ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე (1855-1940)
ოლღა ალექსანდრეს ასული გურამიშვილი, მეუღლე დიდი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძისა, ჩვენს ყურადღებას იპყრობს, როგორც პირველი რევოლუციონერ ხალხოსან ქალთა წარმომადგენელი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ, ეროვნულ საზოგადოებრივ საქმიანობაში და ყოველმხრივ ხელს უწყობდა გასული საუკუნის მეორე ნახევრის ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის გაღვივებას.
ოლღა გურამიშვილი, პელო ნაცვლიშვილისა და ეკატერინე მელიქიშვილის შემდეგ, პირველი ქალი იყო, რომელიც განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.
„რომ იცოდე, რა შემთხვევა მოხდა – ოლიკო გურამიშვილი ციურიხს წავიდა“, – წერდა მიხეილ თუმანიშვილის ქალი ბაბო (ბაბალე) თავის ძმას.
ამ მნიშვნელოვან ფაქტს ქართველი მწერლებიც კი გამოეხმაურნენ. ცნობილი დრამატურგი დ. ერისთავი წერს პიესას „წასვლა ევროპაში“, რომელშიც გამოყვანილია გმირი ქალი ნატაშა, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებაზე ოცნებობს.
ახალგაზრდებისა და ქართველი ქალების საზღვარგარეთით გატაცებას ხელი შეუწყო უცხოეთიდან თბილისში დაბრუნებულ პროფესორ თარხნიშვილის ლექციებმა ფიზიოლოგიაში.
აი, რას წერს ამის შესახებ ცნობილი ბელეტრისტი გ. წერეთელი: „1871 წელს ივ. თარხნიშვილი ჩამოვიდა თბილისში და რამდენიმე ლექცია წაიკითხა ექსპერიმენტალურ ფიზიოლოგიაში. ვერ წარმოიდგენ, რა წარუშლელი შთაბეჭდილება დასტოვა ამ ლექციებმა მაშინდელ მანდილოსნებზე. იმან აღძრა უმაღლესი სწავლის სურვილი ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, დედათა სქესში.
თარხნიშვილის მჭევრმეტყველებას და ცოცხალ მეცნიერულ სიტყვას უნდა დაბრალდეს ეს მოძრაობა. პირველი მაგალითი იყო, რომ ამ წელს ერთმა გუნდმა ახალგაზრდა ქალებისა, რომელთაც ინსტიტუტი დამთავრებული ჰქონდათ, მოინდომეს საზღვარგარეთ წასვლა უმაღლესი სწავლა-მეცნიერების მისაღებად“.
XIX ს.-ის 70-იან წლებში ქალების ასეთი გატაცება საზღვარგარეთით იმითაც უნდა იახსნიას, რომ ამ დროს საშუალო სკოლები მასწავლებელთა დიდ სიმცირეს განიცდიდა, მით უმეტეს, რომ საშუალო სკოლაში სწავლების უფლება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ეძლეოდათ და ასეთების რიცხვი იმ დროს სასწავლებლის უქონლობის გამო ძალიან მცირე იყო.
ქართველ ქალთა განათლების საქმეს მე-19 ს. 70-80-იან წლებში, კერძოდ, მეფის რუსეთსი ბევრი ფორმალური დაბრკოლება ეღობებოდა და ქალები იძულებულნი ხდებოდნენ დასავლეთ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებისათვის მიემართათ.
საზღვარგარეთ უმაღლეს განათლებამიღებული ქართველი ქალები თავის პირველ ნაბიჯს და მოღვაწეობას პედაგოგიურ ასპარეზზე იწყებდნენ და მთელ თავიანთ ცოდნასა და განათლებას ეროვნულ საქმეს ახმარდნენ.
ასეთები იყვნენ ოლღა გურამიშვილი, მაშიკო წერეთელი, ეკატერინე ნიკოლაძე და სხვები.
ოლღას მამა ალექსანდრე გურამიშვილი დიდი ქართველი მწერლის ი. ჭავჭავაძის სიმამრის თადეოზ გურამიშვილის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ალექსანდრე ამაყობდა, რომ მისი გვარეულობის შტო ახლოს იყო მე-18 საუკუნის ქართველი პოეტის დ. გურამიშვილის შთამომავლობასთან. ბიძაშვილები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ დიდი საერთო ბაღი და ეკლესია. თადეოზ გურამიშვილი ალექსანდრესთან შედარებითYშეძლებული თავადი იყო. ალექსანდრე გურამიშვილს „დონ კიხოტს“ ეძახდნენ. ეს სახელი ილიამ შეარქვა თავისი მეოცნებე ხასიათის გამო. ილიას განზრახული ჰქონდა დაეხატა დონ კიხოტის მსგავსი ტიპი ქართველი მეოცნება თავადისა ალ. გურამიშვილის სახით. ჩვენი ვარაუდით, ეს ჩანაფიქრი მიზეზი უნდა გამხდარიყო „კაცია-ადამიანის“ შექმნისა.
ო. გურამიშვილის დედა – ქეთევან რევაზის ასული თუმანიშვილი – მწიგნობარი ქალი იყო. „კარგად მახსოვს ბებიაჩემი, – იგონებს ო. გურამიშვილის ქალიშვილი, პროფ. რუსუდან ნიკოლაძე – არასოდეს დამავიწყდება მისი ლამაზი ქართული. დღესაც თითქოს გუშინდელივით მახსოვს მისი ნაამბობი ამბები ქართველი ხალხის ვაჟკაცობასა და გმირობაზე. ბებიამ კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, მეფეეების ცხოვრება.
ხშირად იყრიდნენ ჩვენს ოჯახში თავს ქართველი მწერლები. ახალი მწერლებიდან ბებიას უყვარდა ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი. აკაკის ლექსს „სიზმარს“ „ივერიის სამებას“ ეძახდა.
ი. ჭავჭავაძე დიდი პატივისცემელი იყო ბებიასი. მე როცა „ქართვლის დედას“ ვწერდი, მხედველობაში ქეთევანი მყავდაო, უთქვამს ილიას“.
ო. გურამიშვილი, ამიერკავკასიის ქალთა ინსიტუტიტში შედის, რომელსაც მაშინ „Закавказский девичий институт“ ერქვა.
ინსტიტუტში გამეფებულ მკაცრ რეჟიმს ვერ ეგუებოდა თავისუფლად აღზრდილი განებივრებული თავადის ქალი. მაშინ, როცა ყველასათვის სავალდებულო ენა ფრანგული იყო. ო. გურამიშვილი მშობლიურ ენაზე ლაპარაკისათვის არაერთხელ ყოფილა სასტიკად დასჯილი.
ოლღამ ინსტიტუტშივე დაიწყო ფიქრი და ოცნება საზღვარგარეთ წასვლაზე და იქ, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებაზე. ალექსანდრე გურამიშვილი ქალიშვილის საზღვარგარეთ გამგზავრების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ოლღას დედა ქეთევანი მეუღლეს უმტკიცებდა, რომ დღევანდელი ქალი ის აღარ არის, რაც ძველად იყო, რომ ქალმა დღეს უსათუოდ უნდა მიიღოს განათლება, რომ ამასვე ქადაგებს დიდი ილია და სხვა.
ურყევი იყო ო. გურამიშვილის გადაწყვეტილება. გ. წერეთლის დახმარებით და უფროსი დის ეფროსინე ნიკოლაძის პასპორტით იგი ახერხებს საზღვარგარეთ წასვლას, სახელდობრ, ციურიხში.
დაიწყო ო. გურამიშვილის ახალი დამოუკდიებელი ცხოვრება. იგი აქ უახლოვდება ქართველ სტუდენტებს და მათთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოება „უღლის“ დაარსებაში. პროფ. რ. ნიკოლაძის ცნობით ო. გურამიშვილს თვითონ გამოუგონებია ამ საზოგადოების სახელწოდება „უღელი“. „უღლის“ მიზანი საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდების გაერთიანება, ევროპის სოციალური მოძრაობის და აზროვნების გაცნობა, ერთმანეთისათვის ცოდნის გაზიარება, ურთიერთდახმარება და საერთო ძალებით მშობლირუი ლიტერატურის წინ წაწევა იყო.
საზღვარგარეთის მღელვარე პოლიტიკურმა ცხოვრებამ ისე გაიტაცა ო. გურამიშვილი, რომ ციურიხში ჩამოსული გ. წერეთელი მის შესახებ ნ. ნიკოლაძეს წერდა:
„გურამოვა, გურამოვა... ჰო, რა არსებაა. მე მარტო პირველ ნახვაზე წარმომიდგა მისი ზღვასავით მოუღლელი კარგი თვისებები. ორჯერ, სამჯერ იმის თვალებს და წარბებს, იმის გაბუშტულ ცხვირს შევხედე და იცი ვისი სახე წარმომიდგა, როდესაც ვეფხვი პირველად გამოვა სანადიროდ და ყოველ ბუჩქს დაწვრილებით გადაავლებს თავის თვალების შუქს, რომ არაფერი გამოეპაროს, რომ თავისი მსხვერპლი ხელიდან არ წაუვიდეს. სწორედ ამნაირი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე გურამიშვილის ქალმა. მე ვფიქრობ, თუ ნორმალურად წავიდა მისი განვითარების წვრთნა, ის უნდა გახდეს კარგა მოზრდილი საქმის მოთავე“.
1873 წელს, კელვინის აკადემიის უნივერსიტეტად გადაკეთებასთან დაკავშირებით, ქართველ სტუდენტთა მდგომარეობა ციურიხში შეიცვალა, რის გამოც „უღლის“ წევრების უმრავლესობა, მათ შორის ო. გურამიშვილიც, სასწავლებლად ჟენევაში გადავიდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სერგეი მესხის საინტერესო წერილი ეკატერინე (კეკე) მესხისადმი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ქალიშვილებს და მათ შორის თავის საცოლეს ურჩევს, სერიოზულად მოეკიდონ მეცნიერული დისციპლინების შესწავლას.
„აკადემია იმდენ სწავლას მოგცემთ ბუნების საგნებში, რომელიც თქვენთვის, თუ კეთილსინდისიერად ისწავლით, სრულიად საკმარისი იქნება. ცხოვრება მანდ ბევრი არ ღირს. პროფესორები და სტუდენტები ჯერჯერობით კარგი თვალით გიყურებენ და შემდგომში თქვენზეა დამოკიდებული, თუ სახელს არ გაიფუჭებთ. სხვა მეტი რა გინდათ. გაუყარეთ ერთმანეთს მკლავი მკლავში, დაიდევით წინ ქიმია, ფიზიკა და სხვა სახელმძღვანელო წიგნები და გაზეთები და ისწავლეთ“.
განსაკუთრებით გამოცოცხლდა ჟენევაში მყოფი ქართველი სტუდენტების ცხოვრება, როცა მათ სათავეში ჩაუდგა გ. წერეთელი. ეხლა ისინი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ რუსეთისა და დასავლეთ-ევროპის რევოლუციურ მოძრაობას, გაიზარდა მათი დაინტერესება ლიტერატურით, რასაც ადასტურებს ო. გურამიშვილის ერთი საინტერესო წერილი ნ. ნიკოლაძისადი:
„გუშინდელ კრებაზე ათ საათამდე ვკითხულობდით „ვეფხისტყაოსანს“, ათი საათიდან კი ვეცნობოდით გაზეთებიდან შეკრებილ ცნობებს. აი, საღამოს ეს ნაწილი მე ძალიან მომეწონა. გ. წერეთელმა წარმოადგინა ცნობები გერმანიაზე. ძალიან ნიჭიერია, ლოგიკურად მან მიმდინარე მოვლენები გვაცნობა, მაგრამ ისინი რომ კიდევ უფრო მკაფიო გაეხადა, მოგვითხრო მოკელდ გერმანიის წინა ისტორია. ის კი არ კითხულობდა, არამედ გვიამბობდა, რა თქმა უნდა, ქართულად, მოხდენილად, კარგად. ჯაფარიძემ ისე კარგად გვიამბო ისპანიის საქმეებზე და ა. შ. ხომ არასოდეს არ ყოფილა ასეთი მშვენიერი საღამოები, როგორც უკანასკნელად აქ იყო. ვლაპარაკობდით, ვკითხულობდით, ვუსწორებდით ერთმანეთს და ყველაფერი ეს ხდებოდა მშვიდობიანად. უკინკლაოდ, უბრალოდ“.
ო. გურამიშვილის წერილი გვიჩვენებს მის ფართო დაინტერესებას საზრვარგარეთის საზოგადოებრივი ცხოვრებით, მის ურთიერთობას სამოციანელებთან, დემოკრატიული მიმართულების ინტელიგენციის წარმომადგენლებთან – ნ. ნიკოლაძესთან, გ. წერეთელთან, ა. ჯაფარიძესთან და სხვ.
ო. გურამიშვილი ნ. ნიკოლაძეს ჯერ კიდევ მისი დების ეკატერინეს და ოლიმპიადას საშუალებით დაახლოვდა.
ო. გურამიშვილს იტაცებდა ნ. ნიკოლაძის პატრიოტული საქმიანობა და მისი ნიჭი. სწორედ ამით იყო გამოწვეული მათი მიწერ-მოწერაც.
პოლიტიკურად აქტუალური საკითხები და მიმდინარე მოვლენები, რომელთა შესახებაც ოლღა გურამიშვილი ნიკო ნიკოლაძეს სწერს, ცხადია, სოციალიზმის და ინტერნაციონალიზმის შესწავლის საკითხები უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს კეკე მესხის მიერ მონპელიედან სერგეი მესხისადმი მიწერილი წერილი:
„მეც, ჩემო სერგი, სწორედ რომ სოციალისტკა გავხდი. მე მინდა, რომ ამ წელს რაც შეიძლება მალე შევისწავლო ეს საგანი და შემდეგ ნახე, რა ქალი ვიქნები“.
ო. გურამიშვილი და მისი მეგობარი ქართველი ქალები, როგორც „უღლის“ წევრები, ნამდვილად დაინტერესებულნი იყვნენ სოციალიზმისა და ინტერნაციონალიზმის საკითხებით. ამას ადასტურებს ო. გურამიშვილის მოგონებანი:
„ინტერნაციონალის სექცია ძალიან პოპულარული იყო ჟენევაში. მის სხდომაზე თავს იყრიდნენ არა მარტო უცხოელები, კომუნარები, არამედ რუსი რევოლუციონერები, ემიგრაციის წარმომადგენლები... გოლდენბურგის ინტერნაციონალის კომუნართა სექციის მდივანი ახლო დამოკიდებულებაში იყო „ინტერნაციონალის“ წევრებთან. კრებებზე ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვიყავით, აქ ირჩეოდა სოციალ-ეკონომიური და პოლიტიკური საკითხები, რომელიც პარიზის კომუნამ წამოაყენა. ქონების კომუნიზაციის, ქალთა ემანსიპაციის, ეროვნულ თანასწორუფლებიანობის საკითხები და განსაკუთრებით, მომავალი თავისუფალი პოლიტიკური წყობის ფორმები, რომლებიც ინტერნაციონალის მონაწილეთა სიტყვებში წარმტაცი ფერებით იყო დახატული, ჩვენ თავბრუს გვასხამდნენ და შემდეგ მთელი კვირის მანძილზე წარმოდგენდნენ დამატების საგანს ჩვენს წრეში.
ყველა ჩვენგანის გონების გახსნას ძალიან შეუწყო ხელი იქ მოსმენილმა ლექციებმა, ჩვენ მთელი ევროპის პოლიტიკური წარმატების კურსში ვიყავით... ხშირად გვესმოდა მარქსის სახელი. ჩვენ ვთხოვეთ ამის შესახებ მოხსენება გაეკეთებიან ბესარიონ ჯაფარიძეს, რომელიც ჩვენ შორის ყველაზე უფრო დაკავშირებული იყო ინტერნაციონალთან და ხშირად ორჯერ, სამჯერ საინტერესო საუბარი ჩაგვიტარა მარქსის მოძღვრებაზე. ბესარიონ ჯაფარიძის შემდეგ, კარგად იყვნენ გაგებულნი „უღლის“ – პროზის სექციის წევრები ნიკო ნიკოაძე და დავით მიქელაძე, რომლებთანაც ჩვენ მუდმივი მიწერ-მოწერა გვქონდა; მათ წერილებს საჯაროდაც ვკითხულობდით.
„უღლის“ კრებაზე მარქსის სახელი დავას იწვევდა ინტერნაციონალთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ შორის ზოგი მეტად გატაცებული იყო ბაკუნინით და მასთან შეხვედრაზე ოცნებოდნენ. მარქსისა და ბაკუნინის მიმართულება კი დიამეტრალურად საწინააღმდეგოა ინტერნაციონალის საკითხში. აქვე უნდა დავუმატოთ, რომ ნიკო ნიკოლაძეს იმ ვრცელი ნაცნობობის აღწერისას, რომელიც მას ჰქონდა მაშინდელ ევროპის მოღვაწეთა შორის, გვიამბობდა მარქსთან შეხვედრაზე, თუ არ ვცები ლონდონში. მაგრამ მე ახლა არ შემიძლია ყველაფერი ეს აღვადგინო“.
ო. გურამიშვილის ფართო ინტერესებზე მეტყველებს რუსი რევოლუციონერი ხალხოსნის ნიკოლოზ მოროზოვის მოგონება ო. გურამიშვილზე, რომელიც შეტანილია მის წიგნში „ჩემი ცხოვრების მოთხრობა“. მოროზოვი აგვიწერს თავის შეხვედრებსა და მოგონებებს ჟენევის ახლადგახსნილ უნივერსიტეტის სამ ქართველ სტუდენტ ქალთან: კატო ნიკოლაძესთან, მაშიკო წერეთელთან და ოლიკო გურამიშვილთან. ამ სამეულს იგი „Очаровательное трио“-ს, ხოლო ოლიკო გურამიშვილს „Грузинская красавица“-ს უწოდებდა.
„როცა მე ინტერნაციონალის სხდომებს ვესწრებოდი, თითქმის ყოველთვის ვხედავდი ამ ახალგაზრდა ქალთა სამეულს. ერთი იმათგანი იყო თავადის ქალი გურამიშვილი, მეორე იმერელი წერეთელი, მესამე კატო ნიკოლაძე, და ცნობილი ქართველი მწერლისა“.
ნ. მოროზოვის მოგონება ნამდვილად საინტერესოა. იგი გვაცნობს ოლღა გურამიშვილის შეხვედრებს ვერა ფიგნერთან, ფრანგ კომუნარებთან.
ნ. კ. მოროზოვი ამავე წიგნში „ჩემი ცხოვრების მოთხრობა“ დიდი სიყვარულით იგონებს ჟენევის ახლად გახსნილი უნვიერსიტეტის სტუდენტებს, სამ ქართველი ქალიშვილს, კატო ნიკოლაძეს, მაშიკო წერეთელს და ოლღა გურამიშვილს და აღნიშნავს, რომ მისი მეგობარი ხალხოსანი რევოლუციონერი ნ. საბილინი მათ „ტრიოს“ ეძახდა და პატარა ლექსიც მიუძღვნა ცარიზმისადმი პროტესტანტულად განწყობილ სამეულსო.
პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე თავის წიგნში „დაუვიწყარი დღეები და წლები“, რომელიც 1970 წ. გამოვიდა, წერს:
„დედაჩემი ოლღა გურამიშვილი არა მარტო იცნობდა ცნობილ „ნაროდნიკელს“ ნ. საბილინს, არამედ მასთან მეგობრობდა. ნ. მოროზოვი და ნ. საბილინი დედას რუსეთში ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ. უკანასკნელად ნ. საბილინი დედას დოსტოევსკის დასაფლავეზე შეხვდა პეტერბურგში 1881 წ. მეფის მკვლელობის (1 მარტი) და საკუთარ თავის მოკვლის (3 მარტი) ერთი თვით ადრე, როცა დედა თერგდალეულთა ჯგუფმა პეტერბურგში მოავლინა, რათა მეფის საყვარელ მინისტრისათვის გრაფ მ. ტ. ლორის-მელიქოვისათვის ეთხოვა, რომ ნიკო ნიკოლაძის სტავროპოლში გადასახლება პეტერბურგით შეეცვალა.
იმ შეხვედრისას ოლიკოს და საბილინს ისე გახარებოდათ ერთმანეთის დანახვა, რომ მთელი საათი გატაცებით უსაუბრიათ, სადღაც სასაფლაოს კუთხეში. ცხადია, რომ ეს არ გამორჩენია ოხრანკის გამჭრიახ თვალს. ოლიკო გურამიშვილი დაუყოვნებლივ დაუბრუნეს მშობლიურ მიწა-წყალს“.
თვითონ ო. გურამიშვილი თAვის მოგონებაში აღნიშნავს, ლორის-მელიქოვი რომ არ ყოფილიყო, ციხე ნამდვილად არ ამცდებოდაო. ისინი დაკმაყოფილდნენ მხოლოდ იმით, რომ გამომიცხადეს ოცდაოთხი საათის განმავლობაში დამეტოვებინა ქალაქიო.
საინტერესოა ამასთნ დაკავშირებით ო. გურამიშვილის შეხვედრა ლორის-მელიქოვთან. „რამდენი ხნის შემდეგ მე ხელახლად გამომიძახეს დაკითხვაზე ლორის-მელიქოვთან. იმჟამად მის კაბინეტში დარეკა დვორეცკიმ, რომ სურს თავადის ქალთან შეხვედრა, ე. ი. ჩემთან. მან დაიწყო ჩემი დაკითხვა:
– ეხლა თქვენ გულახდილად მითხარით. ჩვენ ვიცით, რმო თქვენ არ ყოფილხართ კონსპირაციულ ბინაზე (ე. ი. ნ. საბილინთან), მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს გავიგოთ რევოლუციონერის პირადი საქმე.
– მითხარით, გეთაყვა, ამ ხნის განმავლობაში თქვენ სად დადიოდით და სად იყავით?
მე თავი დავიჭირე, ვითომ კითხვა ვერ გაიგე.
– ოჰ, აი ვიყავი საზღვაო მეჯლისზე, – მივუგე მე.
– კიდევ?
– მე დავუსახელე ბუდაბერგი.
– თქვენ სად ცხოვრობთ?
– „კორფთან“.
– კიდევ სად იყავით, კიდევ სად? და ასე დაუბოლავებლად მეკითხებოდა. ბოლოს დარწმუნდა, რომ ჩემგან ვერაფერს გაიგებდა, დამშვიდდა... აქედან არაფერი გამოვაო.
– თქვენ ხომ გესმით, თუ რატომ გექცევით ასე, თქვენი მშობლების პატივისცემით, მაგრამ თქვენ ხვალვე უნდა გაემგზავროთ კავკასიაში.
მე, რასაკვირველია, მეორე დღესვე არ წამოვსულვარ. წამოვედი რამოდენიმე დრის შემდეგ. ვიცოდი რომ მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი, გარეთ არ გამოვდიოდი.
ერთხელ შემთხვევით ნევის პროსპექტით მივდიოდი, მშვენიერი მზიანი დღე იყო. ვხედავ ჩემ მოპირდაპირე მხარეზე მიხაილოვსკი მოდის, მან შორიდანვე მომაძახა:
„ოო, დედოფალო“. მე თავი ისე დავიჭირე, ვითომ არ ვიცნობდი და ჩავიარე. ის, რასაკვირველია, მიხვდა, რომ დალაპარაკებით საფრთხეში ჩამაგდებდა.
პეტერბურგიდან გამომგზავრებისას ვაგონიდან ლუბანში გამოვედი. ვხედავ ჩემსკენ ვიღაც მოდის, სიბეცის გამო ვერ ვიცანი. ის აღმოჩნდა ნ. მიხაილოვსკის ამხანაგი. მას ყველაფერი მოვუყევი. ცხადია, ის აუხსნიდა მიხაილოვსკის, რაშიც იყო საქმე, თუ რატომ შევხვდი მას ნევის პროსპექტზე ასე ცივად.
რასაკვირველია, იყო ლაპარაკი საბილინის შესახებ. ბოლოს პირველი მარტის შემდეგ ყველანი ჩავარდნენ“.
ამრიგად, გურამიშვილი მოწმე გახდა რუსეთის იმდროინდელი მღელვარე ბობოქარი ცხოვრებისა, იმ სოციალური ძვრებისა და რევოლუციური აღტკინებისა, რითაც რევოლუციურად განწყობილი საზოგადოება მეფის რუსეთს მოსპობით ემუქრებოდა.
სამშობლოში დაბრუნებული ოლღა თავის საქმიანობას პედაგოგობით იწყებს. მათი ოჯახის ახლო მეგობარი ი. გოგებაშვილი მას სათავადაზნაურო სასწავლებელში მასწავლებლად იწვევს, მაგრამ ვაჟთა სასწავლებელში ქალის დანიშვნის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრა იანოვსკიმ. ბევრი დრო დასჭირდა ი. გოგებაშვილს, დაერწმუნებინა იანოვსკი, რომ საზღვარგარეთ უმაღლეს დამთავრებული ოლღა გურამიშვილი დიდ სარგებლობას მოუტანდა სასწავლებელსა და ახალგაზრდობას. ბოლო ი. გოგებაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ ახალგაზრდა მასწავლებლის გაკვეთილს იანოვსკი დაასწრო. მან თქვა, ურჩიეთ ყველა მასწავლებელს მიბაძონ ამ ახალგაზრდა ქალის შესანიშნავ გაკვეთილებს, მისი სწავლების მეთოდებსო.
ყოველივე ამის შემდეგ, საკვირველი როდია, რომ ქართულმა ეროვნულმა საქმიანობამ ბუნებრივად დაუკავშირა ერთმანეთს ოლღა გურამიშვილისა და ცნობილი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელები.
მათ კალოუბნის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, სადაც ერთ დროს ასევე ტრაპეზის წინ ილია ჭავჭავაძე და ოლიკო გურამიშვილი იდგნენ.
თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ოლღა გურამიშვილი საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დიდ ჯიხაიშში გადადის. აქაც გატაცებით განაგრძო მან პედაგოგიური მოღვაწეობა. რამდენიმე ახალი მეთოდი შეიტანა სკოლის მუშაობაში, თბილისიდან მოიწვია კვალიფიციური რუსული ენის მასწავლებლები – ნინო ტყეშელაშვილი, ვარა კანდელაკი და სხვ. მე-10 კლასებში შემოიღო ქალებისათვის მეაბრეშუმეობის, ხოლო ვაჟებისათვის მექანიზაციის სწავლება.
როდესაც ოლღა გურამიშვილზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ იგი იყო იდეალური, ჭეშმარიტად სამაგალითო ქართველი დედა. მან აღზარდა და თავის ქვეყანას მისცა ისეთი შესანიშნავი მეცნიერები, როგორიც იყვნენ პირველი ქართველი მეტალგური და ცნობილი მათემატიკოსი პროფ. გიორგი ნიკოლაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ქართულ მეცნიერებას.
„ჩვენს აღზრდაში, – აღნიშნავს პროფ. რ. ნიკოლაძე, – მთავარ როლს დედაჩემი თამაშობდა. მამა – ჟან-ჟაკ რუსოს მიმდევარი იყო. მან შემარქვა სახელი „რუსო“. დედა პესტალოცის პედაგოგიური აღზრდის სისტემით იყო გატაცებული. მეტ დროს ბუნებაში და სუფთა ჰაერზე ვატარებდით. დაგვითხოვდნენ თუ არა მოწაფეებს, დედას სოფელში მივყვადით. მამას ლამაზი სახლ-კარი, ევროპულად მოწყობილი მეურნეობა ჰქონდა. მთელ ზაფხულს საყვარელ დიდ ჯიხაიშში ვატარებდით“..
ვისაც ოდესმე მათი სახლის კარი შეუღია და რამდენიმე საათი უსაუბრია ამ ოჯახის გამოჩენილ ადამიანებთან, ო. გურამიშვილის სიძეებთან პროფ. მ. პოლიევქტოვთან, აკადემიკოს მუსხელიშვილთან, შვილებთან გიორგი, თამარ და რუსუდან ნიკოლაძეებთან, მისთვის ნათელი გახდება, თუ რაოდენ დიდი ეროვნული საქმიანობის ბიძგის მიმცემი უნდა ყოფილიყო ამ დიდი მეცნიერთაგან შემდგარი ოჯახი.
ო. გურამიშვილი საკმაოდ ხანდაზმული გარდაიცვალა 1940 წ. 24 მაისს. გაზეთი „კომუნისტი“ დიდი გულისტკივილით იუწყებოდა:
„ო. გურამიშვილის სახით ქართველმა ხალხმა დაჰკარგა ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, პირველი ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსან ქალთა წარმომადგენელი“. ნეკროლოგს ხელს აწერდნენ პოეტი-აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე, გერონტი ქიქოძე და სხვა მწერლები.
ქართველმა საზოგადოებრიობამ 1957 წლის 10 სექტემბერს ო. გურამიშვილის საფლავი მთაწმინდაზე გადაიტანა და ღისეულ ქართველ ქალს უკანასკნელი სამყოფელი თავისი მეუღლის ნიკო ნიკოლაძის გვერდით მიუჩინა.