ივანე გვარამაძე (ვინმე მესხი) (1831-1912)
მესხეთ-ჯავახეთიდან გამოსულ მოღვაწეთა შორის გამოირჩევა ივანე პავლეს ძე გვარამაძე, რომელიც „ვინმე მესხის” ფსევდონიმითაც იყო ცნობილი. ის იყო მწერალი-პუბლიცისტი, პოეტი, ხალხური სიტყვიერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მასალების შემკრები, თავისი კუთხის სიძველეთა საუკეთესო მცოდნე და დახელოვნებული გადამწერ-კალიგრაფი. თავისი პედაგოგიური მუშაობით მან დიდი ამაგი დასდო თურქთა ბატონობისაგან განთავისუფლებულ მესხეთY-ჯავახეთის მოსახლეობის ეროვნული გათვითცნობიერების საქმეს.
ივანე გვარამაძე დაიბადა 1831 წელს სოფელ ვალეში, აწყურიდან გადასახლებული გელხის მესარქიშვილსი ოჯახში (მესარქიშვილების ძველ ისტორიული გვარი – გვარამაძე – ივანემ აღადგინა). მან ჯერ ახალციხეში მიიღო შინაური საეკლესიო სწავლა კათოლიკეთა მღვდელ პ. შაჰყულიანთან, შემდეგ სხვადასხვა დროს იმყოფებოდა თბილისსა და ქუთაისში, ალექსანდროპოლში, კონსტანტინოპოლში, სარატოვში... ყველგან სასულიერო წრეში ტრიალებდა და მწვავედ იგემა ადამიანთა ვერაგობის, პირმოთნეობის, მლიქვნელობისა და კარიერისათვის ატეხილი მტრობა-შუღლის შედეგები, ბოროტებსი ის თვისებები, რომლებიც იმ დროს დამკვიდრებული იყო ეკლესიის მსახურთა შორის. თავისი პირდაპირობის, სიმართლისმოყვარეობისა და ვაჟკაცური შეუპოვრობის გამო ივანე ყოველთვის დევნილი იყო „სულიერ მოძღვართაგან”.
გატეხელი ნებისყოფის ივანე გვარამაძემ თვითგანვითარებას მიჰყო ხელი, გაეცნო ქართულ და სომხურ მწიგნობრობას, შეისწავლა თურქული, ლათინური, ფრანგული ენები. მას განსაკუთრებით მესხეთის ისტორიული წარსული აინტერესებდა, რის შესწავლამ ღრმად დაარწმუნა, რომ მისი თაობა, გამაჰმადიანებას გადარჩენილი ქართული მოსახლეობა, გადაგვარების გზას ადგა.
ივანე გვარამაძემ ხალხს უქადაგა, რომ გაერჩიათ ერთმანეთისაგან სარწმუნოება და ეროვნული წარმოშობა, მოეთხოვათ ეკლესიებში წირვა-ლოცვა მშობლიურ ენაზე და ებრძოლათ ეროვნული გადაგვარების წინააღმდეგ.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ივანე გვარამაძის პედაგოგიური მოღვაწეობა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ქ. ახალციხეში იოვანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკეთა ეკლესიასთან მან დააარსა სამრევლო დაწყებითი სკოლა, სადაც ახალციხელი ბავშვები მშობლიურ ენაზე იღებდნენ დაწყებით განათლებას და ეწაფებოდნენ ივანე გვარამაძის პატრიოტულ და მაღალზნეობრივ იდეებს. ამ სკოლაში მიიღეს დაწყებითი განათლება იტორიკოსმა მიხეილ თამარაშვილმა, ს. ბავრელმა, ი. ლაზარაშვილმა და სხვებმა.
“ვინმე მესხის” სტატიებმა, კორესპონდენციებმა, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ხასიათის ნარკვევებმა, ხალხური შემოქმედების მასალებმა, რომლებიც მე-19 საუკუნის60-იანი წლებიდან ხშირად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, დიდი ყურადღება მიიქცია და მისი ავტორი აღიარებულ იქნა სამშობლო ქვეყნის თავდადებულ მოღვწედ. 1904 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნი მიუძღვნა ამ დაუღალავი მოღვაწის ცხოვრება-საქმიანობას. 1914 წელს ექვთიმე თაყაიშვიმა „ძველ საქართველოს” III ტომში შეიტანა „ვინმე მესხისაგან” შეკრებილი ფოლკლორული მასალები. ივანე გვარამაძის მთელი რიგი შრომები და მხატვრული ნაწარმოებები ცალკე წიგნებადაც დაიბეჭდა (“ქართლის ცხოვრება”, „მშობლები და მათი შვილები”, „წამება მიქელ გობრონისა”, „ყვავილების კონა” და სხვ.).
ივანე გვარამაძე სისტემატურად ეხმაურებოდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. ეკლესიის ირგვლივ შემოკრებილ მრევლს თავისი ქადაგებით იგი აცნობდა სახელოვანი ქართველი მწერლებისა და მოღვაწეების ცხოვრება-შემოქმედებას. პრესაში გამოქვეყნებულია მის სიტყვები პეტრე უმიკაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, კ. ფირალიშვილისა და სხვათა შესახებ. როგორც გაზეთი „დროება” გვაცნობს, 1880 წელს ჯავახეთის მიყრუებულ სოფელ ხიზაბავრაში ივანეს აკადემიკოსი მარი ბროსეს გარდაცვალების გამო პანაშვიდი გადაუხდია, ხოლო მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების გამო მთელი დღიური დაუწერია. ასეთივე ხასიათისაა რაფიელ ერისთავის იუბილესა და ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების აღსანიშნავად წარმოთქმული სიტყვები, რომელთა ავტოგრაფები ინახება ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
“ვინმე მესხს” მეტად მდიდარ ლიტერატურული მემკვდირეობა დარჩა. მის საარქივო ფონდში, საკუთარი თხზულებების გარდა, ყურადღებას იპყრობს მის მიერ შეგროვილი საბუთები, არზები, სიები, ნასყიდობის ქაღალდები, წერილები მატიანეები, ძველ მწერალთაგან შედგენილი კრებულები, კარაბადინები და სხვ. ყველა ეს მასალა დაცული იყო მისი შვილის მესხი კონსტანტინე გვარამაძის მიერ, რომელმაც 1937 წელს გადასცა ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. გვარამაძისეული ფონდი ამ მუზეუმის ძირითად ნაწილს შეადგენს.
ივანე გვარამაძე გარდაიცვალა 1912 წლის 24 მაისს ქალაქ ახალციხეში.