‍ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილი (1842-1890)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0064 gogoიმ ქართველ ქალთა შორის, რომელთაც თავი გამოიჩინეს ჩვენი მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ანა ბესარიონის ასულ ღოღობერიძე-მუსხელიშვილისას.

თავის პრაქტიკული საქმიანობით საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი განათლების ასპარეზზე, მან უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა თანამედროვეთა შორის.

ცნობილი ქართველი მოღვაწე ქალი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა მის შესახებ წერდა; „ზოგჯერ არიან ისეთნი პირნი, მართალია, იშვიათნი, რომელნიც თუმცა ვიწრო წრეში მოქმედობენ, მაგრამ მათი გავლენა ისეთნაირად აღიბეჭდება ყველა ადამიანზედ, რომ რაც უნდა დრო გავიდეს, დაუვიწყარი რჩება და უფრო ბევრი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე დიდ ნიჭს, რომელსაც ხშირად კაცი ბოროტებით ხმარობს”. ასეთ მოწინავე და სასარგებლო ადამიანად მიაჩნდა ანა მუსხელიშვილისა ბევრ სხვა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესაც, რომელთაც კი ურთიერთობა ჰქონიათ მასთან და მის საქმიანობას საფუძვლიანად იცნობდნენ.

ანა ბესარიონის ასული ღოღობერიძე-მუსხელიშვილისა დაიბადა 1842 წელს ქ. ქუთაისში. მისი ხასიათის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა მშობლიურმა ოჯახმა. მშობლები პატარა ანას გულში უნერგავდნენ კაცთმოყვარეობას და ფაქიზ გრძნობებს. გარკვეული გავლენა მოახდინეს მასზე აგრეთვე მისმა ძმამ ნიკო ღოღობერიძემ და ბიძაშვილმა ბესარიონ ღოღობერიძემ – შემდეგში ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა.

ანა მუსხელიშვილმა დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ოთხკლასიანი სასწავლებელი, რომელიც ანასტასია წერეთლის სიტყვით, ბავშვებს საფუძვლიან ცოდნას ვერ აძლევდა, მაგრამ ანამ დანაკლისის შევსება შეძლო თვითგანვითარებით; მისთვის წიგნები და ჟურნალ-გაზეთები შეიქნა საუკეთესო და განუყრელი მეგობარი. სისტემატური კითხვით, ბეჯითი და ენერგიული მეცადინეობით მან შეძლო სათანადოდ მომზადებულიყო საზოგადოებრივი მუშაობისათვის.

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გადაწყვიტა ახალციხეში დაეარსებინა ქალთა დაწყებითი სასწავლებელი, სადაც სწავლა უფასოდ უნდა ყოფილიყო. ეს კეთილშობილური განზრახვა ანა მუსხელიშვილმა განახორციელა გასული საუკუნის 70-იან წლებში და სკოლის შენახვის მთელი ხარჯები თვითონ იკისრა.

1893 წლის ჟურნალ „კვალის” 27-ე ნომერში ანასტასია წერეთელმა ასეთი გულთბილი სიტყვები უძღვნა მას: „ახალციხის დედათა სკოლა თუ არსებობს აქამდის, სულ მისი მეცადინეობით და მისი გულმოდგინე შრომით არის და ეს სკოლა ისეთ ზნეობით საფუძველზეა დაარსებული, რომ იქიდან ბევრი მშრომელი მამულიშვილები გამოსულა და ახლაც ამგვარი სკოლების გამართვა სანატრელია. ამ სკოლის მოწაფეებს ბვრს დაუმთავრებია გიმნაზიაში სწავლა კიდეც და ანა მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით საუკეთესო მასწავლებელნი გამოსულან... ეს გულმოდგინე მშრომელი თვითონ იყო სკოლის გამძღოლი, თვითონ იყო მატერიალური საშუალების მომპოვებელი, თვითონ იყო მასწავლებელიცა.

სკოლა ახლად დაარსებული იყო, როდესაც მე მომიხდა გავლით ახალციხეში ყოფნა და ძნელი წარმოსადგენია, არ გამტაცებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზედ, თხუთმეტი წლის ქალზედ, როდესაც ანა ბესარიონის ასული თავის სკოლაში ხან გაკვეთილს აძლევდა, ხან გარშემორტყმული ყმაწვილებით, უამბობდა იმათ რასმე და უკითხავდა”.

1875 წელს ანა მუსხელიშვილისა დროებით ქუთაისში გადასახლდა და იქაც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა ღარიბ მოსწავლეთა ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

1885 წელს ისევ დაბრუნდა ახალციხეში საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე მზრუნველობდა და ყურადღება არ მოუკლია მის მიერ დაარსებული სკოლისათვის. იგი გარდაიცვალა 1890 წლის მაისში.

მისმა სიკვდილმა გულწრფელად დაამწუხრა ქართველი საზოგადოება. მაშინდელმა ქართულმა პრესამ ფართოდ აღნიშნა ანა მუსხელიშვილის უანგარო ღვაწლი მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მის ზრუნვას ახალციხის სკოლის მოსწავლეთა მიმართ.

1890 წლის გაზეთი „ივერია” (№112) ანა მუსხელიშვილისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში წერდა; „დიდი უმრავლესობა ამ სკოლის მოსწავლე ქალთა ეკუთვნოდა ახალციხის უღარიბეს წრესა. ეს ღარიბი მოსწავლე ქალები თავისავე ხელსაქმით ირჩენდნენ თავსა და ხშირად ეხმარებოდნენ თავის ღარიბ ოჯახსაც. გულის დამატკბობელს სანახავს წარმოადგენდა მაშინ ღარიბ ქალთა სკოლა ახალციხისა, დაფუძნებული ჭეშმარიტ სიყვარულზე და გონიერ შრომაზე. ხსოვნა იმ ხანში გატარებულის დროისა მთელს თავის სიცოხცლეში ცხოვრების მანათობელ სანთლად ენთება თითოეულ იმ ღარიბ ქალთათვის, რომელნიც ანა მუსხელიშვილისამ გამოიყვანა სიბნელიდან და მისცა შეძლება სწავლა-ცოდნის შეძენისა. ასეთი სამაგალითო სკოლის დაარსება შეეძლო მხოლოდ ისეთ იშვიათ ადამიანსა, როგორიც იყო განსვენებული ანეტა, რომლისთვისაც არ არსებობდა არაფერი კერძო, საკუთარი ინტერესი. იმის ცხოვრება მთლად ეკუთვნოდა მის სკოლას, რომლითაც განახორციელა თავისი საზოგადო მოღვაწეობა”.

ანა მუსხელიშვილი გულწრფელად უწყობდა ხელს ყველას, ვისაც კი ცოდნის შეძენის სურვილი ჰქონდა. ის მხურვალე მონაწილეობას იღებდა ყველა დაწესებულება-საზოგადოებაში, რომლებიც კი ჩვენი ქვეყნის კულტურულ წინმსვლელობას ემსახურებოდა. ამ მხრივ, აღსანიშნავია ის მხურვალე თანაგრძნობა, რომელიც ანა მუსხელიშვილმა გაუწია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დამაარსებელთა წრეს.

იაკობ გოგებაშვილი ამის გამო წერდა: „ამავე წრეს ამშვენებდა ხანდახან ახალციხიდან ჩამოსვლის დროს ანა ბესარიონის ასული მუსხელიშვილისა, ღვიძლი და ნიკოლოზ ღოღობერიძისა. ეს იმერეთის ასული მაშინ საუკეთესო მანდილოსნად იყო მიჩნეული მთელ შეგნებულს საქართველოში თავისი იშვიათი ჭკუით, მომხიბლავი გულკეთილობით, დარბაისლური ხასიათით და მხურვალე მონაწილეობით ყველა საზოგადო საქმეში. მან სხვათა შორის, დააფუძნა იმ დროს საქველმოქმედო საზოგადოება ახალციხეში და დააარსა საქალებო სკოლა, რომელიც დღემდე არსებობს”.

ხოლო მეორე წერილში ჩვენი დიდი პედაგოგი ანა მუსხელიშვილისა და მისი სკოლის შესახებ ხაზგასმით აღნიშნავდა: „მისი მეცადინეობით ქ. ახალციხეში გაიხსნა ქართველთა მოზარდი თაობიათვის პირველდაწყებითი სკოლა, წმინდა პედაგოგიურ გეგმაზე აშენებული და ჩინებულად წარმოებული მისი სიცოცხლის დროსა”.

ანა მუსხელიშვილმა ბევრი მოსწავლე აღზარდა და ცხოვრების გზაზე დააყენა, ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი მისი ხელმძღვანელობით ეუფლებოდა პედაგოგიურ ხელოვნებას, სწავლობდა ბავშვებისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას და ხალხისადმი სამსახურს.

ანა მუსხელიშვილი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი შესანიშნავი მასწავლებელი იყო, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ბავშვთა აღზრდის საქმეს მოანდომა და ბევრ ახალგაზრდა ქალს გაუხსნა გზა საზოგადოებრივ საქმიაობაში მონაწილეობის მისაღებად.