‍შიო ჩიტაძე (1873-1906)

ავტორი: ვარლამ ქაჯაია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

chitadze shioგამოჩენილი ქართველი მებრძოლი პედაგოგი, პუბლიცისტი, ნიჭიერი ლიტერატორი-კრიტიკოსი და თავდადებული საზოგადო მოღვაწე შიო ალექსის ძე ჩიტაძე დაიბადა 1873 წლის 4 (16) თებერვალს ქალაქ გორში, ხელმოკლე ხელოსნის ოჯახში. დაწყებითი განათლების მისაღებად პატარა შიო მშობლებმა 1880 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, სადაც მისი უფროსი ძმა, შემდეგში რევოლუციონერი გოლა ჩიტაძე სწავლობდა. შიო ჩიტაძე ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მხატვრული ლიტერატურით. იგი მეტად აქტიურ მონაწილეობას იღებდა გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებელ სოფრომ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებულ მოსწავლეთა ხელნაწერ ჟურნალ „შრომაში”.

გორის სასულიერო სასწავლებლის კურსი შიო ჩიტაძემ წარმატებით დაამთავრა 1887 წელს. ღარიბი მშობლების სურვილი იყო, რომ შიო სადმე სამსახურში მოეწყოთ, მაგრამ უკვე გონებაგახსნილმა და სწავლა-განათლებას მოწყურებულმა ნიჭიერმა ყმაწვილმა, უფროსი ძმის რჩევა-დარიგებით, თბილისის მეორე გიმნაზიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები და მესამე კლასში ჩაირიცხა.

თბილისის გიმნაზიაში შიო ჩიტაძე, კლასიკურ ცოდნასთან ერთად ენერგიულად დაეწაფა თვითგანვითარების გზით ფართო განათლების მიღება და მხურვალედ ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ მუშაობაში. შიო ჩიტაძის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა უფროსმა ძმამ გოლა ჩიტაძემ, რომელიც XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდანვე ახლოს იცნობდა და დაკავშირებული იყო თბილისის მოწინავე რუს და ქართველ რევოლუციურ ინტელიგენციასა და მუშებთან. გოლა ჩიტაძეს თბილისში მოწყობილი ჰქონდა არალეგალური წიგნთსაცავი, რომლის საშუალებითაც მუშებსა და მოსწავლა-ახალგაზრდობაში ვრცელდებოდა რევოლუციური ლიტერატურა. ამ ლიტერატურით, პირველ რიგში, უხვად სარგებლობდა გიმნაზიელი შიო ჩიტაძე. იგი საფუძვლიანად გაეცნო XIX საუკუნის 60-იანი წლების რუსეთის რევოუციონერ-დემოკრატთა – ჩერნიშევსკის, დობროლუბოვის, პისარევისა და სხვათა პროგრესულ იდეებს.

თბილისის „გიმნაზიაში შიო ჩიტაძემ ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა, მოუკვდა ძმა, გოლა ჩიტაძე, დარჩა მარტოდ მარტო თავის თავის ანაბარად, მაგრამ ძალუმი ენერგიის პატრონი ახალგაზრდა არ შეუშინდა სოფლის სიავეს: კერძო გაკვეთლებით ირჩენდა თავს და მშობლებსაც აწვდიდა”. მიუხედავად ასეთი პირობებისა, გულმოდგინე მეცადინეობის შედეგად გიმნაზიის კურსი შიო ჩიტაძემ ოქროს მედლით დაასრულა 1892 წელს.

1892 წელს შიო ჩიტაძე მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა სამედიცინო განათლების მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დარგი არ იზიდავდა, თავი გაანება მოსკოვის უნივერსიტეტს და კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაერიცხა 1893 წელს. კიევის უნივერსიტეტში იგი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა; ერთბაშად მიიქცია მოწინავე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება. მალე შიო ჩიტაძე ქართველ სტუდენტთა სათვისმოტოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელშიც მეტად ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა.

კიევის უნივერსიტეტის კურსი შიო ჩიტაძემ ბრწყინვალედ დაასრულა 1897 წელს. იგი, როგორც საუკეთესო კურსდამთავრებული და საფუძვლიანი სამეცნიერო მომზადების მქონე, მიწვეულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, მათ შორის ფუნდკლეევის ცნობილ ქალთა კერძო გიმნაზიაში. პედაგოგიურ სარბიელზე შიო ჩიტაძემ უდიდესი ნიჭი და ერუდიცია გამოიჩინა. იგი შესანიშნავ მასწავლებლად იქნა აღიარებული კიევის სასწავლო ოლქში. როგორც საუკეთესო და უკვე საკმარისად გამოცდილი პედაგოგი, ის ზაფხულობით ხელმძღვანელობდა სახალხო სკოლების მასწავლებელთა პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს და სანიმუშაო გაკვეთილების მიცემით არაერთ&ნბსპ; სახალხო მასწავლებელს უნერგავდა გულში სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სიყვარულს.

შიო ჩიტაძე მხურვალე მონაწილეობას იღებდა კიევის პროგრესულ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებშიც სისტემატურად ათავსებდა ფსიქოლოგიურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს.

შიო ჩიტაძე კიევში, სადაც 1904 წლამდე მოღვაწეობდა, რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა.

1904 წლის შემოდგომაზე თბილისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა პედაგოგიურ წრეებში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილი შიო ჩიტაძე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვია. სამშობლო ქვეყანაში თანამოძმეთა შორის ყოფნს მოწყურებულ ახალგაზრდა ქრათველი მოღვაწე აღფრთოვანებით შეეგება ამ მოწვევას. კიევის მოწინავე საზოგადოებისგან ზეიმით გამოსტუმრებული და ძვირფასი ნივთებით დასაჩუქრებული შიო ჩიტაძე სექტემბრის დამლევს ჩამოვიდა სამშობლოს დედაქალაქში და მთელი თავისი მეცნიერულ-პედაგოგიური ცოდნა-გამოცდილებით შეუდგა თბილისის ქართულ გიმნაზიაში შემოქმედებით პედაგოგიურ მოღვაწეობას. მალე შიო ჩიტაძე ქართული გიმნაზიის ინსპექტორად იქნა დანიშნული. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ქართულ გიმნაზიაში მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღებასა და სწავლა-აღზრდის ახალ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ პრინციპებზე დამკვიდრებას შეუდგა. ამ მიზნით აამოქმედა გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი, დაამყარა მასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, შეიმუშავა „თბილისის სათავადაზნაურო სკოლის სასურველი რეორგანიზაციის” პროექტი, გამოაქვეყნა იგი პრესაში და წარუდგინა სკოლის გამგე-კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად.

თბილისის ქართული გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივის ამ პროექტის განხილვას სკოლის გამგეობის რამდენიმე სპეციალური სხდომა მოუნდა, რომელზედაც მაშინდელი ჩვენი პედაგოგიური საზოგადოებრიობის მრავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხზე გამართულმა საჯარო კამათმა იმდენად დიდი მნიშვნელობა და ხასიათი მიიღო, რომ მან პრესაშიც ჰპოვა ფართო გამოხატულება. კამათის შედეგად, საბოლოოდ, შიო ჩიტაძის პროექტმა გაიმარჯვა და ქართული გიმნაზიის მუშაობა ახალი გზით წარიმართა.

თბილისის ქართულ გიმნაზიაში მუშაობის პერიოდში შიო ჩიტაძემ უფრო ფართოდ გაშალა რევოუციური მუშაობა. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო 1905 წლის 13 (25) აპრილს მოწინავე მასწავლებელთა ყრილობა თბილისში, სადაც იგი დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ „თავისუფალ სკოლას” მოითხოვდა.

შიო ჩიტაძე უშუალო მონაწილეობას იღებდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში. თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობით იგი არ იყო მარქსისტი, თანმიმდევრული რევოლუციონერი და არასდროს ამაღლებულა მარქსისტულ-დიალექტიკური მატერიალიზმის დონემდე. თავისი პოლიტიკური რწმენით იგი სოციალ-ფედერალისტთა პარტიას ეკუთვნოდა და მის ორგანოების „ცნობის ფურცლისა” და „შრომის” სარედაქციო კოლეეგის წევრი და მუდმივი თანამშრომელი იყო (1904-1906). მას ეკუთვნოდა ამ გაზეთებში „შ. ჩ.”-სა და „ყვავის” ფსევდონიმებით მოთავსებული მრავალი წერილი და საპოლემიკო-პოლიტიკური სტატიები. შიო ჩიტაძის ნაწერებში და განსაკუთრებით მის პრაქტიკულ რევოლუციურ-პოლიტიკურ და პედაგოგიურ მოღვაწეობაში მაინც აშკარად ჩანდა მისი მისწარფება ცარიზის რეჟიმის დამხობისაკენ. ამას ნათლად გრძნობდნენ ცარიზმის შავრაზმული ოხრანკის დაგეშილი აგენტები, რომლებიც ემზადებოდნენ მასთან საბოლოო ანგარიშის გასასწორებლად.

მეფის ოხრანკის ეს სანატრელი დღეც მალე დადგა. 1906 წლის 4 (17) ივლისს თბილისის ქართული გიმნაზიის შენობიდან ვიღაცამ პოლიცმეისტერ მარტინოვს ყუმბარა ესროლა და დაჭრა. ეს შემთხვევა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ცირიზმის აგენტებს შიო ჩიტაძე გამოუძიებლად და განუკითხავად მხეცური წამებით მოეკლათ გიმნაზიის შენობაში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში.

ქართულმა ბოლშევიკურმა გაზეთმა „ახალმა ცხოვრებამ”, რომელიც სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით გამოდიოდა, თბილისის ქართული გიმნაზიის აკლებისა და შიო ჩიტაძის მკვლელობის შედეგები მეტად სრულყოფილად აუწყა საზოგადოებას. „შემაძრწუნებელ სურათს წარმოადგენს სასწავლებელი შენობა დაბლა სართულიდან მესამე სართუალმდე აოხრებული და განადგურებული. აოხრებულია როგორც კერძო პირების – შვეიცრისა და სხვების ბინა, აგრეთვე სასწავლო ნივთებიც. დანგრეულია სასწავლებლის წიგნსაცავი, წიგნები სულ ერთიანად დახეულია. მთელ შენობაში ყოველ ფეხის გადადგმაზე ემჩნევა სისხლის წვეთები, ეტყობა, დაჭრილ მასწავლებელთ ბევრი ურბენიათ, რომ როგორმე თავისათვის ეშველათ. ყველაზე უფრო გუისმომკვლელია შიო ჩიტაძის სადგომი. სასადილო ოთახი, სადაც განსვენებული მოუკლავთ, სისხლით არის მოსვრილი. იატაკზე დამხმარი ტბაა სისხლისა. მოსვრილია სისხლით კედლები და ჭერიც, ეტყობა, სისხლის კამარას ჭერში აუსხამს. სტოლზე დევს სისხლით გასვრილი დანა. ალბათ, ამ დანით გამოსჭრეს შიოს ეყლი ტყვიით დაჭრის შემდეგ. დახეულია და სისხლში ყრია განსვენებულის წიგნები, რვეულები და სხვა; სისხლში ყრია ნაკუწ-ნაკუწად დახეული განსვენებულის სურათებიც. დალეწილი და დამსხვრეულია შკაფები, ყუთები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი რამ ყოფილა სახლში”.

ამავე გაზეთმა პატარა ნეკროლოგში ასე შეაფასა შიო ჩიტაძის როლი და მნიშვნელობა ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: „თვითმპყრობელობის ავკაცობათა დაუსრულებელ რიგს კიდევ ერთი სიმხეცე მიემატა. შიო ჩიტაძე ერთი საუკეთესო წევრთაგანი იყო მოწინავე ქართველი ახალგაზრდობისა. სტუდენტობის დროს, თავისი იდეალისტური მისწრაფებით და გაღვიძებული თეორეტიული ინტერესით საყოველთაო პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული როგორც ქართველ, ისე რუს სტუდენტობაში და განსაკუთრებით თავის თანამემამულეებზე ნაყოფიერ გავლენას ახდენდა. ამავე დროს სერიოზულად სანდო ადამიანის სახელი ჰქონდა დამსახურებული კიევის მოწინავე საზოგადოებაში. უნივერსიტეტის შემდეგ პედაგოგიური სარბიელი აირჩია და ყველგან, დიდსა და პატარაში, ღრმა და გულწრფელი სიმპათია ჰქონდა დამსახურებული, მიდ თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელში”, „შრომაში”, „ვოზროჟდენიეში”. თავის ლიერატურულ და პოლიტიკურ თანამოაზრეთა შორის უკანასკნელად არ ითვლებოდა და, თუმცა ის ჩვენი იდეური მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მისი მოკვლა ჩვენც არანაკლებ გვივსებს გულს შურისძიების გრძნობით. დეე, ეს მსხვერპლიც მუდამ განუშორებელი იყოს ჩვენი ხსოვნიდან და სისხლის ასაღებად მოგვიწოდებდეს”.

ასე უდროოდ დასრულდა შიო ჩიტაძის ახალგაზრდული ენერგიით აღსავსე სიცოცხლე. იგი მსხვერპლად შეეწირა უსამართლობისა და სიბნელის წინააღმდეგ ბრძოლას.

შიო ჩიტაძე არა მარტო პოლიტიკური მოაზროვნე და პუბლიცისტი-ჟურნალისტი იყო, არამედ მხატვრული ლიტერატურის თვალსაჩინო კრიტიკოსიც. იგი საფუძვლიანად იცნობდა დასავლეთ ევროპის, რუსეთისა და საქართველოს ლიტერატურასა და ფილოსოფიას. შიო ჩიტაძის კრიტიკული, ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევები: „მაქსიმ გორკი და მისი შემოქმედება”, „ანტონ ჩეხოვის ხსოვნას”, „ნიცშეს იდეალი”, «Жертва безвременья» ამჟამადაც იპყრობს მკითხველთა და სპეციალისტთა ყურადღებას. მასვე ეკუთვნის საინტერესო სტატიები ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების შესახებ: „მწუხრის მგოსანი” და „სამწუხარო მოვლენა”.

შიო ჩიტაძე მრავალმხრივ და ნაყოფიერ საზოგადოებრივ, პრაქტიკულ-პედაგოგიურ და პუბლიცისტურ-ლიტერატურულ მოღვაწეობასთან ერთად თვალსაჩინო თეორიულ-პედაგოგიკურ მუშაობასაც ეწეოდა. შიო ჩიტაძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში პეეაგოგიკური აზროვნების განვითარებაში. ფართო და საფუძვლიანი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მომზადება საკმაო საშუალებას აძლევდა მას, ღრმად დაემუშავებინა იმ დროისათვის აქტუალური პედაგოგიური საკითხები.

ძირითად პრობლემას, რომელსაც შიო ჩიტაძის პედაგოგიკური შეხედულებანი ემყარებოდა, აღზრდის პროცესის ბუნებისა და აღმზრდელის როლის გათვალისწინება წარმოადგენდა. ამ პრობლემის გადაწყვეტას იგი თანამედროვე ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მეცნიერული მონაცემების საფუძველზე ცდილობდა.

შიო ჩიტაძის აზრით, პედაგოგს, რომელიც ბავშვთა აღზრდის პროცესის რაციონალურად წარმართვისათვის არის მოწოდებული, ფართო ფსიქოლოგიური და პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეს. მისთვის არ უნდა იყოს ბუნდოვანი ადამიანის შინაგანი ფსიქოლოგიური ცხოვრების მხარეები. ეს გარემოება პედაგოგიურ მუშაობას მეტად ძნელ საქმედ ხდის, რომელიც საგანგებო ნიჭსა და დიდ მეცნიერულ ცოდნას მოითხოვს.

მასწავლებლის პედაგოგიური მუშაობა სკოლაში ხორციელდება. ამიტომ სკოლის მუშაობის სწორ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ პრინციპებზე აგება ბავშვთა და მოზარდთა რაციონალური სწავლა-აღზრდის ძირითადი საფუძველია. ამის გამო, შიო ჩიტაძე უდიდეს ყურადღებას აქცევდა საერთოდ თანამედროვე სკოლების მუშაობის პრინციპების კრიტიკას და კერძოდ, თბილისის ქართული გიმნაზიის რეორგანიზაციის არსებით საკითხებს.

სკოლა შიო ჩიტაძეს, XVII საუკუნის ჩეხი პედაგოგის ი. ა. კომენსკის მსგავსად, „ხელოვანის სამუშაო ოთახად” მიაჩნდა, „სადაც ადამიანის სულმა უნდა მიიღოს შესაფერისი ფორმა და შინაარსი”.

სკოლაში სწავლების დაახლოება ბუნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ხელს უწყობს მოსწავლეთა უკეთ მომზადებას მომავალი პარქტიკული მოღვაწეობისათვის, ამავე დროს მოსწავლეებში აძლიერებს ინტერესს სწავლისადმი და ამაღლებს სწავლების ხარისხს.

სწავლების შინაარსი ზოგადი განათლების საშუალო სკოლაში, შიო ჩიტაძის აზრით, ზუსტად უნდა შემოიფარგლოს. იგი არ უნდა იყოს „ერთგვარი წვრილმანებით, როგორც ახლაა და რასაც დღეს ბევრი დრო უნდება”, არამედ შეიცავდეს „საგნიდან არსის ამოღებას” და უზრუნველყოფდეს „მის ჯეროვან შესწავლას”. ასეთია სწავლებაში ინტერესის გამოწვევის ძირითადი პირობა. მოსწავლეთა ინტერესს არანაკლებ იწვევს და აძლიერებს, აგრეთვე მასწავლებელი და მის მიერ სწავლების პროცესის სწორად წარმართვა. მასწავლებელი სწავლებისას მხოლოდ მაშინ გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს, როდესაც ის სწავლების მეცნიერულ შინაარსს ბუნებრივად შეუფარდებს მოსწავლეთა მომზადების დონეს და ასაკობრივ თავისებურებას, რადგან „ყოველ ასაკს სათანადო მასალა სჭირია”.

შიო ჩიტაძეს კარგად ესმოდა ის ძირითადი პედაგოგიური დებულება, რომ მიღებულ ცოდნას მაშინ აქვს მკვიდრი საფუძველი, იგი მაშინ არის მტკიცე და ადვილად გამოიყენება პრაქტიკაში, როდესაც დამოუკიდებელი გზით, საკუთარი დაკვირვებით არის მოპოვებული.

ამავე დროს შიო ჩიტაძე დარწმუნებული იყო, რომ სწავლების პროცესის რაციონალიზაცია, სწავლების ხარისხის ამაღლება არსებითად არის დამოკიდებული სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლების განხორციელებისაგან. „ხალხი და სკოლა განუყოფელია, – წერდა შიო ჩიტაძე, – სკოლა არის ერთი დიდი მხარე ხალხის ცხოვრებისა, ისგან საზრდოობს და ცხოვრობს”. ამიტომ, მისი აზრით, „დამტკიცება არ არის საჭირო იმ აზრისა, რომ ყოველ ეროვნებას თავისი სკოლა უნდა ჰქონდეს: ქართველს – ქართული, პოლონელს – პოლონური და სხვა. ეს აუცილებელი პირობაა არა მარტო იმიტომ, რომ სკოლა, ეროვნულ ნიადაგზე აგებუილ, დიცავს ეროვნების ფიზიანომიას, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ სწავლება, განათლების მიღება, განვითარება უფრო ადვილია სამშობლო ენაზე”. მეორე ადგილას ის წერდა: „ქართველი ერი არ არის რუსი ერი; ქართველი ერის ცხოვრება განსხვავდება რუსი ერის ცხოვრებისაგან და ამიტომ შეუძლებელია ერთი, საზოგადო სკოლა ორივე ერისთვის: საქართველოსათვის საჭიროა ქართული სკოლა და თხოულობს კიდეც ასეთ სკოლას”. ამ პოზიციაზე დაყრდნობით ეწეოდა შიო ჩიტაძე მეფის რუსეთის სკოლების კრიტიკას, ამიტომ მოითხოვდა იგი თბილისის ქართულ გიმნაზიაში სწავლების მოსწავლეთა დედაენაზე განხორციელებას. „ქართველებისათვის რუსული ენა, – წერდა იგი, – სამშობლო ენა არ არის და მასზე სწავლა საღი პედაგოგიკის წინააღმდეგია”. ამავე დროს, შიო ჩიტაძისათვის უდავო იყო, რომ რუსული ენის დაუფლების გარეშე მოსწავლენი ვერ მიიღებენ საფუძვლიან მეცნიერულ განათლებას. „ურუსულენოდ კი სწავლა სკოლაში შეუძლებელია, – წერდა იგი, – რუსულ ენაში ცუდად გავარჯიშებული მოსწავლენი ძნელად ითვისებენ საგნებს”. თვითონ შიო ჩიტაძე, როგორც რუსული კულტურის ტრადიციებზე აღზრდილი პედაგოგი, მისი საუკეთესო მცოდნე და რუსული ენისა და ლიტერატურის შეუდარებელი მასწავლებელი, ყოველთვის ცდილობდა, რომ ქართველ ახალგაზრდობას უფრო საფუძვლიანად და სრულყოფილად შეეთვისებინა მდიდარი რუსული ენა და ლიტერატურა.

ამრიგად, ბავშვთა ბუნების, მათ ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინება სწავლებაში, სწავლების შინაარსის საფუძვლიანი გადაქმნა ახალ მეცნიერულ მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფალი სახალხო სკოლის შექმნა, მშობლიურ ენაზე სწავლების განხორციელება, თვალსაჩინო, სისტემატურ-თანმიმდევრული და შეგნებული სწავლება, სწავლების პროცესში ინტერესისა და სტიმულის გამოწვევა-გაძლიერება მოსწავლეებში და მასწავლებლის შემოქმედებითი პედაგოგიური მუშაობა – აი, ის ძირითადი საფუძვლები, რომლებზეც აგებული უნდა იყოს, შიო ჩიტაძის აზრიტ, სწავლება.

შიო ჩიტაძე საგანგებო ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდის საკითხებს. თავის პრაქტიკულ-პედაგოგიურ მუშაობაში იგი ზნეობრივი ქცევის საუკეთესო ნიმუშებს იძლეოდა და სისტემატიურ მუშაობას ეწეოდა იმისათვის, რომ ქცევის ეს ნიმუშები დაენერგა მოსწავლეებში. ამ მხრივ, იგი ყველასათვის მისაბაძი აღმზრდელი პედაგოგი იყო. თავის თეორიულ-პედაგოგიკურ ნაშრომებში შიო ჩიტაძე ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას აღიარებდა მთლიანი პედაგოგიური პროცესის ძირითად და ორგანულ ნაწილად.

შიო ჩიტაძე იყო უაღრესად მოწინავე საზოგადო მოღვაწე პედაგოგი. იგი სასტიკად ებრძოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და პედაგოგიური რუტინისა და კონსერვატიზმის ყოველგვარ საფუძვლებსა და გამოვლინებას. შიო ჩიტაძე მებრძოლი ბუნებისა და ნათელი პერსპექტივის ადამიანი იყო და საზოგადოებას ყოველთვის ბრწყინვალე მომავლისაკენ მოუწოდებდა. „სინათლე ძლიერია სიბნელეზე, – წერდა იგი, – და ნურვინ იფიქრებს, რომ იგი ოდესმე დამარცხდეს. არის დრო, როდესაც სინათლის სხივები ოდნავ ბჟუტავენ, როცა უკუთ არის მოცული არემარე, მაგრამ სხივები შეერთდებიან, გააპობენ სიბნელეს. დააბრმავებენ სინათლეში სიარულის მოსიყვარულეთ და განუბრწყინებენ გზას იმათ, ვისაც ლამპარი ხელში უჭირავს”.