქართველებთან დაახლოებას, რათა თავიანთი ეროვნება არ დაეკარგათ, მოლების ზეგავლენით არ გადაგვარებულიყვნენ და მტკიცედ დაეცვათ ქართული ენა და ქართველობა. 1870 წელს დიმიტრი ჯანაშვილი გადადის ზაქათალის სამაზრო სკოლაში მასწავლებლად, აქ იგი დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა მოსახლეობაში; მაგრამ თვითონ მაინც არ იყო კმაყოფილი, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება და თათრის მოლები მტრულად იყვნენ განწყობილნი დიმიტრი ჯანაშვილისადმი და ყოველნაირად ავიწროებდნენ. ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის რჩევითა და დახმარებით იგი თავს ანებებს ზაქათალის სამაზრო სკოლას და გაბრიელ ეპისკოპოსისა და გერასიმე კალანდარიშვილის მოწვევით 1873 წლიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე, სადაც 1878 წლის სექტემბრამდე მოღვაწეობდა. 1878 წელს დიმიტრი ჯანაშვილმა შეძლო უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად მოსკოვში წასვლა და სასულიერო აკადემიაში სწავლის გაგრძელება. იმ დროისათვის დიმიტრი ჯანაშვილს გამოქვეყნებული ჰქონდა სახელმძღვანელოები: „ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია” (1876), „ქართული გრამატიკა” (1877) და მრავალი საგაზეთო და საჟურნალო სტატია. დიმიტრი ჯანაშვილმა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში დაჰყო 1881 წლამდე. დიმიტრისათვის დიდად ნაყოფიერი გამოდგა მოსკოვში ყოფნის პერიოდი. იგი სტუდენტობის დროს ღრმად დაეწაფა და საფუძვლიანად გაიცნო იმ დროის ცნობილი რევოლუციურ-დემოკრატიული მიმართულების მწერალთა, მოაზროვნეთა: ჩერნიშევსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, პისარევისა და სხვათა თხზულებები. მათი ზეგავლენით თვითონვე ქართულ და რუსულ პრესაში აქვეყნებდა საყურადღებო გამოკვლევებსა და სტატიებს. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი საინტერესო ნაშრომი „დედაკაცი ქართველთ ისტორიულ ცხოვრებაში”. დიმიტრი ჯანაშვილი სამშობლოში დაბრუნდა 1881 წლის აგვისტოში. ქართველი საზოგადოება და ინტელიგენცია სიამოვნებით შეხვდა დიმიტრის დაბრუნებას. იგი მაშინვე ინიშნება მასწავლებლად ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში; ილია ჭავჭავაძის წინადადებით მას ირჩევენ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრად. ამ დროიდან იწყება დიმიტრი ჯანაშვილის უფრო ინტენსიური საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. მწერლობაში, – როგორც პროფესორი მოსე ჯანაშვილი გადმოგვცემს, – დიმიტრი ჯანაშვილი იყო უშიშარი, გამბედავი მამხილებელი, გატაცებული მქადაგებელი, ხან დინი ოაზრე, ხან მქუხარე მჭევრმეტყველი, ხან ისტორიკოსი, ხან დამრიგებელი, პედაგოგი, პროპაგანდის გამწევი, ყოველთვის გულწრფელი მეგობარი თავისი ერისა, ყოველთვის მებრძოლი ჭეშმარიტებისათვის. პირველი საყურადღებო წერილი – „საჭიროა ამჟამად თხზულებანი იწერებოდნენ ქართულ ენაზე თუ არა?” დიმიტრი ჯანაშვილს დაუწერია 1865 წელს, როდესაც ჯერ ისევ სემინარიაში სწავლობდა. ეს წერილი დაწერილია გამართული ენითა და დიდი ერუდიციით. არანაკლებ საინტერესოა 1865 წლის ჟურნალ „ცისკრის” ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული დიმიტრი ჯანაშვილის წერილი სათაურით „მახე”, სადაც ამაღლებული პათოსითა და განაწყენებული ტონით საყვედურობს იმ „ვაი მოღვაწეებს”, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, ხოლო საქმით კი არაფერს აკეთებენ, გარდა ჩვენი მამა-პაპათა ლანძღვისა. დიმიტრი ჯანაშვილი მასწავლებლის კეთილშობილურ მოვალეობას უკანასკნელად ასრულებდა საინგილოს სოფლებში: ნუხს, ვართაშენს, ალიბეგლოს, კახსა და სხვ. მეტად საინტერესოა დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევი „კაცს განათლებამ უნდა მისცეს სახსარი ცხოვრების გაფაქიზებისა და სიმდიდრის მოპოვებისა” ახალგაზრდა ავტორი ამ ნარკვევში ამჟღავნებს ცხოვრებაზე დიდ დაკვირვებას და ღრმა ცოდნას; იგი ლოგიკური თანმიმდევრობით ასაბუთებს, თუ რა დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის განათლებას როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების გაუჯობესებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. იგი დასძენს, რომ „განათლება აძლევს კაცს შეძლებას, მოიხმაროს თავის სასარგებლოთ ბუნების ძალები – ორთქლი, ცეცხლი, წყალი, ელექტრონი, ჰაერი და სხვა. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის განათლების საქმე ჯერ ჩვენს გულითად ოცნებას ვერ გასცილებია. უმთავრესი მიზეზი ჩვენი სიღარიბეა. სიღარიბე განათლების მტერია, განათლება – სიღარიბისა... დაანახეთ ხალხს სწავლის სარგებლობა, ის თვითონ მიიყვანს შვილებს სკოლაში. იგი თვითონ დაეწაფება განათლებას”. იგი მოუწოდებდა საზოგადოებას შეექმნათ სახალხო სკოლები და დასძენდა: „ჩვენში ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ კაცს ესწავლოს მეურნეობა და თავისი სწავლით ჩვენი ქვეყნის მკვიდრთათვის დაენახვებინოს ვენახის უკეთესად მოვლა, ღვინის უკეთესად დაყენება, საქონლის უმჯობეს ჯიშის გამრავლება”. „სახალხო მასწავლებლები, – წერდა დიმიტრი ჯანაშვილი, – არის ძალა. ისინი თავის მნიშვნელობით ედრებიან ფილტვს, თოფ-იარაღს, ჯარს. თუ გვინდა თავი დავიცვათ, რომ მტერმა არ შეარყიოს ჩვენი სიმტკიცე, – დავაარსოთ სახალხო სკოლები, მხოლოთ ესენი დაგვიხსნიან განსაცდელისაგან, რომელიც მოსდევს უმეცრებას. გავაჩაღოთ ისეთი მეცნიერება, განათლება, რომელიც შეგვასწავლის: რა გვარად მოვიხმაროთ ნიადაგი, ტყე, წყალი; რაგვარად ვხნათ და ვთესოთ; ვაშენოთ ვენახი, დავაყენოთ ღვინოები; როგორ გამოვხადოთ არაყი, როგორ მოვუაროთ პირუტყვს, როგორ გავაკეთოთ საპონი, შაქარი; როგორ აღვზარდოთ საკუთარი შვილები და როგორ მოვაწყოთ სახლ-კარი...” დიმიტრი ჯანაშვილი არა მარტო სიტყვით და თეორიული მსჯელობით ასაბუთებდა სახალხო სკოლების დიდ მნიშვნელობას, არამედ პრაქტიკულად ახორციელებდა ცოდნისა და განათლების დიდ მნიშვნელობას: საინგილოში მოღვაწეობის დროს აშენებდა საუკეთესო ჯიშის ხეხილის ბაღს და ამავე დროს ეხმარებოდა ინგილო გლეხებს კარგი ჯიშის ბაღ-ვენახების გამრავლებაში. მისი თაოსნობით საინგილოში დაინერგა ხეხილის გაშენების, საქონლის მოვლის, ღვინის დაყენებისა და სხვა კარგი ტრადიცია. ყმაწვილები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ გონივრულ შრომასო, – დასძენს დიმიტრი ჯანაშვილი, – რომ მოვამზადოთ ახალი შეძლებული თაობა, რომლებიც სხვებისათვის მაგალითის მიმცემნი იქნებიან და ხელს შეუწყობენ ქართველი ხალხის კულტურულად და მატერიალურად აღორძინების საქმესო. დიმიტრი ჯანაშვილის კალამს ეკუთვნის უამრავი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილები და ნარკვევები; კრიტიკული სტატიები და მეცნიერული გამოკვლევები; სახელმძღვანელო წიგნები და რეცენზიები, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ჯანაშვილის ისტორიული სურათები – „ქართველი ქალები”, რომელსაც ილია პერიოდულად აქვეყნებდა ჟურნალ „ივერიაში”. დიმიტრი ჯანაშვილის ეს ნარკვევი პირველი ცდა იყო ქართველი ქალების ისტორიული წარსულის შესწავლის დარგში. მან სიგელ-გუჯრებსა და „ქართლის ცხოვრების” მემატიანეთაგან აღწერილ ამბებიდან ამოკრიბა და ხალხს გააცნო ჩვენი შესანიშნავი წინაპარი ქალების ბრძოლა და ვაჟკაცობა, კულტურული და ლიტერატურული საქმიანობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. დიმიტრი ჯანაშვილს ზედმიწევნით შესწავლილი ჰქონდა საქართველოს ისტორიული წარსული იცნობდა „ქართლის ცხოვრების” ყველა ხელნაწერს და საჭირო შემთხვევაში საინტერესო შენიშვნებითა და კომენტარებით გამოდიოდა პრესაში იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ამა თუ იმ ფაქტს ამახინჯებდნენ და მხოლოდ ზეპირ თქმულებებსა და ლეგენდებზე აგებდნენ თავიანთი ისტორიული ხასიათის წერილებს. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „საბიბლიოგრაფიო და საისტორიო წერილი”, სადაც იგი მართებულად აკრიტიკებს ალექსანდრე გარსევანიშვილის სტატიას, რომელიც 1887 წლის „ივერიის” №223-ში დაიბეჭდა. დიმიტრი ჯანაშვილი წერს: „ამ წერილმა დიდად გვასიამოვნა, გაგვეხარდა რომ ჩვენ ყმაწვილკაცობაში თანდათან ჩნდებიან ისეთი ყმაწვილები, რომლებიც გულმოდგინეთ ეტანებიან საქართველოს ისტორიის შესწავლას. მაგრამ ამ წერილიდან ჩანს, რომ გარსევანიშვილს ჯერჯერობით რიგიანად არ შეუსწავლია „ქართლის ცხოვრება”. ჩვენმა მეისტორიემ ჯერ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს ქართველთა მემატიანენი და რაც საჭიროა შეამოწმოს უცხო მწერალთა თქმულებებით. თუ ასე არ მოიცა, შეცდომა აუცილებელია. ის, როგორც მეცნიერი, არ უნდა ერწმუნებოდეს ხალხის მითქმა-მოთქმას. თამარ მეფეზე ქართველი ხალხი ბევრს რასმე მოგვითხრობს, მაგრამ ყოველს თქმულებას რომ ვერწმუნოთ, ჩვენი ისტორიის კვლევა ვერ დადგება მეცნიერულ გზასა”. „ქართლის ცხოვრებიდან” დიმიტრი ჯანაშვილს მოჰყავს ამონაწერები და ციტატები, რომლებიც აბათილებენ ალექსანდრე გარსევანიშვილის მიერ ზეპირ თქმულებებზე დამყარებულ ისტორიულ ცნობებს თამარ მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ფაქტების ღრმა ცოდნითა და დასაბუთებით გამოირჩევა დიმიტრი ჯანაშვილის ისტორიულ-კრიტიკული წერილები: „მახე”, „ვაი ჭკუისაგან”, „წარსული და მომავალი ცხოვრება ინგილოებისა”, „ცრუპენტელობა დროსგატარებისათვის”, „საკვირველი მოვლენა”, “ტვინთხელაძეებისა და ფეთხუმაძეების შესაქცევი”, „ქართველი ხალხის მწერლობა და განათლება VI საკუნემდე”, „სანომ მათქმევინა”, „შაჰ-აბაზის შემოსევა საქართველოში და საინგილო”, “გეოგრაფიულ-ისტორიული აღწერა ჰერეთისა” და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ჯანაშვილის მოღაწეობა საბავშვო ჟურნალ „ნობათში”, სადაც სისტემატურად ათავსებდა კარგი ქართულით დაწერილ ისტორიული ხასიათის საბავშვო მოთხრობა-ნარკვევებს – ფარნაზოს პირველზე, ვახტანგ გორგასალზე, თამარ მეფეზე, წმინდა ნინოზე, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებზე – დავით და კონსტანტინეზე და სხვ., რომლებსაც თავის დროზე მოზარდი თაობა ცხოველი ინტერესით კითხულობდა. ღვაწლმოსილი პედაგოგი, ჩვენი წარსულის შესანიშნავი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი ჯანაშვილი გარდაიცვალა 1905 წლის 7 ოქტომბერს. იგი დაკრძალულია საინგილოში, მშობლიურ სოფელ კახის ეკლესიის ეზოში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968