‍ვლადიმერ გაგუა (1864-1944)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

gagua vl47ვლადიმერ იესეს ძე გაგუა დაიბადა 1864 წელს ახალსენაკის მაზრის სოფელ კოტიანეთში. სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის (რომელიც მაშინ მარტვილში იყო) კურსის დამთავრების შემდეგ ის თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ იქ გამეფებულ საშინელ რეჟიმთან შეუგუებლობის გამო ტოვებს ამ სასწავლებელს და შედის ხონის საოსტატო სემინარიაში, რომლის კურსიც 1884 წელს დაასრულა. ამით ახალგაზრდა ლადი გაგუამ შეისრულა თავისი საწადელი – გზა გაიკვლია სახალხო მასწავლებლობისა და მშრომელი ხალხისაკენ.

1884 ელს ლადი გაგუა ინიშნება მასწავლებლად სოფელ ნოსირის დაწყებით სკოლაში, სადაც მოსწავლეთა სიყვარულსა და ხალხის დიდ პატივისცემას იმსახურებს.

ორმოც წელზე მეტხანს იმუშავა ვლადიმერ გაგუამ სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში და ყველგან დაუღალავად იბრძოდა ქართველი პატრიოტების აღსაზრდელად, ყველგან შეჰქონდა ეროვნული გრძნობისა და თვითშეგნების გამოსაღვიძებელი სიტყვა, როგორც სკოლაში, თავის მოსწავლეებში, ისე მათი მშობლების შეგნებაში. სად არ უმუშავია მას: ნოსირში, კვათანაში, წალენჯიხაში, ჩურუქსუში (აჭარა), სუჯუნაში, ხობში, ყულევში, ფოთსა და სხვაგან. ყველგან წარუხოცელი შთაბეჭდილება, ახალი აზრი და პატრიოტული სულისკვეთება გაუვრცელებია. „ის ყოველგან თავისი ნიჭიერი, ენერგიული და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მუშაობით სკოლას უხვეჭდა საზოგადოებაში სიყვარულსა და ავტორიტეტს”.

შავრაზმელმა დეკანოზმა ვოსტორგოვმა, მოისურვა რა ქართველი ახალგაზრდების „წარმატება”, სამრევლო სკოლები სამწლიანის ნაცვლად ოთხწლიანი გახადა და მასში ყველა საგნის სწავლება მოითხოვა რუსულ ენაზე; რუსული წერა-კითხვის სწავლებაც პირველი წლის დასაწყისიდანვე უნდა ყოფილიყო. ცხადია, ეს პროექტი გულისხმობდა ამ სკოლებიდან ქართული ენის სავსებით განდევნასა და რუსული ენის მახინჯი, „მუნჯური” მეთოდით სწავლებას. მოწინავე ქართველი საზოგადოება, დიდი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის მეთაურობით, მთელი ძალ-ღონით შეებრძოლა რუსიფიკატორთა სასტიკ შემოტევას და ნაწილობრივ მაინც ჩაშლილ იქნა მტრის გეგმები. ქართულმა პრესამ ხმა აღიმაღლა ამ სიმახინჯის წინააღმდეგ. იაკობ გოგებაშვილი აშკარად წერდა გაზეთი „ივერიის” 1901 წლის (145, 148, 150) ფურცლებზე: „დეკანოზ ვოსტორგოვის სამრევლო სკოლები ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ ჩვენს დაცემულ ხალხსა, უფრო კიდევ ძირს დასწევენ, – და ბევრად უკეთესი იქნება დაიკეტნენ ისინი ჩვენში. მოგეხსენებათ, რომ სკოლა ორპირი ხანჯალიაL: აუკეთესებს და სპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული”.

ლადი გაგუას სწორედ ამ „უკუღმართობასთან” უხდებოდა ფარული თუ აშკარა ბრძოლები თითქმის ყველა იმ რაიონში, სადაც კი მას უმოღვაწია. და ეს იმიტომ, რომ იმ ხანებში, როგორც იაკობ გოგებაშვილი წერს, ჩვენში გამოჩდნენ იმისთანა ჭკუით გლახაკნი, რომელთაც გაბედეს და წარმოსთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდან დედა-ენა უნდა იქნას გამორიცხული, რადგან აქ ხალხი ადგილობრივ კილოკავს ხმარობსო.

იაკობ გოგებაშვილის ეს წერილი ნამდვილი მოწოდება იყო რუსიფიკატორთა და ყოველგვარ შავრაზმელთა წინააღმდეგ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ქართველი ერის დაშლა და საბოლოო გადაგვარების გზაზე შეყენება. გოგებაშვილის ამ მოწოდების ერთგული შემსრულებელი ჯარისკაცები იყვნენ ლადი გაგუა და მისი მსგავსი სახალხო მასწავლებლები, რომელთა რიცხვი არც ისე მცირე იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი ერთგულებისა და გულწრფელი ბრძოლების შედეგად ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის მესაჭეობით დაწყებული ბრძოლა მოგებულ იქნა. ვლადიმერ გაგუას ამ ისტორიულ ბრძოლაში არც ისე მცირე წვლილი აქვს შეტანილი, რომ ის არ შევამჩნიოთ. გიორგი ბოკერიას გადმოცემით, ლადი გაგუა „განსაკუთრებული ენერგიით იცავდა ქართული ენის უფლებებს იმდროინდელს სამეგრელოს სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სასწავლო ოლქის მზრუნველის ბრძანებით და აშორტიელთა მეოხებით ქართული ენა სამეგრელოს სკოლებიდან იდევნებოდა, ვლადიმერ გაგუასა და ერმილე შარაშიძის გამბედაობით და მოხერხებით, მათს სკოლებში ყველგან ისწავლებოდა ქართული ენა, ყველგან ნახავდით მოსწავლეთა ბოხჩებში „დედა ენასა” და „ბუნების კარს”. ამრიგად ვლადიმერი ქართული ენისა და კულტურის დამცველი იყო. მას ხალხს აყვარებდა”.

ამასვე ადასტურებს თავის მოგონებებში დასავლეთ საქართველოში კარგად ცნობილი მოღვაწე ქალი, ქალთა პირველი პროფესიული სკოლის დამაარსებელი ნოტიო ლოლუა. ის ხაზს უვამს იმ გარემოებას, რომ, ვიდრე ლადი გაგუა ფოთში მოღვაწეობდა, მას თავისი კერძო სკოლისათვის ქართული და რუსული ენებისა და ისტორიის მასწავლებლის დაქირავება არ დასჭირვებია. ამ მოვალეობას ქალთა ამ თავისუფალ პროფსკოლაში ლადი ასრულებდა სრულიად უსასყიდლოდ, დიდი ხალისითა და სიყვარულით.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან ის აქტიურად ებმება ახალ, საბჭოთა სკოლის მშენებლობის დიდ საქმეში, როგორც ხელმძღვანელი და გამოცდილი პედაგოგი, რომელსაც მაზრის სკოლების ინსპექტორობა ჰქონდა დაკისრებული.

1929 წელს მადლიერმა ხალხმა, სენაკის მაზრის ხელმძღვანელმა ორგანიზაციებმა და განათლების მუშაკებმა ვალმოხდილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს მისი 45 წლის მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს. ლადი გაგუა გარდაიცვალა 1944 წლის 25 ივლისს, დაკრძალულია სოფელ კოტიანეთში (ცხაკაიას რაიონი).

ქართულ მწერლობაშიც შეინიშნება ლადი გაგუას მიერ გაღებული წვლილი. „ხაკო უჩარდიას” ფსევდონიმით ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დაიწყო მან თანამშრომლობა ქართულ პრესაში. გაზეთი „დროება”, „ივერია”, „კვალი” და სხვა სისტემატურად ბეჭდავდნენ მის კორესპონდენციებსა და სტატიებს სხვადასხვა საკითხზე, სადაც უმთავრესად სახალხო განათლების, მშრომელი გლეხობის უმწეო მდგომარეობა და სხვა სოციალური უკუღმართობანი იყო გამოხატული. მაგალითად, „კვალის” 1893 წლის №52-ში „ოსფლის ვითარების” სათაურით მოთავსებულ წერილში ის ეხება სოფლის საერთო სოციალურ, ეკონომიკურ-კულტურულ ვითარებას, კერძოდ, იმას, თუ როგორ არის იქ დაყენებული სახალხო განათლების საქმე, მასწავლებელთა უფლება-მოვალეობას და ზოგიერთ უმაღლეს განათლებამიღებულ ინტელიგენტს, რომელსაც „სოფლის ცხოვრება არ მოსწონებია და თავი ქალაქში შეუფარებია, თავის სოფელს, მშობლიურ მოსახლეობას გამიჯვნია”.

ამავე სტატიაში ვლადიმერ გაგუა მეტად საინტერესოდ სვამს სოფლისადმი დახმარების საკითხს ამა თუ იმ სოფლიდან გამოსულ იმ სპეციალურ უმაღლეს განათლებამიღებული ინტელიგენციისაგან (ექიმი, აგრონომი, ინჟინერი და სხვა), რომელთაც ქალაქში შეუფარებიათ თავი და სოფელს არ ეკარებიან. ამის გამო ლადი გაგუა წერს: „მაშ, რა უბედურებაა ასეთი მამულიშვილობა? თუკი სოფელს არავინ გაეკარება, არავინ დაეხმარება?” კატას თევზი უყვარდა, მაგრამ წყალში ფეხის დასველება ეზარებოდაო, – ვისაც მოძმის მიშველება და სიკეთე სურს, იმან სოფელში უნდა მეტიც უნდა იტრიალოს”.

ჩვენ არ გავაგრძელებთ ლადი გაგუას საგაზეთო სტატიებიდან სხვა ადგილების მოყვანას. მისი ჟურნალისტური კრედო მოყვანილიდანაც ცხადია. ის ამგვარ სტატიებს ზედიზედ ათავსებდა ჟურნალ „კვალში”, მანამდე კი სერგეი მესხის გაზეთ „დროებასა” და ილია ჭავჭავაძის „ივერიაში”. „ხაკო უჩარდიას” (ლადო გაგუას) ეს სტატიები და კორესპონდენციები უეჭველად ატარებდა იმდროინდელს ქართულ პერიოდულ პრესაში აქტუალურ ხასიათსა და საზოგადოების ყურადღებასაც იმსახურებდა.

ლადი გაგუა ავტორია აგრეთვე რამდენიმე ცალკე წიგნად გამოცემული ნაშრომისა. მის მიერ არის ნათარგმნი რუსულიდან 1898 წელს ცალკე წიგნად დაბეჭდილი „საოცარი სასტუმრო ანუ უცნაური სიზმარი”, „ბრძენი ელ. პასკალი და მისი ცხოვრება-მოღვაწეობა” (1908), 1908 წელს ფოთში გამოცემულია მის მიერ შედგეილი წიგნაკი „დააგდეთ თუთუნის წევა, იგი დიდად მავნებელია” და სხვა.