მარიამ დემურია (1860-1910)
ქართულ საბავშვო ლიტერატურაში მარიამ დემურია მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი ცნობილია როგორც საბავშვო მწერალი, დრამატურგი, სახალხო სცენის დაუღალავი მუშაკი, საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის” დამაარსებელი და მისი პირველი რედაქტორი. მარიამ დემურია ამშვენებს ქართველ მოღვაწე ქალთა იმ რიგებს, რომელთაც შესწევდათ ნიჭი, უნარი და გამბედაობა მეფის თვითმპყრობელური რეჟიმის დროს არსებული სიდუხჭირის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
მარიამ ივანეს ასული ივანიშვილი-დემურია დაიბადა 1860 წლის 21 მარტს (ძვ. სტ.) ქალაქ გორში. ადრე დაობლებული მარიამი ღრმად მოხუცი ბებიის ამარად დარჩა. პატარა მარიამისათვის ნამდვილი სკოლა შეიქმნა განათლებული ოჯახი ელიზბარ ერისთავისა, რომელიც 1832 წლის ცნობილი შეთქმულების ერთი მთავარი მონაწილეთაგანი იყო.
ხალხოსნური მოძრაობით განთქმულ ქალაქში დაბადებული და აღზრდილი მარიამი თავიდანვე მოექცა იმ წრეში, სადაც ტრიალებდნენ: ანტონ ფურცელაძე, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური და სხვ. მათი დახმარებით მარიამმა შეძლო თბილისის სამეანო ინსტიტუტის კურსის დასრულბა, რის შემდეგ მუშაობდა ხან თბილისში, ხან ოზურგეთში, ხან საჩხერეში და სხვ., მაგრამ იგი უფრო ფართო საზოგადოებრივი სარბიელისათვის იყო მოწოდებული. მისი ბუნება და სულიერი მოთხოვნილება ვიწრო სპეციალობის ფარგლებში ვერ თავსდებოდა. მართლაც, სულ მალე იგი ცნობილი გახდა როგორც ნიჭიერი სცენისმოყვარე, განათლების მუშაკი, მწერალი და ჟურნალისტი.
15 წლის განმავლობაში იგი იყო თბილისის სახალხო სახლების, თეატრების, სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა კულტურულსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მუშაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წამყვანი მუშაკი. ცნობილი ბელეტრისტისა და პედაგოგის სოფრომ მგალობლიშვილის ცნობით, მარიამ დემურიამ წელში გამართა და ფეხზე დააყენა ავჭალის აუდიტორია. ყველა მაშინდელ ახალგაზრდას, ვისაც კი რაიმე შეეძლო, მან დიდი დახმარება გაუწია.
მარიამ დემურია დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას, რომელიც თავისი მუშაობით საუკეთესოდ და მოწინავედ ითვლებოდა იმდროინდელი თბილისის ქართულ ბიბლიოთეკებს შორის. ყველაზე უდიდესი ღვაწლი მარიამ დემურიამ დასდო ნორჩ ქართველ მკითხველებს იმით, რომ დააარსა როგორც ფორმით, ისე შინაარსით შესანიშნავი საბავშვო ჟურნალი „ნაკადული”, რომელიც თვესი სამჯერ გამოდიოდა (ორი ნომერი მცირეწლოვანთათვის და ერთიც, უფრო მოზრდილი ფორმატისა და მოცულობისა – მოზრდილთათვის). მარიამს დიდი ჯაფა და ბრძოლა დასჭირდა ამ ჟურნალის დაარსებისათვის, მაგრამ უკან არ დაუხედვია. სოფრომ მგალობლიშვილი გადმოგვცემს, რომ „მარიამი თავისებურად მედგრად შეუდგა ჟურნალის დაარსებას. კარი-კარ დადიოდა ქართველ მწერლებთან, კალთას აგლეჯდა და მიჰყავდა კრებებზე მოსალაპარაკებლად. საშუალებაც იშოვა: კნეინა ნინო ელიზბარის ასულ ქობულაშვილისამ ჟურნალის გამოცემა იკისრა, დავით ერისთავის ქალმა ელისაბედ ერისთავმა – რედაქტორობა. კრებები აკაკის თავმჯდომარეობით იმართებოდა. უნდა მოგახსენოთ, მოსვენება არ გვქონდა მარიამისაგან, მანამ არ დაარსდა ჟურნალი, რომელსაც კრებამ „ნაკადული” უწოდა”.
“ნაკადულის” პირველი ნომერი 1904 წლის ნოემბერში გამოვიდა. იგი იხსნება აკაკის ლექსით „ნაკადული”, რომელშიც მოცემულია მომავალი მუშაობის პროგრამა. „ნაკადულის” ეს ხაზი უეჭველად მოწინავე და პროგრესულია თავის წინამორბედ საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილთან” შედარებით, რომელიც 1890 წლიდან გამოდიოდა ცნობილი ქართველი მოღვაწე ქალის ანასტასია წერეთლის რედაქტორობით. 1904 და 1906 წლებში „ნაკადულთან” დამატების სახით გამოდიოდა აგრეთვე „პედაგოგიური ფურცელი” ელ. ერისთავის, ნ. ზურაბიშვილის, ალ. მდივნისა და ივ. მაჭავარიანის რედაქტორობით. ამ ფურცლის უმთავრესი თანამშრომლები იყვნენ: შიო ჩიტაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, პ. სურგულაძე, ა. ბალარჯიშვილი, ე. ელიავა და სხვ. „ნაკადულის” გარშემო შემოკრებილი იყვნენ ცნობილი მწერლები და პედაგოგები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, თედო რაზიკაშვილი, ბაჩანა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ლომოური, ალექსი მირიანაშვილი, ნინო და ილია ნაკაშიძეები, ალქსანდრე მიქაბერიძე, ლუარსაბ ბოცვაძე და სხვ.
მარიამ დემურია, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალის დამაარსებელი იყო, ოფიციალური რედაქტორი მხოლოდ 1906 წლიდან გახდა. როგორც ამ ჟურნალის უახლოესი თანამშრომელი და შემდეგ თვით რედაქტორის შემცვლელი ნინო ნაკაშიძე მოგვითხრობს, მარიამ დემურია მუყაითი მშროელი და გულისხმიერი რედაქტორი იყო. ის ჟურნალში დასაბეჭდ მასალას ყოველთვის სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე არჩევდა და იხილავდა.
დიდი პედაგოგის – იაკობ გოგებაშვილის აზრით, „საყმაწვილო ლიტერატურა ის საძირკველია, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა, საბავშვო ჯურნალი, რომელშიც ადგილი ეძლევა მხოლოდ ნიჭიერ ნაწაროებთა... ჰუმანური მისწრაფებებით შეამკობს და სხვა ფაქტორებთან ერთად სამშობლოს მოუმზადებს მხნე და გლუწრფელ მამულის შვილს”. თავისი არსებობის ორი ათეული წლის მანძილზე ამ საპატიო მოვალეობისადი სამსახური „ნაკადულისა” მეტად ნაყოფიერი იყო.
მარიამ დემურიას არ ეღირსა თავისი საყვარელი საქმის სრული დაგვირგვინება. იგი ჟურნალის დარსების ექვსი წლისთავზე, 1910 წლის 21 იანვარს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.
ჟურნალი „განათლება” (1910, №3) მარიამ დემურიას შესახებ მოთავსებულ ნეკროლოგში აღნიშნავდა: „ამ ჟურნალს შეალია განსვენებულმა თავისი დენი. ვინ იცის, რამდენი შრომა და აუტანელი ჯაფაა საჭირო დღევანდელს პირობებში ჟურნალის გამოსაცემად და ისიც საყმაწვილო ჟურნალისა, რომელსაც ჩვენში ჯერ კიდევ მცირე თანამგრძნობი ჰყავს. ცხადია, რომ ამ შრომას იკისრებს მხოლოდ იდეით გატაცებული, ქვეყნისა და მისი მომავლის მოსიყვარულე ადამიანი”.