მარიამ დადიანი-ანჩაბაძე (1870-1959)
სახალხო განათლების ცნობილ მუშაკთა და ქველმოქმედ ქართველ ქალთა რიგებში მარიამ დადიანი-ანჩაბაძისა უთუოდ თავისეური სახით გამოიყურება. იგი არასოდეს ყოფილა მასწავლებელი, მაგრამ სახალხო განათლების თავგამოდებული მუშაკი იყო; მას არც არავითარი ოფიციალური განათლება მიუღია, მაგრამ განატლების გავრცელებისათვის მხნე და ნაყოფიერი მებრძოლი იყო; მას არც პედაგოგიური განათლება ჰქონია, მაგრამ ბავშვის შესანიშნავი აღმზრდელი და მოამაგე დედა იყო; იგი არც მწერალი ყოფილა, არც პუბლიცისტი, მაგრამ მის სახელს ხშირად ვხვდებით ქართულ პრესაში; მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე მან პროვინციაში გაატარა, მაგრამ ერის სულისკვეთებისა და ზრახვების წრის გარეთ ერთი წუთითაც არ მდგარა. ამ მხრივ, იგი წარსული საუკუნეების ქართველ მოღვაწე ქალთა ტრადიციის გამგრძელებელი იყო. შინგანათლებუი მარტო ოჯახური ცხოვრებით არ შემოფარგლულა, ვიწრო ნაჭუჭში არ ჩაკეტილა, მან საზოგადოებრივ სარბიელზე გარკვეული სამოქმედო უბანი მიიზომა და სრულიად უპრეტენზიოდ, ჩუმად, თავმდაბლად იღვწოდა „ერის წყლულის” განსაკურნავად. იგი მოღვაწეობდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში – აფხაზეთში, სადაც ცარიზმის კოლონიური და ჯალათური პოლიტიკის გამო სრულიად განსხვავებულად, რთულ და მწვავე ფორმებში ვითარდებოდა ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის, რომლის განუყოფელი ნაწილი იყო მაშინ სახალხო განათლების გავრცლეება და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა.
მარიამ დადიანი დაიბადა 1870 წლის 6 (18) დეკემბერს სოფელ სვირში (იმერეთში), აბაშიძის ოჯახში, სადაც 26 წლით ადრე დაბადებულა მისი სახელოვანი მამა – მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ტარიელის ძე დადიანი.
სამი თვის პატარა მაშო მშობლებს საკუთარ სოფელ ბერთემში წაუყვანიათ, სადაც მან ბავშვობა გაატარა. მალე უმცროსი ძმა შალვაც (სახელგანთქმული ქართველი მწერალი შალვა დადიანი) გვერდით ამოუდგა მას. შვილებს წერა-კითხვა და ერისადმი სიყვარული მამამ ასწავლა. მაშო დადიანს მამა-მასწავლებლისაგან, ისე როგორც შალვას, ერთგვარი ანდერძიც კი მიუცია იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო იგი, როგორც ქალი. აი, საგულისხმო სტრიქონები:
“სიტყვაში – სიტკბო, ხელში – საქნარი,
ჭკუაში – ცოდნა მართებულისა.
ქცევაში – სიბრძნე, წყნარ-უკვეხაარი,
გულში – წამება წმიდის სჯულისა,
აზრში – მამული, სახლი და შვილი,
განსჯაში – რწმენა წარმატებისა,
ფიქრში – ერის სვე, ერის წადილი,
ხელში – ბეჭედი ღვთის ხატებისა...”
მარიამი მის მეუღლესთან – ტარას ანჩაბაძესთან ერთად ცხოვრობდა სოხუმში. იგი ტრიალებდა ცნობილ ქართველ და აფხაზ მოღვაწეებს შორის (გიორგი შარვაშიძე, გრიგოლ შარვაშიძე, პ. ჭარაია, ნიკო ჯანაშია, ნ. თავდგირიძე, თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, დესპინე გელოვანისა, ა. ავალიშვილისა, ვ. ადამია, ლ. ალშიბაია, ივანე ბურჭულაძე, გრიგოლ დადიანი, ნ. ემუხვარისა, ზ. და ნ. თურქიები, ა. ინალიფა, ალ. შარვაშიძისა, ტ. შარვაშიძისა, ალ. შარვაშიძე, კ. შარვაშიძე, პ. ანჩაბაძე, სპირიდონ ნორაკიძე, ივანე გეგია და სხვ.).
მათ მძიმე ბრძოლები გადაიტანეს თვითმპყრობელობის აღვირახსნილი მოხელეების წინააღმდეგ.
მაშო დადიანი-ანჩაბაძისა აქტიური მონაწილე იყო იმ კულტურული საქმიანობისა, რომლის შედეგად აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში, ფეხი მოიკიდა სკოლებმა, რომლებშიც გლეხის შვილებს და, რაც მთავარია, ადგილობრივთა მკვიდრთ არ ეკრძალებოდათ შესვლა. 1900 წლიდან ადგილობრივ მოწინავე საზოგადო მოღვაწეთა დაჟინებითი მოთხოვნით სოხუმის სამოქალაქო სასწავლებელში შემოიღეს ქართული ენის სწავლება. ქალაქში დაარსდა საავადმყოფო.
იმავე ხანებში სოხუმში ეწყობა სცენა, სადაც თბილისიდან და ქუთაისიდან ჩამოსული დასები მართავენ ქართულ სპექტაკლებს. ადგილობრივი ძალებით გამართული მთელი რიგი წარმოდგენებიდან შემოსული თანხმები გროვდება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის გასაჩაღებლად, როგორიც არის სამკითხველოს დაარსება, ჟურნალ-გაზეთების გამოწერა და სხვა.
ყველა ამ ღონისძიებათა ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და პრაქტიკულად გამტარებელი იყო მარიამ დადიანი, მისი სამოქმედო ასპარეზი უფრო განმტკიცდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც მისივე ინიციატივით სოხუმში ჩამოყალიბდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” განყოფილება (1903). საზოგადოების განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მარიამ დადიანი.
მარიამმა პირველ რიგში დააყენა საკითხი სოხუმში ქართული სკოლის დაარსების შესახებ. ცენტრალური გამგეობის მიერ ეს ინიციატივა მოწონებულ იქნა. სკოლსი პროფილის პროექტი დამუშავდა. სკოლის გამგედ და მასწავლებლად მიწვეულ იქნა მაშინ ძველი სენაკის ქართულ სკოლაში მომუშავე ნიკო ჯანაშია, რომელიც აქტიური წევრი და მდივანი გახდა „ქართველთა შორის წერა-კითხვსი გამავრცელებელი საზოგადოების” სოხუმის განყოფილების გამგეობისა. დაიწყეს ზრუნვა სკოლისათვის სპეციალური შენობის ასაგებად. მარიამმა ყოველვარი ღონისძიება იხმარა საჭირო თანხმების დაგროვებისათვის და მშენებლობაც დაიწყო. საქმეც ბრწყინვალედ დაგვირგვინდა, რაც სათანადოდ შეაფასა „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” თავის 1911 წლის ანგარიშში.
1912 წლის პირველი იანვრისათვის „საზოგადოების” სოხუმის განყოფილებას ჰყავდა ორასამდე წევრი და გადახალისებული გამგეობა, რომლის თავმჯდომარე კვლავ მარიამ დადიანი იყო.
გამგეობასთან ჩამოყალიბდა ექვსი კაცისაგან შემდგარი სამშენებლო კომისია, რომელსაც ევალებოდა სკოლების, ბიბლიოთეკების, კლუბებისა და სხვა კულტურუული დაწესებულებებისათვის შენობების აგება და მისი ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
გამგეობა და მისი თავმჯდომარ მარიამი 1912 წელს კიდევ აფართოებენ საზოგადოების მუშაობას. ცდილობენ ორგანყოფილებიანი სკოლა მომავალი წლისათვის გახადონ სამგაყოფილებიანად. ამის გამო გაფართებულ იქნა სკოლის შენობა ახალი საკლასო ოთახებით. „გამგეობის ბეჯითი, დაუზარელი და მხნე მოქმედებით, – აღნიშნულია 1912 წლის ანგარიშში, – სკოლას უკვე მომზადებული ჰქონდა სამი საკლასო დარბაზი. ამავე დდროს გამგეობას გადაუწყვეტია იმავე შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა-სამკითხველო და საკვირაო სკოლა”.
საანგარიშო წელს სკოლაში ყოფილა 87 მოსწავლე. სკოლა დაუთვალიერებია საზოგადოების ცენტრალური გამგეობის წევრს ლუარსაბ ბოცვაძეს, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა მასწავლებლების მუშაობასა და მოსწავლეთა მომზადებას. მისი დასკვნით, მოსწავლეები ყველა საგანში კარგად იყვნენ მომზადებული, პასუხობდნენ შეგნებულად და ყურადღებით. განწყობილება მასწავლებლესა და საზოგადოებას შორის ჩინებულია. დასკვნაში ხაზგასმულია მასწავლებლებსა და მსოწავლეებს შორის არსებული ნამდვილი მეგობრული განწყობილება და ურთიერთპატივისცემა.
ასეთი ნაყოფიერი მუშაობა სოხუმის განყოფილების გამგეობას უფლებას აძლევდა ცენტრალური გამგეობიდან გამოეთხოვა სესხის სახით 10 ათასი მანეთი, რომ საბოლოოდ დაემთავრებინათ შენობის აგება. მართალია, უკვე სამი წელი იყო, რაც ამ შენობაში სკოლა მუშაობდა, მაგრამ იგი პროექტის მიხედვით მაინც არ იყო დამთავრებული. მასში უნდა ყოფილიყო როგორც დაწყებითი, ისე საშუალო სკოლაც, წიგნსაცავი ,სამკითხველო, სცენა, კლუბი, საკრებულო დარბაზი და სხვ. მარიამ დადიანის დაუცხრომელი ზრუნვის წყალობით, ეს მშენებლობა დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ შენობაში მოთავსებულია სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.
“საზოგადოების” სოხუმის განყოფილების მუშაობამ მარიამ დადიანის მეთაურობით იმდენად დიდი ავტორიტეტი მოუპოვა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ მისი განყოფილებები იხსნება აგრეთვე ოჩამჩირესა და გუდაუთში; ამგვარად, მაშინდელი სოხუმის ოლქის ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი ჩაბმულ იქნა ეროვნული კულტურის დაცვის საქმეში. სოხუმში გაჩაღდა ქართული კულტურის სხვადასხვა კერა. იქ ხშირად ჩადიოდნენ ქართველი მწერლები (აკაკი წერეთელი, იროდიონ ევდოშვილი და სხვ.), ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, კითხულობდნენ ლექციებს და ა. შ.
ვიდრე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცეელბელი საზოგადოების” არსებობა იყო საჭირო, მაშო მისი სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობდა და ქართული ეროვნული კულტურის სადარაჯოზე იდგა. ისი ხელშეწყობით არსდებოდა ქართული სკოლები, ან არაქართულ სკოლებში ისწავლებოდა ქართული ენა (გალის სკოლა). პ. ჭარაიას, ნიკო ჯანაშიას, ანთიმოზ ჯუღელს, ვ. ადამიას, ივანე გეგიას, ალ ჭოჭუასა და სხვა ცნობილ პედაგოგებთან ერთად იგი იყო ამ მხარეში ქართული წიგნის მოამაგე-გამავრცელებელი და დამაარსებელი სამკითხველოებისა და სხვა კულტურული დაწესებულებებისა.
მარიამ დადიანის დიდი ამაგი სოხუმელმა საზოგადოებამ სათანადოდ შეაფასა – 1929 წელს მას უანგარო მოღვაწეობისათვის 25 წლის იუბილე გადაუხადა. ამ საღამოზე შეჯამდა მარიამის მცირე, მაგრამ თავისი შინაარსით ჩვენი კულტურის ისტორიისათვის დასამახსოვრებელი ღვაწლი.
მარიამ დადიანი გარდაიცვალა 1959 წელს.