პლატონ იოსელიანი (1809-1875)
ავტორი: სოლომონ ცაიშვილი XIX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და ისტორიკოსი – ჩვენი წარსულის დაუცხრომელი მკვლევარი პლატონ იოსელიანი დაიბადა 1809 წლის 18 (30) ნოემბერს ქ. თბილისში. მამა პლატონისა, ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII კარის მღვდელი იყო – მომსწრე და მცოდნე ერეკლე მეფის დროინდელი ამბებისა, მის კარზე აღზრდილი და მამის თანამდებობაზე დაწინაურებული. პლატონ იოსელიანი იზრდებოდა და ვითარდებოდა მაშინდელი საზოგადოების იმ მაღალსა და განათლებულ წრეში, რომელშიც ტრიალებდნენ ქართველი მეფის ძენი: დავით, იოანე, თეიმურაზ, ბაგრატ და სხვა გამოჩენილი მწერლები და მოღვაწენი: გრიგოლ, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი და მრავალი სხვა. ცხადია, ასეთ საზოგადოებაში პლატონს დიდი განათლება და წარმატება მოელოდა. მან მართლაც ჩინებულად დაასრულა 1829 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსი, სადაც მას ქართულ ენას, ლიტერატურასა და კალიგრაფიას ასწავლიდა ცნობილი მწერალ-კალიგრაფი დავით ალექსი-მესხიშვილი, რომელიც ერეკლე II დროს თელავის სემინარიის რექტორად მოღვაწეობის გამო დავით რექტორად იწოდებოდა. 1829-32 წლებში პლატონი სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, რომლის კურსის დამთავრების შემდეგ, 1835 წელს საქართველოში ბრუნდება მაგისტრის ხარისხით. საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა სწავლული პლატონ იოსელიანი, რომელსაც ფართო განათლება ჰქონდა მიღებული ფილოსოფიაში, ისტორიასა და ღვთისმეტყველებაში, 1835 წელსვე ინიშნება ფიზიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში. ნაყოფიერი იყო პლატონის მოღვაწეობა ამ სასწავლებელში, როგორც მასწვლებლისა და სახელმძღვანელოს ავტორისა. მან ამ ხანებში შეადგინა ქართული ენის გრამატიკა და სხვა წიგნების გამოცემასაც მიჰყო ხელი. ამავე ხანებში მან პირველად გამოსცა „ანბანი ქართული სასარგებლოდ ქართველთა ახალ-მოსწავლეთა ყრმათა”. 1840 წელს იგი სცემს ქართულ კალენდარს და ქართული გრამატიკის პირველ-დაწყებით კანონს, რომელიც განკუთვნილი იყო სასულიერო სემინარიის მოსწავლეთათვის. 1844 წლის ზაფხულის არდადეგების განმავლობაში პლატონ იოსელიანი სამეცნიერო მიზნით მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და აგროვებს დიდძალ არქეოლოგიურ და საისტორიო მასალას. საექსპედიციო და სამეცნიერო მუშაობაში ჩაბმული და მრავალი საქმით დატვირთული პლატონ იოსელიანი სკოლასა და მასწავლებლობას მაინც არ ტოვებს. იგი განაგრძობს რა სემინარიაში მუშაობას, ითავსებს მასწავლებლობას მაშინ თბილისში ახალგახსნილ ქალთა ინსტიტუტშიც. პლატონ იოსელიანი, როგორც განათლებული ინტელიგენტი, ჭკვიანი და სწავლული ქართული, უკვე რამდენიმე საგულისხმო შრომისა და გამოცემის ავტორი და რედაქტორი, იმდროინდელ მოწინავე ქართველ მწერალთა, ცნობილ მოღვაწეთა და მწერლობის მოყვარულთა წრეების შუაგულში ექცევა. ის ხშირი და საპატიო სტუმარი ხდება მანანა ორბელიანის იმ განთქმული სალონისა, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ იმ დროისათვის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები. 1849 წელს პლატონ იოსელიანმა იმოგზაურა საბერძნეთში. ამ მოგზაურობიდან დაბრუნებული პლატონ იოსელიანი კვლავ განაგრძობდა მასწავლებლობასა და საგამომცემლო საქმეებს; ის რედაქტორობდა „ზაკავკაზსკი ვესტნიკს” 1845-50 წლების განმავლობაში, წერდა და აქვეყნებდა მრავალ სტატიასა და შენიშვნას საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს წარსულის შესწავლით გატაცებული პლატონ იოსელიანს დაღლა არ შეტყობია. იგი ინტენსიურად, ზედიზედ წერდა და აქვეყნებდა ერთიმეორეზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან შრომებს. მის უამრავ შრომათაგან, რომლებიც მან რუსულ ენაზე დაბეჭდა, აღსანიშნავია: „თბილისის სიძველენი”, „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია”, „მცხეთის ტაძარი”, „დიდი მოურავის ცხოვრება”, საქართველოს ძველი და ახალი ქალაქები”, „მთაწმინდა”, „ქალაქ დუშეთის აღწერა”, „მოგზაურობა დაღისტანში”, „შოთა რუსთაველი”, „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე”, „ქართველები და მათი ძველი სახელწოდებანი”, „ქართული წელთაღრიცხვა”, „კაცხის ტაძარი იმერეთში”, „მოგზაურობა კახეთში”, „მარტყოფის მონასტერი”, „გელათის მონასტერი”, კაბენის მონასტერი” და სხვა შრომები, რომელთა გვირგვინად უდნა ჩაითვალოს „ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა”. ეს ნაშრომი დაწერილია ავტორისათვის ჩვეული ამაღლებული ტონით, ერუდიციითა და ისტორიის ღრმა ცოდნით. შრომაში მოცემული ფაქტები, მასალები და მთელი რიგი მოსაზრებანი ანგარიშგასაწევ და ამოუწურავ წყაროდ რჩება საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის ამ პერიოდის მეისტორიეთათვის. პლატონ იოსელიანმა გამოსცა რამდენიმე ლიტერატურული ძეგლი: ჩახრუხაძის – „თამარიანი” (1838), შავთელის – „აბდულმესია” (1838), იოსებ თბილელის – „დიდმოურავიანი” (1851), ტიმოთე გაბაშვილის – „მოხილვა წმიდათა და სხვათა აღმოსავლეთისა ადგილთა” (1852), იონა რუისის მიტროპოლიტის – „მიმოსვლა ანუ მგზავრობა” (1852), ანტონ კათალიკოსის – „წყობილ-სიტყვაობა” (1853), არჩილ მეფის – „ცხოვრება მეფის თეიმურაზ პირველისა” (1853) და ბოლოს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა” (1850). პლატონ იოსელიანი ენის საკითხში ბოლომდე დარჩა არქაისტად და კონსერვატორად, რამაც ის სალიტერატურო და სხვა საკითხების გარშემო ატეხილ ე. წ. „მამათა და შვილთა” ბრძოლების დროს „მამათა” ბანაკში მოაქცია. ის თავის დიდებულ ნაშრომს – „ცხოვრება გიორგი მეათცამეტისა” – სწორედ ამ ცხარე ბრძოლების პერიოდში წერდა და აყალიბებდა, მაგრამ მის ლიტერატურულ სტილზე არავითარი გავლენა „ახლისა” არა ჩანს. ის კვლავ თავისი დიდი მენტორის – ანტონ კათალიკოსის – ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი ნორმების მონა-მორჩილად დარჩა. პლატონ იოსელიანი იყო მომხრე და მოტრფიალე საქართველოს რუსეთთან დაკავშირებისა და დამეგობრებისა; იგი არ თანაუგრძნობდა და არც არავითარი მონაწილეობა მიუღია იმ ცნობილ შეთქმულებაში, რომელიც 1832 წელს მოხდა. 1833 წელს მ. ბროსესადმი გაგზავნილ ერთ წერიში პლატონ იოსელიანი აღნიშნავდა: „გაზეთს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი” 1832 წელს აბეჭდვინებდა ს. დოდაევი და უბედურსა ამას მოუხდა ცუდად, რომ თურმე საამბოხოდ ერისა ყოფილა და ექვს თვეზედ აკრძალეს. თვით იგი წარგზავნეს ვიატკას და მუნ გარდაიცვალა. მეცადინეობა მისი იყო ფრიად კეთილი, მაგრამ შეაცდინეს სხვათა უთუოდ და დაჰკარგა თავისი პატივი...” ამგვარ მოსაზრებათა და მოქმედებათა შედეგად წარმოიშვა ყალბი შეხედულება პლატონ იოსელიანის მონარქისტობასა და მეფის ტახტის ერთგულებაზე, მაგრამ ვინც კი პლატონ იოსელიანის ცხოვრებასა და ღვაწლს გაეცნობა, მისთვის ნათელი გახდება ამ ძველი თაობის გამოჩენილი მოღვაწის გულწრფელი ქართული პატრიოტობა. მართალია, მსოფლმხედველობა, რომელსაც პლატონ იოსელიანი იცავდა, დღეს სავსებით მოძვეელბული და მიუღებელია, იგი განიხილება როგორც განვლილი ეტაპი, როგორც წარსულის კუთვნილება, რომელსაც თავის დროზე გარკვეული როლი ჰქონდა დაკისრებული. მას მაინც თავისი მრავალრიცხოვანი წიგნებით, სახელმძღვანელოებით, წერილებით, გამოკვლევებითა და პრაქტიკული პედაგოგიური მოღვაწეობით გარკვეული დამსახურება მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე. იგი იცავდა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებსა და ისტორიულ წყაროებს. პლატონ იოსელიანი გარდაიცვალა 1875 წლის 15 (27) ნოემბერს 66 წლის ასაკში. დაკარძალულ იქნა ქ. თბილისში, მის მიერ აგებულ ამაღლების ტაძარში.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953