გიორგი გეგელაშვილი (1880-1955)
გიორგი პეტრეს ძე გეგელაშვილი დაიბადა 1880 წლის 1 (13) სექტემბეერს ქ. ქუთაისში, საოლქო სასამართლოს მოხელის ოჯახში. 1890 წელს იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. 1898 წელს გიმნაზიის კურსი მან ოქროს მედალზე დაამთავრა და გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება. კერძო გაკვეთილებიდან შეგროვილი სახსრებით იმავე წელს გაემგზავრა რუსეთში, ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და როგორც მედალოსანს სტიპენდიაც დაენიშნა.
1899 წელს სტუდენტთა მღელვარებაში აქტიური მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხული გიორგი გეგელაშვილი დროებით დაბრუნდა ქუთაისში, სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამავე დროს განაგრძობდა კერძო მასწავლებლობას, რითაც იგი მრავალწევრიან ოჯახს ეხმარებოდა. როცა მას მოუვიდა სტუდენტის უფლებებში აღდგენის ოფიციალური დოკუმენტი, იგი საკუთარი შრომით დაგროვილი სახსრებით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში და უნივერსიტეტში ლექციებს ისმენდა.
უნივერსიტეტის კურსის დასრულების შემდეგ, 1910 წელს, გიორგი გეგელაშვილი მიიწვიეს მასწავლებლად ა. ს. ჩერნიაევის ზოგადსაგანმანათლებლო კურსებზე, რომელიც პეტეტრბურგში 1902 წლიდან არსებობდა და გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროისათვის, როგორც განსაკუთრებული ტიპის სასწავლებელს.
გიორგი გეგელაშვილმა, როგორც კარგად მომზადებულმა ახალგაზრდა პედაგოგმა და დახელოვნებულმა მასწავლებელმა, საკმაო ავტორიტეტი, სახელი და პატივისცემა მოიხვეჭა სასწავლებელში. იგი იმავე საგნების ლექტორად შეთავსებით მიიწვიეს ლუტუგინის სახელობის მუშათა უნივერსიტეტშიც.
1914 წელს გიორგი გეგელაშვილი მიიწვიეს ა. ს. ჩერნიაევის სახელობის პეტერბურგის რეალურ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად. იგი აქაც მისთვის ჩვეული ენერგითა და გადაცემის ვირტუოზული მეთოდებით განაგრძობდა სწავლებას, რასაც ზედ ერთვოდა მაღალი ზნეობრივ-აღმზრდელობითი მუშაობა. ამგვარი მუყაითობის გამო იგი, შედარებით ახალგაზრდა, ისიც ქართველი, 1916 წელს ამავე სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ სასწავლებლის ინსპექტორად აირჩია, ხოლო 1917 წლის 10 აპრილს – სასწავლებლის დირექტორად. ეს არჩევანი სასწავლო ოლქის მზრუნველმა არ დაამტკიცა და იგი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დატოვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, 1917 წლის 15 სექტმბერს, ხელმეორედ დაინიშნა დირექტორის არჩევნები. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, რომელიც სასწავლო ოლქის სამზრუნველოს წარმომადგენლის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა, გიორგი გეგელაშვილი ხელახლა ერთხმად იქნა არჩეული სასწავლებლის დირექტორად, ამის შემდეგ დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ბრწყინვალედ ასრულებდა.
გიორგი გეგელაშვილი ოქტომრის რევოლუციას ლენინგრადში შეხვდა, რის შემდეგ აქტიურად ჩაება ახალი, საბჭოთა სკოლის მშენებლობაში. მას წილად ხვდა ყოფილიყო დირექტორი პირველი მთლიანი შრომის სკოლისა, რომელიც 1918 წლის 30 აპრილს აღმოცენდა ყოფილი რეალური სასწავლებლის ბაზაზე. როცა ა. ს. ჩერნიაევის ზოგადსაგანმანათლებლო კურსები მოზრდილთა განათლების კომუნალურ კურსებად გადაკეთდა 1918 წლის მაისიდან, გიორგი გეგელაშვილი შეთავსებით ამ კურსების გამგედაც იქნა მიწვეული. ორივე ამ სასწავლებელს იგი სანიმუშოდ და ზემიწევნიტ კეთილსინდისიერად ხელმძღვანელობდა. ამის დადასტურებაა სიყვარულითა და პატივისცემის გრძნობით აღსავსე 61 კაცისაგან ხელმოწერილი გამოსათხოვარი ადრესი, რომელიც კურსების თანამშრომლებსა და მსმენელებს მიურთმევიათ მისთვის 1920 წელს, როცა მას ლენინგრადიდან სამშობლოში დაბრუნება გადაუწყვეტია.
1920-21 სასწავლო წელს გიორგი გეგელაშვილი თბილისშია, ახალგახსნილი ერთ-ერთი საშუალო სკოლის (გიმნაზიის) დირექტორად.
1922 წელს თბილისის სკოლების რეორგანიზაციის შემდეგ გიორგი გეგელაშვილი დაინიშნა მე-4 და მე-12 ტექნიკუმებში მათემატიკის მასწავლებლად. 1923 წელს იგი დანიშნეს მე-12 ტექნიკუმის გამგედ. 1924 წელს, ჰუმანიტარული ტექნიკუმების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, იგი გადაყვაინლ იქნა თბილისის მოზრდილთა საღამოს პირველი ტექნიკუმის გამგედ. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო 1930 წლის 13 სექტემბრამდე, მისი უმაღლეს სასწავლებელში გადაყვანამდე.
ამ ხნის მანძილზე მან თავის თანამოსამსახურეებსა და მსმენელებში იმდენად დიდი პატივისცემა, სიყვარული და ავტორიტეტი დაიმსახურა სწორი, ადამიანური, მაღალზნეობრივი აღმზრდელობითი და გონივრული ხელმძღვანელობით, რომ ტექნიკუმიდან მისმა წასვლამ ყველას გული დასწყვიტა. ეს გულწრფელი განწყობილება მკაფიოდ არის გამოხატული იმ ადრესში, რომელიც ამ შემთხვევის გამო მიურთმევიათ მისთვის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
გიორგი გეგელაშვილი, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, 1929-30 სასწავლო წელს ლექტორად მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ინდუსტრიულ ინსტიტუტში.
1930-31 სასწავლო წელს იგი მუშაობდა სამთო და ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში დოცენტის თანამდებობაზე. 1931-32 სასწავლო წელს ლექციებს კითხულობად სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში, ხოლო 1933 წლიდან მიიწვიეს კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად. ამ ინსტიტუტში მან 25 წელიწადი დაჰყო და ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა.
გიორგი გეგელაშვილის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოებიდან და მეთოდური წერილების სერიიდან შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე დაბეჭდილი და დაუბეჭდავი ნაშრომი: „ანალიტიკური გეომეტრია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისა და თვითგანვითარებისათვის”, ნაწ. I; ვ. ი. სმირნოვის „უმაღლესი მათემატიკის კურსის” II ტომის თარგმანი; პროფ. აბოლნიკის „ლოგარითმული ცხრილების” ქართული თარგმანი; „მათემატიკური გეოგრაფია საშუალო სკოლებისა და თვითგანვითარებისათვის”. მასვე ეკუთვნის მეთოდური წერილების სერია: „წერითი ნამუშევრების გასწორება მათემატიკაში”, „სტუდენტთა მუშაობა სამეცნიერო-ტექნიკურ წრეებში”, „ლოგარითმული ცხრილი და მისი მნიშვნელობა სტუდენტებისათვის”, „უმაღლესი მათემატიკის კურსი სგავლა უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში”, „მათემატიკა საინჟინრო დისციპლინის სამსახურში” და სხვ.
გიორგი გეგელაშვილი არ იზიარებს ზოგიერთების მოსაზრებას, თითქოს მზა ფორმულებზე დამყარებული დისციპლინები ადამიანს არ ავითარებდეს. მათემატიკა, – აღნიშნავს იგი, – იყენებს მზა ფორმულებს, მაგრამ მათ შესწავლასა და ჩამოყალიბებაში ადმაიანი ყოველმხრივ იზრდება და გონებაგახსნილი ხდება. რაც შეეხება მომთხოვნელობას, აქაც ერთგვარი გარკვეული ფარგლები უნდა არსებობდეს, გადაჭარბებსა და ზედმეტ სიმკაცრეს ის ვერ ურიგდებოდა.
გიორგი გეგელაშვილი გარდაიცვალა 1955 წლის 7 ოქტომბერს ქ. თბილისში, 75 წლის ასაკში, მაგრამ ჯერ კიდევ შრომისუნარიანი და მრავალი კეთილი სურვილით სავსე. დაკრძალულია ვაკის ახალ სასაფლაოზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, როგორც პედაოგიგს, აღმზრდელი მასწავლებლისა და მოქალაქისა, მისაბაძ მაგალითად დარჩება საქართველოს სახალხო განათლების ისტორიაში.