იერემია გულისაშვილი (1874-1952)
სახალხო განათლების უანგარო მოამაგე იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი დაიბადა 1863 წელს სოფელ მაღაროში, სადაც მამამისი იმ ხანებში მღვდლად იყო განწესებული. 1870 წელს იგი მამამ თბილისში წაიყვანა და ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1874 წლის დეკემბერში იერემია უფროსმა ძმამ იოსებმა სასუიერო სასწავლებლიდან გამოიყვანა და დაუწყო მომზადება საერო სასწავლებლისათვის.
1875 წელს იერემია გულისაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთა არსებულ სანიმუშო სასწავლებელში ჩააბარა გამოცდები და ცხოვრობდა იოსებ და ლადო გულსიაშვილებთან. მათთან ხშირად თავს იყრიდნენ სასულიერო სემინარიიდან გარიცხული მეგობრები: გივი ყიფშიძე, მოსე ნათაძე, გიორგი რაზიკაშვილი, ძმები ხატიაშვილები, რუსეთის უნივერსიტეტებიდან გარიცხული ქართველი სტუდენტები: ეგნატე იოსელიანი, მისო ყიფშიძე, ლევან ჩერქეზიშვილი, ციმბირიდან დაბრუნებული სტეფანე ჭრელაშვილი და დავით კეზელი. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ამ ახალგაზრდების შეკრების მთავარი მიზანი იყო ცარიზმის დამხობა, ხალხში განათლების შეტანა და მისი სამსახური.
ამგვარ წრეში მოუხდა იერემია გულისაშვილს რამდენიმე წლის გატარება. უფროსი ამხანაგების საქმიაობა და ზრუნვა მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ მას ახალ ჰორიზონტსა და პერსპექტივას უშლიდა.
1881 წელს დაამთავრა იერემია გულისათვილმა სანიმუშო ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა ახლადგახსილ ხონის სამსწავლებლო სემინარიაში, სადაც იგი სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს.
1884 წელს იერემიამ ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა და დაინიშნა მასწავლებლად ქ. ზუგდიდის ორკლასიან ე. წ. ნორმალურ სასწავლებელში. მან შემოიკრიბა ქალაქის ინტელიგენცია და მათი დახმარებით მართავდა წარმოდგენებს. წარმოდგენილ იქნა გიორგი ერისთავის პიესა „ძუნწი”. წარმოდგენის შემოსავლით იერემია გულისაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველსო დაარსებას. იმავე ხანებში ზუგდიდის ქალთა სასწავლებლის გამგის ფ. მხეიძის მიერ გამართულ ვახშამზე ზუგდიდის მთელი ინტელიგენცია დაესწრო. იერემია გულისაშვილმა ისარგებლა ამ შემთხვევით და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რათა მათ გაეღოთ წვლილი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სასარგებლოდ. მის მიმართვას ხალხი სიხარულით შეხვდა და შეიკრიბა დიდი თანხა, მაგრამ იერემია გულისაშვილის მორვაწეობა ქ. ზუგდიდში ხანგრძლივი არ ყოფილა. 80-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის იანოვსკის ხელმძღვანელობით გარუსების პოლიტიკის გატარება და სამეგრელოს საქართველოდან ჩამოშორების მცდელობა. ამ მიზნისათვის იანოვსკიმ და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა ელვიცკიმ გამოიყენეს თვითმპყრობელობის აგენტი თადა აშორდია. იერემია გულისაშვილმა სასტიკად გაილაშქრა ამ ვერაგული პოლიტიკის წინააღმდეგ, იგი გმობდა და ებრძოდა ლევიცკისა და აშორდიას პოლიტიკას, რისთვისაც 1886 წლის დეკემბერში იგი წყალტუბოში გადაიყვანეს.
1887 წლის ივნისიდან იგი გადმოდის თბილისში გერმანულ შვიდკლასიან სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად. ამ სასწავლებელში იერემია 25 წელიწადი მასწავლებლობდა. სასწავლებელში დიდი დატვირთვის მიუხედავად იერემია გულისაშვილი მხურვალე მონაწილეობას იღებდა კულტურულ საქმიანობაში.
1890 წელს ალექსანდრე ჯაბადართან და ლადო აღნიაშვილთან ერთად იერემია მონაწილეობას იღებს „ქართველთა ამხანაგობა წიგნსი გამოცემის” დაარსებაში. თუ აქამდე ქართული წიგნი კანტიკუნტად გამოდიოდა და მის გამოცემასაც ქველმოქმედების ხასიათი ჰქონდა, ამ „ამხანაგობის” დაარსების შემდეგ გამომცემლობის საქმე რაციონალურ ნიადაგზე დადგა. გამოიცა ტომებად ჩვენი დიდი მწერლების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, რაფიელ ერისთავის, ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები. 1891 წელს „ამხანაგობამ” უკვე საკუთარი სტამბა შეიძინა, რამაც გამომცემლობის საქმე უფრო გაადვილა.
1893 წელს „ამხანაგობამ” მიიღო ნებართვა გამოეცა ყოველთვიური საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი „მოამბე”. „მოამბის” რედაქცისი მუდმივი თანამშრომელი იო იერემია გულისაშვილი, რომელიც ხანდახან წერილებსაც აქვეყნებდა.
იერემია გულისაშვილმა მთავრობისაგან აიღო თბილისში ქართული კლუბის დაარსების ნებართვა და ივანე ანდრონიკაშვილთან და თ. ნასიძესთან ერთად მხურვალე მონაწილეობა მიიღო მის მოწყობაში.
1897 წლის 22 ოქტომბერს ქართულ სცენაზე დაიდგა იერემია გულისაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „ცხოვრება ბრძოლაა”. აი, რას წერს გიორგი წერეთელი ამ დრამის შესახებ:
“დიდი ხანია, ასეთი სიამოვნება არ მოუცია ჩვენს სცენას მაყურებლისათვის; სცენიდან მოგვბერა ნაზმა სამშობლოს სიომ; ჩვე ვუცქერით სცენაზე დიდი ხნის ნაგრძნობსა და ნაცნობ პირებს, ცხოვრების ჭაპანწყვეტას, რომელიც სასტიკად ანადგურებს ჩვენ თავადაზნაურობას... ჩვენ დიდი მადლობელი ვართ იერემია გულისაშვილის, რომელმაც ცოტად თუ ბევრად, ჩაგვახედა ჩვენი ცხოვრების ჯურღმულში... ჩვენი ახალგაზრდა დრამატურგი ნამდვილი ხელოვნების ნიჭით უნდა იყოს შემკობილი და კარგადაც უნდა ჰქონდეს თანამედროვე ქართლ-კახეთის ცხოვრება შესწავლილი” (ჟურნალი „კვალი”, 1897, №45).
იერემია გუისაშვილი დასასვენებლად მშობლიურ სოფელში გიორგიწმინდაში მიდიოდა, მაგრამ გულხედაკრეფილი არც იქ ყოფილა, დგამდა წარმოდგენებს და შემოსავლით ეხმარებოდა განათლების მისაღებად რუსეთში წასულ სტუდენტებს.
მან სოფელში დააარსა ბიბლიოთეკა-სამკითხველო. უყიდა მრავალი ქართული წიგნი და ადგილობრივ ინტელიგენციას დაავალა, რომ მორიგეობით გლეხებისათვის ეკითხათ საჭირო წიგნები.
1912 წელს იერემია გულისაშვილი თავს ანებებს გერმანულ სკოლას და გარე კახეთში მიდის საცხოვრებლად, სადაც მან მეურნეობას მოჰკიდა ხელი და საფუძველი ჩაუყარა მერძევეობის საქმეს.
1915 წლის ნოემბერში იერემია საქველმოქმედო საზოგადოებამ გაგზავნა აჭარაში ქართული სკოლების დამაარსებლად და ხელმძღვანელად.
ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოებამ იერემია გულისაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის სოფლებში (ყორისთავი, ხუცუბანი, აღამბარი, აგარა და ჩხუტუნეთი) გახსნა სკოლები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა; რუსული ენა კი ისწავლებოდა, როგორც საგანი. ბათუმსა და ქობულეთში ქალებისათვის სამკერვალო სასწავლებლები დაარსა, სოფელ ხულოში კი – სამჭედლო-საზეინკო სასწავლებელი. ქართული სკოლები გაივსო აჭარელი გოგო-ბიჭებით და სკოლებში ამეტყველდა იაკობ გოგებაშვილის „დედაენა”. ქართული სკოლების წარმტებამ ლახვარი ჩასცა აჭარელი ხალხის მტრებს. იერემია გულისაშვილს დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუხდა, რათა აჭარაში ქართული სკოლები გაეხსნა, მაგრამ ენერგიულმა და დაუღალავმა მებრძოლმა პედაგოგმა მიზანს მიაღწია.
1917 წლის დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გულისაშვილი თავის სოფელ გიორგიწმინდას დაუბრუნდა.
1919 წელს იერემია გულისაშვილმა საგარეჯოში დააარსა საშუალო სკოლა, სადაც დაიწყო მასწავლებლობა.
1921 წელს იერემია გულისაშვილი დანიშნეს საგარეჯოს რაიონის სკოლებისა და ქოხსამკითხველოების გამგედ.
1934 წელს მადლიერმა საზოგადოებამ სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის იერემია გულისაშვილს გადაუხადა 50 წლის იუბილე, ხოლო 1939 წელს მას მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.
1947 წელს იგი თავს ანბებს პედაგოგიურ საქმიანობას.
იერემია გულისაშვილი გარდაიცვალა 1958 წლის აპრილში.