თორნიკე გეგეშიძე (1877-1941)
თორნიკე ზურაბის ძე გეგეშიძე ეკუთვნოდა იმ ჯგუფს, რომლებიც უმთავრესად ცნობილი იყვნენ პრაქტიკოს მასწვლებლებად, მაგრამ ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართულსა და რუსულ პრესაში, აგრეთვე საბავშვო ჟურნალებში.
თორნიკე გეგეშიძე დაიბადა 1877 წელს სოფელ ქვემო დიმში. 1888 წელს იგი მიაბარეს სოფელ ობჩის სკოლაში.
1890 წელს პატარა თორნიკემ დაამთავრა ობჩის ერთკლასიანი სამინისტრო სასწავლებლის კურსი.
1890 წლის სექტემბერში იგი ზესტაფონის (ყვირილის) ნორმალურ ორკლასიან სასწავლებელში მიიღეს. ეს სასწავლებელი თორნიკემ 1893 წელს დაასრულა, იმავე წელს ჩააბარა გამოცდები ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის კურსიც დაამთავრა 1897 წელს და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება.
სემინარიაში სწავლის წლებს თორნიკე გეგეშიძე მაინცდამაინც კმაყოფილებით არ იგონებდა, რადგან იქ სასტიკი რეჟიმი იყო გამეფებული და მოსწავლეთა თვითმოქმედებას და საკუთარ ინიციატივას ფრთები ჰქონდა მოკვეცილი.
1897 წელს თორნიკე გეგეშიძემ მასწავლებლობა დაიწყო შორაპნის მაზრის კიცხის ორკლასიან სამინისტრო სკოლაში, მაგრამ მალე, შტატის შემცირების გამო, გადაიყვანეს რაჭაში, პატარა ონის ორკლასიან სასწავლებელში.
ჩვენი პრაქტიკოსი სახალხო მასწავლებლები არა მარტო იმისათვის ზრუნავდნენ, რომ ბავშვებისათვის წერა-კითხვა ესწავლებინათ და შეძლებისდაგვარად საფუძვლიანი ცოდნა მიეცათ, არამედ ღრმად იყვნენ დაინტერესებულნი სოფლის მოსახლეობისთვისაც ეჩვენებინათ პრაქტიკული გზა მეურნეობის გაუმჯობესებისა, ასწავლიდნენ აბრეშუმის ჭიისა და ვაზის მოვლა-დაცვის წესებს, გამოდიოდნენ სარწყავი არხების გაყვანის ინიციატორებად, მოსწავლე გოგონებს აჩვევდნენ ხელსაქმეს და ასწავლიდნენ ჭრა-კერვას, ქარგვასა და სხვ.
1898 წლიდან თორნიკე გეგეშიძე დაინიშნა სვირის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ-ზედამხედველად. მისი მასწავლებლობის პერიოდში სკოლის მუშაობა საგრძნობლად დაუმჯობესდა. სხვათა შორის, სკოლსი ფართობზე გაშენებულ იქნა ვაზი, აგრეთვე ხეხილის ბაღი (ნერგები და თესლი მიღეს თბილისის ბოტანიკური ბაღიდან). კარგი მოვლის შედეგად ვენახი და ხეხილი საუკეთესო მოსავალს იძლეოდა და ადგილობრივ მცხოვრებთათვისაც მისაბაძი გახდა.
1905 წლიდან თორნიკე გეგეშიძე მასწავლებლობდა მშობლიურ სოფელ ქვემო დიმის ორკლასიან სასწავლებელში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში, ავრცელებდა მეფის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ არალეგალურ ლიტერატურას, ეხმარებოდა რევოლუციონერებს, ინახავდა მათთვის იარაღს და სხვა. თორნიკე სკოლაში რამდენჯერმე გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი უნახეს და ამის გამო დაპატიმრებას გადაურჩა. ქვემო დიმში მასწავლებლობის დროს თორნიკე გეგეშიძის ინიციატივით გაიხსნა პირველი სამკითხველო, დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა, აღიძრა საკითხი დიმ-კორითის სარწყავი არხის გაყვანის შესახებ, მაგრამ ბიუროკრატიუილ მმართლობის გამო ამ წამოწყებას მაშინ განხორციელება არ ღირსებია.
შემდეგში თორნიკე გეგეშიძე მასწავლებლობდა ბაღდადის უმაღლეს-დაწყებით სასწავლებლებში, ქუთაისის მეორე და მეხუთე საშუალო სკოლებში, უკანასკნელ ხანს ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას.
თორნიკე გეგეშიძე გარდაიცვალა 1941 წელს.
თორნიკე გეგეშიძე, როგორც ადგილობრივი ქართული და რუსული გაზეთების აქტიური კორესპონდენტი, თავის წერილებში უმთავრესად ეხება სასკოლო ცხოვრებას, მცხოვრებთა მავნე ადათ-ჩვეულებებს, ბიუროკრატ მმართველთა უკანონო მოქმედებასა და სხვ.
სოფლად ბიბლიოთეკა-სამკითხველოების გახსნისა და მათი რიგიანად მოწყობის საქმეს თორნიკე გეგეშიძე მრავალ კორესპონდენციაში ეხება, რადგანაც ბიბლიოთეკა მას მიაჩნდა მცხოვრებთა შორის ცოდნის გავრცელებისა და წიგნისადმი სიყვარულის დანერგვის მნიშვნელოვან კერად.
თორნიკე გეგეშიძეს გულწრფელად ახარებდა მოსწავლეთა წარმატება. იგი მათდამი გულისხმიერებას იჩენდა არა მარტო გაკვეთილებზე, არამედ ყოველმხრივ უწყობდა ხელს სკოლაში სხვადასხვა წრის ჩამოყალიბებასა და ლიტერატურულ დილა-საღამოების მოწყობას.
მაგრამ ყოველთვის მშვიდობიან პირობებში როდი უხდებოდათ მუშაობა სახალხო მასწავლებლებს. ხშირად მეფის მოხელეები თავგასულად იქცეოდნენ და სკოლსი ნორმალურ ცხოვრებას არღვევდნენ. 1902 წლის „კავკაზის” ერთ-ერთ ნომერში თორნიკე გეგეშიძე წერდა: „28 ივლისს სვირში ადგილი ჰქონდა უცნაურ შემთხვევას: სოფლის მამასახლისმა ჯუღელმა თვითნებურად გატეხა ადგილობრივი ორკლასიანი სასწავლებლის კარები და შიგ შეუშვა უცნობი პირები, რომლებმაც გამართეს წარმოდგენა. მამასახლისი არ მოერიდა არც იმას, რომ სკოლის კარები დაკეტილი იყო და თვითინებურად მისი გაღების უფლება არ ჰქონდა, არც იმას, რომ სკოლაში აკრძალულია გარეშეთათვის წარმოდგენების გამართვა. წარმოდგენა დამთავრდა ღამის 12 საათზე, რის შემდეგ ყველა წავიდა და სკოლაში კი დატოვეს გაჩანაგებისა და რბევის კვალი. დროა ბოლო მოეღოს მამასახლისის ასეთ მხეცურ მოქმედებას”, – აღშფოთებით აღნიშნავდა კორესპონდენციის ავტორი.
თორნიკე გეგეშიძე 44 წელიწადს მასწავლებლობდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრ მოსწავლეს შეაყვარა სამშობლო და გაუღვიძა ხალხისადმი სამსახურის გულწრფელი სურვილი. ამიტომ იყო, რომ მას, როგორც ენერგიულ სახალხო მასწავლებელს, საზოგადოება დიდი პატივისცემით ეპყრობოდა.