ვარლამ გაბიჩვაძე (1850-1908)
ავტორი: ა. გაბიჩვაძე ვარლამ დავითის ძე გაბიჩვაძე მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ქართველ ნაროდნიკთა ჯგუფს ეკუთვნოდა. მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანი და შინაარსიანი იყო. თუმცა მრავალი მასალა მოიპოვება მისი მოღვაწეობის შესახებ როგორც დაბეჭდილი, ისე გამოუქვეყნებელი, მაგრამ ამ საინტერესო ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე შესწავლილი არ არის. ეს პატარა ნარკვევი არ წარმოადგენს ვარლამ გაბიჩვაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სრულ და ყოველმხრივ ამომწურავ შრომას. აქ მოცემულია მხოლოდ ზოგადი დახასიათება მისი საზოგადო მოღვაწეობისა საარქივო მასალებისა და გამოკვლევათა საფუძველზე, რომელიც ამჟამად ჩვენთვის მისაწვდომი გახდა. ვარლამ გაბიჩვაძე დაიბადა 1850 წელს რაჭის მაზრის სოფელ ჩორჯოში. მისი მამა მღვდელი იყო. 1860 წელს პატარა ვარლამი შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან არსებულ პირველ სამრევლო კლასში. სასწავლებლის მოსწავლეთა წარმატების უწყებაში აღნიშნულია, რომ მოსწავლა გაბიჩვაძე ძალიან კარგი ყოფაქცევისაა და საკმაოდ კარგი ნიჭი და წარმატება აქვსო. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვარლამ გაბიჩვაძემ 1871 წელს განცხადებით მიმართა თბილისის სასულიერო სემინარიის გამგეობას მისაღებ გამოცდებზე დაშვების შესახებ. ეს განცხადება შესრულებულია მეტად ლამაზი კალიგრაფიული ხელით და სწორი, გამართული ენით. სასულიერო სასწავლებლებიდან სემინარიაში შესვლა ძნელი იყო მკაცრი გამოცდების გამო, იქ ბევრი ვერ იჭერდა გამოცდებს. მისაღებ გამოცდებზე ვარლამ გაბიჩვაძემ საკმაოდ კარგი წარმატება გამოიჩინა, განსაკუთრებით ქართულ ენასა და არითმეტიკაში; ის სემინარიის დაბალ განყოფილებაში ჩარიცხეს. სემინარიაში სწავლის პირველსავე წელს მას უბედურება დაატყდა თავს, – გარდაეცვალა მამა და დედის ანაბად დარჩენილს გაუძნელდა სწავლის გაგრძელება. დაქვრივებული და მატერიალურად შევიწროებული დედა მოკლებული იყო საშუალებას შვილისათვის დახმარება აღმოეჩინა. ამ გარემოების გამო ვარლამი იძულებული გახდა, სემინარია დაეტოვებინა. მაგრამ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის დახმარებით, რომელმაც მხედველობაში მიიღო მისი სიღარიბე და სწავლაში კარგი წარმატებები, დაენიშნა მას ხაზინიდან ნახევარი სტიპენდია, რამაც მისცა შესაძლებლობა სემინარიას დაბრუნებოდა და იქ სწავლა გაეგრძელებინა. სტიპენდიას საეკლესიო ხაზინა გადარიცხავდა ხოლმე სემინარიის გამგეობის სახელზე, რომლის ანგარიშზე სტიპენდიანტი უნდა შეენახა მას სემინრიის საერთო საცხოვრებელში, ანუ ბურსაში. ვარლამ გაბიჩვაძეც ამის გამო მოათავსეს ბურსაში. მეტად ძნელი იყო ბურსაში ცხოვრება განსაკუთრებით იმ რეჟიმის გამო, რომელიც შემოიღო იქ ინსპექტორმა ივანე კუვშინსკიმ. თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ ჰყავდა მას და გასაქანს არ აძლევდა ქალაქში წასულიყო, როდესაც მას დასჭირდებოდა. კუვშინსკი ხშირად აწარმოებდა მოსწავლეთა ჩხრეკას ბურსაში და კერძო ბინებზედაც. ხშირი ჩხრეკით და დილა-საღამოს სავალდებულო ლოცვებზე სიარულით მოსწავლეები მობეზრებული იყვნენ. ცნობილია, რომ „სამოციანი წლების მიწურულიდან რევოლუციური იდეოლოგია საშუალო სკოლის მოწაფეებშიც შეიჭრა. ამ მხრით თბილისში განსაკუთრებით ის საშუალო სასწავლებელი გამოირჩა, სადაც ყველაზე მეტად იყო თავმოყრილი ქვედა, დემოკრატიული ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა. ეს იყო თბილისის სასულიერო სემინარია”. ამიტომ სემინარიელები აღნიშნულ პერიოდში, ე. ი. სამოცდაათიან წლებში განსაკუთრებული ინტერესით კითხულობდნენ რუსეთის გამოჩენილ რევოლუციონერ-დემოკრატთა – ბელინსკის, ჩერნიშევსკის, დობროლუბოვის, აგრეთვე პისარევისა და სხვათა თხზულებებს, რაც მათ სასტიკად აკრძალული ჰქონდათ. ასეთი წიგნების კითხვა განსაკუთრებით სახიფათო იყო სემინარიის ბურსაში. ამ გარემოების გამო მოსწავლეები სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ ბურსისათვის თავი დაეღწიათ და კერძო ბინაზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ვარლამ გაბიჩვაძე ბურსაში ინსპექტორ კუვშინსკის განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან უკანასკნელს ეჭვი ჰქონდა, რომ ის ნებადაურთველ წიგნებს კითხულობდა, რაც სინამდვილეს შეეფერებოდა. ვარლამ გაბიჩვაძემ თხოვნით მიმართა სემინარიის გამგეობას 1873 წლის თებერვალში, ნება დართოთ მისთვის კერძო ბინაზე გადასულიყო, რადგან „ჯანმრთელობის მხრივ სემინარიის საერთო საცხოვრებელს ვერ შევეგუეო”. განცხადებას სემინარიის ექიმის მოწმობაც დაურთო, რომელშიაც აღნიშნული იყო, რომ „მოსწავლე გაბიჩვაძე დაავადებულია ფილტვების ქრონიკული კატარითო”. ამის გამო სემინარიის გამგეობამ მას და პოლიევქტო კვიცარიძეს ნება დართო კერძო ბინაზე ცხოვრებისა. ნაროდნიკული იდეებით გატაცებული სემინარიელები აკრძალული ლიტერატურის კითხვას კერძო ბინებზე უფრო მეტად დაეწაფნენ. ამ გარემოებამ აიძულა სემინარიის გამგეობა წინადადება მიეცა ყველა მათგანისათვის, კერძოდ, ვარლამ გაბიჩვაძისა და პოლიევქტო კვიცარიძისათვის, უკანვე დაბრუნებოდნენ ბურსას. 1873 წლის ივნისში სემინარიაში გაბატონებული მძიმე და აუტანელი რეჟიმის გამო ვარლამ გაბიჩვაძე იძულებული გახდა ავადმყოფობის მოტივით წასულიყო სემინარიიდან დროებით, ვიდრე გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ იმავე წლის აგვისტოში მან თხოვნით მიმართა გამგეობას მიეღოთ მხედველობაში, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ის იძულებული იყო გასულიყო სემინარიიდან და რადგან „ახლა ჩემი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და შემიძლია სწავლის გაგრძელებაო”, ნება დართოთ მისთვის გამოცდები ჩაებარებინა მესამე კლასში შესასვლელად. გამგეობას მაინცდამაინც არ უნდოდა მისი სემინარიაში დაბრუნება და რადგან ფორმალური საფუძველი არ გააჩნდა იმისათვის, რომ თხოვნაზე უარი ეთქვა, ნება დართო მესამე კლასში მისაღები გამოცდების ჩაბარების. მაგრამ იგი ისეთი პირობით იქნა დაშვებული გამოცდებზე, რომ წინასწარ გამორიცხული იყო მისი სემინარიაში ჩარიცხვა: მას მოთხოვეს ჩაებარებინა სემინარიაში ორი წლის განმავლობაში გავლილი საგნები. ამ გარემოების გამო ვარლამი იძულებული გახდა დაენებებია სემინარიაში სწავლისათვის თავი. 1873 წლის სექტემბრიდან მან საბოლოოდ დატოვა სემინარია და შეუდგა დამოუკიდებელ ცხოვრებას. 1875 წლის თებერვლიდან ვარლამ გაბიჩვაძე დაინიშნა სუფთა წერის მასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. მან დიდი გულმოდგინეობა გამოიჩინა მუშაობაში, რომ სუფთა და გამართული ხელით წერის ჩვევები შეეთვისებინა მოსწავლეთათვის და, მართლაც, საკმაოდ მოკლე ხნის განმავლობაში გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. სასწავლებლის გამგეობის 1874/75 სასწავლო წლის ანგარიშში ნათქვამია: „მოსამზადებელ კლასებში წერას ასწავლიდა ვ. გაბიჩვაძე... ახალი მასწავლებელი სამსახურის დაწყებისთანავე შეუდგა სწავლებას ორი ხერხით: გენეტიკურითა და ტაქტიკურით. მთავარი ყურადღება კლასში მიქცეული იყო მოწაფეთა ჯდომისა და სხეულის მდგომარეობისადმი წერის ვარჯიშის დროს და სხვ. სახელმძღვანელოდ გამოყენებული იყო გერბაცის წერის დედანი. მასწავლებელს დამაკმაყოფილებლად ჰქონდა შეთვისებული სწავლების რაციონალური ხერხები და ლამაზი ხელი, მან გამოცდებამდე მოასწრო შეეთვისებინა მოსწავლეებისათვის მთავრული და ნუსხური ასოების წერა. მასწავლებელს გამტკიცებული ჰქონდა კლასებში დისციპლინა, თავის საქმეს დიდი სიყვარულით აწარმოებდა და მოსწავლეებიც დააინტერესა შეეთვისებინათ ლამაზი და ჩქარი ხელი”. 1875 წლის გაზაფხულზე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის საფუძვლიანი რევიზია ჩაატარა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორმა ივანე კუვშინსკიმ. ის დაესწრო ყველა მასწავლებლის გაკვეთილებს. სემინარიის გამგეობისადმი წარდგენილ ვრცელ ანგარიშში რევიზორი იძლევა მისგან მოსმენილის თითოეული მასწავლებლის გაკვეტილსი ანალიზს. კუვშინსკი დასწრებია ახლად დანიშნული მასწავლებლის ვარლამ გაბიჩვაძის გაკვეთილებსაც და დადებით შეფასებას აძლევს მას. ის ამბობს: „მოსამზადებელი კლასების წერის მასწავლებელი გაბიჩვაძე ცდილობს დააყენოს თავისი საგანი თანამედროვე მოთხოვნილებათა სიმაღლეზე”. რევიზორ კუვშინსკისათვის, ამ უკანასკნელის მოთხოვნით, ახლად დანიშნულ მასწავლებელ გაბიჩვაძეს წარუდგენია მეთოდური ხასიათის განმარტებითი ბარათი წერის სწავლების შესახებ. განმარტებითი ბარათი სამი ნაწილისაგან შედგება. პრიველ ნაწილში განმარტებული არის წერის სწავლების მიზანი, სადაც აღნიშნულია, რომ წერის რაციონალური სწავლების დროს მასწავლებელი ორ მიზანს აღწევს: მატერიალურსა და ფორმალურს. შემდეგ განმარტებულია მატერიალური და ფორმალური მიზნის არსი. განმარტებითი ბარათის მეორე ნაწილში ავტორი სწავლების მეთოდს ეხება. წერის სწავლებაში რაციონალურ მეთოდად მას მიაჩნია მესერის მეთოდი, რადგან სწავლების ამ მეთოდში გაერთიანებულია ყველა საუკეთესო ხერხი სწავლებისა: ხაზობრივი, გენეტიკური და ტაქტიკურიო. შემდეგ მას განმარტებული აქვს ყველა ამ ხერხის რაობა და თვისება. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ მეთოდის განხორციელება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არ შეიძლება, ვინაიდან საკლასო მერხები ამ მიზნისათვის შეუფერებელი არიანო. განმარტებითი ბარათის უკანასკნელ ნაწილში ავტორი ქართული წერის სწავლებას ეხება და აღნიშნავს, რომ ქართული წერისათვის არ არსებობს ისეთი განსაკუთრებული წესები, როგორც რუსული წერისათვის, მაგრამ მოსწავლები მაინც ითვისებენ ლამაზ და ჩქარ (გაკრულ) ხელსო. შემდეგ წელს, ე. ი. 1876 წელს ამ სასწავლებლის რევიზია ჩაატარა თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა პ. პოტოცკიმ. რევიზორი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ 1876 წლის ოქტომბრამდე წერას ასწავლიდა ვ. გაბიჩვაძე და რადგან ის „პოლიტიკური დანაშაულის” გამო დაპატიმრებულ იქნა ოქტომბერში, ამიტომ ის დათხოვნილი იქნა მასწავლებლის თანამდბობიდან და წერის გაკვეთილები სხვა მასწავლებელთა შორის იქნა განაწილებულიო. და მართლაც, 1876 წლის ოქტომბრიდან მეფის მთავრობა ენერგიულად შეუდგა ნაროდნიკული ორგანიზაციების დევნას. დაიწყო ამ ორგანიზაციების წევრთა დაპატიმრება და გადასახლება. დააპატიმრეს ქ. ქუთაისის ნაროდნიკებიც და მათ შორის ვარლამ გაბიჩვაძეც. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მოსაზრებათა გამო მეფის ხელისუფლებამ ვარლამ გაბიჩვაძეს წაართვა სკოლებში უშუალო პედაგოგიური მოღვაწეობის საშუალება, ის მაინც განაგრძობდა ასეთ მოღვაწეობას არაპირდაპირი გზით, ე. ი. სასწავლო სახელმძღვანელობის შედგენით. ვარლამ გაბიჩვაძე შესანიშნავი კალიგრაფი იყო და მოწადინებული, რომ სუფთა და ლამაზი ხელით წერა ესწავლებინა ახალგაზრდობისათვის. ამ განზრახვით მან შეადგინა თავის დროზე კარგად ცნობილი „ქართული წერის დედანი”, რომელიც რამდენჯერმე იქნა გამოცემული სათანადო შესწორების შემდეგ, თანახმად იმდროინდელ ქართულ პრესაში მოთავსებული კრიტიკული შენიშვნებისა. ეს კრიტიკული შენიშვნები და „დედნის” განხილვა მოთავსებული იყო 1882, 1884 და 1885 წლების გაზეთ „დროებაში” და 1883 წლის გაზეთ „შრომაში”. 1884 წლის გაზეთი „დროების” №№176 და 177-ში მოთავსებულია გამოჩენილი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის ზემოდასახელებული დედნის ვრცელი კრიტიკული განხილვა. იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს დედნის როგორც ნაკლს, ისე დადებით მხარესაც. ის ეხება საერთოდ დედნის შედგენის მეთოდს და წერს: „როცა თქვენ დედანს ადგენთ რომელისამე გავრცელებული ანბანის მიხედვით, იძულებული ხართ დაემორჩილოთ იმ რიგს ასოებისას, რომელიც მოცემულია ამ ანბანში. მაგრამ თუ თქვენი დედანი ამ მხრით დამოუკიდებელია, იგი უთუოდ უნდა ემორჩილებოდეს ეგრედწოდებულს გენეტიურს მეთოდს, რომელიც მოითხოვს წინძღოლას იმ ასოებისს, რომელნიც უფრო მარტივნი არიან ელემენტებით და რთულ ასოების ელემენტს შეადგენენ. გაბიჩვაძე დასდგომია ამ დამოუკიდებელ გზასა, გენეტიურს მეთოდს”. შემდეგ რეცენზენტი აღნიშნავს დედნის ავტორის მიერ ასოების: ფ, უ, დ, ღ და ლ წერის დროს წვრილი და მსხვილი ხაზების არასწორ გამოყენებას. „დანარჩენ ასოებში კი, – განაგრძობს რეცენზენტი, – წვრილი და მსხვილი ხაზები წერის კანონს ემორჩილებიან. რაც შეეხება ასოების სილამაზეს, ზოგი მართლაც მოსაწონია”. ეხება რა დედანში ასოების განლაგებას, იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ასოები „რომ, ბ და ნუძღვიან ზ-სა და უ-სა მაშინ, როდესაც უკანასკნელნი ბევრად ადვილნი არიან წინებზედ” და ამიტომ ადვილი, გოგებაშვილის აზრით, წინ უნდა უსწრებდეს ძნელსა და გადასვლა უნდა ხდებოდეს მარტივიდან რთულზე, თანახმად პედაგოგიურ პრინციპისაო. შემდეგ რეცენზენტი დაასკვნის, რომ „შიგა და შიგ სწორედ მოსვლია ასოების ჩარიგება, ასე რომ დედნის რიგს სრულიად ვერ დავიწუნებთ და ავ-კარგიანად უნდა ჩაითვალოს”. “ქართული წერის დედნის” გამოცემას იმ დროს ბევრი დაბრკოლება ეღობებოდა წინ. ამ დაბრკოლების შესახებ თვით ავტორი 1884 წლის გაზეთ „დროების” №184-ში გვიამბობს შემდეგს: „თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩემს წერის დედანს ყოველთვის ვასწროებ, თუ ვინმე ქართული წერის მცოდნე პირი გამოჩნდება და საღი შეხედულებით წერის საგანს ამიხსნის. ამასთანავე ცნობილი გაქვთ ჩემგან, რომ ქართული ასოების ქვაზედ ამოჭრა ერთობ საძნელო შემექნა თბილისში. რუსული დედნის შედგენა ერთი ასად უფრო საადვილოა ჩემთვის, და საადვილოა იმისათვის კი არა, რომ ქართულ წერაზე უფრო რუსული ვიცოდე, სულაც არა. საქმე ის არის, რომ თბილისის გრავიორებმა ქართული ასოების თვისება არ იციან. იგინი უფრო ევროპიულ შრიფტებზე არიან გაწვრთნილნი და ის მიზეზი უნდა ყოს, რომ ჩემს ასოებს ისე ვერა სჭრიან ქვაზედ, როგორც დაწერილი მაქვს. დღეს სინიდისმა ნება მომცა, რამოდენიმეჯერ გასწორების შემდეგ, გამომეცა ჩემი დედანი”. გაზეთი „დროება” 1885 წლის №18-ში წერდა ვარლამ გაბიჩვაძის მიერ შედგენილი დედნის შესახებ: „დღეს მივიღეთ ბ-ნი ვარლამ გაბიჩვაძის „ქართული წერის დედანის” მეორე ნაწილი. დედნის პირველი გვერდის პირველ სტრიქონში მოყვანილი არის ასოთგადაბმის ნიმუშები, შემდეგ იწყება მრგვალი გადაბმული ხელი. ეს მეორე ნაწილი „წერის დედნისა” გაცილებით სჯობია ასოთმოხაზულობითა და შნოთი ამავე დედნის პირველ ნაწილს. ეტყობა, ბ-ნ გაბიჩვაძეს მიუღია ყველა ის საფუძვლიანი შენიშვნები, რომელიც წარმოსთქვა კრიტიკამ მის დედნის პირველი ნაწილის შესახებ და სინიდისიერად უშრომნია ჩვენს თვალწინ მდებარე გამოცემისათვის...” ცნობილმა ქართველმა პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ ალექსი მირიანაშვილმა 1885 წლის გაზეთ „დროების” №33-ში მოათავსა „დედნის” კრიტიკული განხილვა. „ქართული წერის დედნის” გამოცემა ალექსი მირიანაშვილს სასიხარულო მოვლენად მიაჩნია, ვინაიდან წერა შეადგენს ერთ სასწავლო საგანთაგანს და მისი მნიშვნელობა იმდენადვე დიდია, რამდენადაც დიდია კითხვის მნიშვნელობა. წერა და კითხვა განუშროებელი, უერთგულესი ძმები არიან. უერთმანეთოთ მათ ცხოვრება არ შეუძლიანთ – ამიტომ სწავლაში სხვათა საგანთა შორის უსათუოდ წერაზედაც უნდა ჰქონდეს მიქცეული განსაკუთრებული ყურადღება მასწავლებელს”, – დაასკვნის რეცენზენტი. ის ურჩევს მასწავლებლებს გულდასმით შეარჩიონ დედნები და გამოიყენონ პრაქტიკაში. ალექსი მირიანაშვილი აღნიშნავს ქართული წერის დედნის შედგენის სიძნელეს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქართული ანბანის მოთავსება ბადეში ძნელია. ამის გამო ზოგიერთი ასო (ე, ვ, ზ, მაგალითად, ნ, ჩ) ულაზათო გამოდის. ქართული ასოების ბადესთან შეგუების სიძნელე ვარლამ გაბიჩვაძის მიერ შედგენილ ქართული წერის დედანსაც დასტყობიაო. „საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ქართულ ასოებს ერთობ რთული ბადე ეჭირვებათ, ასე რთული, რომ თვითონ პატარა მოსწავლე თავის საშუალებით ვერას გზით ვერ მოახერხებს მის დახაზვას და იძულებული შეიქმნება ყოველთვის დაბეჭდილი რვეული იყიდოს ხოლმე... ბ-ნ გაბიჩვაძეს, როგორც ეტყობა, ამ გარემოებისთვის მიუქცევია ჯეროვანი ყურადღება და ამიტომ ამოურჩევია ისეთი მარტივი და ადვილად დასახაზი ბადე, რომლის უმარტივესი, ვგონებ, ვეღარც კი შეიძლებოდეს კაცმა გამოიგონოს”. შემდეგ რეცენზენტს აღწერილი აქვს ბადის შემადგენელი ნაწილები. განაგრძობს რა რეცენზენტი დედნის ავკარგიანობაზე საუბარს, ამბობს: „დდნის ორსავე ნაწილში საყურადღებონი არიან: „ა) მაჯისა და თითების სავარჯიშონი, ბ) ქართული ასოების ელემენტები და გ) ასოების გადაბმა... საზოგადოდ დედნის ორივე ნაწილი ძლიერ სუფთად და ლაზათიანად არიან გამოცემული. ავტორი გვპირდება მესამე ნაწილსაც; ეტყობა, ნუსხური ხელი უნდა იყოს მესამე ნაწილში. ვისურვებთ, რომ მალე ვეღირსოთ იმასაც და ისიც ისე მადლიანად იყოს ნაშრომი, როგორც პირველები. ბოლოს არ შეგვიძლიან მხარი ავუქციოთ და მოვიხსენიოთ ავტორის ერთი კაი თვისება. ამ თითქმის ორი წლის წინად ბ-ნმა გაბიჩვაძემ პირველად დაბეჭდა ის დედანი, რომელსაც ამჟამად ჩვენ ვეხებით. გამოსვლისთანავე, ჯერ მაღაზიებში არც კი იყო დაწყობილი გასაყიდად, რომ ჩვენ იგი გავარჩიეთ და შეძლებისა და გვარად აღმოვაჩინეთ საკმაო ნაკლულევანებანი. ავტორმა იხმარა იმდენი სულგრძელობა, რომ არ შეხედა იმოდენა დანახარჯს და სრულიად გათავებული, დაბეჭდილი დედანი აღარ გამოუშვა გასასყიდად და მთელი თავისი შრომა ქარსა და წყალს მისცა. ეს გარემოება იმას ნიშნავს, რომ ავტორი არის აღჭურვილი მხოლოდ ერთად-ერთის ხელმძღვანელი აზრით: საზოგადოებას უსათუოდ მოუტანოს სარგებლობა და არ განავრცელოს თავისი შრომა განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგი ექნება ამისთანა გავრცელებას: კარგი თუ ავი. ღმერთმა ჰქმნას, რომ ყველა ჩვენი ავტორები ასეთი თვისებისანი იყვნენ”. ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი აზრი ვარლამ გაბიჩვაძის „ქართული წერის დედანს”, რომელიც კარგა ხანს იხმარებოდა ჩვენს სკოლებში. ცნობილია, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდობა და მოწინავე ინტელიგენცია ხარბად ითვისებდა რუსეთის დიდი განმანათლებლების იდეებს და ჩაება რუსეთის რევოლუციურ მოძრაობაში. XIX საუკუნის 70-იან წლებში ნაროდნიკული მოძრაობა რუსეთიდან საქართველოსაც მოედო. ამ დროს როგორც რუსეთში, ისე საქართველოს ის ატარებდა რევოლუციურ ხასიათს, რითაც განსხვავდებოდა 90-იანი წლების ლიბერალური ნაროდნიკობისაგან. ცნობილია, რომ ნაროდნიკული მოძრაობის მთავარ ცენტრად დასავლეთ საქართველოში ქუთაისი იყო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – გორი. ვარლამ გაბიჩვაძემ თავის სამოღვაწეო ასპარეზად ქუთაისი აირჩია. ის იყო სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად და ამავე დროს აქტიურ და ხელმძღვანელ როლს ასრულებდა ნაროდნიკულ ორგანიზაციაში. თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მხედველობიდან არ გამოპარვია ნაროდნიკული ორგანიზაციების მუშაობა საქართველოში; მათ ნაბიჯს ის გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის თანაშემწე შტაბს-კაპიტანი ხრისტოფოროვი, რომელსაც დავალებული ჰქონდა თვალყური ედევნებია ნაროდნიკული ორგანიზაციების მუშაობისათვის საქართველოში, თავის მოხსენებაში აღწერს ქუთაისის ნაროდნიკული ორგანიზაციის მუშაობას. ამ მოხსენებიდან ირკვევა, რომ ხალხში რევოლუციური აზრების გავრცელების მიზნით ვარლამ გაბიჩვაძეს უთარგმნია ზღაპარი „ოთხი ძმა”. გარდა ამისა, 23 მაისს 1876 წელს ქუთაისში მის ბინაზე სათათბიროდ შეკრებილან: მიხეილ ყიფიანი, ილია ბახტაძე (ხონელი), ვარლამ გაბიჩვაძე, ნათაძე, ანტონ ლორთქიფანიძე და ოლღა ყიფიანი. ამ თათბირზე გაურჩევიათ შემდეგი საკითხები: ა) საერთო სალაროს დაარსება, რომლის შემოსავალი შეგროვდება: ხელისმოწერით, წრმოდგენების გამართვით; ბ) მოლარის არჩევა; გ) გლეხებში პროპაგანდის წარმატებისათვის პროგრამის შედგენა. სალაროს წესდების შედგენა მიუნდვიათ მიშო ყიფიანისათვის, პროგრამის შედგენა კი ვარლამ გაბიჩვაძეს აუღია თავის თავზე. ეს პროგრამა მას შესასწორებლად უნდა წაეღო ეგნატე იოსელიანთან. 1876 წლის ნოემბერში საქართველოში ნაროდნიკული ორგანიზაციების ყველა წევრი გაჩხრიკეს და დააპატიმრეს, მათ შორის ვარლამ გაბიჩვაძეც. შემდეგ ყველა დაპატიმრებულის საქმე გაარჩია თბილისის საოლქო სასამართლომ, რომელმაც ვარლამ გაბიჩვაძეს ერთი წლით ციხეში პატიმრობა მიუსაჯა. 1888 წელს ქუთაისში ალექსანდრე III ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვარლამ გაბიჩვაძე გაძევებული იყო ქუთაისიდან რაჭაში. აღსანიშნავია ის ღვაწლი, რომელიც ვარლამ გაბიჩვაძეს მიუძღვის ქართული ხელოვნებისადმი, კერძოდ, ქართული თეატრისადმი. ცნობილია, რომ ნაროდნიკები თავისი იდეების ხალხში გასავრცელებლად და სწავლა-განათლების ხალხში შესატანად ფართოდ იყენებდნენ თეატრსაც. როგორც ჩანს, ნაროდნიკულ ორგანიზაციას ქუთაისში ვარლამ გაბიჩვაძე და ელენე ყიფიანი სამუშაოდ მიუვლენია დრამატულ წრეში. ვარლამ გაბიჩვაძეს, როგორც ქვევით დავინახავთ, საკმაოდ არტისტული ნიჭი გამოუჩენია. თეატრის შენობის უქონლობის გამო დრამწრეს სხვადასხვა ნაქირავებ შენობაში უხდებოდა წრამოდგენების დადგმა. ეს შენობები სრულიად შეუფერებელი იყო წარმოდგენების დასადგმელად. დაისვა საკითხი თეატრის შენობის აგების შესახებ. დიდი გაჭირვებით ქუთაისის ქალაქის თვითმართველობას თეატრის შენობა აუგია. თუმცა ამ შენობას ბევრი ნაკლი ჰქონდა და მოუწყობელიც ყოფილა, მაგრამ მაინც შესაძლებელი გამხდარა წარმოდგენების გამართვა. ამასთან დაკავშირებით სცენის მოყვარეთა წრეს გადაუწყვეტია მუდმივი თეატრის დაარსება და შეუდგენია დასი, რომელშიც სხვებთან ერთად ვარლამ გაბიჩვაძეც შედიოდა. ერთ-ერთი სპექტაკლის შესახებ 1880 წლის გაზეთი „დროების” №80-ში&ნბსპ; მოთავსებულია რეცენზია, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია: „შესანიშნავ კარგად გამოვიდა რაჭველი (გაბიჩვაძე) პეტრუას როში. გაბიჩვაძეს ჩვენ პრიველად ვხედავთ სცენაზე და მართალი უნდა ვთქვათ, რომ ოსტატურად წრამოადგინა რაჭველი სიტყვის გამოთქმით და ტანის მოძრაობით”. 1885 წელს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და გამოჩენილ არტისტს კოტე მესხს შეუდგენია ქუთაისში დასი. ამ დასში მას მიუწვევია ცნობილი მსახიობები, რომელთა შორის დასახელებულია ვარლამ გაბიჩვაძეც. როგორც მასალებიდან ირკვევა, ვარლამ გაბიჩვაძე თეატრალურ ასპარეზზე მოღვაწეობდა ხან ქუთაისში და ხან თბილისში. მაგალითად, ვარლამ გაბიჩვაძეს, როგორც 1884 წლის გაზეთ „დროების”№178-ში მოთავსებული განცხადებიდან ჩანს, მაკო საფაროვას, ვასო აბაშიძეს, ა. მოხევესა და სხვებთან ერთად მონაწილეობა მიუღია არწრუნისეულ თეატრში დადგმულ კომედიაში „საქმრო გაჭირვებულ მდგომარეობაში”. აღსანიშნავია, რომ მას სხვა დამსახურებათა გარდა თავისი წვლილი შეუტანია გამოგონების დარგშიც. როგორც 1881 წლის გაზეთი „დროების” №147-ში&ნბსპ; მოთავსებული წერილიდან ჩანს, მას გამოუგონია ისეთი საშუალება, რომლითაც „დიდ მდინარე წყლის სიღრმეში წისქვილის ბორბალს ადვილად ატრიალებს, ასე რომ, ამ საშუალებით შეიძლება რიონში, მტკვარში ან მასზე მომეტებულს და ნაკლებ წლებში წისქვილებიც გაკეთდეს, ხეების სახერხავი ქარხნებიც და სხვა”. სამწუხაროდ, მასალებიდან არ ჩანს, იყო თუ არა გამოყენებული ეს გამოგონება და ან რა ბედი ეწია მას. უკანასკნელი პერიოდი თავისი სიცოცხლისა ვარლამ გაბიჩვაძემ გაატარა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სამსახურში, სადაც ის გიორგი ზდანოვიჩმა მიიწვია. ის მსახურობდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს ქუთაისის კანტორაში საქმეთა მმართველად 1809 წლის მარტიდან 1907 წლის 15 ივლიამდე. ამ წლიდან მძიმე ავადმყოფობის გამო ის იძულებული იყო თავი დაენებებია სამსახურისთვის. ვარლამ გაბიჩვაძე 58 წლისა გარდაიცვალა 1908 წლის 9 აგვისტოს ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოში. მისმა ახლო ნათესავებმა ვერ მოახერხეს საზოგადოებისათვის თავის დროზე ეცნობებინათ მისი გარდაცვალება. ასე რომ, განსვენებულის შესახებ უბრალო ნეკროლოგიც არავის მოუთავსებია იმდროინდელ გაზეთებში. ასე უხმოდ მიბარდა მიწას ის ადამიანი, რომელმაც თავისი მოვალეობა სამშობლოსადმი პირნათლად შეასრულა და ნაყოფიერად ემსახურა მას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მისი საფლავიც კი დღეს უყურადღებობის გამო შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955