ალექსანდრე გარსევანიშვილი (1864-1936)
ალექსანდრე გარსევანიშვილი ეკუთვნის გორის ხალხოსან მოღვაწეთა იმ პლეადას, რომლის წევრთა უმრავლესობამ შესამჩნევი კვალი დააჩნია საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებსი ისტორიასა და ქართულ ლიტერატურას.
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი დაიბადა 1864 წელს ქ. გორში. ქართული წერა-კითხვა მშობლებმა ასწავლეს პატარა სანდროს, რომელმაც დაწყებით სკოლაში ბეჯითობა და სწავლისადმი ცხოველი ინტერესი გამოიჩინა; 1876 წელს ის შედის თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის კურსიც 1883 წელს დაასრულა. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ის საშუალო განათლებას დედაქალაქში ღებულობდა და პანსიონშიც ცხოვრობდა, მაინც მჭიდრო კავსირი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი გორის საოსტატო სემინარიის მოსწავლეებთან და სხვა რევოლუციურ და ხალხოსნურ ჯგუფებთან; ამ ჯგუფთა წევრებიდან მასზე ძალზე დიდსა და წარუხოცელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ცნობილი ხალხოსანი მასწავლებელი მიშო (მიხეილ ქაიხოსროს ძე) ყიფიანი და სემინარიის მაშინდელი მოსწავლე ლუკა რაზიკაშვილი (შემდეგში ვაჟა-ფშაველა).
ალექსანდრე გარსევანიშვილი თვითონვე აღნიშნავს ერთ თავის მოგონებაში, რომ „მიშო ყიფიანის სათნოიანმა ხასიათმა და განსაკუთრებით მოსწავლეებისადმი ჰუმანურმა მიდგომამ მალე მიიზიდა ახალი თაობა. ყველა ჩვენთაგანი აშკარად ხედავდა, რომ ეს ახალგაზრდა მასწავლებელი პროგრესული მიმართულების ადამიანია... ყოველი აზრი მიშო ყიფიანისა ჩვენ ნამდვილ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა”.1 ალექსანდრე გარსევაიშვილი იქვე აღნიშნავს მიხეილ ყიფიანის როლს ახალი თაობის პოლიტიკურად გათვითცნობიერების სფეროში, რომ მან ნელ-ნელა კრიტიკას მიაჩვია ახალგაზრდები, რომელთაგან პირველად გოლა ჩიტაძემ და ლუკა რაზიკაშვილმა გაბედეს წრეში კრიტიკით გამოსვლა. მათი შენიშვნები ხშირად საფუძვლიანი იყო და ჩვენც ნელ-ნელა ვერკვეოდით სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებშიო, – დასძენს იგი. „ერთი სიტყვით, – წერს ალექსანდრე გარსევანიშვილი, – მიშო ყიფიანმა ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომელმაც ჩვენი განვითარება რამდენიმე ნაბიჯით წინ წასწია”.2
80-იან წლებში გაძლიერებულმა რეაქციამ გორის ამ მოწინავე ახალგაზრდობას ეს საყვარელი და ღირსეუილ ხელმძღვანელი არ შეარჩინა, 1883 წლის 4 მარტს მეფის ჯალათებმა ის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.
მართალია, მიშო ყიფიანის გადასახლების შემდეგ, როგორც თვითონ ალექსანდრე გარსევანიშვილი აღნიშნავს, „სურათი გამოიცვალა”, ჩქარი ტემპით მიმდინარე საზოგადოებრივი და რევოლუციური მოძრაობა, რასაც ქალაქში დიდი სიცხოველე შეჰქონდა, რამდენადმე მოდუნდა, „ზოგიც სულით დაეცა და კეთილი მომავლის იმედი სავსებით დაჰკარგა”, მაგრამ გორი, იმ დროის სხვა სამაზრო ქალაქებთან შედარებით, „მდიდარი იყო ინტელიგენტური ძალებით”. აქ მოქმედებდნენ ხალხოსნური მიმართულების უკეთესი წარმომადგენელნი. ასეთები იყვნენ: ნიკო ურბნელი (ხიზანიშვილი), შიო დავითაშვილი, ნატონ ფურცელაძე, ექიმი ქაიხოსრო ფურცელაძე, მიშო ყიფიანის შემდეგ ნიკო ლომოური და სოფრომ მგალობლიშვილი. ეს უკანასკნელი იყო სასულიერო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მან დააარსა „მოწაფეთა ლიტერატურული წრე” და მისი ხელმძღვანელობაც თვითონვე იკისრა”.
ეს წრე წარმოადგენდა გორის ხალხოსანთა ჯგუფის მიერ წინა წლებში ჩამოყალიბებულ „საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოების” განყოფილებას. როგორც თვითონ გარსევანიშვილი გვაცნობს, ეს ლიტერატურული წრე მიშო ყიფიანის დაპატიმრებამდე შეკრებებს თავისუფლად აწყობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს აქტი მოხდა, წრემ კონსპირაციული ხასიათი მიიღო.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდა გიმნაზიელს, ალექსანდრე გარსევანიშვილს ცხოვრება, თვითგანვითარების მიღება და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა უხდებოდა იმ დროს, როცა გორის საოსტატო სემინარიას განაგებდა დ. დ. სემიონოვი, რომელიც ხელს არ უშლიდა მოსწავლეებს ჩაბმულიყვნენ სკოლის გარეშე არსებულ წრეებში, დაკავშირებოდნენ ცნობილ ხალხოსან მოღვაწეებსა და სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეებსაც. თვით ალექსანდრე გარსევანიშვილი გვამცნობს, რომ მას, გიმნაზიელს, მჭიდრო მეგობრული კავშირი ჰქონდა დ. სემიონოვთა, რომლის პატარა ვაჟს ლათინური ენის გაკვეთილებსაც კი აძლევდა.
იმდროინდელი გორის ინტელიგენციისა და მოწინავე საზოგადოებაში შექმნილი ატმოსფეროს მოკლედ დასახატავად მოვუსმინოთ თვითონ ალექსანდრე გარსევანიშვილს. ერთ თავის გვიანდელ მოგონებაში ის წერს: „იმ დროს გორის ინელიგენციამ საერთოდ დიდი და ფასდაუდებელი აღმზრდელობითი როლი ითამაშა ახალთაობსი განვითარების პროცესში. ლიერატურული და ფარული კრებების საშუალებით ამ ინელიგენციამ ახალი ძალები აამოძრავა. მოსწავლეები დროის შესაფერი ცოდნით გაამდიდრა და ამასთანავე ცდილობდა, რომ მომავალი მოქმედების პერსპეტივებიც გაეთვალისწინებინა.
მიუხედავად ზოგიერთი დეფექტებისა, ჩვენმა ხელმძღვანელებმა თავის მიზანს მიაღწიეს: ახალგაზრდობამ შეისწავლა ქართული ენა, რომელსაც მაშინდელ სკოლებში არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. მოსწავლეებმა ხალისით დაიწყეს ქართულად წერა; წერდნენ რეფერატებს, თარგმნიდნენ ბროშურებსა და შეძლებისამებრ აშუქებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ-ლიტერატურულ საკითხებს. ყვეალ ჩვენთაგანი ცდილობა თვითმოქმედების უნარი გამოეჩინა”.3
როგორც ვხედავთ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე ალექსანდრე გარსევანიშვილი აქტიურად არის ჩაბმული გორის წრეების საქმიანობაში. 19 წლის ჭაბუკი, საკმაოდ გათვითცნობიერებული, 1883 წელს გაემგზავრა მოსკოვში. იგი იქაც საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლით იყო გატაცებუილ. სისტემატურად კითხულობდა მოხსენებებსა და რეფერატებს სტუდენტებს შორის, რითაც ხელს უწყობდა მოსკოვში მყოფი ქართველი სტუდენტების გათვითცნობიერებას.
1888 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილმა დაამთავრა მოსკოვის უნვიერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და სამშობლოში გამოეშურა. იმავე წლის 1 სექტემბრიდან ის დაინიშნა ქუთაისის ქართულ პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. აქ მან ხუთი წელიწადი დაჰყო და, როგორც პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ, გარკვეული წვლილი შეიტანა მაშინ ქუთაისში გაჩაღებულ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გარსევანიშვილი მთელი ორი წლის განმავლობაში უფასოდ ასწავლიდა რუსულ და ქართულ ლიტერატურასა და ენას იმ ხანებში ქუთაისში დაარსებულ „საკვირაო სკოლაში”, რომელშიც ჩაბმული იყვნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ღარიბი ფენის სკოლის გარეშე დარჩენილი და სასკოლო ასაკგადაცილებული ახალგაზრდა ვაჟები და ქალები. ალექსანდრე გარსევანიშვილი იყო აგრეთვე ერთი აქტიური წევრთაგანი იმ ჯგუფისა, რომლის ინიციატივითა და ღონისძიებების საშუალებით ქუთაისში ჩამოყალიბდა „ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობა”. ეს ამხანაგობა შემდეგ დიდხანს არსებობდა და მან ბევრი შესანიშნავი წიგნიც გამოსცა.
ალექსანდრე გარსევანიშვილის ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდიდან აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ჩამოყალიბებული „ქალ-ვაჟთა წრე”, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სიტყვიერებისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გარკვევას. იმ დროს, როცა საქართველოში არსებულ თითქმის ყველა სკოლაში ეს საგნები არც კი ისწავლებოდა, თვითმპყრობელობის დაგეშილი აგენტები რუსიფიკაციის სრული განხორციელებისათვის იბრძოდნენ, საქართველოში ამგვარი წრეების დაარსებას, ცხადია, დიიდ ინტერესის გამოწვევა შეეძლო; მართლაც ალექსანდრე გარსევანიშვილის ამ წრემ და მასში წაკითხულმა ლექციებმა დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. კრებები ეწყობოდა თვით გარსევაიშვილის ბინაზე კვირაობით. რა თქმა უნდა, წრის ამგვარმა საქმიანობამ ადგილობრივი პოლიციის ყურადღებაც მიიპყრო. პოლიციამ კატეგორიულად მოსთხოვა ალექსანდრე გარსევნიშვილს დაშლა იმ წრისა, სადაც რაღაც „იზმებს” სწავლობენო. ერთ-ერთმა ნაცნობმა პოლიციელმა „მეგობრულადაც” ურჩია თურმე ალექსანდრეს ამგვარი წრის დაშლა, ხოლო წრის ხელმძღვანელი და მთავარი ინიციატორი „ყოველი შემთხვევისათვის” არაკეთილსაიმედო პირთა სიაში ჩაწერა, რის შედეგადაც, სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, ალექსანდრე გარსევანიშვილმა სამიოდე ღამე გაატარა „მეგობრულად” ქუთაისის საპატიმროში. ამ გარემოების გამო ხშირად ხუმრობდა თურმე ალექსანდრე: „და ვიყავი, ვითარცა წინასწარმეტყველი იონა, ვეშაპის მუცელსა შინა სამი ღამე”.4
1892 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი გადადის თბილისის სათავადაზანურო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად. მან აქაც მისთვის ჩვეული ხალისით, ენერგიითა და პედაგოგიური ალღოთი დაიმსახურა მსოწალვეებში საყვარელი მასწავლებლისა და მეგობრებში საუკეთესო ადამიანისა და კოლეგას სახელი. ალექსანდრე გარსევანიშვილმა თბილისში გააჩაღა საზოგადოებრივი მუშაობა. ამ ხანებში თბილისში გაიხსნა რამდენიმე საკვირაო სკოლა. აქედან ერთი სკოლა ჩააბარეს ალექსანდრეს. ის იყო ამ სკოლის გამგეცა და მასწავლებელიც.
საკვირაო სკოლების ნაყოფიერება დამოკიდებული იყო სწორედ ისეთ ენთუზიასტ და საქმით გატაცებულ პატრიოტ მასწავლებელზე, როგორიც ალექსანდრე გარსევანიშვილი იყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ალექსანდრე გარსევანიშვილსი საზოგადოებრივი საქმიანობა საკვირაო სკოლით არ შემოფარგლელულა. მან ჩამოაყალიბა თბილისში აგრეთვე „მოზრდილ მოსწავლე ქალთა წრე”, სადაც სისტემატურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიიდან.
თბილისის სააზნაურო სკოლაში წარმატებით და კარგი მუშაობის შედეგად ალექსანდრე გარსევანიშვილი დაწინაურებულ იქნა. 1897 წელს ის გადაყვანილ იქნა ქუთაისში, იქ არსებული ქართული სკოლის გამგედ. როცა ეს სკოლა ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა (1898), ალექსანდრე გარსევანიშვილი იქვე იქნა დატოვებული რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად.
ალექსანდრე გარსევანიშვილმა, როგორც ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, თავისი ინიციატივითა და პასუხისმგებლობით შემოიღო, ჯერ თბილისისა და შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მუსიკის სწავლება. პირველ ხანებში, სანამ საგნის სპეციალისტს მოიწვევდნენ, თვითონვე ასწავლიდა მუსიკას სრულიად უფასოდ და ეფექტიც შესამჩნევი ჰქონდა.
ქუთაისში ხელმეორედ დაბრუნებული ალექსანდრე გარსევანიშვილი ხანგრძლივად დარჩა.
საზოგადოებრივ მუშაობაშიც ალექსანდრე კვლავინდებურად ჩაება. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქუთაისის სახალხო უნვიერსიტეტში, რომელიც 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის ნაყოფი იყო. როგორც რუსეთის სხვა დიდი საგუბერიო ქალაქები, ქუთაისიც ეღირსა სახალხო უნივერსიტეტს, რომელმაც 1915 წლამდე იარსება. ამ ხნის განმავლობაში ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ლექტორი, მამოძრავებელი და სულისჩამდგმელი იყო ბუნებით „ხალხოსანი”, გორის ხალხოსანთაგან გაწრთვნილი და ხალხის სამსახურისადმი სიმპათიებით აღჭურვილი ალექსანდრე გარსევანიშვილ. ერთი ცნობის მიხედვით, როცა 1912 წელს სახალხო უნვიერსიტეტის ერთგვარი დათვალიერება და შემოწმებაც კი ჩატარებულა, ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტს მთელს რუსეთის იმპერიაში მეორე ადგილი დაუჭერია (პირველობა სამარისას რგებია). ყველაფერი ეს მომხდარა „ისეთი დაუღალავი და შრომისმოყვარე პიროვნების წყალობით, როგორიც იყო ალექსანდრე გარსევანიშვილი – ამ უნვიერსიტეტის ჯერ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი და შემდეგ თავმჯდომარე”.5
მშრომელი ხალხის კეთილდღეობით და მისი კულტურული დონის ამაღლებით გატაცებულმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა ძალზე გააფართოვა სახალხო უნივერსიტეტის სამოქმედო არე. მოწვეულ პირთა საშუალებით იგი ახერხებდა ლექციების ციკლი ჩაეტარებინა ფოთში, სამტრედიაში, ახალსენაკში, ძველ-სენაკში, ზუგდიდში, საჩხერეში, ყვირილაში, გორში, ჭიათურასა და სხვაგან, სადაც ყველგან აღტაცებით ხვდებოდნენ მას.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ალექსანდრე გარსევანიშვილი სიხარულით შეეგება. ის ამ დღეებიდანვე სამუშაოდ გადადის თავის მშობლიურ ქალაქ გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში და თავისი მდიდარი გამოცდილებით, იშვიათი პედაგოგიური უნარიანობითა და ხალისით ებმება ახალი თაობის კომუნისტურად აღზრდის საქმეში. ის ჯერ კიდევ საკმარისი ენერგიისა და შრომის უნარის მქონე, პედაგოგიურ შრომაში კიდევ ახალ-ახალი მიღწევების სურვილით აღსავსე გარდაიცვალა 1936 წელს თავის მშობლიურ ქალაქ გორში.
ალექსანდრე გარსევანიშვილის საგანმანათლებლო-პედაგოგიური მოღვაწეობის ამგვარ აღნუსხვას არ შეიძლება ჩამოვაშოროთ მისი ლიტერატურული მოღვაწეობა. მით უფრო, ისინი ორგანულ კავშირში არიან ერთმანეთთან. სამწერლო სარბიელზე ალექსანდრე გარსევანიშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გამოვიდა, როცა მის მიერ ნათარგმნი ეკატერინე გაბაშვილისა და დუტუ მეგრელის მოთხრობები გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში”, აკაკის „გამზრდელი” და „გოგია მეჩონგურე” – „ვოზროჟდენიეში” დაიბეჭდა. მათ მოჰყვა ეგნატე ნინოშვილის „მოსე მწერლის” თარგმანი და შემდეგ ქართულ ენაზე გადმოთარგმნილი და ქუთათურ გაზეთ „მეგობარში” დაბეჭდილი ედგარ პოს მოთხრობები (“შავი კატა”, „წითელი სიკვდილი”, „მთვრალი ბრალმდებელი” და სხვ.). მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ქართულ და რუსულ პრესაში გაბნეული რამდენიმე კრიტიკული ეტიუდიც, როგორიც არის „ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედება”, „დუტუ მეგრელი როგორც ლირიკოსი”, „მარიამ გარიყულის შემოქმედება”, „გლეხი პოეტი იოსებ დავითაშვილი” და სხვა. ალექსანდრე გარსევანიშვილის პედაგოგიური ხასიათის წერილებიდან აღსანიშნავია: „მე-19 საუკუნის საშუალო სკოლა ევროპასა და რუსეთში”, „სახალხო სკოლა იაპონიაში”, „სახალხო სკოლა და საგლეხო უნვიერსიტეტები შვეცია-ნორვეგიაში”, „საფეიქრო სკოლა ფინეთში”, „სწავლა-განათლება შვეიცარიაში” და ა. შ.
ალექსანდრე გარსევანიშვილი ავტორია აგრეთვე რამდენიმე წიგნისა. მათ შორის აღსანიშნავია: „აკაკი წერეთელი და მისი პოეზია”, 1915 წელს პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცემული ქართულ და რუსულ ენებზე. „უკრაინის მგოსანი ატრას შევჩენკო” – 1912 წ., გამოცემული ქუთაისში; „გმირი ქალი, მათე ყაჩაღად წოდებული” (მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიიდან), 1915 წ. ქუთაისში დაბეჭდილი და სხვ.
ალექსანდრე გარსევანიშვილი რედაქტორობდა აგრეთვე სხვადასხვა გამოცემებს. მაგალითად, მისი რედაქტორობით არის გამოცემული 1889 წელს ქუთაისში ლიტერატურული კრებული „ცდა”, სადაც მოთავსებულია თვითონ ალექსანდრე გარსევანიშვილსი ისტორიული მონოგრაფია „მეფე ერეკლე II, როგორც სარდალი”. აღსანიშნავია აგრეთვე ალექსანდრე გარსევანიშვილის დაინტერესება მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიული ვითარებით. მან ჟურნალი „კვალის” 1895 წლის ნომრებში6 გამოაქვეყნა ვრცელი გამოკვლევა „ქართლ-კახეთის შეერთების ისტორიიდან”, სადაც მთელი რიგი საგულისხმო დებულებაა წამოყენებული, რომელთა ანგარიშგაუწევლობა დღესაც არ შეიძლება.
ასეთია მოკლე ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი ალექსანდრე გარსევანიშვილისა, რომელმაც ქართული კულტურის მშენებლობას თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი მიუძღვნა და ამით ღირსეული ხსოვნაც დაიმკვიდრა.