‍ვლადიმერ აღნიაშვილი (1860-1904)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

0003 agniლადო აღნიაშვილის ხანმოკლე ცხოვრება და მოღვაწეობა ქართული კულტურის ისტორიის ერთი პატარა, მაგრამ შესამჩნევი და დამამშვენებელი ფურცელია.

ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი დაიბადა 1860 წლის 23 იანვარს მღვდლის ოჯახში, სოფელ შილდას – ილია ჭავჭავაძის მშობლიური სოფლის – ყვარლის მეზობლად, შიდა კახეთში. თელავის სასულიერო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ მშობლების სურვილის წინააღმდეგ, იგი გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. 1881 წელს ამ სასწავლებლის კურსი ლადომ ჩინებულად დაასრულა და იმავე წელს დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში. ორი წლის შემდეგ ლადო გადაიყვანეს თბილისის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში, სადაც უფრო ხანგრძლივი მუშაობა მოუხდა. ამ ორივე სასწავლებელში ლადომ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

ლადო აღნიაშვილის მოღვაწეობის ამავე პერიოდს ეკუთვნის მისი გატაცება ერთი მეტად მტკივნეული საკითხით. ეს იყო ქართველი ბავშვებისათვის რუსული ენის სწავლების საკითხი. იაკობ გოგებაშვილის ეპოქალური სახელმძღვანელო „რუსკოე სლოვო” იმ ხანებში ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. უშინსკისა და ვოდოვოზოვის სახელმძღვანელოები მხოლოდ რუსი ბავშვებისათვის იყო შედგენილი; მათი დაძლევა ქართველ ბავშვებს ძლიერ უჭირდათ. ამ მხრივ, მდგომარეობას ცოტაოდნავ ამსუბუქებდა გერასიმე კალანდარიშვილის „რუსული ენის კურსი ქართველთათვის”, რომელიც მოზრდილებისათვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ ეს წიგნი უკვე საკმაოდ მოძველებული იყო და მოთხოვნილებას ვერ პასუხობდა.

ლადო აღნიაშვილმა ამ ხარვეზის შესავსებად 1883 წელს თბილისში გამოსცა სპეციალურად ქართული სკოლებისათვის შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო „Первый шаг в изучениирусского языка для начальных грузинских школ”. ეს წიგნი შედგება ხუთი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი – ლექსიკური განყოფილება ქართულ ენაზეა, რომ პატარებმა იცოდნენ მახლობელი საგნის სახელები მშობლირუ ენაზე სწორად, გამართულად და მათივე არსი და მნიშვნელობა ადამიანისათვის, მის შრომა-საქმიანობაში და სხვა. თანდათან ბავშვის მეტყველების გასავითარებლად აქვე მოცემულია მოკლე, მარტივი წინადადებანი, ციფრები და რიცხვები, კვირის დღეებისა და თვეების სახელები, ადამიანის სხეულის ნაწილების დასახელება და სხვა საჭირო ცნობები. ლექსიკას მოსდევს რუსული ასოების ნიმუშები, რომლის შემდეგ მეორე ნაწილიდან წიყება რუსული ანბანის სწავლება.

ანბანის გაცნობისათვის მოცემულია სხვადასხვა საგნის სურათი (ნახატი), რომლის ქვეშ ბეჭდურად და ხელნაწერით აღნიშნულია ამ საგნის სახელწოდება დაუმარცვლავად. ავტორი არ იყენებს ბგერით ანალიზურ-სინთეზურ მეთოდს. ის მხოლოდ მთლიან სიტყვებს მიმართავს. გამოყოფს მარტო ახალს, გასაცნობ ასო-ბგერას და იმასაც ადრე, ვიდრე საგნის მთელ სახელწოდებას უჩვენებდეს. ლადო აღნიაშვილის ამ წიგნის მიხედვით წერა და კითხვა, ან კითხვა და წერა წარმოებს ერთსა და იმავე დროს... ამგვარად, სლუ 12-13 გაკვეთილის მანძილზე მთავრდება ანბანის დაუფლება და წერა-კითხვის შესწავლა, რასაც მოსდევს საკითხავი მასალა და სავარჯიშო წინადადებანი. სავარჯიშოებს შიგადაშიგ ჩართული აქვს რუსულ-ქართული პატარა ლექსიკონები. ისინი განმარტავენ იმ სიტყვებს, რომლებიც მოცემულია ამ სავარჯიშოებში. წიგნის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები თანდათან უფრო და უფრო ფართოვდება. წიგნში მოთავსებულია ლექსები, მოთხრობები, იგავები. ბოლოს დართული აქვს ვრცელი ქართულ-რუსული ლექსიკონი. წიგნი გათვალისწინებულია ორი წლისათვის.

ლადო აღნიაშვილის სახელმძღვანელოს ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ მაშინ იგი მაინც უწყობდა ხელს რუსული ენის სწავლების ერთგვარ გაუმჯობესებას. თავმდაბალი ავტორიც ასევე აფასებდა თავის წიგნს:

“დღევანდლამდის ჩვენს სკოლებში რუსული ენის სწავლებას აწყებინებდნენ ან კალანდარიშვილის წიგნით და/ან იმგვარი ანბანით, როგორიც არიან: უშინსკის, პავლენკოვისა, ბუნაკოვისა, გერბაჩისა, ვოდოვოზოვისა და სხვ. თუმცა ამ ბოლო დროს ყველა მასწავლებელს ესმის, რომ არც ერთი ზემოხსენებული წიგნი სრულებითაც არ აკმაყოფილებს თავისი დანიშნულების შესაფერ მოთხოვნილებათა. მაგრამ იმ რუსული ანდაზისა არ იყოს – უთევზობაში კიბოც თევზიაო, – რა გაეწყობა, როცა მეტი არ არის რა. ყველამ კარგად იცის, რომ ამგვარი სახელმძღვანელოებით ენის შესწავლაში ძლიერ დიდი და ამასთანავე შეუსაბამო შრომა მიუძღვის პაწაწა ბავშვს და თუ ძლიერ დახელოვნებული და გამოცდილი მასწავლებელი არ შეხვდა, შეიძლება სარგებლობის მაგიერ, დააზარალოს თავისი მოსწავლეები.

აი, ამის გამო განვიზრახე და შევადგინა სახელმძღვანელო წიგნი ჩვენს სკოლებში სახმარებლად „პირველი ნაბიჯი” რუსული ენის შესწავლაში. ამით ის კი არ მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი დააკმაყოფილებს თავისი დანიშნულების ყოველგვარ მოთხოვნილებას და/ან ეს ნამდვილი „ვარდისახარია”-მეთქი. სრულებით არა, მხოლოდ ვცდილობდი, რომ ცოტად თუ მეტად შემემცირებინა ბავშვებისათვის „ჯოჯოხეთი” და მაშასადამე, შეძლებისადაგვარად დამეკმაყოფილებინა უპირატესი პედაგოგიური მოთხოვნილებანი”.

ლადო აღნიაშვილის ეს სახელმძღვანელო, მიუხედავად მისი დადებითად შეფასებისა ქართული პრესის ფურცლებზე (“დროება”), მეორედ აღარ გამოცემულა. მან ვერ ჰპოვა პოპულარობა და ფართო გავრცელება. ამასთანავე სულ მოკლე ხანში, 1885 წელს, ქართულმა სკოლებმა მიიღეს დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის საყოველთაოდ ცნობილი და მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელო „რუსსკოე სლოვო”.

ლადო აღნიაშვილმა 1887 წელს შეადგინა „უბის ლექსიკონი”, რომელიც თავის დროზე ერთგვარ სამსახურს უწევდა მკითხველს. 1890 წელს მაშინვე შეკრიბა და ერთ რჩეულ კრებულად გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები, რომელიც დღემდე იმსახურებს ფოლკლორის სპეციალისტების მოწონებას. ეს წიგნი ათეული წლების განმავლობაში ბავშვებსი საამური საკითხავი კრებული იყო.

ლადოს კალამს ეკუთვნის აგრეთვე ოჯახში საკითხავი „ახალი ანბანი”, თავისებური გეგმით მოფიქრებული და მეტად შინაარსიან მასალაზე აგებული. ეს ნაშრომი დაყოფილია სერიებად. ყოველი სერიის პატარა პორტატიული წიგნაკი ერთ ცალკე ასო-ბგერაზე იყო შედგენილი და ერთი რომელიმე საგნის გაცნობასა და შესწავლას გულისხმობდა. მაგალითად, პირველი წიგნაკის სახელწოდება არის „ან” და იგი წერა-კითხვის, ანბანის შესწავლას გულისხმობს, მეორე წიგნაკი – „ბან” წვრილ ამბებს მოგვითხრობს, „გან” – წვრილ ლექსებს შეიცავს, „დონ” მოთხრობების კრებულია”, „ენ” – გასართობისა, „ვინ” და „ზენ” – ბოტანიკასა და მინერალოგიას გვაცნობს, „თან” – ზოოლოგიას და ა. შ. ყოველივე წიგნაკს მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად გარეკანსა და სატიტულო გვერდზე წამძღვარებული აქვს, თითქოს საგანგებოდ დაწერილი აკაკი წერეთლის ლივლივა ლექსის „ქართული ანბანის” თითო ბგერისადმი მიძღვნილი სტროფი. მაგალითად, პირველ წიგნაკს, რომელსაც ჰქვიან „ან”, ეპიგრაფად უძღვის:

ყმაწვილო, თუ გსურს, გიყვარდეს
შენი სამშობლო ძალიან,
ჯერ წიგნი უნდა ისწავლო...
პირველი ასო არის: „ა”.

მეორე მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ წიგნაკი „ვინ” (პაწაწა მინერალოგია), რომელსაც აკაკის იმავე ლექსიდან ასეთი ეპიგრაფი უძღვის:

თავგანწირულსა მუშასა
ვერ შეაშინებს ვერავინ:
ვერც ცეცხლი, წყალი, ვერც ტყვია,
მაგრამ ისწავლე ჯერ ეს „ვ”.

ეს წიგნაკები მოწონებით სარგებლობდნენ და ეს გასაგებიც არის. სახალისო საკითხავი და ლამაზად გამოცემული საყმაწვილო წიგნაკები მაშინ სანთლით საძებარი იყო, რადგან ჟურნალი „ნობათი” უკვე დახურული იყო და „ჯეჯილი” და „ნაკადული” ჯერ კიდევ არ გამოდიოდა.

ლადო აღნიაშვილმა ასეთი ხალისით დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ განახორციელა, განზრახული 33 წიგნაკის ნაცვლად მხოლოდ რვა გამოსცა. სხვადასხვა გარემოებებმა იგი აიძულა ამ კეთილ და სასარგებლო საქმისათვის თავი გაენებებია. მაგრამ ლადოს გული არ გასტეხია და ბოლომდე მტკიცედ ადგა ეროვნული კულტურის აღორძინებისათვის ბრძოლის გზას. ერთ-ერთი პედაგოგიური ხასიათის პოლემიკურ წერილში იგი მიუთითებდა, თუ როგორ ამაღლებენ და ავრცელებენ სახალხო განათლებას ზოგიერთ დაწინაურებულ ქვეყნებში. მისი აზრით, არც ერთი შეგნებული ხალხი არ დაიშურებს არავითარ ღონისძიებას, შრომასა და ხარჯს ახალი თაობის აღზრდის წესიერ გზაზე დაყენებისათვის. სახალხო განათლების ფართოდ გავრცელება, უმაღლესი და პროფესიული განათლება დაწინაურებულ და შეგნებულ ხალხებში დღითიდღე მტკიცდება და წარმატებას ეძლევაო. ყველაფერ ამას თან სდევს მდიდარი საბავშვო ლიტერატურა, საბავშვო ბაღები, თავშესაფრები და სხვა საქველმოქმედო საზოგადოებანი, რომელნიც წინ სწევენ განათლებისა და სწავლა-აღზრდის საქმესო. ამის შემდეგ, ახასიათებს რა ჩვენს ქვეყანაში არსებულ სწავლა-განათლების მდგომარეობას, აღნიშნავს: „ჩვენ არ გვაქვს არც საკუთარი სკოლები საზოგადოდ, არც სახალხო სკოლები კერძოდ, არც პირველდაწყებითი სავალდებულო სწავლა, არც საყმაწვილო „პრიუტები”, არც საბავშვო ბაღები, არც საბავშვო ლიტერატურა და არა თუ ესენი, – არა გვაქვს სურვილი მისი შექმნისა” და ეს იმ დროსო, – აღნიშნავს იგი, – როცა ინტელიგენცია მომრავლდა და მასწავლებლებიც ბლომადა გვყვანან და არც ჩვენი ხალხია მაინცა და მაინც შეუგნებელიო. აქვე იგი დაასკვნის: „შეუგნებელი რად ვიქნებით, რომ შემგონებელიც გვყავდეს. მაგრამ აი, სწორედ ეს არის უბედურება, რომ ინტელიგენცია არა ჰყავს ჩვენს ხალხს შესაფერი. პედაგოგებისა ხომ რაღა მოგახსენოთ! თქვენ იქნება ყველა მასწვლებელი პედაგოგი გგონიათ? ეს დიდი შეცდომა იქნებოდა: კუსაც კი აქვს ოთხი ფეხი, მაგრამ ნახირში არავის გაურევია...”

ლადო აღნიაშვილის ეს გულისტკივილი, სამწუხაროდ, საფუძველმოკლებული როდი იყო. ამ მხრივ, იგი მრავალ ცოცხალ ფაქტსაც ასახელებდა თავის სტატიაში. მისი აზრით, არიან „მანქანა-მასწავლებელნი, რომელნიც არაფერს ასწავლიან, გარდა ცარიელი სიტყვებისა”, რომელთაც ემატებიან ლოთები და უზნეო მასწავლებლებიც.

“– გვაქვს თუ არა ჩვენ სკოლები? – სვამდა კითხვას ის და ამგვარად პასუხობდა: – როგორ არა: აქამდისინ საერთო განათლების სკოლები იხსნებოდა ყველა სოფელში, ეხლა და ამას მიემატა სასულიერო წოდების სკოლებიც. მაგრამ განა ამას ჰქვია სახალხო განათლება?” – აყენებდა კვლავ ის კითხვას და პასუხში სასტიკად აკრიტიკებდა არსებულ სახალხო განათლების სისტემასა და სკოლებს.

ლადო აღნიაშვილის აზრით, ეს სკოლები ხალხის გადაგვარებას ისახავენ მიზნად და ნამდვილი სწავლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მათ არ შეუძლიათ. ახალგაზრდობას არც სკოლის გარეშე ლიტერატურა უწყობდა ხელს ამ ხარვეზების შესავსებად. არ არის ისეთი წიგნები, რომ მან გარემო შეიგრძნოს და მომავალს ჩაუფიქრდეს. ვინმე ასპატელოვის, მდივანოვისა და სხვათა გამოცემები, ან კიდევ „ყარამანიანი” (რომელსაც კომერციული მიზნით ვიღაცა ყოველწლიურად ბეჭდავდა) და მისი მსგავსი წიგნები ვერ შეაყვარებენ ბავშვს კითხვას, მეცნიერებას, სამშობლოს ისტორიას, მშობლიურ მხარეს, მშობლიურ ენასა და ლიტერატურასო, დასძენდა იგი.

ლადო აღნიაშვილი მართალი იყო. ცნობილია, რომ ჩვენს ლიტერატურაში 90-იანი წლებიდან ფეხმოკიდებული და მომრავლებული იყო ე. წ. „ბაზრული ლიტერატურა” – უმთავრესად კომერციული მიზნით გამოცემული ვიღაც არამწერლებისა და ლიტერატურისაგან დაშორებულ პირთა მიერ. აღსანიშნავია, რომ ამას ფართო გავრცელება ჰქონდა მაშინ, როცა მეცნიერული და მხატვრული ლიტერატურის გამოცემა დიდად შევიწროებული იყო ცენზურის პირობებით. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამგვარმა მდგომარეობამ გამოიწვია „ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობსი” დაარსება 1887 წელს. ამ საქმეში ლადო აღნიაშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ალექსანდრე ჯაბადართან, რ. ფანცხავასთან (ხომლელი), ნ. ზედგენიძესთან, ს. ინასარიძესთან, გრ. ჩარკვიანთან და სხვებთან ერთად.

ეს გამომცემლობა იმ ზომამდე გაფართოვდა, რომ საკუთარი სტამბაც კი გამართა და შესამჩნევი სამსახური გაუწია იმდროინდელ ქართველ საზოგადოებას. საკმაოა გავიხსენოთ, რომ გარდა სხვადასხვა მნიშვნელობის წიგნებისა, ეს „ამხანაგობა” ათეული წლების მანძილზე სცემდა ყოველდღიურ გაზეთ „ცნობის ფურცელს” თავისი ყოველკვირეული სურათებიანი დამტებითა და სქელტანიან ყოველთვიურ ჯურნალ „მოამბეს”. ამავე ამხანაგობას ეკუთვნის აგრეთვე ილია ჭავჭავაძის ხუთი წიგნის, აკაკი წერეთლის ორი ტომის, ალექსანდრე ყაზბეგის ოთხტომეულის, იოსებ დავითაშვილის ლექსთა კრებულისა და სხვა შესანიშნავი გამოცემები.

როგორც მისი ცხოვრების აღმწერი და მასთან დაახლოებული ჩვენი ცნობილი ჟურნალისტი იოსებ(?) იმედაშვილი გადმოგვცემს, „მასწავლებელი და აღმზრდელი ლადო ყოველი მოსწავლისათვის იყო მიმზიდველი, ბავშვის სულიერი ვითარების შემცნობი, საგნის უმარტივესად, ამომწურავად და გასაგებად გადამცემი, თითქოს ყოველ მოსწავლეს სულში უძვრებაო... იგი სასკოლო პროგრამებით გათვალისწინებულ მასალის გარდა, მოსწავლეებს უნერგავდა მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინების შესწავლისადმი მისწრაფებას, გათვითცნობიერებისა და თვითგანვითარების წყურვილს”.1

1896-1904 წლების განმავლობაში ლადო აღნიაშვილი იყო ერთი ნაყოფიერი თანამშრომელთაგანი ანასტასია წერეთლის საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილისა”, რომლის ფურცლებზე სისტემატურად თავსდებოდა მისი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის მხატვრული საუბრები საერთო სათაურით „საკვირველებანი ბუნებისა”. ლადო ნაყოფიერად თანამშრომლობდა აგრეთვე იმ პერიოდის ქართულ პრესაში (“დროება”, „ივერია”, „თეატრი”, „კვალი”, „მოამბე”, „მეურნე” და სხვ.) როგორც კორესპონდენტი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მკვლევარი და მოგზაური. მისი თანამედროვეების გადმოცემით, ლადო აღნიაშვილი ეკუთვნოდა იმ პლეადას, რომელსაც სწამდა ქართველი ხალხის იდეური მისწრაფების გამარჯვება და კოლექტიური აღორძინება. იგი იმედიანი თვალით შესცქეროდა მომავალს და დაუცხრომლად გრძნობდა აწმყოს ბურუსიან დღეებს. ლადო მთელი თავისი მონდომებით, სულითა და გულით ეკიდებოდა ყოველ კულტურულ საქმეს, რაც უნდა სიძნელეები ყოფილიყო მის მოსაგვარებლად გადასალახო. იგი უეჭველად დიდი ინიციატივისა და საქმის დამორჩილების უნარის მქონე მებრძოლი მოღვაწე იყო.2

ერთი ასეთი დიდად გაბედული ნაბიჯი გადადგა მან 1885 წელს, პირველად მე-19 საუკუნის ქართულ სინამდვილეში, მომღერალთა ქართული გუნდის შესაქმნელად. ამ პატარა ნარკვევში ვერ ჩამოითვლება ყველა ის სიძნელე, ნივთიერი და სხვა სახის დაბრკოლებანი, რაც ლადო აღნიაშვილმა წარბშეუხრელად დასძლია, სანამ ის მისგან შექმნილი მომღერალთა ქართული გუნდის პირველ კონცერტს გამართავდა. ეს კონცერტიც გაიმართა.

1886 წელს, 15 ნოემბერს ქართული თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული და ქართულ ქულაჯებში გამოწყობილი 30 რჩეული ვაჟკაცი იდგა და ხალხურ სიმღერას მღეროდა. მათ ძირითად რეპერტუარში შედიოდა „მაღლა მთას მოდგა”, „ქალსა ვისმე ერქვა შროშანა”, „მიყვარს ამფერად სუფრა გაშლილი”, „შავო ყურშაო”, „ქვედრულა”, „წევური”, „ოდილა” (ნადური), „ჭონა”, „ნანა” (იმერული), „წითელი ვაშლი” (კახური), „ოდელა და დელია დელა” (კახური), „პატარა საყვარელი”, „გალიაში რომ გაგზარდე”, „ზამთარია”, „მშვიდობით, ძმაო”, „ფერსა ბნელს”, „მამითადი”, „გახსოვს ტურფავ”, „მუშა ბოქულაძე”, „ოდელია” (გურული), „კუჩხაბედნიერი” (მეგრული), „წიაყვანეს თამარ-ქალი” და სხვა, რომელთა მოსმენით აღტაცებული და აღფრთოვანებული ფართო საზოგადოების შთაბეჭდილებასა და სულისკვეთებას გამოხატავდა ილია ჭავჭავაძე გაზეთი „ივერიის” მეთაურ წერილში.

ამ გუნდის გამოსვლის გამო ილია წერდა: „მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელნიც დღეს მიუზიდნია ქართული სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრ ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზე საყოველთაოდ საცნობელად. ამ მხრით, თვითონ ჩვენი ყმაწვილი კაცებიც შრომობენ და ამ შრომის ნაყოფიც დიდი სიამოვნებით მოვისმინეთ ჩვენი ყურით შაბათს 15 ნოემბერს... ხალხი ბლომად დაესწრო და სიამოვნებით კი არა, აღტაცებით მიეგება ამ ახალ სასიამოვნო ამბავს. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ყველა ქართული ხმები კარგად იყოს გადაღებული, მაგრამ მაინც ქება და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყებთა, დიდი მადლობა გვმართებს ბ-ნ აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა”.3

დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი აღფრთოვანებულია ლადო აღნიაშვილის ამგვარი ნაბიჯით. მისი აზრით, ამგვარ სიმღერებსა და გუნდის შექმნას, მის ხშირად გამოსვლას დიდი აღმზრდელობითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ლადო აღნიაშვილმა „თავისი ხოროს დაარსებით, – წერდა იაკობ გოგებაშვილი, – გამოიჩინა იშვიათი უნარი და თაოსნობა. უწინაც გაუმართავთ ქართული ხორო სიმღერის მცოდნეთა (მაგ., ბერიძე, ბალანჩივაძე), მაგრამ არც ერთს ამ ხოროს იმის მეათედი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაც აღნიაშვილის ხოროსა აქვს...”4

ჩვენი სასიქადულო ბელეტრისტი ალექსანდრე ყაზბეგი, რომელსაც ქუთაისში მოუსმენია ლადო აღნიაშვილის გუნდის გამოსვლა, სოფრომ მგალობლიშვილს წერდა: „...ჩვენმა ახლადშედგენილმა მგალობელთა დასმა აქ, ქუთაისში ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მოვალედ ვრაცხ ჩემი სიხარული გაგიზიაროთ გორელებს. არამცთუ მხოლოდ აღსრულება სხვადასხვა ხმებისა იყო სასიამოვნო და აღტაცებაში მომყვანი მსმენელისა, არამედ მთელმა საზოგადოებამ იგრძნო ამ დასაწყისის სარგებლობა, სწროედ და ჭეშმარიტის თვალით შეხედა და გარდა საჩუქრებისა მოთავეთა, დღეს კიდევ თხოვნით გაამართვინა საღამო. მომილოცავს ამგვარი გამარჯვება...”5

თვითონ სოფრომ მგალობლიშვილი ამ გუნდზე იმ მოსაზრებისა იყო, რომ იგი პირველი მერცხალი იყო ფრთებიდან ნელ-ნელა გამომსვლელ და აღორძინების გზაზე დამდგარი საქართველოს ხალხის გაღვიძებისა.6 ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და ჟურნალისტ გ. ლასხიშვილს დიდ და გადამწყვეტ ნაბიჯად მიაჩნია ლადო აღნიაშვილის მიერ იმ გუნდის შექმნა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ქართული სახალხო მოტივების პირველად საკონცერტო სცენაზე გამოტანას, რამაც მოძრაობაში მოიყვანა საზოგადოება.7

ასეთსავე მაღალ შეფასებას აძლევს გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი იაკობ მანსვეტაშვილი თავის მოგონებებში ლადო აღნიაშვილის ამ ნაბიჯს. მისი დაკვირვებით, ლადო აღნიაშვილი რასაც განიზრახავდა, უსათუოდ ბოლომდე მიიყვანდა, ხორცს შეასხამდა, «“სერენკი კოზლიკის” სიმღერით ჩვენი მოზარდი ახალგაზრდობა სრულიად გადაგვარდებაო, ჩვენი მდიდარი, ტკბილ-ხმოვანი ხალხური სიმღერები სამუდამოდ დაგვეკარგებაო, – თქვა ეს და შეუდგა სიტყვის საქმედ ქცევას... ამგვარად მთელი საქართველო მოჰფინა ქართული სიმღერებით... დიდი მადლიერნი უნდა ვიყვნეთ ლადო აღნიაშვილისა, რომელმაც პირველმა ჩაუდგა საძირკველი ამ საშვილიშვილო საქმეს და ქართული სიმღერა იხსნა განადგურებისა და გადაგვარებისაგან».8

ლადო აღნიაშვილის ამ სახელოვანი ნაბიჯის განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოში მცხოვრებმა ჩეხმა კომპოზიტორმა და ლოტბარმა იოსებ რატილმა. ამასთანავე სხვადსხვა დროს აღნიშნული იყო გუნდში მონაწილეთა გვარებიც, რომელთა შორის იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, ია კარგარეთელი, ვ. ბაგრატიონი, კ. მაღრაძე, მ. იანქოშვილი, კ. ჭანტურია, ლ. ცისკარიშვილი, ალ. ბერიძე, გ. ჭკუასელი, ს. აღნიაშვილი და სხვანი. რაც შეეხება იოსებ რატილს, ის ლადომ მიიწვია გუნდის ლოტბარად, რომელსაც თითქმის მთელი რეპერტუარი გადააღებინა ნოტებზე, რაც შემდეგ სახალხო სკოლებსაც კი დაურიგდა სახელმძღვანელოდ.

“უსაზღვროდ აღტაცებული ქართველი საზოგადოება „ვაშას” ძახილითა და ოვაციებით აჯილდოებდა გუნდის ყოველ გამოსვლას. დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდა სრულიად დაიმედებული, რომ მკვდრეთით აღადგინეს ის დამარხული კილო-სიმღერები, რომელიც სამუდამოდ უნდა შთაენთქა ჟამთა ვითარებას”.9

არც ამ დიდ საქმეზე შეჩერებულა ლადოს მოუსვენარი ბუნება. 1894 წელს ის გაემგზავრა სპარსეთში იმ მიზნით, რომ გაცნობოდა შაჰ-აბაზის დროს ისპაჰანში გადასახლებულ ქართველთა ცხოვრებას. მან ეს განზრახვა ბრწყინვალედ შეასრულა. წელიწადნახევარი დაჰყო ფერეიდანში. დაათვალიერა, შეისწავლა და აღწერა თითქმის ყველა სოფელი. შიდა და გარე-კახეთიდან ვერაგულად გარეკილ ქართველებს, რომელთა მცირე ნაწილს მიუღწევია შორეულ ისპაჰანამდე და ფერეიდანის პროვინციაში დასახლებულან ერთად, ახალდასახლებული ადგილებსათვის თავიანთი სოფლების სახელები მიუციათ: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, თელავი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, ნინოწმინდა, რუისპირი, შავსოფელი და სხვა. ლადო ესტუმრა ამ სოფლებს, რომელთაც იგი მეგობრულად და სიყვარულით მიიღეს, როგორც „დიდი საქართველოდან” (გურჯისტანიდან) წამოსული ქართველი, ლადოს განსაკუთრებულად დაუმეგობრდნენ სეიფოლა იოსელიანი, ყოლა-მირზა ხუციშვილი, ჰუსეინ ონიკაშვილი, აღაჯან-ბეგ ხუციშვილი, მადუსენა ყალაბეგიშვილი და სხვანი, რომელთაც სთხოვეს მას დახმარება ქართული სკოლების გახსნაში. ქართული ენა, როგორც ლადო აღნიშნავს, მეტ-ნაკლებად ყველა სოფელშია დაცული, როგორც შინაური სალაპარაკო ენა. თავის წიგნში ლადოს ჩაწერილი აქვს ასეთი მოხდენილი ეპიზოდი. როცა მან, მათთვის ჯერ კიდევ უცნობმა, ყანის პირად მიმავალმა ყური მოჰკრა მშვენიერ ქართულს, გლეხური კილოთი ლაპარაკს, გული აუჩქარდა, თავი ვეღარ შეიკავა, ცხენი შეაჩერა და გადასძახა გზის პირად მდგომ ბიჭს, რომელიც ყანას არუებდა:

– ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?..

იგი კარგა ხანს უცქეროდა გაკვირვებული და შემდეგ თავისებურად მიაძახა:

– ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
– მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად!
– იიი, გურჯი კი არა.
– ჰო, მართლა გეუბნები.
– მაშ, გურჯი ხარ! – უთხრა ეს და მისკენ წავიდა, შემდეგ გააჩაღეს ქართული ლაპარაკი და ბიჭმა ეს სასიხარულო ამბავი, დიდი გურჯისტანიდან ასეთი სტუმრის ჩამოსვლისა, მთელ სოფელს გააგებინა.

ამგვარად, ლადო აღნიაშვილმა მოიარა მთელი ფერეიდანი, სადაც კი ქართველები მოსახლეობენ, გადაიღო მრავალი ფოტოსურათი, შეისწავლა სპარსული ენა და საქართველოში დაბრუნდა.

ამ მოგზაურობის შედეგია ლადო აღნიაშვილის ვრცელი, საყურადღებო ნაშრომი „სპარსეთი და იქაური ქართველები”, რომელიც ჯერ ჟურნალ „მოამბეში” დაიბედა და შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა (1896). თავის დროზე ამ წიგნმა მაღალი შეფასება მიიღო რუსეთის განათლების სამინისტროს ჟურნალში. იგი არც თანამედროვე ეტაპზეა ინტერესს მოკლებული, როგორც წყარო საისტორიო-საეთნოგრაფიო და ლინგვისტური კვლევა-ძიებისა. ლადოს კალამს ეკუთვნის აგრეთვე ჟურნალ „მეურნეში” გამოქვეყნებული ნაშრომი „სპარსეთის ქართველობა და მათი მეურნეობა” (1896). ამგვარსა და სხვა საზოგადოებრივ მუშაობას ის უთავსებდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. გარდა ორიგინალური ბელეტრისტული ხასიათის ნაწარმოებებისა, ის თარგმნიდა გამოჩენილ რუს მწერალთა ნაწარმოებთაც. მაგალითად, მას ეკუთვნის ანტონ ჩეხოვის მოთხრობის „რაშევიჩის” თარგმანი.

ენერგიის ამგვარმა დაუზოგაობამ და შეუსვენებელმა მუშაობამ ადრე გატეხა მისი ჯანმრთელობა. ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა 1904 წელს, 23 აპრილს (ძვ. სტი) ტვინის დამბლით. იმ ხანების ქართულ პრესაში მრავლად მოიპოვება ამ შემთხვევისადმი მიძღვნილი წერილები ნეკროლოგები და ქრონიკები. იგი დაკრძალულ იქნა კუკიაზე, ქართველ მსახიობთა და თეატრალურ მოღვაწეთა სასაფლაოზე.

 


1 ი. იმედაშვილი, „ლადო აღნიაშვილი”, გვ. 17.

2 გაზეთი „ცნობის ფურცელი”, 1904, №2468.

3 გაზეთი „ივერია”, 1886, №№ 250, 851.

4 გაზეთი „ივერია”, 1889, №№ 73.

5 ს. მგალობლიშვილი, „მოგონებანი”, გვ. 116.

6 იქვე, გვ. 220.

7 ლ. ლასხიშვილი, მემუარები, გვ. 289.

8 ი. მანსვეტაშვილი, „მოგონებები”, გვ. 97-98.

9 გაზეთი „ივერია”, 1904, №90.

 


ლიტერატურა:

გაზეთი „დროება”, 1881, №36; 1883, №170; 1884, №243; 1885, №14, 174.

ჟურნალი „ივერია”, 1883, №39;

გაზეთი „ივერია”, 1886, №250, 251; 1889, №73; 1904, №88, 90, 91.

გაზეთი „ცნობის ფურცელი”, 1904, №2464;

ჟურნალი „თეატრი”, 1889, №1, 11; გვ. 28-29-30; 1887, №1, 6, 7, 8, გვ. 13-14; 1886, №16; 1888, №15, გვ. 44-45;

გაზეთი „მეურნე”, 1892, №12; 1896, №31-32;

გაზეთი „მოამბე”, 1904, №4, 1896, №2, 3, 4, 5, 6, 7, 8;

ჟურნალი „მოგზაური”, 1904, №5-6.

საქართველოს კალენდარი, 1899.

“კვალი”, 1893, №25, 30, 32; 1895, №35; 1900, №26; 1902, №34.

ჟურნალი „ჯეჯილი”, 1896, №2; 1897, №5, 6, 9; 1898, №2, 3, 9, 10, 11; 1899, №7-8.

ლ. აღნიაშვილი, „პასუხად ქაჩალ კრიტიკოსებს”, ცალკე ბროშურა, თბილისი, 1893; „სპარსეთი და იქაური ქართველები”, 1896; , 1883; ხალხური ზღაპრები, 1890; „ახალი ანბანი”, 1892-98.

გ. ლასხიშვილი, „მემუარები”, გვ. 243-244, 289-290.

ი. მანსვეტაშვილი, „მოგონებები”, გვ. 97-98.

სოფ. მგალობლიშვილი, „მოგონებანი”, გვ. 116, 220.

ი. იმედაშვილი, „ლადო აღნიაშვილი”, თბილისი, 1929, „ლიტერატურული გაზეთი”, 1954, №17.