მელიტონ გობეჩია (1878-1914)
ამ ნარკვევის მიზანია აღდგენილ იქნეს მელიტონ გობეჩიას მთლიანი სახე, როგორც ადამიანისა, მასწავლებლისა, რევოლუციონერისა და მწერლისა.
მელიტონ გიორგის ძე გობეჩია დაიბადა 1878 წლის 9 (21) აგვისტოს ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭაქვინჯში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში, სადაც ქართული მწერლობისა და „ვეფხისტყაოსნი” კულტური ჯერაც არ გამქრალიყო. ამ გარემოებამ და სოფლად სამრევლო სკოლის არსებობამ, საიდანაც ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ აღკვეთილი ქართული ენის სწავლება, პატარა მელიტონს გაუღვიძეს ქართული მწერლობის სიყვარული.
სოფლის სამრევლო სკოლადამთავრებული, ქართული წიგნების კითხვაში გაწაფული, 12 წლის მელიტონი მშობლებმა მიაბარეს ზუგდიდის ორკლასიან, ე. წ. ნორმალურ სასწავლებელში. ამ სასწავლებელში მაშინ სოფელ წალენჯიხიდან ახალგადმოყვანილი, ახალგაზრდა სახალხო მასწავლებელი ერმილე შარაშიძე დახვდა პატარა მელიტონს. 1894 წელს მელიტონმა ამ სასწავლებლის კურსი ჩინებულად დაასრულა. სახალხო მასწავლებლობით და სოფლად, გლეხობაში მუშაობათ გატაცებული მელიტონი იმავე წელს შევიდა დაბა ხონში არსებულ ქუთაისის საოსტატო სემინარიაში. სემინარიაში მას დაუხვდა მაშინდელი დირექტორის, შავრაზმელი სოკოლოვის რკინის რეჟიმი.
თვითონ მელიტონი სემინარიის ბურსაში ყოფნას ასე იგონებს: „დახურულ პანსიონში დამწყვდევა, ლაქუცა დირექტორი, ქართული ენის ზაფრიანი მასწავლებელი, რომელიც ქართულ გრამატიკას რუსულად გვიხსნიდა. ჩუმ-ჩუმად კითხვა ახალ ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთებისა, რომელსაც ერთი ამხანაგი – მოსწავლის მამის სახელზე ვიბარებდით. ჩვენი საკუთარი ჟურნალი – ლექსებით, მოთხრობებითა და კრიტიკული წერილებით გავსებული, რომელიც იმავე მასწავლებელს ხელთ ჩაუვარდა და თავის ქნევით დაგვემუქრა –”ამას სახსოვრად შევინახავო” (საბრალომ საფლავში თუ ჩაიტანა!)... შეტაკება დირექტორ-მასწავლებელთან და გულგრილად დატოვება სასწავლებლისა...”
იმავე 1897 წლის 1 სექტემბრიდან 19 წლის მელიტონ გობეჩია მასწავლებლად ინიშნება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ გომარეთის სკოლაში, სადაც ის სამ სასწავლო წელს მოღვაწეობდა. ამის შემდეგ იგი ონის ორკლასიან სკოლაში გადასულა. აქ მას აგრეთვე სამ სასწავლო წელს უმუშავია. 1903/04 სასწავლო წლისათვის ის უკვე თბილისის ერთ-ერთი საგარეუბნო სკოლსი მასწავლებლად ჩანს და ქართულ გაზეთებში (“ივერია”, „ცნობის ფურცელი”) მუდმივად თანამშრომლობს. ამავე ხანებს ემთხვევა მისი ლექსების პირველი წიგნის (ჰანგები) გამოცემაც, რაშიაც ახალგაზრდა პოეტს დიდი ნივთიერი და მორალური დახმარება აღმოუჩინა პოლიტიკური ლიტერატურის ცნობილმა გამომცემელმა ვასილ გადილიამ.
ცნობილი სახალხო მასწავლებლების პეტრე უგულავას, ალ. ჩხეტიას, ილია გოგიას და ნიკოლოზ ბუკიას მოგონებებით მელიტონ გობეჩია იყო ერთი მოწინავე მასწავლებელთაგაი. იგი მტკიცედ ადგა გამოჩენილი რუსი პედაგოგის კ. უშინსკისა და იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მოძღვრებას, რომ მხოლოდ მშობლიური ენით შეიძლება ყრმათა გონების განვითარება, რომ მხოლოდ აღზრდის ჰუმანურ პრინციპებს შეუძლია ნამდვილად სრულყოფილი ადამიანის აღზრდა.
იმ ხანებში, როცა მელიტონ გობეჩია ონის ორკლასიან სკოლაში მუშაობდა, ქუთაისის გუბერნიის სახლხო სკოლაში მისვლისთანავე „ნატურალური მეთოდი” და მასთან შეხამებული სახელმძღვანელო ლევიცკისა თვითნებურად გააძევა სკოლიდან და ნაცვლად იმისა შემოიღო იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო” და „ბუნების კარი”. ცხადია, მელიტონის ამ ნაბიჯმა უეჭველად მისცა სკოლას ერთგვარი წარმატება როგორც დედაენის, ისე რუსული ენისა და სხვა საგნის სწავლების მაღალ დონეზე დაყენებაში.
ჯერ კიდევ ონის სკოლაში იყო მელიტონი მასწავლებლად, როცა მშობლიური ენის სწავლებისა და, საერთოდ, მისი დაცვისა და სიწმინდისათვის დაიწყო ბრძოლა ქართულ პრესაში. 23 წლისა იყო მელიტონ გობეჩია, როცა გაზეთ „ივერიაში” წერდა ქარტული სალიტერატურო ენის შეუმუშავებლობაზე, ერთიანი საერთო ეროვნული ენის დაუდგენლობაზე, ქართული ენის მყარი, მტკიცე ნორმებით შემუშავებული გრამატიკის უქონლობაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მწერლობასა და უქონლობაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მწერლობასა და პრესაზე. მოჰყავდა რა ამ შეუთანხმებლობის მაგალითებად სიტყვები: „ტფილისი, თფილისი, თბილისი” და სხვა, ასკვნიდა, რომ აუცილებელია ერთიანი მართლწერის შემუშავება და დადგენაო. იგი საჭიროდ მიიჩნევდა მწერლებსა და ჟურნალისტებს ეკისრათ ეს დიდი საქმე – შეექმნათ ზოგადი სამეცნიერო ტერმინოლოგია. ის საკმაო დამაჯერებლობით განმარტავდა იმასაც, – თუ რა პირობებში შემუშავდებოდა და გამდიდრდებოდა ენა. მისი აზრით, ამ მხრით საჭირო იყო ძველი მწერლობისა და ხალხური შემოქმედების შესწავლა და გამოკვლევა, ამ ნაშრომთა გამომზეურება და ფართო საზოგადოებისათვის მიწოდება.
“რამდენი თქმულება და ზეპირგადმოცემებია ხალხში გაფანტული, – წერდა იგი, – მაგრამ ამ საუნჯეს შემკრები და სისტემატურად დამლაგებელი არავინ არის. ძველი ხელთნაწერები ლპება კერძო ოჯახებსა და ეკლესია-მონასტრებში. მრავალი ძვირფასი და საგულისხმო წიგნი ინახება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების” წიგნთსაცავებში, ხოლო ვინაა დამბეჭდავი და გამომქვეყნებელი? და აი, შედეგი ჩვენი დაუდევრობისა: იმის ნაცვლად, რომ ქართული ენა გაიწმინდოს და ნამდვილი ეროვნული ელფერი მიიღოს, თანდათან უფრო ირყვნება და ივსება „რუსიციზმებით” და „გალიციზმებით”. რა უჭირდა, რომ შემდგარიყო „ქართული ენის აღმდგენელი საზოგადოება”? რომელსაც შეეკრიბა ქართული სიტყვები და სრული ლექსიკონი შეედგინა. აკი არსებობს, მაგალითად, „მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტი”, – თუკი ტაძრებსა და მონასტრებს სჭირდება აღშენება და რას შვრება ჩვენი საზოგადოება? რატომ არ ეპატრონება თავისი ქვეყნის შვილთა ნამოღვაწარს, რათ არ გაიცნობს და არ შეისწავლის წარსულ დიდების ნაშთებს? ესა და ამგვარი კითხვები უნებურად გებადებიან, მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან”.
მელიტონ გობეჩიას აზრით, ენის დამუშავება-დახვეწასა და გამდიდრება-წინსვლაში დიდი როლი ენიჭება უცხოური კლასიკოსების გადმოთარგმნას, რადგან ყოველ დიდ მწერალს როგორც აზრი, სიტყვებიც შესაფერი მოეპოვება. ამიტომ ის სწუხდა, რომ მაშინ ქართულ ენაზე არ იყო, ან ძლიერ ცოტა იყო ნათარგმნი რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ერებსი კლასიკოსთა უკვდავი ქმნილებანი, რომელთაც შეეძლო ქართველი მკითხველის გონებისა და თვით მშობლიური ენის მრავალმხრივ გამდიდრება, დახვეწა და გამშვენიერება. ამავე დროს, დასძენდა მელიტონი, ამგვარი მუშაობის ჩატარებით საშვილიშვილო საქმეც გაკეთდებაო.
მელიტონ გობეჩია, როგორც პედაგოგი და მწერალი, სასტიკად ილაშქრებდა იმ ბაზრული გამოცემების წინააღმდეგ, რაც ასე მომრავლდა იმ პერიოდში ქართული წიგნის ბაზარზე. „წიგნები? ღმერთო, დაგვიფარე! წიგნის ბაზარი მართლაც სავსეა საიარმარკო და საბაზრო წიგნებით, რომლებშიაც ყველაფერს ნახავ გარდა აზრისა და პოეზიისა; ამ წიგნებით როგორც ქართული ენა ირყვნება, ისევე ირყვნება ქართული ხელოვნება და აზხროვნებაც. თანდათან ჩირქი ეცხება ჩვენს ტაძარს წმიდას და ესთეტიურს გრძნობას, თან ვკარგავთ გემოვნებასა და მშვენიერების შეგნების უნარს. ირგვლივ ჰხედავ მხოლოდ უსიცოცხლობას, უმოძრაობას.
დგახარ ამ უდაბნოში და მაოდ ელი ვისამე გამოხმაურებას, სიმართლისაკენ მოწოდებას, სინათლისაკენ მისწრაფებას, ყველგან სიჩუმე, უმოძრაობა?
“არსაიდან ხმა, არსით ძახილი!
მშობელი შობილს არ-რას მეტყოდა”,
– გაჰკივის ყურში პოეტის სიტყვები...
აი, რა კითხვებით იყო შეპყრობილი ახალგაზრდა მასწავლებელი მელიტონ გობეჩია იმ ხანებში.
1905 წლის ზაფხულის თვეებში, როცა რუსეთ-იაპონიის ომის შედეგად შერყეულმა ცხოვრებამ ნელ-ნელა იწყო ღელვა და ფრთონაც მოსალოდნელი იყო, გაზეთი „ცნობის ფურცლის” რედაქციამ მელიტონ გობეჩია მიავლინა ზუგდიდის მაზრაში საკუთარ კორესპონდენტად. მელიტონი აქ დარჩა მეორე წელსაც. დავალება მან სამაგალითოდ შეასრულა. მის კალამს ეკუთვნის „ცნობის ფურცელში” მოთავსებული (1904, 1905, 1906 წლები) ცეცხლის მფრქვეველი კორსპონდენციები და სტატიები, სადაც მხილებულია მაზრის უფროს კეღამოვის და ბნელეთის სხვა მოციქულთა მიერ ჩადენილი უმსგავსოებანი. ამასთანავე ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმდროინდელს სამეგრელოში სწავლა-განათლების მდგომარეობას. ხედავს რა, თუ როგორ დევნიან და ავიწროებენ სამეგრელოს სკოლებში ქართულ ენას ცარიზმის დაგეშილი აგენტები და მათი ლაქიები, ერთ-ერთ სტატიაში იგი ენერგიულად მოუწოდებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გახსნას ზუგდიდსა და მის მაზრაში სამკითხველოები და საზოგადოების ტიპის ქართული სკოლები. აქვე იგი დასძენს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს აგრეთვე სამურზაყანო, სადაც ქართული ენის სწავლება სავსებით აღკვეთილიაო (“ცნობის ფურცელი”, 1905, №2752). ამავე გაზეთის სხვა ნომერში (№2906) ის მოითხოვს ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა პროფესიული კავშირის შექმნას, რომ ამით შესაძლებელი გახდეს ორგანიზებული მოქმედება შავრაზმელ რუსიფიკატორთა მიმართ.
სხვადასხვა ფსევდონიმებით (მ. გ. მ. გ.-ია, მეგრელი, ობოლი, ნატალიაშვილი და სხვა) ან კიდევ პირდაპირი ხელმოწერით გამოქვეყნებული მისი წერილები საერტო სათაურით: „სამეგრელოს ამბები”, „მგზავრის შენიშვნები” (“ცნობის ფურცელი”, 1905, №№2746-52), გლეხთა მდგომარეობაზე დაწერილი სტატია – „სამეგრელოში” (იქვე, №2824), ხელმოწერილი წერილი „სამეგრელო” (იქვე, 1905, №2878), რომელშიც გამოაშკარავებულია, თუ როგორ კლავდნენ უდანაშაულო და ხალხისთვის სასარგებლო პირებს და როგორ ძარცვავდნენ თვით ხალხს. „სამეგრელოს ამბების” სათაურით გამოქვეყნებულია ფელეტონები, რომელშიც მოთხრობილია ზუგდიდის ადმინისტრაციის ვერაგული მოქმედება, სოფელი ზუგდიდი – კახათის ტრაგედია, ბოქაულ სოლ. შენგელაიას მიერ 14 გლეხის ადგილზე დახოცვა, მაზრის უფროსის მიერ მოწვეული პლასტუნების თარეში ზუგდიდში, სოფელ მუხურის აკლება-დაწიოკება, ოცინდალეს მონასტერში თავშეფარებული ახალგაზრდა ქალებისა და მოლოზნების გაუპატიურება დამსჯელი რაზმების მიერ. ამ ბარბაროსობას მოჰყვა მაზრის უფროსი კეღამოვის კმაყოფილებით აღსავსე ოხუნჯობა: „ერთი წლის შემდეგ პატარა კაზაჩკები დაიწყებენ რბენას სამეგრელოს სოფლებშიო”. მაგრამ როგორც 1905 წელს „ცნობის ფურცლის” ერთ-ერთი ნომერი (№2991) გვაცნობებს, კეღამოვს ამ ერთი წლის სიცოცხლე და მისგან ნაანდერძევი „კაზაჩკების” ნახვა არ დასცლია. 1906 წლის 27 იანვარს, დილის 12 საათზე იგი ქუთაისის ბაღში მოკლეს.
1905 წლის რევოლუციის აღმავლობის პერიოდში მელიტონს მარტო კალამი როდი ეკავა ხელში. იგი შეიარაღებულ მებრძოლ რევოლუციონერთა ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა ახალი ხელისუფლების შესაქმნელად. 1907 წლის გაზეთი „ისარის” ერთ-ერთ ნომერში (№221) აღნიშნულია, რომ 1905 წლის ზაფხულის მიწურულში რევოლუციონერთა ერთმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ლეონიდ შენგელაია (ლეო ქიაჩელი), მელიტონ გობეჩია, სანდრო ჩხეტია, პავლე აკობია, ჭუჭუ წიწავა და სხვები, ჩაფრებს იარაღი აჰყარა, მოსახლეობა მიიმხრო და ზუგდიდის სამაზრო მმართველობა სრულად განაიარაღაო.
ცხადია, ზუგდიდის მაზრაში მომხდარი აქ მოთხრობილი ამბები და თუ გინდ, მთელ საქართველოში და ამიერ-კავკასიაში მიმდინარე მსგავსი მოვლენები, ერთი პატარა და გარკვეული ნაწილი იყო რუსეთის მთელ იმპერიაში მომხდარი დიდი ამბებისა. დიდი „ლენინი იმ დღეებში უშუალო მონაწილეობას ღებულობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. მისი სტატიები ბოლშევიკურ გაზეთ „ნოვაია ჟიზნში” სახელმძღვანელო მითითებებს წარმოადგენდნენ პარტიის ყოველდღიურ მუშაობაში”. ამ დროს „ამხ. სტალინი უდიდეს რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა ამიერკავკასიაში”.
მაგრამ 1905 წლის რევოლუციის აღმავლობა მალე რეაქციის მძვინვარებამ შესცვალა. „რევოლუციაში ჯერ კიდევ არ იყო მუშათა და გლეხთა მტკიცე კავშირი ცარიზმის წინააღმდეგ”. ამაზე ლენინი გარკვევით აღნიშნავდა, რომ „გლეხები ძალიან დაქსაქსულად, არაორგანიზებულად, არასაკმაო შეტევით მოქმედებდნენ და ამაში მდგომარეობს რევოლუციის დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი”. მართალია, 1905 წლის რევოლუცია დამარცხდა, მაგრამ ამ დიდმა სახალხო მოძრაობამ – „რევოლუციამ გამოაშკარავა, რომ ცარიზმი ხალხის მოსისხლე მტერია, რომ ცარიზმი ის კუზიანია, რომლის გასწორებაც მხოლოდ სამარეს შეუძლია”.
რევოლუციის დამარცხების შემდეგ მელიტონი არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა, მაგრამ რევოლუციური მუშაობა თუ არ გააძლიერა, არ შეუმცირებია. იგი სისტემატურად აწვდიდა ცნობებსა და კორესპონდენციებს რედაქციებს ხალხის განწყობილების შესახებ.
“რეაქცია გამწვავდა”. დადგა დრო, როცა უკვე აღარ შეეძლო მელიტონს არალეგალური ცხოვრება. მეგობრები, ამხანაგები და თანამებრძოლნი თანდათან ჩამოეცალნენ – ისინი თანდათან საპატიმროში გროვდებოდნენ. მელიტონმა არ ისურვა ჯალათების ხელში ჩავარდნა. გადაწყვიტა საზღვარგარეთ გაპარვა და აი, ამხანაგთა ერთი ჯგუფის დახმარებით ის შოულობს ცოტაოდენ სახსარს და 1906 წ. გაზაფხულზე ოჩამჩირიდან პირდაპირ პარიზში ამოჰყოფს თავს.
პარიზში ჩასვლისთანავე მელიტონი ფრანგული ენის შესწავლის მიზნით ქალაქის განაპირა უბანში მცხოვრები ერთი ფრანგის ოჯახში დადგა. მან გადაწყვიტა ამ მოკლე ხანში (3-4 თვე) ისე გაეკვეთა ენა, რომ 1 სექტემბრიდან უნივერსიტეტში ლექციების მოსმენა შეძლებოდა. ამავე წლის 1 სექტემბრიდან მელიტონი პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაერიცხა და სწავლას მტკიცედ მოჰკიდა ხელი. ფრანგულთან ერთად გერმანული ენის მასწავლებელიც აიყვანა და ამ ენასაც საკმაოდ დაეუფლა. უსახსრობის გამო მელიტონი არ ერიდებოდა არავითარ ფიზიკურ შრომას. სხვადასხვა სარწმუნო წყაროების მიხედვით დადასტურებულია, რომ მელიტონ გობეჩია სორბონის უნივერსიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტთაგანი იყო და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა, განსაკუთრებით ქართველებს შორის.
1910 წელს მელიტონ გობეჩიამ სორბონის უნივერსიტეტის დასახელებული ფაკულტეტის კურსი წარმატებით დაასრულა და სამშობლოსაკენ მოისწრაფოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იქ ფარულად ცხოვრება მოუწევდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სამშობლოს განშორდა, თავის უბის წიგნაკში წერდა: „ძვირფასო სამშობლოვ, ვგრძნობ ჩემს მოუმზადებლობას... ამიტომ დროებით გშორდები და მივალ უცხო ქვეყანას, რათა შესაფერი ცოდნით აღვიჭურვო, რომ შემდეგ დავბრუნდე და უფრო ნაყოფიერად გემსახურო”. და მართლაც, როცა ცოდნით აღჭურვილი სამშობლოსაკენ მოდიოდა, მეგობრებმა არ ურჩიეს წამოსვლა – იქ შეიძლება ციხე და ბორკილი არ აგცდესო. ამაზე მელიტონმა უპასუხა: „სამშობლო ტკბილია და მისთვის ბორკილების ტარებაც სანეტარო...”
1910 წელს სამშობლოში დაბრუნებული მელიტონი მეგობრებმა დიდი სიყვარულით მიიღეს. იგი მაშინვე აირჩიეს „სახალხო გაზეთის” რედაქტორად. მართალია, როგორც არალეგალურად მყოფს, მელიტონს გაზეთზე რეაქტორის ადგილას ხელის მოწერა არ შეეძლო, მაგრამ ფაქტიური რედაქტორი ის იყო. ჩვენი გამოჩენილი მწერლები და პოეტები: ლეო ქიაჩელი, სანდრო შანშიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი და სხვანი მისი უახლოეის თანამშრომლები იყვნენ. მის დროს დიდად გაშინაარსიანდა ეს გაზეთი, ლიტერატურულ-მხატვრული მასალებითაც გამდიდრდა და ენობრივადაც ძლიერ დაიხვეწა. მაგრამ მელიტონის ეს ნაყოფიერი და სასარგებლო მუშაობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1911 წლის აგვისტოში ჟანდარმთა სამმართველომ მას მიაგნო და დააპატიმრა.
ზუგდიდის მაზრაში მომხდარ ამბებში დამნაშავედ მიჩნეულ სხვა ამხანაგებთან ერთად მელიტონ გაბეჩიას მიუსაჯეს 4 წლით საკატორღო პატიმრობა და შემდეგ სამუდამოდ ციმბირში გადასახლება. სიკვდილით დასჯის შემდეგ ყველაზე მძიმე სასჯელი იყო კატორღა, რომელსაც მელიტონი ხარკოვის საკატორღო ციხეში იხდიდა. სწორედ იმ თვეს, როცა უნდა განშორებოდა ამ სატანჯველს, ის უთუოდ ინსპირირებული მოქმედებით, გადაუყვანიათ ისეთ საკანში, რომელშიც წინ დღით პარტახტიანი ტიფით დაავადებული პატიმარი მომკვდარა. ამ სენმა მელიტონიც იმსხვერპლა. ნახევრად ცოცხალი მისი ცხედარი, როგორც გადმოგვცემენ, „დცეზინფექციის” მიზნით დაწვესო 1914 წლის 5 (18) ივნისს. ასე რომ, სანამ პირველი მსოფლიო ომის გამანადგურებელი ცეცხლი გაჩაღდებოდა, იგი რამდენიმე დღით ადრე გამოასალმეს ქვეყანას. მაგრამ როგორც გაზეთი „თემი” იუწყებოდა, „მისი ტკბილი ხმა და ვაჟკაცური სიტყვები არ წაიშლებიან...”
მელიტონ გობეჩიას ტრაგიკული ამბავი მთელ საქართველოს მოსდებოდა, ყოველი კუთხიდან მოსდიოდა „შრომას”, „სახალხო ფურცელს”, „თემს” და სხვა გაზეთებს სამძიმრის დეპეშები. დეპეშებში მას უწოდებდნენ ხალხის ინტერესების მედგარ დამცველს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, მშრომელთა მესაიდუმლეს, ბრწყინვალე მომავლის მოციქულს, საუკეთესო იდეალებისათვის ზვარაკად შეიწრულს... თავგანწირულ მებრძოლ მგოსანს, რომელმაც თავი დასდო დამცირებულთა და შევიწროებულთათვის, მტლად დაედო თავის ერის ბედნიერებას და ა. შ.
ამ უბედურ შემთხვევაზე დაიწერა მრავალი ნეკროლოგი, ლექსები, წერილები, რომელთაგან ნიმუშად მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ: ია ეკალაძის საკმაოდ ვრცელი ესკიზი; გაზეთი „თემი” წერდა: „ჩვენი ერის მშრომელმა ხალხმა კვლავ დაჰკარგა ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი... მოწინავე მებაირაღტრე, ეროვნული იდეალებით აღჭურვილი; სახალხო მოძრაობის ერთი აქტიური მონაწილეთაგაი, რომელმაც ცოტა ხანი განვლო, მაგრამ ბევრი განიცადა, თავი შესწირა მშრომელთა კეთილდღეობას და მით თავისი მოვალეობა წმინდად მოიხადა...”
მელიტონ გობეჩიას ტრაგედისიადმი მიძღვნილ ლექსებს შორის აღსანიშნავია, მაშინ უკვე მხცოვანი პოეტი ქალის ნინო ორბელიანის ელეგია, დომენტი თომაშვილის გლოვის ჰიმნისებრი ლექსი და იმ ხანებში ჯერ კიდევ ჭაბუკი პოეტის გიორგი ლეონიძის „სამშობლოს კვნესა”.
სამწერლო ასპარეზზე მელიტონ გობეჩია 1899 წელს გამოვიდა როგორც ნაზი ლირიკული ხმით მომღერალი მგოსანი. მაშინ ის მხოლოდ 21 წლის ჭაბუკი იყო. ჩვენს ხელთ დაგროვილი მასალების მიხედვით, მელიტონი ავტორია 66 ორიგინალური ლირიკული ლექსისა, ორი პოემისა (“ფარნაოზი”, „ამირანი”) და ათიოდე თარგმანისა რუსულიდან, ფრანგულიდან და გერმანულიდან (ალფონს დე ლამარტინი, ბაირონი, შილერი და გოეთე) და რამდენიმე კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატიისა და ნარკვევისა. ამ ლექსების მხატვრული ანალიზი და ჯეროვანი შეფასება ცალკე შესწავლისა და სპეციალური შრომისსაგანია. აქვე უნდა დავაახელოთ 1902 წელს თბილისში გამოცემული მელიტონ გობეჩიას ლექსების კრებული „ჰანგები”, რომელიც დამწყები, 21-22 წლის ჭაბუკი პოეტისათვის იმ დროის კვალობაზე უთუოდ გაბედულად გადადგმული ნაბიჯია და საიმედო პეოტური ხმის გამომცემი. „ჰანგების” შემდეგი პერიოდისა და მით უფრო, სორბონის უნივერსიტეტიდან დაბრუნებული მელიტონ გობეჩიას ლექსები კი მაღალიდეური, მხატვრულად შესრულებული და გემოვნებით დახვეწილი პოეტური ქმნილებებია. ამავე დროს მელიტონ გობეჩია ის ახალგაზრდა ქართველი პოეტია, რომელმაც პირველად ქართულ პოეზიაში შემოიღო და დანერგა სონეტის ფორმა, რამაც შემდეგ დიდი გავრცელება ჰპოვა ახალ ქართულ მწერლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ მელიტონ გობეჩიას პოეზიას არ ვარჩევთ, ნათქვამის დასამტკიცებლად მაინც უნდა ვნახოთ მისი პეოტური მემკვდირეობის რამდენიმე ნიმუში. და რაკი ჩვენი ნარკვევი ცდილობს მელიტონის სახე უმთავრესად სახალხო განათლების ფონზე დაგვანახოს, ამიტომ ნიმუშად აქ მოვიყვანთ ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ „განათლებაში” გამოქვეყნებულ ლექსს, რომელსაც ჰქვია „მეგრული ნანა” და რომლის წაკითხვამ არ შეიძლება აკაკი წერეთლის „იავნანა” და ილია ჭავჭავაძის „ნანა” არ დაგვიყენოს თვალწინ მათში მოცემული აზრისა და იდეის ერთგვარი ასინთეზებით. ლექსი მოგვყავს ოდნავ კუპირებით:
იავ ნანა, ვარდო ნანა, შვილო, იავ ნანინაო!
ტკბილი ძილი ანგელოზმა შენთვის მოაყვანინაო...
აკვანს გირწევ, ჩონგურს გიკრავ, ზედ დავმღერი სიმებსაო,
ბადრი მთვარე და ვარსკვლავნი გიგზავიან სხივებსაო.
ბინდის ნამმა ნორჩ ყვავილებს პრიი დააბანინაო.
იავ ნანა, ვარდო ნანა, შვილო, იავ ნანინაო!
გაიზარდე, დავაჟკაცდი, გაახარე მშობელიო,
დედინაცვალდ გაგიხდება ჩვენი წუთი-სოფელიო.
დაინახავ, რომ ცხოვრება არ აამებს ყველასაო,
ჩაგრულნი და დავრდომილნი თხოულობენ შველასაო.
მამაშენმაც ამ ყოფაში ადრე სული დალიაო,
მისი აღთქმის შესრულება შენი წმინდა ვალიაო...
დაინახავ განდევნილსა ჩვენს ტკბილ დედა-ენასაო,
უღვთოდ დასჯილ ხალხის შვილთა, მშობელი ცრემლის დენასაო...
ჯერ წალკოტი სანეტარო ძილმა მოგაზმანინაო,
იავ-ნანა, ვარდო ნანა, შვილო, იავ-ნანინაო!
განახლების წამი დაჰკრავს, აჰყვავდება მამულიო,
ერი განთავისუფლდება მძიმე ჯაჭვით დაბმულიო.
მოგეგებვით დაბრუნებულს ჩანგითა და მღერითაო,
დატკბებიან ახალგაზრდა ქალნი შენის მზერითაო.
შენი სიყრმის მეგობრითურთ დაფნის გვირგვინს დაგიწნამო
და ჩემს ვაჟკაცს სასახელოს ჩემის ხელით დაგადგამო.
მერმე დეე, ღმერთმა ქვეყნად, თუ არ დამახანინაო.
იავ-ნანა, ვარდო ნანა, შვილო, იავ-ნანინაო.
სორბონიდან დაბრუნებულ მელიტონ გობეჩიას მხოლოდ ერთი საგაზეთო სტატიის გამოქვეყნება დასცალდა. გამოეხმაურა რა ის ლევ ტოლსტოის გარდაცვალებას, სტატიაში „ტოლსტოი და ხელოვნება”, წერდა: „ძნელად თუ მოიპოვება ადამიანის მოქმედების ისეთი დარგი, რომელსაც ლევ ტოლსტოის გეიოსური სიტყვა და კალამი არ შეხებოდეს”, თუმცა ძნელია დაეთანხმო „მის პარადოქსალურ აზრებსაც, მაგრამ მისი საოცარი გულწრფელობა, ღრმად გამჭვრეტი უნარი გვხიბლავს”. შემდეგ ავტორი განსაზღვრავს ტოლსტოის შეხედულებას ხელოვნებაზე და ასკვნის: მართალია, „მისი სასტიკი კრიტიკის ღირსნი არიან თანამედროვე დეკადენტები, სიმბოლისტები, იმპრესიონისტები, ნატურალისტები” და სხვა., მაგრამ „ყველა ხელოვანის ერთ ტაფაში მოქცევა აუხსნელი უსამართლობაა. როგორ შეიძლება ბუნდოვან და გაუგებარ ვერლენთან და ბოდლერთან ნათელსტილიან როსტანისა და ღრმა-აზროვანი იბსენის უეჭველ არტისტულ ღირსებათა უარყოფა?.. მერე ბაირონი, ლეოპარდი, ჰაინე... მათი ტიტანისებური სულიც ხომ უმაღლეს იდეალებს უსახავდა კაცობრიობას? რელიგიური თვალთახედვა ხელოვნებაში ყოვლად შეუწყნარებელია. შემდეგ ის აკრიტიკებს ანარქისტებსა და, კერძოდ, ბაკუნინის შეხედულებეს ხელოვნებაზე და კვლავ დაასკვნის: ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონია და ყველა მსგავსი გენიალური ხელოვნური ნაწარმოები, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ყველა რელიგიისა, მორალისა და მეცნიერებისაგან, მუდამ ცოცხალი და უკვდავი იქნებაო”. ამის შემდეგ ავტორი ბუნებრივად მიდის იმ ჭეშმარიტ დასკვნამდე, რომ „ცოცხალი და უკვდავია ლევ ტოლსტოის დიდი ხელოვნური ნაწარმოები და მის მნიშვნელობას ვერ მოსპობს თვით ავტორის უარყოფაც საკუთარი ხელოვნებისაო”.
მელიტონის კალამს ეკუთვნის აგრეთვე 1900-1901 წლებში გამოქვეყნებული მშვენიერი თარგმანები უცხოური მოთხრობებისა და ნოველებისა, როგორიც არის ჰენრიკ სენკევიჩის ლეგენდა „ოლიმპზედ”, შარლ ეფეირის „დიდების მაძიებელნი”, ლეგენდა „პილატეს სიკვდილი” და სხვ.