დესპინე გელოვანი (ბანოვანი) (1888-1934)
ავტორი: ნინო ჩიხლაძე დესპინე გელოვანი „ბანოვანის“ ფსევდონიმით შემოვიდა მწერლობაში. მის ნაზ, ფაქიზ გარეგნობას, კეთილშობილ ბუნებას საოცრად ესადაგებოდა მის ფსევდონიმი, რაც თავისთავად იწვევდა დიდ ინტერესსა და სიმაპთიას მწერალი ქალის შემოქმედებისადმი. სამწუხაროდ, გვიან გაიხმიანა მისმა მწერლურმა სახელმა. ახლა, როცა დაბადების 100 წელი შეუსრულდა, სრულიად დამსახურებულად უნდა მოვიხსენიოთ თავისი თაობის მწერალ ქალებთან ერთად. ის, ბანოვანი, დიდი ილიას თქმისა არ იყოს, მიეკუთვნება იმ მწერალთა რიგს, რომლებმაც გაუძლეს ისტორიის ქარტეხილებს, გადაურჩნენ გადაგვარებას და ჩვენამდე კბილით მოიტანეს მშობლიური ენა. თავის მხატვრულ ნაწრმოებებში დიდი პასუხისმგებლობით და მტკიცე ნებისყოფით ასახა მძაფრი სოციალური მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის სინამდვილეში საქართველოს მთიან მხარეში. საოცარი იყო მწერალი ქალის ერუდიცია და კრიტიკული აზროვნების უნარი. სვანეთისა და ლეჩხუმის მთებში დაბადებული და გაზრდილი, სიცოცხლის ბოლომდე იქვე ცხოვრობდა. ის ქვეყნის მაჯისცემას თვალყურს ადევნებდა მხოლოდ პრესის საშუალებით, მაგრამ მხედველობიდან არ რჩებოდა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენა, რისი ფრთხილი დაკვირვებითა და გაანალიზებით ამდიდრებდა თავის შემოქმედებას. მან ფიზიკურად და სულიერად ლამაზმა და ჯანმრთელმა, განათლებულმა და არისტოკრატული აღზრდის მაღალკულტურულმა ქალმა, უარი თქვა პირადულ, კეთილ ცხოვრებაზე და თავისი ცოდნა და ენერგია სამშობლოსა და მის მომავალზე ფიქრით შექმნილ ნაწრამოებებში ჩაადნო. დესპინე გელოვანი დაიბადა 1888 წლის 16 დეკემბერს ლეჩხუმის ერთ-ერთ მყუდრო სოფელ ლაჯანაში, შეძლებული თავადის დავით გელოვანის ოჯახში, სადაც მწერალი ქალის მშობლები ახლად გადმოსახლებულნი იყვნენ სვანეთიდან. მამის ტრადიციული შეხედულების გამო ქალიშვილის სასწავლებელში გაგზავნა არ მოხერხდა და წერა-კითხვას დედა ასწავლიდა. ნიჭიერი გოგონა დიდი მონდომებით დაეწაფა წიგნებს და ქართული ლიტერატურა ღრმად შეისწავლა. სვანეთ-ლეჩხუმის ფეოდალურ წრეებში ფეხმოკიდებულ, ოჯახში ქალის ჩაკეტვის ტრადიციებს ვერ ურიგდებოდა თავისუფლებმისმოყვარე დესპინე. მის ბედნიერი წუთები მხოლოდ მაშინ დგებოდა, როცა კერძო მასწავლებლების გაკვეთილის შემდეგ საშუალება ეძლეოდა მათთან ესაუბრა საინტერესო თემებზე, მისთვის მტკივნეულ საკითხებზე. 18-19 წლის ქალიშვილი დესპინე გელოვანი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იბრძვის, ქალაქში მოხვედრაზე ოცნებობს. სურვილი ეუფლება გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი გახდეს, ხალხში გამოვიდეს. მას გულში ბევრი საწერი და სათქმელი დაუგროვა იმდროინდელმა უკუღმართმა ცხოვრებამ, სწორედ ამან ააღებინამომავალ მწერალ ქალს კალამი ხელში. დესპინე გელოვანი მტკივნეულად განიცდიდა თავისი ხალხის გაუნათლებლობას, ჩამორჩენილობას, ძალმომრეობას, უსამართლო ჩაგვრასა და თავისი ხალხის მორალურ ტანჯვას. აი, როგორი გულისტკივილით გვიხასიათებს ის თავის მშობლიურ კუთხეს ერთ-ერთ წერილში: „იმ დროს იმდენად ჩამორჩენილი იყო ლეჩხუმ-სვანეთის მხარე, რაც უნდა უსამართლობა, თავხედობა ჩაედინათ აღვირახსნილ მოხელეებს და ზოგ-ზოგ თვითნება ფეოდალებს, გამკითხავი არავინ იყო. და მთელი უბეუდრება ის გახლდათ, რომ მათი ტანჯვა და კვნესა პრესამდე ვერ აღწევდა. მიკვირდა, და ნამდვილად საკვირველია, რომ ასეთ მიყრუებულ კუთხეში მრავალი ამაღელვებელი ძალმომრეობა ხდებოდა, რასაც მთელი ჩემი შეგნება და აზროვნება ეწინააღმდეგებოდა და ნიადაგ სულიერად ვიტანჯებოდი ჩემი ხალხის შევიწროებითა და ტანჯვით. სწორედ ყოველივე ამან მაიძულა გაზეთის თანამშრომელი გავმხდარიყავი და ხმა ამომეღო ჩემ ხალხის დამჩაგვრელ ბოროტ ძალებისადმი. მეწერა ხალხზე, მათ აუტანელ მძიმე ცხოვრების პირობებზე, რომ ჩემი ხალხი მაღლა თავაწეული, წელში გამართული მენახა“. ბანოვანმა წერა პატარ-პატარა კორესპონდენციით დაიწყო. ის ამხელდა ლეჩხუმ-სვანეთის მაზრაში მეფის ბიუროკრატი-ჩინოვნიკების თავგასულობასა და ბოროტმოქმედებას, რის გამოც არაერთხელ იყო გაფრთხილებული. ჩვენ ვხედავთ, რაოდენ ვაჟკაცური სული, ბრძოლის უნარი, შემართება იყო ამ ლეჩხუმ-სვანეთის მფლობელის შთამომავალში. ის უშიშრად, კრიტიკით გამოდიოდა ძალმომრეობის წინააღმდეგ თავისი საყვარელი ხალხის დასაცავად. არავინ იცის, როგორ ახერხებდა თავისი მამხილბელი წერილების ბეჭდვას, მის წერიებს კი, სად არ შეხვდებოდით გაზეთებში: „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „თემსა“ და „სახალხო ფურცელში“, რომელიც, ცხადია, დიდ აღელვებას იწვევდა ხალხში. ბევრი მტერი გაუჩნდა ახალგაზრდა ქალს, თვით საკუთარი მამაც კი განუდგა დავითს, მშობელ მამას სამარცხვინოდ მიაჩნდა თავისი გასათხოვარი ქალიშვილის ვაჟკაცური საქმიანობა. ამბოდა, კაცი უნდა კაცი იყოს, დედაკაცი – დედაკაციო. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა ხვდებოდა დესპინეს მამის მხრივ, იგი უფრო და უფრო აძლიერებდა თავის მუშაობას მშრომელი ხალხის დასაცავად, რასაც მალე მოჰყვა მისი არალეგალური მუშაობით გატაცება. ცხრაასხუთიან წლებში, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის მაზრის უფროსის პაშკოვის დაბეზღებით, გადაწყვეტილი იყო მწერალი ქალის მშობლების სახლ-კარი გადაეწვათ. ეს არ გაუჭირდებოდა ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელ რაზმს, მაგრამ, საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ოჯახის ნათესავი ქალსუ დადეშქელიანი და გელოვანების სახლ-კარი გადარჩა. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დესპინე გელოვანი კულტურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მშრომელთა მასების გათვითცნობიერების მიზნით ხალხში გავიდა და თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო სოფლებში: ცაგერში, ლაილაშასა და ლაჯინურში. დგამდა რევოლუციური ხასიათის სპექტაკლებს, რომელიც აღვივებდა ხალხში ბრძოლის სურვილსა და მომავლის რწმენას. ამ დადგმებით შემოსული თანხა ეგზავნებოდა ქუთაისის ციხის პოლიტიურ პატიმრებს გვირაბის გასაყვანად. აქედან გამოქცეულ რევოლუციონერებს თავშესაფარს აძლევდა და მატრიალურ დახმარებას დესპინე გელოვანი უწევდა. ხალიხსათვის თავდადებულ, გაჭირვებული გლეხკაცობის ქომაგს, მათი ბავშვებისათვის თავის სახლში სოლა ჰქონდა გამართული, სადაც წერა-კითხვას ასწავლიდა უსასყიდლოდ. ძველი თაობიდან თუ ვინმე წერა-კითხვის მცოდნენი ვართ, დესპინეს წყალობით, ამბობდნენ მეზობლები და დასძენდნენ, რომ დესპინე თავის სოფელში სოფლის მეურნეობის განვითარებისათვსი ზრუნავდა. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მეაბრეშუმეობით. მეაბრეშუმეობის არტელის დაარსებაც კი განიზრახა, რომ სიახლე შეეტანა ქალების ერთფეროვან ცხოვრებაში. დესპინე გელოვანი თავგადადებული მამიდა იყო ძმისწულებისათვის. იგი არა მარტო წერა-კითხვას ასწავლიდა, არამედ ხელმძღვანელობდა მათ საერთო განათლებას, ზნეობრივ აღზრდას და ისინიც – სამი და და სამი ძმა, მამიდას უადლოდნენ მამულიშვილებად ჩამოყალიბებას. უმცროს ძმისწულს, ანდრო გელოვანს, ფართო განათლებისა და დახვეწილი კულტურის იურისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვეი რესპუბლიკის მოსახლეობაში თავისი პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობით. მანვე იზრუნა და დიდი ამაგი დასდო მამიდის ხსოვნას, როცა მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მასალების შეკრებას შეუდგა. ფურცელ-ფურცელ მისხალ-მისხალ ეძებდა იგი მწერალი ქალის ავტოგრაფებს. მისი შემოქმედების შეგროვება არც ისე იოლი აღმოჩნდა. ამიტომ წლები დასჭირდა იმ მემკვიდრეობის მიკვლევას, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ქართული ლიტერატურის დიდი მოჭირნახულე სოლომონ ცაიშვილი. ის პირველი კაცი იყო, რომელმაც შეაღო ანდრო გელოვანის ოჯახის კარი და სურვილი გამოთქვა, დახმარებოდა დესპინე გელოვანის ლიტერატურული მემკვიდრეობის შეგროვებასა და გამოცემაში. სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა ანდრო გელოვანი, მაგრამ დარდად არ გაჰყოლია მამიდისადმი – დესპინე გელოვანისადმი მიცემული პირობა – შენს ნაწერებს მე ვუპატრონებო და მართლაც, დეპინე თავის სიცოცხლეშივე ეღირსა ენახა, ერთად შეკრული, წიგნად გამოცემული რომანი „შორეული ლანდები“, სოლომონ ცაიშვილის წინასიტყვაობით. გვაინტერესებდა მიგვეკვლია დესპინე გელოვანთან დაახლოებულ იმ ადაიანებთან და მწერლებთან, რომლებიც მის გარემოში ტრიალებდნენ, მასთან ოჯახში დადიოდნენ, მეგობრობდნენ... სამწუხაროდ, ასეთებს ვერავის მივაკვლიეთ, მხოლოდ აწ განსვენებული ანდრო გელოვანის მეუღლემ ქალბატონმა მაკა გელოვანმა, ზოგი რამ მიმანიშნა. „როგორც მეუღლისაგან მსმენია, მათი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო განათლებული მწიგნო არი იასონ ბაქრაძე, რომელთანაც ცუცუნიას – ასე ვეძახდით დესპინეს შინაურები – საუბარი უყვარდაო, მეორე ჩვენი ინტელიგენციიდან, მათთან ხშირად დადიოდა მწერალი ქალი ნინო ტყეშელაშვილი. მას ბევრი რამ უნდა ჰქონოდა საერთო დესპინე გელოვანთან, როგორც დემოკრატს, სულით შეუდრეკელსა და მებრძოლ ქალს. ნინო ტყეშელაშვილს რუსეთში ჰქონდა დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი, საოცარი მეხსიერების, დიდად ერუდირებული ქალი, კარგად იცნობდა რუსულ ლიტერატურასა და რუსეთის დემოკრატ-რევოლუციონერთა მოღვაწეობას. მგზნებარე შემოქმედი ქალის ნაწერებს ადრევე გაეცნო საზოგადოება. აქებდნენ, დროულად პასუხობს ჩვენს ეპოქაოს. ამიტომ სრულიად გასაგებად მეჩვენება დესპინეს მეგობრობა და სიახლვოე მასთან“. ისე, როგორც ვხედავთ, ბანოვანი დამოუკიდებლად გაიზარდა ქართული ლიტერატურის ტრადიციებზე და ფართო განათლებაც მიიღო, რაც კარგად გამოჩნდა მის მხატვრულ ტილოებში. ძალდაუტანებელი კალამი, გამართული ქართული, მხატვრული ენა, მის ნაწარმოებებს თავიდან ბოლომდე საინტერესო საკითხავს ხდის. დესპინე გელოვანმა, როგორც აღვნიშნეთ, პირველად წერა კორესპონდენციებით დაიწყო. შემდეგ ხელი მიჰყო საინტერესო ეთნოგრაფიული ხასიათის ნარკვევებს, მერე მხატვრული ნოველების შექმნაზე გადავიდა. სულ მალე პატარ-პატარა მოთხრობებიც დაწერა. ასეთებია: „ისრაელის ასულმა გაიმარჯვა“, „ვეღარ ეგუა სული ჩემი“, „ლეგენდა“, „პირველყოფილი ქალი და კაცი“ და სხვ. და ბოლოს, ფართოდ გაიხმიანა დესპინეს სახელმა, როდესაც 1926-27 წლებში ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა მისი რომანი „სამართალს სისხლით იღებენ“. ამ რომანში იგი ავლენს არა მხოლოდ ცოდნას, გამოცდილებას, არამედ, რაც მთავარია ბელეტრისტულ მოწიფულობას. თავისთავად ცხადია, მწერალმა ქალმა მაშინვე მიიქცი მკითხველი საზოგადოების ყურადღება. საყურადღებოა, რომ მას კმაყოფილებით გამოეხმაურა ჩვენი შემქმედი ქალების მეგობარი, ცნობილი რუსი მწერალი ოლგა ფორში. იგი ჟურნალ „ზვეზდაში“ წერდა: „ბანოვანის რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“ ღრმად ასახავს სვანეთის ყოფა-ცხოვრებას და წარმოადგენს ჭეშმარიტ საინტრესო მხატვრულ ნაწარმოებს“. რომანს საფუძვლად უდევს მძაფრი კონფლიქტი, რომელიც ძველი სვანეთის, ბნელი ადათების, მათი ჩვეულების ნამდვილი ცოცხალი სურათია. რომანის მთავარ მოქმედ გმირებს ბადიგერსა და სირინოზს სპეტაკი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი. მწერალი თაიდანვე აჩვევს მკითხველს, რომ ისინი უნდა დაიღუპონ, რადგან მთიელთა ადათ-წესების წინააღმდეგ ჯვარის აწერის გარეშე ერთდებიან. მთიელებს არ შეუძლიათ პატივი სცენ ქორწინების გარეშე შეერთებულ შეყვარებას. ბადიგარერის სახელი და ვაჟკაცობა შელახულია, რაც აშორებს თემს. ამავე დროს წინ ეღობება სვანთა ბატონი, რომელსაც სირინოზისადმი ავხორცი ზრახვები ამოძრავბს. ამიტომ თავის რაყიფს ბოქაულთან აბეზღებს და უბედურ ბადიგერს, როგორც პოლიტიკურ დამნაშავს, ციმბირში ასახლებენ. სირინოზი კი მდინარეში იხრჩობს თავს. თითქოს აქ უნდა დამთავრებულიყო რომანის სიუჟეტი, მაგრამ მწერალს ბადიგერის სახე აინტერესებს და გვიხატავს მას სვანეთსა და ლეჩხუმს შორის მომხდარ პოლიტიკურ სიტუაციებში, როცა 1917 წლის რევოლუციამ სვანეთამდეც მოაღწია და მთამაც იგრძნო ახალი სიო, ახალი ძალა და გამოცოცხლება. ბადიგერი უ ბრუნდება მშობლიურ უთხეს, როგორც ახალი თაობის თავკაცი, იბრძვის ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ეწევა ახალი ცხოვრების გამაჯვებისათვის აგიტაციას, მაგრამ კარგად ხედავს და გრძნობს, რომ ყოველივე ამას სჭირდება ცოდნა და გამოცდილება, რაც მას არა აქვს და იცის, ასეთ კაცს ხალხი არ გაჰყვება. სამწუხაროდ, მრჩეველიც არავინ ჰყავს. ამიტომ შურისძიებაზე გადადის. ეს იყო მენსევიკების ბატონობის წლები, დაბნეულობის წლები, როცა საკითხი იდგა ვინ ვის? გამკითხავი კი არავინ იყო. დესპინე გელოვანის რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“ 20-იანი წლების ერთ-ერთი საინტერესო ნაწარმოებია. სტილით, წერის მანერით, სიუჯეტური კონსტრუქციით იგი მიხეილ ჯავახიშვილის, პ. კაკაბაძის, ფუცუ დგებუაძის ფართოდ გაშლილ ტილოებს გვაგონებს, რომელიც ახლოა ხალხის ცხოვრებასთან, მის ჭირსა და ვარამთან, ხალხის ცხოვრებისეულ პრობელმებთან. ცხადია, გვაკვირვებს, რომ სისტემატიურ განათლებას მოკლებულმა ქალმა ცოდნის ამ დონემდე მიაღწია და ასეთი მატვრული ნააწროებები შექმნა. ისიც იშვიათია, რომ ასეთი ლამაზი სულისა და გარეგნობის ქალს პირადი ცხოვრება დაევიწყებნა ხალხისა და მამულის სამსაურად. ნუთუ სურვილი არასოდეს დაბადებია ოჯახის შექმნის, შვილების აღზრდის? ხომ ვიცით, როგორი თავდადებული აღმზრდელი იყო ძისშვილებისა და განა დედური გრძნობა მეტი არ ექნებოდა, მაგრამ მაინც სამშობლოს ინტერესებს შესწირა ცხოვრება, სამშობლო იყო მის ფიქრი და აზრი. ამაზე უთქვამს დიდ ვაჟას: „ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადაო“. ასეთი ქალების შესახებ ილიაც ხომ ასე ამბობს: „დედობა, ცოლობა და დობა, დიდი საქმე არ არის, ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი – გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობააო“!. დიდი ილიას ეს სიტყვები პირდაპირ ესადაგება დესპინე გელოვანის უმწიკვლო ცხოვრებასა და შემოქემდებით მოღვაწეობას. აღფრთოვანებით შეხვდა მწერალი თვითმპყრობელობის დამხობას, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას, ახალი ცხოვრების სინამდვილეს, მაგრამ, ვაგლახ, ის ამ დროისათვის უკვე ჯანმრთელობაშერყეული იყო. მისი ნააზრევი მისუსტებული ხელის თითებს ვეღარ გადაჰქონდა ქაღალდზე და ისე გარდაიცვალა, დაუმთავრებელი დარჩა ორი კარი რომანისა „შორეული ლანდები“, რომელიც გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“, გამოსცა 1960 წელს, მწერალი ქალის გარდაცვალების ხუთი წლის შემდეგ. ეს რომანი ისევე, როგორც პირველი რომანი მისი შემოქმედების აპოგეა იყო, რომელიც სვანეთ-ლეჩხუმის ცხოვრებას ეხება მასში ერთმანეთთან არის დაპირისპირებული ძველი გადმონაშთი ადათ-წესები ფეოდალური ყოფისა და ბრძოლა ახალი, სამართლიანი ცხოვრებისათვის. ეს იყო და ეს, მისი უკანასკნელი წიგნი. „შორეული ლანდები“, როგორც თვითონ ნაწრამოების სათაური მიგვანიშნებს, ჩვნეი ქვეყნის შორეულ წარსულს ეხება, სახელდობრ მე-17 საუკუნის საქართველოს ერთ კუთხეს, ამ წიგნზე ათეული წლები მუშაობდა ბელეტრისტი ქალი. რომანი აქტუალურია, რამდენადაც მასში შემოიყვანა ხალხი და იგი მთავარი ღერძია ამ ნაწარმოების, ეს იმ დროს, როცა მწერლობაში ყველა მწერალი თავს არიდებდა ამ საკითხზე წერას. რომანში ისტორიის წამყვაი ძალა ხალხია და არა მეფე, ფეოდალი ან მთავარი, ეს არის მწერლის ძირითადი კონცეფცია. ეს უკვე თავისთავად სიახლე იყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწერალმა ქალმა კარგად გაართვა თავი ამ ფრიად მნიშვნელოვან პრობლემას და ნაწარმოების ფინალი ხალხის გამარჯვებით დაამთავრა. დესპინე გელოვანი რომანში „შორეული ლანდები“ დაუნდობლად აკრიტიკებს ფეოდალურ საზოგადოებას, ქვეყნის დაქსაქსულობასა და თავადაზნაურობსი თავგასულობას, მათ ფუქსავატ, უშინაარსო ცხოვრებას. მწერალი ხედავს, როგორ იტანჯება განათლებას მოკლებული, ცრუმორწმუნოების ტყვეობაში მყოფი ხალხი და ყველაფერს ისე გადმოსცემს ავტორი, როგორც საკუთარ ტანჯვა და ამით მკითხველი მძაფრ განცდებში შეჰყავს. მწერალი მშვენიერი მხატვრული ფერებით ხატავს ფეოდალური კარჩაკეტილობის წრეგადასულ უსამართლობას, რომელიც იწვევს ბრძოლებს, შეტაკებებს, მასობრივ სტიქიურ გამოსვლებს. „ძველი და ახალი ბატონი მაინც ბატონია“, – უჩივიან ბედს ონიანები, გორდეზიანები, მახარობლიძეები. „დადიანის უკუღმართობას ისევ ბატონი გელოვანი სჯობია“, – შესჩივის ერთი გლეხი მეორე გლეხს, თავის ბედში მყოფ მეგობარს და მათ შორის ასეთი დიალოგი იმართება: – ეჰ, ჩემო ძმაო, ღმერთი არც ერთსა ჰყავს და არც მეორეს და ჩვენ რომ რაიმეს გვკითხავდნენ, არც ერთი გვირჩევნია და არც მეორე!!! – რატომ?! – იმიტომ, რომ ბატონი ყველა ბატონია, – პასუხობს ის და გვაგონდება დიდი ილიას გლეხის, ზაქროს ჩივილი: „ბატონიშვილიკარგი არ არის, ავი რა იყოსო“. – აბა, სულ უთავოდ და უუფროსოდ ტყეში ნადირებიც არ არიან, ჰაერში – ფრინველები და ადამიანს აღარ გვინდა წესრიგი და რიგის მოთავე?! – ჰოდა, ბოლოს თავიც იმ მოთავეების იქნება და ფეხებიც. ჩვენ კი აღარც თავი შეგვრჩება და აღარც ფეხებიო“. ავტორი, როგორც ვხედავთ, კარგად იცნობს, როგორც გლეხის, ისე ფეოდალების ცხოვრებას, მათ ფსიქოლოგიას. შექმნილ მდგომარეობას გლეხი მიჰყავს იმ შეგნებამდე, რომ დუხჭირი ცხოვრებსი მოსაცილებლად საჭიროა ბრძოლა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ ან რა გზით მიაღწიოს მიზანს. ეს კარგად ესმის მწერალ ქალს და დამაჯერებლად ხატავს თავის ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ, მდგომარეობას შეგუებულ გლეხს. მწერალი თვითონ ფეოდალური წრიდან არის, მაგრამ კარგად იცნობს, ერთი მხრივ, თავად-აზნაურობისა და ეკლესიის მსახურთა, ხოლო, მეორე მხრივ, გლეხების ცხოვრებას და მათ დაპირისპირებულ ბრძოლაში მთელი სიმპათიით ხალხის მხარეზეა, მისი აზრით, ხალხია შემოქმედი ეროვნული ზნეობის, მატრიალური დოვლათისა და კულტურის, სწორედ მათშია მაღალი პატრიოტული გრძნობა, მეგობრობისა და ძმობის შეგნება. მწერალი კარგად ხედავს, როგორ ბორკავს ხალხის თავისუფლებას არა მხოლოდ ფეოდალურ-გვაროვნული ცხოვრება, არამედ კუთხური ჩამორჩენილობა, დაქსაქსულობა და სამთავროების კინკლაობა, ჭიდილი ფეოდალებს შორის. ბოლოს და ბოლოს, ერთი მხრივ, ფეოდალურ-სასულიერო ბანაკსა და, მეორე მხრივ, ხალხს შორის ჭიდილში იმარჯვებს ხალხი, სიკეთე, უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებლად. ბანოვანისათვის დამახასიათებელია სწრაფვა სიკეთისაკენ, ჰუმანიზმისაკენ. ამით არის გაპირობებული, რომ ფეოდალთა ცხოვრების აღწერაში სასახლის კარის გარეგნულ ბრწყინვალებაში, შურსა და მტრობაში, ინტრიგებსა და შეურაცხყოფა-დამცირებაში მწერალი ხედავს ადამიანთა გადაგვარებას, გახრწნას, დაცემას. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ისედაც განადგურებული, დაძაბუნებული ქვეყანა კიდევ უფრო სუსტდება. – აი, მწერლის გულისტკივილი, რაც თავიდან ბოლომდე გასდევს მის შემოქმედებას. რომანის სიუჟეტს მაღალზნეობრივ სინატიფეს მატებს მთავარი გმირის, უმაღლესი ფეოდალური წრიდან გამოსული მზია გურიელის სახე. იგი უკეთეილშობილესი, მაღალი კულტურისა და დიდი შემართების ქალი, სპეტაკი და უანგარო, პირადულზე ამაღლებული, მშრომელი ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველი, მწერლის იდეალია. შვილისთვის თავდადებული მზია გურიელი მრავალ ტანჯვასა და გაჭირვებას იტანს, რომ დაღუპვას გადაარჩინოს იგი. ამაყობს, რომ შეუნარჩუნა გელოვანების გვარს მემკვიდრე საგვარეულოს გადასარჩენად. მას, ყოველთვის ხმალშემართულს, ცხენზე ამხედრებულს ბევრჯერ დაუმარცხებია მოსისხლე მტერი და ამ გამუდმებულ ბრძოლებში თანდათან იფერფლება მის სილამაზე და ფიზიკური ენერგია, რასაც მწვავედ განიცდის თავადის ამაყი ასული. დიდებულია ნაწარმოების ფინალი, როცა განადგურებული, გადაშენებული გელოვანების საგვარეულო სასახლეში კვლავ ფეხს იკიდებს ახალი ცხოვრება. სიცოცხლე გრძელდება!.. ციხის ქონგურებზე ამაყად მდგარი თავადის ასული მზია გელოვანი დამშვიდებით გაჰყურებს ლეჩხუმისა და სვანეთის მთებს და შორეული ლანდების ზმანებით იოკებს გარდასულ დღეთა მოგონებებს. როცა ამ რომანს ვკითხულობთ, გვიკვირს მაღალი წრიდან გამოსული მწერალი ქალის, დესპინე გელოვანის მაღალმხატვრული გემოვნებისა და შემოქმედებითი დიაპაზონის სისრულე – ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა, არაკლასიური განათლების მქონემ, შეძლო სოციალურ თემაზე შეექმნა ისეთი სერიოზული მაღალმხატვრული ნაწარმოები, როგორიც არის „შორეული ლანდები“ და ვფიქრობთ, ეს წიგნი დღესაც ისეთი აქტუალურია და საინტერესოდ იკითხება, როგორც პირველი გამოსვლის დროს, რამეთუ ჩვენი ერის ისტორიის ერთი ფურცელი ძალიან ნათლად არის წარმოდგენილი და მას უნდა იცნობდეს ყველა ქართველი. როგორც აღვნიშნეთ, რომანი იკითხება საოცარი ინტერესით, ცოცხლად, დინამიურად, ოვლენების ერთიმეორეს მონაცვლეობით, მაგრამ მწერალს არსად ღალატობს ზომიერების გრძნობა. და ასმ აღწევს იმით, რომ კარგად იცნობს თავის მხარეს, მის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, შესანიშნავად ხლართავს ნაწარმოებში ხალხური სიბრძნის მარგალიტებსა და პოეზიას. დასასრულს უნდა დავძინოთ, რომ დასახელებული რომანის გამოცემა აუცილებლად მიგვაჩნია. იგი ჩვენს ახალგაზრდობას გააცნობს საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო კუთხის მდიდარ ისტორიას, ზნეობასა და ადათ-წესებს, ხელს შეუწყობს მათ პატრიოტულ აღზრდას.
წყარო: ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990