‍მიხეილ აბრამიშვილი (1892-1939)

ავტორი: თ. ბეგიაშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

abramishvili mi137მიხეილ აბრამიშვილი დაიბადა 1892 წელს ზემო იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დიდი მისწრაფება გამოიჩინა ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობისადმი.

მიხეილ აბრამიშვილმა სემინარია დაამთავრა 1911 წელს და იმავე წელს შევიდა პეტერბურგის ფსიქონერვოლოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსულ და სლავურ ლიტერატურათა განყოფილებაზე. ინსტიტუტში სწავლის პერიოდი მეტად ნაყოფიერი იყო მიხეილისათვის. იგი აქ დაუახლოვდა იმდროისათვის ცნობილ მეცნიერებს, რომელთა დახმარებით ბევრი ისეთი რამ გაიგო და შეისწავლა, რასაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინები ვერ მისცემდა. კერძოდ, ლიტერატურის კურსს იგი საგანგებოდ სწავლობდა პროფესორ ვენგეროვთან და პროფესორ ანიჩკოვთან.

მიხეილ აბრამიშვილმა ვენგეროვის ლიტერატურულ წრეში რამდენიმე სერიოზული მოხსენება გააკეთა პუშკინის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა პუშკინის პოეზიაში კავკასიურ მოტივებზე. ამავე განხრით, მან ლერმონტოვის შემოქმედებასაც უძღვნა რამდენიმე შინაარსიანი გამოკვლევა-მოხსენება. პროფესორმა ვენგეროვმა აღნიშნა, რომ აბრამიშვილმა რამდენიმე სრულიად ახალი და პუშკინისტებისათვის ორიგინალური დებულება წამოაყენა და შეძლებისდაგვარადაც გადაწყვიტაო.

მიხეილ აბრამიშვილი მუშაობდა პროფესორ ანიჩკოვის ფოლკლორულ წრეშიც. აქ საყურადღებოა მისი მოხსენებები საგაზაფხულო საწესო პოეზიის საკითხებზე, რომლებმაც ინსტიტუტის პროფესურის ყურადღებაც კი დაიმსახურა.

ინსტიტუტთან არსებულ ქართულ სათვისტომოსთანაც არსებობდა ქართული ისტორია-ლიტერატურის შემსწავლელი წრე პროფესორ იოსებ ყიფშიძის ხელმძღვანელობით და აკადემიკოს ნიკო მარის ზოგადი მეთვალყურეობით. მიხეილი იყო ამ წრის გამგეობის წევრი. იგი დაუღალავად მუშაობდა ქართული კულტურის საკითხებზე და სხვებსაც რაზმავდა ამ დარგში სისტემატური მუშაობისათვის.

ოთხი წლის სწავლის შემდეგ მიხეილ აბრამიშვილმა დატოვა პეტერგურგის ფსიქონერვოლოგიური ინსტიტუტი და გადავიდა დერპტის (ქალაქი ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტში, ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1917 წელს მიხეილმა დაამთავრა დერპტის უნივერსიტეტი, სადაც მან საყურადღებო სადიპლომო ნაშრომი წარადგინა „ესთეტიკური ნარკვევები (ვლადიმერ სოლოვიოვი)”, რასაც უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მაღალი შეფასება მისცა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიხეილი ესტონეთშივე, ქალაქ ვეზერბერგში დაინიშნა ვაჟთა გიმნაზიაში ლიტერატურის მასწავლებლად.

1918 წლის აპრილში, გერმანელთა შემოსევის გამო, მან დატოვა დერპტიც, ვეზენბერგიც, ჩამოვიდა საქართველოში და პედაგოგიურ მუშაობას მოჰკიდა ხელი.

მან მასწავლებლობა დაიწყო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში და პრაქტიკულად იბრძოდა სკოლების გაეროვნულობისათვის. მთავარი იყო საზოგადოებრივი აზრის მომზადება და მიხეილმაც ამ ნიადაგზე გააჩაღა მუშაობა. იგი სისტემატურად ათავსებდა წერილებს გაზეთებში – „სახალხო საქმე”, „ზვირთი”, ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება” და მეცნიერულად ასაბუთებდა არა მარტო სკოლების ნაციონალიზაციის საჭიროებას, არამედ მთლიანად სკოლების ახალ სისტემაზე გადაყვანას, სკოლებში შრომის პრინციპის განმტკიცებას და, საერთოდ, ფართო დემოკრატიზაციის გატარებას.

1918 წელს საქართველოში გაჩაღდა პროფკავშირული მოძრაობა, ჩამოყალიბდა დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებელთა კავშირები. მიხეილ აბრამიშვილი თავიდანვე ჩაება პროფკავშირულ მოძრაობაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხეილ აბრამიშვილი მუშაობდა შრომის სკოლებში და ტექნიკუმებში, ხოლო როცა თბილისში დაარსდა მუშათა ფაკულტეტი (მუშფაკი), იგი მიიწვიეს მასწავლებლად, სადაც თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და დაუღალავი ენერგიით დიდხანს ემსახურებოდა მუშა-ახალგაზრდობას ცოდნის შეძენაში.

1937 წლამდე თბილისში არსებობდა ორი უმაღლესი კომუნისტური სასწავლებელი: ამიერკავკასიის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური სასწავლებელი და საქართველოს უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური სასწავლებელი. ამ წელს ეს ორი სასწავლებელი გაერთიანდა. აქ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტად მიიწვიეს მიხეილ აბრამიშვილი. იგი თავისი ჩვეული ენერგიით ჩაება მუშაობაში და მიუხედავად იმისა, რომ ამ სასწავლებელს თავისი სპეციფიკა ჰქონდა, აუდიტორია შედგებოდა პარტიულ და საბჭოთა დაწესებულებებში უკვე პრაქტიკულად მომუშავე პირთაგან, რომელთაც თავისებური მიდგომა და თავისებური მასალის მიწოდება სჭირდებოდათ, მიხეილმა არაჩვეულებრივი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა მსმენელებში. მისი რჩევით შემუშავდა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციფიკური პროგრამა, რომელითაც საჭირო ცოდნა და ჩვევები უმუშავდებოდათ პარტიულ და საბჭოთა დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს.

1937 წლიდან ქალაქ ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გაიხსნა ქართული განყოფილება, რომელიც სანიმუშო და წამყვანი უნდა ყოფილიყო. ამისათვის მიიწვიეს რჩეული ლექტორები და მათ შორის მიხეილ აბრამიშვილიც.

მართალია, მიხეილ აბრამიშვილის პედაგოგიური მუშაობა ხანმოკლე იყო, მაგრამ მეტად ღრმა და შინაარსიანი.

საყურადღებოა, რომ მიხეილი რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. 1932 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაარსდა ფოლკლორის განყოფილება, ხოლო 1936 წელს რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ფოლკლორის სექცია; იგი ორივე დაწესებულებაში მუშაობდა.

პედაგოგიური მუშაობის გარდა, მიხეილ აბრამიშვილი სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, 1915 წელს, ჟურნალ „თეატრ და ცხოვრებაში“1 გამოაქვეყნა სტატია „სიტყვა გრიშაშვილის პოეზიაში“.

მიხეილმა დერპტის უნივერსიტეტში წარდგენილი სადიპლომო შრომა „ესთეტიკური ნარკვევი (ვლადიმერ სოლოვიოვი“ ქართულად თარგმნა და 1917 წელს ჟურნალ „თავისუფლებაში”2 დაბეჭდა, რომელშიც კრიტიკულად განიხილა და მატერიალისტური პოზიციებიდან გააშუქა ვლადიმერ სოლოვიოვის, ამ ცნობილი ფილოსოფოსის იდეალისტური შეხედულება ესთეტიკის საკითხებზე.

მეტად საყურადღებოა მიხეილ აბრამიშვილის წერილები გალაკტიონ ტაბიძეზე. 1916 წელს ჟურნალ „თეატრ და ცხოვრებაში”3 მან მოათავსა წერილების მთელი სერია სათურით „ღამის მგოსნის გალაკტიონ ტაბიძის ლექსები”. ამ სტატიებში მკვლევარმა პირველმა გაარჩია საფუძვლიანად გალაკტიონის პოეტური შემოქმედება.

მიხეილ აბრამიშვილი, ძირითადად, მაინც ესთეტიკისა და პოეტიკის პრობლემებზე მუშაობდა. 1921 წელს ჟურნალ „ხელოვნებაში”4 მოათავსა მონოგრაფიული ხასიათის ვრცელი სტატია „ჰელინური და თანამედროვე ხელოვნება”. და რადგან ჟურნალმა მალე შეწყვიტა გამოსვლა, მიხეილის სტატიები მთლიანად არ გამოქვეყნებულა.

ესთეტიკის პრობლემის დამუშავება მიხეილ აბრამიშვილმა სცადა სტატიაში „ფრიდრიჰ შილერი (კაცობრიობის ესთეტიკურად აღზრდა)”, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „ლომისის” 1923 წლის იანვრის ნომერში, ხოლო ჟურნალის გამოსვლის შეწყვეტის გამო მისი გაგრძელება დაიბეჭდა ჟურნალ „ქართულ სიტყვაში”.

მიხეილ აბრამიშვილი სპეციალურად სწავლობდა ქართული ფილოსოფიისა და ესთეტიკის საკითხებს. მე-19 საუკუნის მრავალი მოღვაწის ესთეტიკური შეხედულებანი იპყრობდა მკვლევარის ყურადღებას. განსაკუთრებით დიდი ილიას ესთეტიკით იყო გატაცებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შრომა დაუმთავრებელი დარჩა. სამაგიეროდ, დიდი მუშაობა ჩაატარა მიხეილმა არჩილ ჯორჯაძის ესთეტიკურ შეხედულებებზე. მან საფუძვლიანად შეისწავლა ჯორჯაძის ლიტერატურული მემკვიდრეობა და 1920 წელს „სახალხო საქმის” №14 დაბეჭდა ვრცელი სტატია „არჩილ ჯორჯაძე (ესთეტიკური აზრები)”.

საჟურნალო და საგაზეთო წერილების გარდა, მიხეილ აბრამიშვილი ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყურადღებას იპყრობს დაბეჭდილი მონოგრაფიული გამოკვლევანი, საყურადღებოა მისი წიგნი „ძველი ქართული თეატრი”, რომელიც პირველი ცდაა ძველი ქართული თეატრის ისტორიის დაწერისა. ქართული კულტურის ეს დარგი თითქმის შეუსწავლელი იყო. მიხეილმა პირველმა სცადა ძველი ქართული თეარის ისტორიის შედგენა. მას, რასაკვირველია, მთლიანად საარქივო მასალაზე მოუხდა მუშაობა. ეს წიგნი დღესაც საყურადღებო ნაშრომს წარმოადგენს და მკვლევარისათვის საყურადღებო მასალებს შეიცავს.

მიხეილ აბრამიშვილმა უამრავი მასალა მოამზადა წიგნისათვის „პოეზიის წარმოშობა”. მართალია, ამ ნაშრომის რამდენიმე ნაწილი გამოაქვეყნა ჟურნალ „ხელოვნებაში”, მაგრამ საბოლოოდ ეს საყურადღებო წიგნი დაუმთავრებელი და გამოუქვეყნებელი დარჩა.

უკანასკნელ ხანებში იგი მუშაობდა პოეტიკისა და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებზე.

მიხეილ აბრამიშვილი, როგორც პედაგოგი მუდამ ეხსომებათ მათ, ვისაც კი მასთან უსწავლია ან მოუსმენია მისი ღრმა შინაარსიანი და პატრიოტული აღტკინებით შთაგონებული ლექცია. იგი მეტად გულისხმიერი აღმზრდელი იყო და როგორც თავის მახლობელთა წრეში, ისე მოწაფეებში ცდილობდა განევითარებინა ჰუმანური იდეები, კაცთმოყვარეობა, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის თავდადება, უანგარო პატრიოტული გრძნობანი.

ადამიანის დანიშნულების ეს საუკეთესო თვისებანი, პირველ რიგში, საჭირო იყო განმტკიცებულიყო სახალხო მასწავლებელთა შორის. მიხეილ აბრამიშვილმა თავიდანვე დაისახა მიზნად ჯეროვნად მოემზადებინა ქართველი სახალხო მასწავლებლები. ამ მოსაზრებით იგი მონაწილეობას იღებდა მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების მუშაობაში. აქ მან ლექცია წაიკითხა პედაგოგიკის საკითხებზე, სახალხო სკოლებისა და მასწვლებლის დანიშნულება-მოვალეობაზე.

მიხეილ აბრამიშვილი გარდაიცვალა 1939 წელს.

 


1 ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება”, 1915, №№3-4.

2 ჟურნალი „თავისუფლება”, 1917, №№3-4.

3 ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება”, 1915, №№28, 29, 30, 31.

4 ჟურნალი „ხელოვნება”, 1921, №№1-2.

 


ლიტერატურა:

მ. აბრამიშვილი, ძველი ქართული თეატრი.

ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება”, 1915, №№3-4, 28, 29, 30, 31.

ჟურნალი „თავისუფლება”, 1917, №№3-4.

ჟურნალი „ხელოვნება”, 1921, №№1-2.

ჟურნალი „ლომისი”, 1923, №1.

„სახალხო საქმე”, 1920, №14.