‍ნიკო ჯაყელი (1862-1929)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

jakeli ni46უნებურად გვაგონდება ჩვენი წარსულის ზოგიერთი ისტორიული ფაქტი, როცა ხმლის მოქნევით განთქმული პრივილეგიური წოდება სავსებით უგულებელჰყოფდა ქვეყნის მასაზრდოებელი წოდების – მშრომელი ხალხის სამსახურს. ახალმა დრომ ახალი იდეები წამოშვა. წინაპრების ამ წრიდან გამოსული ნიკო ჯაყელი წიგნით, კალმით, ცარცით, გლობუსითა და რვეულებით აღჭურვილი გავიდა სოფლად როგორც სახალხო მასწავლებელი, ახალი თაობის აღმზრდელი და განმანათლებელი.

მასში საბოლოოდ იყო განმტკიცებული შეგნება: „სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!..” და ისიც ჩადგა იმ პერიოდის (1880) სახალხო განათლების სახელოვან ქართველ მოღვაწეთა რიგებში და ეროვნული სკოლის მშენებლობაში არა ერთი ღირსეული და მკვრივი აგური შეიტანა. ეს ის აგურებია, რომელნიც შემდეგ საფუძვლად დაედო ნამდვილ ეროვნულ სკოლას.

ნიკო (იგივე თეოფანე) ვახტანგის ძე ჯაყელი დაიბადა 1862 წლის 1 (13) იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ საყვავისტყავში (ჩოხატაური). ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ იგი შევიდა თბილისის ე. წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის კურსი 1884 წელს წარმატებით დაამთავრა და გამწესებულ იქნა მასწავლებლად ქ. შუშაში.

მაგრამ ნიკოს გული სამშობლოს სამსახურისათვის უძგერდა. ის უფრო აქ იყო საჭირო, ვიდრე სხვაგან და მართლაც, სულ მოკლე ხანში ის ახერხებს ქალაქ ბათუმში გადმოსვლას, სადაც ხდება არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ დაუღალავი საზოგადო მოღვაწე, ყოველგვარი კულტურული საქმიანობის წამოწყების ენთუზიასტი, აქტიური წევრი, მოქმედი და მონაწილე ყველა საქველმოქმედო წრისა და საზოგადოებისა. ის მოექცა მაშინ ბათუმში მოქმედ ქართველ ინტელიგენტთა იმ საუკეთესო წრეში, რომლის მამოძრავებელი და სულისჩამდგმელი იყვნენ: მწერალი დავით კლდიაშვილი, პოეტი გრიგოლ ვოლსკი, ლ. ასათიანი, მ. ნაკაშიძე, ივანე და ლ. ანდრონიკაშვილები, ივანე მესხი და სხვ.

დავით კლდიაშვილის ცნობით, 80-იანი წლების ბათუმში არავითარი გასართობი და კულტურული დაწესებულება არ არსებობდა, გარდა ერთი სამოქალაქო სასწავლებლისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლისა. ამ უკანასკნელისათვის შესაფერისი შენობა ნიკო ცხვედაძის ხელმძღვანელობით აშენდა და მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი ნიკო ჯაყელი იყო.

90-იან წლებში ბათუმის მოსახლეობა გიმნაზიის გახსნას ითხოვდა. საკითხიც მომწიფებული იყო და ქალაქის თავიც (ლ. ასათიანი) დატრიალდა, თუმცა ხელისუფლება წინააღმდეგი იყო და თავისი აგენტებისათვის დავალებული ჰქონდა მისი ჩაშლა. ამის შესახებ ოლქის მზრუნველი იანოვსკი ქალაქის თავს საიდუმლოდ წერდა, რომ „არ არის სასურველი გიმნაზიის გახსნა, რადგან იგი მხოლოდ გაამრავლებს ინტელიგენტთა რიცხვს, რაც სასურველი არ არის, მით უფრო, რომ გიმნაზია უსათუოდ გაივსება მზარეულების, პარიკმახერების, მეეტლეების, თერძებისა და ამათი მსგავსი ხალხის შვილებითო”.

მიუხედავად ამგვარი „რჩევა-დარიგებისა” და ღონისძიებათა ჩატარებისა, ეს გიმნაზია მაინც გაიხსნა. ამ დიდ საქმეში შესამჩნევი წვლილი აქვს გაღებული ნიკო ჯაყელს, რომელიც შემდეგ ამ სასწავლებლის ინსპექტორი და მუდმივი მოამაგე იყო.

მაგრამ მარტო სასწავლებლების გამრავლებით არ წყდებოდა საკითხი. მთავარი იყო სწავლების დაყენება და ბძოლაც აქედან რთულდებოდა და მწვავდებოდა. მოწინავე ქართველი პედაგოგები, ინტელიგენცია და მოსახლეობა სკოლისაგან მოწინავე აზრების მატარებელი და თავისი ქვეყნის გულშემატკივარი ქართველის აღზრდას მოითხოვდა, მეფის ერთგული მოხელეები კი, რომელნიც ამავე დროს სახალხო განათლების „მესვეურებიც” იყვნენ, მხოლოდ „ჭეშმარიტი რუსის” აღზრდას მოითხოვდნენ. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა დავით კლდიაშვილის მიერ თავის მემუარებში მოხდენილად აღწერილი ერთი ინცინდენტი – მომხდარი იმ ხანებში ბათუმის სამოქალაქო სასწავლებელში ოლქის მზრუნველ ზავადსკის სტუმრობისას:

“– ვინ ხარ შენ? – შეეკითხა ბავშვს ზავადსკი.

– აჭარელი! – მიუგო მოსწავლემ.

– აჭარელი, აჭარელი – სხვა არაფერი?

ბავშვი დაიბნა.

– თათარი! – თქვა გაჩუმების შემდეგ.

– თათარს აქ რა უნდა? – მოღუშვით წარმოსთქვა ზავადსკიმ.

– მუსულმანი ქართველი! – გაისწორა მოსწავლემ.

– შენ არ გცოდნია შენი ვინაობა! მოიტა ხელი!..

ზავადსკიმ გადაუბრუნა აღმა ხელისგული, ზედ დაადო მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი...

– გაიმეორე ჩემთან ერთად: მე ვარ რუსი!.. მე ვარ რუსი!.. რუსი!.. რუსი!..

და ბავშვი რომ თრთოლვით იმეორებდა ამ სიტყვებს, ზავადსკი ხელისგულზედ უკაკუნებდა თავის საჩვენებელ თითს.

– ახლა ხომ გაიგე, ვინცა ხარ?! დაიმახსოვრე კარგად და სხვებსაც გააგებინე! გესმის! – ჩასძახა მან შეშინებულ ბავშვს”.

ამგვარი იყო ის ატოსფერო და უკუმართობა დროისა, რომლის წინააღმდეგაც მუდმივი და დაუცხრომელი ბრძოლა უხდებოდა კოლეგებთან ერთად ნიკო ჯაყელს. თავის მოწოდებისათვის მას ზურგი არასდროს შეუქცევია, ის მედგრად მიიკვლევდა გზას წინ და თანდათან სამოქმედო არესაც იფართოებდა. სხვადასხვა დროს მას თავისი შრომის წარუშლელი კვალი დაუჩნევია საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც. აღსანიშნავია მისი ღვაწლი ჭიათურაში, ქუთაისში, კულაშში, ქობულეთსა და სხვაგან, სადაც მას შეუსრულებია: მასწავლებლობა, სკოლის ინსპექტორობა, დირქტორობა, სახალხო სკოლების ინსპექტორობა და ა. შ.

მთელი ეს მისგან განვლილი ეკლიანი გზა ხალხის სიყვარულით არის მოსილი. ნიკოს სამსახურსა და მოქმედებას თან სდევდა ისდამი დიდი სიყვარული და პატივისცემა ყველაზე მეტი წილი მისი ხანგრძლივი მოღვაწეობისა ბათუმზე მოდის. შეიძლება ითქვს, რომ სახალხო განათლების აჭარის მოღვაწეთა შორის ნიკო ჯაყელი პირველი ინტელიგენტი იყო თურქთა მონობიდან ახლად გამოხსნილ ამ კუთხეში განათლებისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან დასახული გეზით მოქმედებდა. აქ იღვწოდა ის სიცოცხლის ბოლომდე, აქვე მოესწრო ნანატრ დღეებსაც ხალხის საყოველთაო განათლებისა და კულტურული აღმშენებლობის უჩვეულო გაშლას საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.

ნიკო ჯაყელი გარდაიცვალა უეცრად გარდაიცვალა 1929 წლის 5 მაისს.