მარიამ გარიყული (თათეიშვილი) (1883-1960)
ბევრი ჩვენგანი ჩაუფიქრებია მარიამ გარიყულის ფსევდონიმს, რომელიც ფრთებშეკვეცილ, რევოლუციამდელ უუფლებო ქალის მწარე ბედს გამოხატავდა.
მარიამ გარიყულის ნაწარმოებებზე აღზრდილი თაობები მას არასოდეს თვლიდა გარიყულად. მართებულად თქვა გარიყულის იუბილეზე მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტმა თეიმურაზ ჯანგულაშვილმა: „გარიყული ხარ? ჩვენი გულიდან შენ გარიყული როდის იყავი... დაზრდილნი შენი სიყვარულითა, ვართ შენგან თვითონ გაურიყავი“.
თავის დროზე, როცა მწერალი ქალი კიტა აბაშიძემ დიდ მგოსანს აკაკის წარუდგინა გასაცნობად, აკაკის თურმე გაკვირვებით გაუღიმია და მიუმართავს:
– რამ გაგრიყა, ქალო, ასე ახალგაზრდა და გარიყული?! მე ნამდვილად ხნიერი მეგონე... გარიყული, განდევნილი, – შემდეგ თითები შეუთამაშებია, თითქოს გულის წყრომა გამოხატაო სევდიანი ფსევდონიმისადმი.
თვით მარიამი თავის ფსევდონიმს თეატრიდან წასვლით ხსნიდა.
მარიამ გარიყულმა ცხოვრების ურთულესი გზა განვლო. იგი მომსწრე იყო 1905წლის რევოლუციის მრისხანე დღეებისა და იმ დიდი სოციალური ძვრებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა მომავალი რევოლუციის გამარჯვებისათვის ბრძოლაში. გარიყული ეკუთვნის იმ სახელოვან დემოკრატ ქალებს, რომლებიც საკუთარი ხელით კერავდნენ საბრძოლო წითელ დროშებს და ზედ უშიშრად აწერდნენ მგზნებარე სიტყვებს თავისუფლებაზე.
„გაზეთების, ბროშურების, პროკლამაციების გადატანა; არალეგალური კრებები, საშიში ტვირთით, სიბნელეში ჩემოდნებით ხელში ბინიდან ბინაში გადასვლა, მუდამ მზად ყოფნა გასაქცევად, კონსპირაცია, რასაც თან ახლდა ჟანდარმერიის თავდასხმის შიში და სხვა – ყოველდღიურობა იყო“, – იხსენებდა მწერალი ცხოვრების ბოლო წლებში.
მარიამ ლუკას ასული თათეიშვილი (გარიყული) დაიბადა 1883 წლის 20 მარტს.
მწერლის მამა, ლუკა თათეიშვილი, დასავლთ საქართველოდან, სოფელ გუბიდან იყო. „უფასო მწერალი“, „შინ ნაზარდი“ კალმოსანი, ხალხური მოლექსე, დროგამოშვებით იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე „გუბელის“ ფსევდონიმით. გარდა ლექსებისა, იგი პოემებსაც თხზავდა, რომელთა შორის აღსანიშნავია ცალკე წიგნად გამოცემული პოემა „სიყვარული“. ეს პოემა სვიმონ გუგუნავას „თამარიანთან“ ერთად საკმაოდ გავრცელებული იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ, მწერლობისადმი მიდრეკილება და ნიჭი მარიამ გარიყულს მამიდან გამოჰყვა. ანბანი მარიამს სოფელში მცხოვრებმა ინტელიგენტმა ილიკო ღოღობერიძემ შეასწავლა. ამ დროს აქ სკოლა არ იყო და ეს უანგარო, კეთილშობილი მოღვაწე თურმე თავისი ნება-სურვილით ასწავლიდა წერა-კითხვას ბავშვებს.
ლუკა თათეიშვილის ოჯახში წიგნის დიდი ტრადიცია იყო. ამიტომ მომავალმა მწერალმა ადრევე იგემა ხელნაწერი და ნაბეჭდი ფურცლების სურნელება, მაგრამ მის ბავშვურ ფანტაზიაზე არანაკლები გავლენა იქონია დიდდამ და დეიდამ. მარიამის ცოდნის პირველი დაუშრეტელი წყარო იყო წარმტაცი ქართული ზღაპრები და ლეგენდები. მის ოჯახში, სკივრში სათუთად ინახებოდა სიძველისაგან შებერტყილი, გაყვითლებული ხელნაწერი რვეულები: „მირანდარეჯნიანი“, „როსტომიანი“, ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა, რომელიც ბებიას, როგორც წმინდა ლოცვა, გამოკრული ჰქონდა ძვირფას აბრეშუმის ქსოვილში. დეიდა შენიშნავი მოუბარი და წაკითხული წიგნების კარგი მთხრობელი იყო. იგი თავიდანვე აჩვევდა მომავალ მწერალს ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებთა კითხვასა და სიყვარულს, მან ადრეულ ბავშვობაში გააცნო მას აკაკის „პატარა კახი“, ილიას „სახრჩობელაზე“, ჭონქაძის „სურამის ციხე“ და სხვ.
მარიამ გარიყულს განსაკუთრებით უყვარდა თავისი ბაბუის ლამაზი კარმიდამო, სოფელი, სადაც ბავშვობის ადრეული წლები გაატარა. და ამ სიყვარულს ხანდაზმულობისას დიდი ხარკი გადაუხადა, როცა ეს გარემო ასე დიდებულად აღწერა თავის მემუარებში. მან თვალნათლივ იხილა სოციალური უთანასწორობა, უსამართლობის სუსხი, უმიწაწყლოდ დატანჯული გლეხებისა და გაღატაკებული აზნაურების მდგომარეობა; უკანასკნელთა ფუქსავტური, უშინაარსო ცხოვრება. „ერთხელ, – იგონებს მწერალი, – მეველემ ქვრივი გუბელაძის ძროხა თავადს მიჰყგვარა. ბატონმა პატრონს ძროხა არ დაუბრუნა და გალანძღა მანდილოსანი – საქონელს უნდა მიხედო, სხვის ყანაში არ უნდა შეუშვაო. მაშინ მოთმინებიდან გამოსულმა ქალმა გაბედულად უთხრა თავადს:
– დიდო ბატონო, რაც ქვეყანაზე მიწაა, შენ გადამჯდარხარ ზედ, ყველაფერი შენია და მე თავზე ხომ არ დავისვამ პირუტყვის?!
თვითმპყრობელობისა და უსამართლობისადმი ზიზღით აღივსო მომავალი მწერალი, როცა ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის ნაწარმოებებს გაეცნო: „ჩემს გონებას არ შორდებოდა ორ ბანაკად გაყოფილი ალ. ყაზბეგის გმირები. ერთ მხარეზე ნუნუ, მაყვალა, მზაღო, ელისო, იაგო, კობა, ვაჟა, ონისე, ელგუჯა და სხვები, მეორე მხარეს კი – დარაზმული „ნაჩალნიკები“, დიამბეგები, ჩაფრები, კაზაკები: გიგოლა, გაგი ჩოფიკაშვილი, გელა – სინდისის, მთიულეთის უარმყოფელი პირები. დიდი ილიასა და აკაკის მიერ გაღვივებულმა პატრიოტულმა გრძნობამ კიდევ უფრო ამანთო მეფის მოხელეებისადმი სიძულვილით. მიყვარდა ჩემი დაჩაგრული ხალხი, ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, მიყვარდა იმდენად, რამდენადაც იგი დაეტეოდა პატარა გულში“.
1892 წელს მარიამ გარიყული ქუთაისის ქალთა სასწავლებელში შეიყვანეს და აქ დაჰყო, ვიდრე რკინიგზაზე მომუშავე მამა ოჯახითურთ სამსახურებრივი მდგომარეობის გამო თბილისში გადმოვიდა და ნაძალადევში დასახლდა. დედაქალაქში ცხოვრებამ მომავალი მწერლის გონებრივ განვითარებასა და ჰორიზონტის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ახალგაზრდა ქალი საფუძვლიანად ეუფლება მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას, უახლოვდება მუშათა წრეებს, ესწრება ფარულ შეკრებებს და ამრიგად, ემზადება საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსასვლელად. საზოგადოებაში საკუთარი ადგილის ძიებამ მარიამ გარიყული ქართულ თეატრში მიიყვანა.
ქართული თეატრი იმ დროს ეროვნული ტრიბუნა იყო და ვისაც კი სამშობლოს სიკეთე და მისი მომავალი აინტერესებდა, ბუნებრივია იქეთ მიისწრაფოდა.
ვინ არ იყო მოწადინებული თეატრის წელში გამართვით. ამ მხრივ, ქართული საზოგადოება, როგორც ყავარჯენი, ისე ედგა გვერდში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ თეატრს. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ხელისუფლებას არ აინტერესებდა, არ სჭირდებოდა იგი. ამიტომ თეატრი უმთავრესად ქართველი საზოგადოების ხარჯზე არსებობდა. სწორედ ამ დროს მივიდა არიამ გარიყული თეატრში.
პირველი სპექტაკლები, რომლებსაც იგი ჯერ კიდევ ქუთაისში მამასთან ერთად დაესწრო, ეს იყო დავით ერისთავის „სამშობლო“ და ვ. გუნიას „და-ძმა“. ამ პიესების ხილვით მან შეიგრძნო, თუ რას ნიშნავდა სამშობლოს სიყვარული, ხოლო როცა გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ ნახა, მარიამი ისე მოხიბლა სცენამ, რომ სრულიად ნორჩმა გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო.
ერთხელ თანასკოლელმა მეგობარმა ქალიშვილებმა ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა კაცზე ხელით ანიშნეს და უთხრეს: „აი, ეს კაცი არტისტიაო“. ახალგაზრდის განსაკუთრებულმა იერმა მოხიბლა ქალიშვილი. როგორც შემდეგ გაიგო, ეს ახოვანი, ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი შალვა დადიანი გახლდათ. მარიამი შემდეგ, თეატრში მოღვაწეობისას, შეხვდა დადიანს და მისგან მორალური და პროფესიული დახმარება მიიღო.
თავის იზნს მიღწევაში მარიამს დაეხმარა 90-იანი წლების ცნობილი მოღვაწე, საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი, მარიამ დემურია, რომელიც იმხანად თბილისში ე. წ. „ავჭალის აუდიტორიას“ – მუშათა თეატრს თაოსნობდა.
მარიამ დემურია ერტობ მოწონებით შეხვდა კარგი გარეგნობის ქალიშვილის გადაწყვეტილებას და იგი დასში ჩარიცხა, თანაც იმიტომ, რომ მაშინ ამ თეატრს ნაკლებად ჰყავდა ქალის როლის შემსრულებელი. თეატრის ზღურბლზე გადაბიჯებიდან დაიწყო მისი ცხოვრების ახალი პერიოდი.
ამ მეტად უხეირო შენობაში მან იხილა სრულიად ახალი სამყარო, რომელმაც გაუშუქა მომავალი სამოღვაწეო გზა და ახალი მიმართულება მისცა მის ოცნებასა და მისწრაფებებს. იგი აქ გაეცნო ქართული თეატრის კორიფეებს: ვასო აბაშიძეს, ნატო გაბუნიას, კოტე შათირიშვილს, რევოლუციის მგზნებარე მომღერალს იროდიონ ევდოშვილს, რომელსაც ამ თეატრის მარჯვენა ხელს უწოდებდნენ და სხვებს.
ამ ახალ სამყაროში მოხვედრამ უაღრეად კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ქალიშვილის შემდგომ ინტელექტუალურ განვითარებაზე, მის საზოგადოებრივ ინტერესთა სფეროს გაფართოებაზე. ახალგაზრდა მსახიობს პირველ ხანად მცირე როლებს ანდობენ. მისი დებიუტი შედგა პიესაში „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“, სადაც ის ყვავილების გამყიდველ გოგონას როლს ასრულებდა, ხოლო მისი პარტნიორი გახლდათ ვასო აბაშიძე, ასანთის გამყიდველის როლში.
„სცენაზე ჯერ კიდევ ჩემი მოუქნელობის გამო, – იხსენებს მარიამი, – ორჯერ შევეჩეხე ბ-ნ ვასოს, რომელმაც ჩუმად ჩამილაპარაკა: „ოჰ, ქაჯან, ფეხებში ნუ მედებიო“. ამ წარმოდგენის შემდეგ ავჭალის ქუჩაზე ისე მივდიოდი, რომ მედუქნეები და ბავშვები მომძახოდნენ: „ყვავილები, ყვავილები, იყიდეთ ყვავილები!!!“
მარიამ გარიყულის თეატრალური მიდრეკილება შეუმჩნეველი არ დარჩა ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს ვალერიან გუნიას. მან იმხანად თბილისის თეატრში ახალგაზრდა მსახიობების გამოცდა მოაწყო. გამოცდაზე მისულ 18 ახალგაზრდიდან მარო მდივანსა და ალექსანდრე იმედაშვილს ერგოთ წარმატება. მარიამ გარიყული კი გამოცდის შემდეგ თეატრის ადმინისტრაციამ სტაჟიორად მიიღო და მას სპექტაკლებზე დასასწრებად მუდმივი ბილეთი მისცა.
თეატრალური ცხოვრებიდან განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებს მარიამი არაერთ მსახიობსა და თეატრალურ მოღვაწეს, რამეთუ მათთან ურთიერთობამ და სიახლოვემ ბევრად განაპირობა შემდგომში მწერლად და საზოგადო მოღვაწედ მისი ჩამოყალიბება.
1901 წელს მარიამ გარიყულს ქუთაისის თეატრში იწვევენ, რომელსაც ამ დროს დიდი მსახიობი და რეჟისორი ლადო მესხიშვილი თაოსნობდა. მესხიშვილის უზადო ტალანტის წყალობით ეს თეატრი იმხანად ქართულ თეატრალურ სამყაროს ტონს აძლევდა.
მარიამმა აქ თითქმის სამ წელიწადს დაჰყო და სხვადასხვა როლები განახორციელა: „ოტელოში“ – დეზდემონა, „პატარა კახში“ – ტურფა, „და-ძმაში“ – მარინე, „არსენაში“ – ნინო და სხვ. მარიამი ამაყობდა იმით, რომ მან, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „გაიარა ქართული სცენის უპირველესი რაინდის – ლადო მესხიშვილის სკოლა“.
ლადო მესხიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობისას, მისივე წაქეზებით გახალისებული, ლიტერატურულ საქმიანობასაც ჰკიდებს ხელს. ილაის, აკაკის, ნინოშვილის ნაწრმოებების პიესებად გადაკეთებას ახდენს, წერს საკუთარ ესკიზებს, პატარ-პატარა მოთხრობებს, მაგრამ ეს პირველი ცდები იმხანად ვერ ნახულობს პრესად გამომზიურებას. თეატრალურ ტტექსტებზე მუშაობა, მათი გააზრება, მხატვრული სახეების აღქმა, კეთილ გავლენასახდენდა მარიამ გარიყულის შემდგომ ლიტერატურულ შემოქმედებით სრულყოფაზე. ასე მაგალითად, 1912 წელს „საქართველოს მოამბეში“ დაიბეჭდა მარიამ გარიყულის მოთხრობა „სარდაფში“, რომლის თაობაზე თვითონ ავტორი შენიშნავს: „სარდაფში“ უეჭველად „ორი ობოლის“ გავლენით დავწერე... თუ „ორი ობოლი“ პარიზის ნაძირალათა ცხოვრების შემაძრწუნებელ სურათს ასახავდა, ჩემი „სარდაფით“ მინდოდა ქართველი დაჩაგრული მშრომელი ხალხის ცხოვრების სურათი გადმომეცა“.
შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ მარიამ გარიყულის სასცენო მოღვაწეობას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა, ეს სინამდვილეს არ შეეფერება, მას სარბიელზე გარკვეული წარმატება ჰქონდა, მაგრამ როგორც მისმა შემდგომმა მოღვაწეობამ ნათელჰყო, სამწერლო ასპარეზი ელოდა, სადაც მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი. თვით მარიამ გარიყული თავმდაბლურად, მაგრამ ამაღელვებლად იხსენებს:
„ორნახევარი სეზონი დავრჩი თეატრში და ბოლოს მაინც გადავწყვიტე მისი დატოვება. ვატყობდი, რომ ოდნავ თვალსაჩინო ადგილსაც ვერ მოვიპოვებდი სცენაზე და სხვათა შორის, მაჩანჩალად ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა. უკანასკნელად ვეამბორე დეკორაციის მტვრიან ჩარჩოს, ვეამბორე სასოებით და გავედი თეატრიდან“.
ეს ასეც იყო, მაგრამ დროდადრო მაინც უხდიდა ხარკს ამ მოწოდებას და ამა თუ იმ თეატრის ცხოვრებში გარკვეულ მონაწილეობას ღებულობდა.
1904 წელს მარიამ გარიყული კვლავ თბილისშია და მუშაობას იწყებს სახალხო თეატრის სცენაზე. აქ იგი უახლოვდება რკინიგზის მუშათა წრეებს, თავს უყრის სცენის მოყვარეებს და მათთვის წარმოდგენებს მართავს, რკინიგზელთა აუდიტორიაში.
მარიამ გარიყულის სამერლო დებიუტი ემთხვევა 1905 წლის რევოლუციის მრისხანე დღეებს, როცა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება მისი პირველი მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“. მოთხრობამ იმთავითვე მიიქცია ლიტერატურული წრეებისა და მკითხველის ყურადღება, რამდენადაც მასში, თუმცა ფრაგმენტულად, მაგრამ ლაკონურად, თითქოსდა ფსიქოლოგიური ჩაღრმავების გარეშე, მაინც აშკარად სჩანს მიმზიდველად, მართლად, მხატვრულად დანახული და ღრმად გააზრებული ის სოციალური უსამარტლობა, რომლის მსხვერპლნი ხდებიან მოთხრობის პერსონაჟები. ამ დროიდან იწყება მარიამ გარიყულის სამწერლო მოღვაწეობის გზა, რომელიც მას მადლიანად გაუკვალა და დაულოცა „ცნობის ფურცლის“ რედაქტორმა, ქართული ლიტერატურისა და კულტურის დიდმა მოამაგემ ალ. ჯაბადარმა. თითქმის ამავე პერიოდში გამოდიან ლიტერატურულ სარბიელზე მარიამ გარიყულსი თაობის გამოჩენილი მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, ნიკო ლორთქიფანიძე, რომელთა ნაწარმოებებში მკვეთრად აღიბეჭდა იმ დღეთა ბრძოლებისსაინტერესო ეპიზოდები.
1907 წელს ცალკე წიგნად ისტამბება მარიამ გარიყულის ცარიზმის მამხილებელი მოთხრობა „ჯაშუში“. მიუხედავად იმისა, რომ მეფი ცენზურამ წიგნი გამოსვლისთანავე აკრძალა, იგი უმალვე გავრცელდა. ყველა ამ დროის მოთხრობებში: „ჯაშუში“, „ცხორების მსხვერპლი“, „ჩვეულებრივ ამბიდან“, „სოფლის მსუნაგები“ და სხვა მარიამი თანდათან ღონიერდება, როგორც ხალხის მოსარჩლე მწერალი, რომელიც გაბედულად ასახავს სოციალური ჩაგვრის სურათებს.
ნაწარმოებების პერსონაჟები, წამყვანი პირები, გამოგონილი ადამიანები როდია, არამედ ცხოვრებიდან აღებული ხორცშესხმული სახეებია. სერთოდ, მისი შემოქმედება ქართველი ხალხის ამ საუკუნის ცხოვრების ამსახველი სარკეა – ყოველ ნაწარმოებს ახლავს გულითადობა, მხატვრული ჰუმანიზმი, ბრძოლისა და შრომის პათოსი.
მართალია, ერთ-ერთ წერილში მარიამ გარიყული მარიამ დემურიას შეჩიოდა, „ზოგჯერ გამაგონებენ, ცოტა სენტიმენტალიზმი გადაჰკრავს შენს ნაწერებსო“, მაგრამ ბევრი მაღალ შეფასებას აძლევდა მის მადლიან კალამს. ამიტომ იყო, რომ მწერალი ქალი დიდად ემადლიერებოდა შალვა დადიანს, რომელმაც ახალბედა მწერალს ურჩია ისეთ მტკივნეულ საკითხებში გათვითცნობიერებულიყო, რაც ქალთა ემანსიპაციას შეეხებოდა, ქართული სინამდვილიდან მოდიოდა და ამ თემაე ეწერა. და აი, იგი ყურად იღებს დამრიგებლის რჩევას და შემოქმედების უმეტეს ნაწილს უთმობს ქალთა დამოუკიდებლობისა და ინტელექტუალური ცხოვრების საკითხებს. მწერალს აწუხებს ქალთა ჩამორჩენილობა, პასიურობა, როცა ისინი პირადი ღირსების შელახვისას თვითმკვლელობაში პოულობენ გამოსავალს.
პირველი რევოლუციის დამარცხებით გამოწვეულმა უიმედო განწყობილებამ ვერ შეარყია მწერალში მომავლის გამარჯვების ღრმა რწმენა. მეტი ინტენსიურობით განაგრძობს იგი ლიტერატურულ მოღვაწეობას და იმ დროინდელ პერიოდიკაში (თითქმის ყველა გაზეთსა და ჟურნალში) სისტემატურად აქვეყნებს მისთვის დამახასიათებელი სითამამით საჭირბოროტო, ცხოვრების მიერ დაყენებულ მწვავე საკითხებზე მართალ მოთხრობებს.
საერთოდ, აღმაფრთოვანებელია ქართველი რევოლუციამდელი მწერალი ქალების სიმამაცე და მხნეობა. ამ მძიმე პირობებში, რომელშიაც ისინი მოღვაწეობდნენ, სულით არ ეცემოდნენ, არ თმობდნენ ბრძოლსი არჩეულ გზას. ამასთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა ჩვენს მიერ მიკვლეული მარიამ გარიყულის წერილი ეატერინე გაბაშვილისადმი, სადაც იგი დიდებულ ეკატერინეს დედის მსგავსს უწოდებს და შესჩივის იმ მძიმე საოჯახო პირობების თაობაზე, რომელშიც იმ პერიოდში უხდებოდა ცხოვრება და შემოქმედებითი მუშაობა.
„თქვენი ფოტოსურათი რომ მივიღე, – წერს ავტორი, – ცა გამეხსნა... უმაგალითოა სხვა მწერალი ქალი, რომელსაც მხოლოდ ძილის დრო დარჩენია შემოქმედებისათვის. ეს ხომ დაუჯერებელია... მაგრამ ნურავინ იტყვის იმ მძიმე ტვირთს, რასაც მე ვათრევ – ყოველივეს მოკლებული.
მაგრამ გაუტეხელია ჩემი გონება და სული. მაინც ვფიქრობ და სხვადასხვა სურათებს ვხატავ, აზრებს ვალაგებ, ბავშვების ძილის დროს ვიხმარ თავისთვის, რომ დავწერო რამე... აზრები იფანტებიან, მაგრამ მაინც მიღოღავენ წინ და ასე, ბნელით მოცულ ცხოვრებაში, ძლივს ბჟუტავს ჩემი ნიჭი. თავი მოგაბეზრეთ, ხომ მოგეხსენებათ მტკივნეულ გულს შეუძლია დაუშრეტლად ილაპარაკოს... აქ მინდოდა ქალთა წრე მომეწყო, ნებართვას ვერ ვეღირსე, მინდოდა სამკითხველო და ქართული სკოლა დამეარსებინა, იმედი არ დამიკარგავს, რომ ამას ყველაფერს განუხორციელებელს არ დავტოვებ... შენი რეზიკოს (ეკატერინეს ვაჟი, რევაზ გაბაშვილი, ცნობილი ჟურნალისტი, ჟურნალს „კლდეს“ რედაქტორი) დიდი მადლობელი ვარ, ჟურნალებს განუწყვეტლივ მიგზავნის. ამას წინათ ერთი პატარა ესკიზი გავუგზავნე დასაბეჭდად. ყველა სიყვარულით მომიკითხე, ვისაც კი ვახსოვარ“.
ეკატერინე გაბაშვილი საპასუხო წერილით ცხოვრებასთან ჭიდილში შებმულ მწერალ ქალს თბილი სიტყვებით ამხნევებს:
„ნუ გადარდებს ის, რომ შვილები ხელს გიშლიან მუშაობაში; რაც უნდა ძვირფასი რამ დასწეროს კაცმა ან დახატოს, თუნდაც გამოძერწოს, დამერწმუნე, შვილზე ძვირფასს და საიმედოს ვერას შეჰქმნის. სამი შვილი გყავს და არა მეტი... ქართლში ამას „ნანატრ შვილებს“ ეტყვიან. განა მე უფრო მეტი არ გავაჩინე? განა მე არ მიშლიდნენ ხელს შვილები ლიტერატურულ მუშაობაში? მიშლიდნენ და ძალიანაც მიშლიდნენ. ჩემი ერთმოქმედებიანი სცენა „ფრთებდაგლეჯილი“ სწორედ ამ ნიადაგზეა დაწერილი. მაგრამ რას ვიზამთ, ჩემო კარგო მარიამ! დედაკაცის ხვედრი ეს არის... შენ იმერელი ქალი ხარ, უფრო ცხარე ტემპერამენტის, ვიდრე ჩვენ, ქართლელები და ამიტომაც გეჩვენება ყველაფერი დიდ სიძნელედ.
ასწიე იმდენი, რასაც შენი ღონე ასწევს და ესეც ერთი აგური იქნება იმ შენობის ასაგებად, რომელიც დღეს ჩვენ უფლებააყრილ ქვეყანას ესაჭიროება“.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდანვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სათეატრო მოძრაობა ფართოდ გაიშალა და გორის თეატრსაც გამოცოცხლება დაეტყო. ამ დროისათვის მარიამ გარიყული ოჯახითურთ გორში ცხოვრობს და ახლადჩამოყალიბებულ მუშათა თეატრის მოწყობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. აქ იგი მონაწილეობს პიესებში „ქრისტინე“, „მსხვერპლი“, „მოლიპულ გზაზე“ და სხვ.
მარიამ გარიყულის შემოქმედების შესწავლა გვარწმუნებს, რომ იგი ჭეშმარიტი მემკვიდრეა ყველა იმ კეთილი ლიტერატურული და ზნეობრივი ტრადიციებისა, რომელიც წინა საუკუნის ეროვნულმა მოღვაწეებმა შექმნეს.
მარიამ გარიყული ადრევე გაიტაცა ხალხთან დაახლოების სურვილმა და მშრომელთა ტანჯული ცხოვრების შესწავლით დაინტერესდა. თავისი პირველი მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეგნატე ნინოშვილის გავლენით დაწერა.
ამის შემდეგ ზედიზედ ქვეყნდება მარიამის მოთხრობები მაშინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ცნობის ფურცელი“, „დროება“, „კლდე“, „ხალხის მეგობარი“ და სხვ.
ამ დაბეჭდილ, ადრინდელ ნაწარმოებთა შორის თავისი სოციალური სიმკვეთრით და მხატვრული სინათლით გამოირჩევა მოთხრობები: „ჩვეულებრივი ამბავი“, „ბორკილი“, „ჩინოვნიკი“, „სოფლის მსუნაგები“, „ღმერთად მოწამე“, „ია“, „ზამბახი“, „ყვავილთა ქვეყანა“ და სხვ.
საბჭოთა ხელისუფლებას მარიამი შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შეეგება, იგი იმ დროს ორმოც წელს იყო მიტანებულ იდა უკვე სავსებით შეეძლო უფრო ღრმად ჩასწვდომოდა ახალი სოციალური ძვრების შინაარსს, უფრო ნათლად გაეაზრა დამდგარი გარემო, თანამედროვეობა.
განვითარების ახალმა ისტორიულმა პროცესმა ძირფესვიანად შეცვალა მხატვრული გამოსახვის ფორმები, განსაკუთრებით ეს ცვლილებები შესამჩნევი გახდა პროზაში. ნიჭიერმა მწერალმა დროულად აუღო ალღო მიმდინარე მოვლენებს, მათი სათანადო გაანალიზების საფუძველზე შექმნა მთელი რიგი ნოველებისა და მოთხრობების სერია: „უსინათლო ალექსა“, „დონა“, „ნანიკო“, „ერთი ღამის ამბავი“, „ცოლ-ქმარი“, „მეგობრები“ და სხვ.
ოცდაათიან წლებში დაწერილ ნაწარმოებთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფართოპლანიანი რომანი „ანარეკლი“.
ამ რომანში მწერალმა გვიჩვენა ქართული საბჭოთა ცხოვრების მნიშვნელოვანი მხარეები, სოფლისა და ქალაქის მზარდი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა, ახალგაზრდობის მისწრაფება, ფიქრები, განცდები ახალი ყოფითი ჩვევებისა და წესების წარმოჩინება და დამკვიდრება. რომანის მთავარი გმირები: ტატე, თინა, თამარი, ნიკა სინამდვილიდან აღებული ცოცხალი, ტიპური სახეებია. რომანის სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება და იგი უაღრესად რალისტურია. თვით რომანის სახელწოდება მიუთითებს, რომ იგი მართლაცდა ამ პერიოდში მიმდინარე გარდაქმნების ანარეკლია.
მარიამ გარიყულის ბოლო პერიოდის შემოქმედების ძირითადი ხაზი და მოტივი საბჭოთა სინამდვილის ასახვაა. მას არსად არ ღალატობს რეალისტი მწერლის მხატვრული ალღო. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ფართო პლანის მოთხრობა „ტრაქტორისტები“, რომელსაც შემდგომ ავტორმა „ახალი განთიადი“ უწოდა, გაჟღენთილია ამ პათოსით და ემსახურება საბჭოთა ადამიანებში მაღალ მორალურ საწყისებს, სოციალისტური სამშობლოსადმი სიყვარულსა და პატრიოტულ აღზრდას.
ადამიანურ ჭრილში მარიამ გარიყული ზნეობრივად გამოკვეთილი, სულიერად მტკიცე, მეტად მოძრავი, საოცარი შრომისუნარიანი და ბევრის მომსწრე იყო. თანამედროვეებს აკვირვებდა, როგორ პოულობდა დროს და ძალას ეს თითქოსდა სუსტი არსება შემოქმედებითი მუშაობისათვის, ადამიანებთან, მეგობარ მწერლებთან ურთიერთობისა და მიმოწერისათვის. მას მრავალი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ: შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ნინო ნაკაშიძე გალაკტიონი, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია აღლაძე, გოგლა ლეონიძე, იოსებ იმედაშვილი და ბევრი სხვა, თითქმის ყველა მისი თანამედროვე მწერალი. მარიამის ოჯახის ხშირი სტურები იყვნენ ქართული ლიტერატურის მესვეურები, გამოჩენილი სიტყვსი ოსტატები და თეატრალური მოღვაწენი. განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდობა, ხანდაზმულობაში თავისუფლად გრძნობდა მათთან თავს, კარგად ესმოდა მათი ფასი და ხშირად დამრიგებლობდა კიდეც. ერთ-ერთი ამისი მაგალითია დიდი სამამულო ომის მონაწილის, პოეტისა და მწერლის გიორგი ქავთარაძის მეგობრობა მარიამთან.
გიორგი ქავთარაძე იხსენებს: „როცა „უსინათლო ალექსი“ წავიკითხე, მარიამს ვუთხარი, ბევრი ვიტირე-მეთქი... ამაზე მან ასე მომიგო: თუა? მწერალს თავისი ნაწარმოების წერისას თვალს ცრემლი არ მოსდგომია, ვერც მკითხველს ვერ აატირებს მის წიგნი. მეც ხშირად მიტირია, ჩემო გოგი, ჩემი მოთხრობების გამო“.
მარიამ გარიყულმა სამამულო ომი ისე, როგორც ყველა დედამ, დიდი სიმწვავით განიცადა. სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ომში დაღუპულ ვაჟზე და სხვათა შვილებზე გამოუთქმელი დარდი. ამ შინაგანი წვით შექმნა მან საბჭოთა ხალხის გმირული ბრძოლების ამსახველი, გულმართალი მოთხრობები: „დედა“, „შემთხვევა“, „დურგალი მიხეილი“ და სხვ. ეს უკანასკნელი უკრაინის სინამდვილეში მომხდარ ფაქტს ეხება, და მასში შესანიშნავადაა დახატული უკრაინელი მოხუცის – მიხეილის შეუპოვარი ხასიათი, რომელიც ხელჩართული ებრძვის ფაშისტებს. მისთვის უცხოა შიში, უკან დახევა, კვდება ისე, როგორც შეჰფერის გმირს, სამშობლოსათვის თავდადებულ შვილს.
განსაკუთრებით უნდა მოვიხსენიოთ მწერლის ღვაწლი მხატვურლი ნარკვევების ჟანრში. აქაც გამოჩნდა მისი ოსტატობა. ამ სფეროში თემების მოსაძევად მწერალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. დღეები, საათები დაჰყო მაღაროებსა თუ ქარხნებში, კოლმეურნეობებსა თუ საბჭოთა მეურნეობებში. საკუთარი თვალით იხილა შრომის ფრონტზე მოპოვებული წარმატებანი თუ არსებული შეფერხებები. ამის კვალობაზე, რეალურად, შეულამაზებლად შექმნა მკითხველში ინტერესის აღმძვრელი ნარკვევები: „ჩვენი შაქარი“, „ლაითურის მეურნეობა“, „ქუთაისის პირველი ქარხანა“, „ბახვის მეურნეობა“, „თელავის ძაფის ქარხანა“, „ძველი და ახალი ჭიათურა“, „ტყიბული“, „ვანელი კოლმეურნეები“, „რკინიგზის მთავარი დეპო“ და სხვა, რომლებიც სხვადასხვა პრესის ფურცლებზე პერიოდულად ქვეყნდებოდა.
1958 წლის მიწურულში მარიამს მწერალთა კავშირის სადარბაზო კარებთან შევხვდი. თბილად მივესალმეთ და მოვიკითხეთ ერთმანეთი. მას უკვე სცოდნოდა, რომ მწერალთა კავშირში ვთაოსნობდი დრო-ჟამით ფერფლმიყრილ, ქართველი მწერალი ქალების გახსენების საღამოს მოწყობასა და სინანულით მითხრა:
– შენ რომ კარგ საქმეს აკეთებ, ჩემო ნინო, ამას მეტად გიფასებ, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ასეთ შესანიშნავ ღონისძიებას ვერ დავესწრები, რადგან მოსკოვში მივემგზავრები ხვალ, ჩემი კრებულის გამოცემასთან დაკავშირებით...
დავრონდი, მისი თაობის ამ დიდებული ქალების: განდეგილის, საფო მგელაძის, დარია ახვლედიანის, კატო მიქელაძისა და სხვათა გახსენების საღამოს ნამდვილად დაამშვენებდა მისი ჭაღარა, გავიფიქრე, რაოდენ კოლორიტული იქნებოდა მისი სიტყვაც.
დილით კავშირში გამართულ მიტინგზე თავი მოიყარეს ამ მწერლების შვილებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა, გვირგვინებითა და ყვავილებით გავემართეთ დიდუბის პანთეონში და ვაკის სასაფლაოზე მათი საფლავების შესამკობად.
საღამოს 7 საათზე კი მწერალთა კავშირის დარბაზში აურაცხელმა ხალხმა მოიყარა თავი. საღამომ, რომელიც ბესარიონ ჟღენტმა გახსნა, ბრწყინვალედ ჩაიარა. ამ ღონისძიებამ ნამდვილად შეუწყო ხელი მივიწყებული მწერალი ქალების სახელების აღდგენასა და პოპულარიზაციას. გახსენებულთა მემკვიდრეები წლების მანძილზე რომ დუმდნენ, უცებ დატრიალდნენ, რომ მიეღწიათ მათი ნაწარმოებების გამოცემისათვის, რაც შემდგომ წლებში აღსრულდა.
„განვლილი გზა“ – ეს თავისებური სტილით დაწერილი მემუარული ნაწარმოებია, რომელიც სავსეა გამოჩენილი და ცნობილი მწერლების, პოეტების თუ საზოგადო მოღვაწეთა ლიტერატურული პორტრეტებით. ეს ის ადამიანებია, რომელთა წრეში ცხოვრობდა, ფიქრობდა და აზროვნებდა მწერალი და თითოეულ მათგანს ახლოს იცნობდა. ამ წიგნს შემეცნებითი, იდეურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. ვის არ შეხვდებით ამ გახმაურებულ ნაწრმოებში, ილიას გვერდით ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებისათვის მებრძოლ ქალთა მედროშეს ეკატერინე გაბაშვილს; რევოლუციის მომღერალ იროდიონ ევდოშვილს; სცენის ტიტანებს: ლადო მესხიშვილს, ვალერიან გუნიას, ვასო აბაშიძეს, ნუცა ჩხეიძეს; ქართული პოეზიის დიდებას გალაკტიონ ტაბიძეს; ჩვენგან უდროოდ წასულ ქეთევან ირემაძეს; ბრძენ მიხეილ ჯავახიშვილს, ბობოქარსა და სიტყვამახვილ გიორგი ქუჩიშვილს; რაჟდენ გვეტაძეს; დარბაისელ მწერალსა და დრამატურგს შალვა დადიანსა და ბევრ და ბევრ სხვას და სხვას.
ვისაც ეს მოგონებები წაუკითხავს, წარუშლელად დარჩება მეხსიერებაში მასში ასახული დასავლეთ საქართველოს წინა საუკუნიდან მოყოლილი ცხოვრება, იმერეთის დამახასიათებელი ყოფა, თავისი ადათ-წესებით, მისი კოლორიტით, ადამიანთა საოცრად ცოცხალი სახეებით. ამ წიგნში გადაშლილია საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ეპიზოდები. ამდენად, გადაუწარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „განვლილი გზა“ იმ დიდად მღელვაე ეპოქის ეპოპეაა.
ერთი სიტყვით, მარიამ გარიყულს მხოლოდ „განვლილი გზა“ რომ დაეწერა, ამ ნაწარმოებითაც დაიკავებდა საპატიო ადგილს მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობაში.
გარიყული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაშიც მუშაობდა. ჯერ კიდევ „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“ აქვეყნებდა ასეთი ხასიათის მოთხრობებს, შემდეგში ყველა ეს მოთხრობა ერთ წიგნად გამოიცა, რომელიც მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
დიდი სითბოთი იხსენებდა მარიამს მასთან ერთად ცხოვრების გრძელ გზაზე გამოვლილ ს. შანშიაშვილი.
„– აი, ამ მოგონების წერისას წინ მიდევს გაზეთი „დროების“ სამოცდაოთხი წლის წინანდელი 19 აპრილის ფერშეცვლილი და გაცრეცილი ეგზემპლარი, რომელშიც ჩემი ლექსი „ია“ არის დაბეჭდილი. და აი, ვიხსენებ მისი შექმნის პატარა ისტორიას.
ამ ლექსის მუზა მარიამის პაწაწკინტელა ესკიზი „ია“ იყო, რომელიც მეტად მომეწონა და ლექსად გარდავქმენ.
„ია ჰყვაოდა ტურფა წალკოტში, მთიდან ნიავი ოდნავ არხევდა, სულ არ იცოდა, ვინ იყო თვითონ, ირგვლივ თავის მსგავსს ვერას ხედავდა“. ახლადდაბეჭდილი, ჯერ კიდევ საღებავშეუშრობელი გაზეთით ვარდისუბნის ქუჩას მივაშურე, მარიამის ბინაზე. შინ იყვნენ მარიამის მეუღლე მელქისედექი (ამხანაგობაში მიშას ვეძახდით) და ქუთაისიდან სტუმრად ჩამოსული მარიამის და ქეთევანი (შემდეგ იატაკქვეშ მუშაობისათვის გადასახლებული). გულითადმა მასპინძლებმა მალე ჩემს ლექსს ჰანგიც შეურჩიეს და გიტარაზე დაამღერეს. მართლაც კარგად მღეროდნენ. ახლაც ყურში მომესმის მათი ტკბილი სიმღერა“.
მათ მეგობრობასა და თბილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ჩვენს მიერ მიკვლეული მწერლის უკანასკნელი წერილი გიორგი ლეონიძისადმი:
„ძვირფასო მეგობარო!
საწოლზე მყოფი, სულით და გულით გილოცავთ შენი ცხოვრების ერთ-ერთ შესანიშნავ თარიღს. მე ახლა უკვე ხანდაზმულს, კარგად მახსოვს შენი შემოსვლა ქართულ მწერლობაში და არა მგონია, თანამედროვეა შორის სხვა ვინმე ასეთი თანაგრძნობით წარმომდგარიყოს ერის წინაშე, როგორც პოეტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
ყველაფერი, რაც კი მაგ დიდ, ნაზ და მშფოთვარე გულში დაატიე და ზიდე ამ სამოცი წლის მანძილზე, კვლავ მრავალ წელს გეზიდოს შენისანუკვარი სამშობლოს მარად საკეთილდღეოდ.
ყოველგვარი ეროვნული წამოწყების თავდადებულო მესვეურო, მგოსანო და ვაჟკაცო, რით შემიძლია შენი და ქართული პოეზიის ზეიმის დღეს კიდევ ერთხელ არ გითხრა მადლობა, სხვათა სახელითაც, ჩემი „განვლილი გზისათვის“. ძვირფასო მეგობარო, ნაადრევად ნუ ჩამითვლით ამ მოლოცვას, ვინ იცის, იქნებ იმ დღისათვის...
და თუ ეს იქნა ასე, ერთს გაგახსენებ: „თუ განშორების დამდგარა ჟამი, შვილო, დროს ვნატრობ უნეტარესსა, მე შენთან მოვალ, ვით ვარდზე ნამი, ჩამოვალ როგორც სხივი მთვარისა“.
პოეტმა მედეა კახიძემ ერთ მცირე მოგონებაში გამოხატა მარიამთან მეგობრობის მადლი, როცა წერდა:
„პირველი მწერალი ქალი იყავით, რომელიც გაგიცანით. არასოდეს დამავიწყდება თქვენი კეთილი ღიმილი და დედაშვილური სითბო. ერთ ეზოში ვცხოვრობდით, ხშირად გხვდებოდით. მაშინ თქვენ გამოჩენილი მწერალი ბრძანდებოდით, მე კი პირველი კურსის სტუდენტი. ვერა და ვერ გაგიბედეთ მეთქვა, რომ ლექსებს ვწერდი... ერთხელ, როცა მწერალთა კავშირში გიორგი ლეონიძემ ჩემი თავი წარმოგიდგინათ – მარიამ ქალო, ეს ახალგაზრდა მგოსანიო, თქვენ გაგეცინათ და ღიმილით მითხარით, მე ხომ ყველაზე ადრე გიცნობდით, რატომ პირველად არ წამიკითხეთ თქვენი ლექსებიო... იქიდან ერთად წამოვედით. გზაში მითხარით, იცოდე, ყოჩაღად მოიქეცი, მწერლობა დიდი ვალია, უშეღავათო, მაგრად დაუდექი!!! მოგვიანებით ჩავწვდი ამ სიტყვების არსს. მის შემდეგ ჩვენი ნაცნობობა გულწრფელ მეგობრობად იქცა. ჰასაკს ხელი არ შეუშლია ჩვენი ტკივილები და გულის ნაჟური ერთმანეთისათვის გაგვეზიარებინა...
უკანასკნელად თქვენ ყვავილებში ჩაფლული გნახეთ, სამუდამოდ ჩაქრობილი მწერალთა კავშირის კლუბში ესვენეთ.
მახსოვს, პირველად თქვენ საპატივსაცემოდ, გოგლა ლეონიძე შემოვიდა. გულზე ერთი ყოჩივარდი დაგაბნიათ და ცრემლჩაგუბებული თვალებით კარებთან გაჩერდა.
თქვენ ჩემთვის ფანჯარაში შემოჭრილი მზის შუქი იყავით, სიცივეში რომ გამათბეთ და გამომაცოცხლეთ, სიკეთის დედავ, სხივნათელი წიგნების დედაო, მარიამ!..“
ქართველმა საზოგადოებამ 1953 წლის 7 დეკემბერს მწერალს დაბადებიდან სამოცდაათი წლის იუბილე გადაუხადა.
ამ დღესთან დაკავშირებულ ზეიმს ასე იგონებს მწერალი: „ახლა უხერხულიც არის ჩემი ხნის ადამიანმა თქვას ვღელავდიო, მაგრამ ხომ ვერ დავფარავ, ნამდვილად ვღელავდი. რვა საათისთვის ბინაზე ირაკლი აბაშიძე მოვიდა ჩემს წასაყვანად. ახლა შინაგანმა მღელვარებამ კიდევ უფრო შემიპყრო, ისეთი განცდა მქონდა, როგორც მაშინ, როცა პირველად მასწავლებელს გავეცი პასუხი შეკითხვაზე, როცა პირველად სცენაზე შევდგი ფეხი და როცა ჩემი პირველი ნაწარმოები დაბეჭდილი ვიხილე.
ირაკლი ხომ თითქმის ჩემსავე ხელში გაიზარდა და დავაჟკაცდა, და აი, მაშინ ასე მეგონა, ჩემი უდროოდ დაღუპული ბიჭი მედგა გვერდში და მას ავყავდი მწერალთა კავშირის კიბეებზე.
როცა ირაკლიმ სალონის კარები შეაღო და იქ ჩემი დროის თუ ახალი თაობის თანამოკალმენი ერთად თავმოყრილნი ვნახე... მართალი გითხრათ, ავთრთოდი, თითქოს წამით გული შემიჩერდა, ჩემს გვერდით დადგნენ: გ. ტაბიძე, შ. დადიანი, ნ. ნაკაშიძე, ლ. ქიაჩელი, ი. გრიშაშვილი, ჩვენი საყვარელი მარიჯანი“.
მარიამი მხნედ გამოვიდა შეკრებილთა წინაშე, ისეთი შეკრული სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა რომ ხალხმრავალ დარბაზში დიდხანს ჰქუხდა ტაში.
„მოხუცი იმას მოიმკის, რაც სიყრმით დაუთესია“ – რაფელ ერისთავის სიტყვებით მიმართა მან აუდიტორიას. მან მადლობა გადაუხადა მთავრობას, პარტიას, ყველას, ვინც უჩინარი ადამიანები საჩინოდ გახადა და აღიარა“.
ბოლო ხანებში მწერალი მტკივნეულად განიცდიდა მისი თანამედროვე თანამოკალმეების გ. ტაბიძის, შ. დადიანის, ი. მოსაშვილის, ლ. ასათიანის, რ. გვეტაძისა და სხვათა ცხოვრებიდან თანდათანობით წასვლას.
მარიამ გარიყული გარდაიცვალა 1960 წლის 9 თებერვალს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდების საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სამშობლოს წინაშე ვალმოხდილ ადამიანს, აწ განსვენებულ მარიამს ქართველი მწერლების სახელით გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა დემნა შენგელაიამ, რომელმაც ასე დაამთავრა: „თუ რომელიმე ქალს, მეუღლეს, ქართველ დედას უტარებია ღირსეული სახელი, მათ შორის შენი სახელიც ბრწყინვალებს. შენ ვაჟკაცურად უდექი შენს ოჯახს და ქართულ მწერლობას“.
პოეტმა მარიჯანმა განშორებისჟამს ლექსი უძღვნა მის ხსოვნას: „ჩემო მარიამ, ვერ განიკურნე... ჩემო მარიამ, ვერ მოგისწარი... მითხრეს, მნატრობდი, მელოდი თურმე, ღიმილის ნაცვლად დამხვდი სუდარით, ადამიანი სტოვებს საწუთროს, მისი ნივთებიც ადგილს იცვლიან, შენი ოთახი დადუმდა უფრო, თითქოს კედლებმაც გლოვა იციან“.
ლევან გოთუა მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ როცა მწერლის გარდაცვალების შემდეგ ერთად მოიყარა ტომებში თავი რუდუნებით შექმნილმა ნაწარმოებებმა, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ მან გაუძლო დროის გამოცდას და ჩვენი საბჭოთა ლიტერატურის საგანძურში ღირსეული ადგილი დაიკავა.