ვიკტორ ნოზაძე (1893-1973)
ნაშრომში „ერი და კაცობრიობა" მიხაკო წერეთელი აღნიშნავდა: „სრულიად „უგავლენოდ" უცხოს მიერ არც ერთი თვით გენიოსიც არ აზროვნებს და არ ქმნის, მაგრამ მათ შემონაქმედთა დიდ ღირებულებას ეს გავლენა კი არ ქმნის, არამედ მათი გენია. „გავლენა" სწავლითგან, შეთვისებითგან მოდის, ხოლო მარტო სწავლული, შემთვისებელი, რაც უნდა ცოდნითა და განათლებით იყოს აღჭურვილი, დიდს რასმე ვეროდეს შეჰქმნის, თუ მისი სული არ არის შემოქმედი, თუ მის ერს, სისხლს არ მიუცია მისთვის ეს ღვთაებრივი ძალა".
ეს სიტყვები აშკარად მიესადაგება ვიკტორ ნოზაძის პიროვნულ მდგომარეობასა და მთელ მის შემოქმედებით მოღვაწეობას, რომელმაც 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ინიციატივით სწავლის გაგრძელების მიზნით 26 წლის ასაკში დატოვა საქართველო.
ვიკტორ ნოზაძე უდავოდ საინტერესო ქართველი მოღვაწეა. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, რომელიც წარმოდგენილია პოლიტიკური, მეცნიერული, პუბლიცისტური და მთარგმნელობითი მოღვაწეობით, საგანგებო შესწავლას მოითხოვს და მნიშვნელოვანია ქართული ემიგრანტული მწერლობისა და, საერთოდ, მთელი ქართული კულტურის ისტორიისათვის.
ვიკტორ ნოზაძემ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. საქართველოს გასაბჭოებამ მას ევროპაში სწავლისას მოუსწრო და ბოლშევიკურ სამშობლოში დაბრუნებას ისევ ემიგრანტობა არჩია, რათა უცხოეთში გახიზნულ ეროვნულ მთავრობასთან ერთად საერთაშორისო სამართლის ძალით ებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავ აღსადგენად.
ვიკტორ ნოზაძემ ღრმა მეცნიერულ რუსთველოლოგიური კვლევის ექვსი ფუნდამენტური წიგნის შექმნის გარდა, ემიგრაციაში დიდი მუშაობა გაწია საქართველოს საბჭოური სივრციდან გამოსახსნელად. ამის გამო გახდა იგი „თეთრი გიორგის" ორგანიზაციის წევრი, სადაც მათთან ერთად იბრძოდა ასევე ქართველი და არაქართველ ებრაელთა ფაშისტური ტყვეობისა და დახვრეტისაგან გადასარჩენად.
მისი ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობა შერწყმული იყო საზოგადოებრივ საქმიანობასთან. ვიკტორ ნოზაძე იყო პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონის" რედაქტორი, სადაც ამავე დროს ასრულებდა მბეჭდავის, კორექტორის, ექსპედიტორის ფუნქციასაც. უცხოობაში ვიკტორ ნოზაძემ ასევე არაერთი ქართული ჟურნალი და გაზეთი დააარსა. ესენია: „ორნატი", „თეთრი გიორგი", „ქართლოსი", „ქართველი ერი".
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ამერიკაში გადასულმა ვ. ნოზაძემ არგენტინაში ქართველთა ერთად ყოფნისა და კულტურული მუშაობის მიზნით 1950 წლის 29 ოქტომბერს, ბუენოს–აირესში დაარსდა ქართველთა სათვისტომო, რომელსაც თავმჯდომარეობდა. ამავე დროს, 1951–53 წლებში, იგი იყო ბუენოს აირესში გამომავალ ჟურნალ „მამულის" რედაქტორი.
ვ. ნოზაძის რუსთველოლოგიური ნაშრომების სერიის პირველი წიგნი – „ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება” 1954 წელს გამოვიდა ბუენოს-აირესში, სადაც იგი ცხოვრობდა თავისი განუყრელი მეგობრების – თამარ და აკაკი პაპავების ოჯახში.
სანტიაგო–დე–ჩილეში დაიბეჭდა ასევე ვიკტორ ნოზაძის სამი ფუნდამენტური ნაშრომი: 1957 წელს II ტომი – „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”. რომელსაც ასევე მალევე მოჰყვა III ტომი – „ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება”, ხოლო 1958 წელს დაისტამბა მეოთხე ტომიც – „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება” .
სანტიაგო–დე–ჩილეში რუსთველოლოგიური ნაშრომების გარდა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ გუსტაო დე ლა ტორესთან ერთად ესპანურ ენეზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი", რომლის თარგმანზე სამი წელი მუშაობდა. მანვე დაამთავრა მისი მეგობრის კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ ქართულ–გერმანული ლექსიკონიც.
ვიკტორ ნოზაძის ინიციატივითა და უანგარო დახმარებით მრავალი წიგნი გამოიცა ემიგრაციაში. მათ შორისაა ექვთიმე თაყაიშვილის, თამარ და აკაკი პაპავების, გიორგი გამყრელიძისა და სხვათა წიგნები.
იგი უყურადღებოდ არ ტოვებდა ქართველ ემიგრანტთა შემოქმედებიდან არც ერთ წერილს, როგორი შინაარსისა და ღირებულების არ უნდა ყოფილიყო იგი, რადგან მის სიტყვებს თუ დავესესხებით: „ემიგრაციაში მყოფ ქართველის ნაფიქრ-ნააზრევი არ უნდა დაიკარგოს. მომავალ თაობას ბეჭდვითი სახით უნდა შეუნახოთ. ვინ იცის რამდენი რამ გადაურჩებოდა ქართულ კულტურას, ვახტანგ მეექვსეს ემიგრაციას, მოსკოვში ჟურნალ-გაზეთები რომ ჰქონოდაო", – აცხადებდა იგი.
ჭეშმარიტად, ვიკტორ ნოზაძეს უნდა უმადლოდეს 1921 წლის ქართული პოლიტიკური ემიგრაციი შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომელთა ნაშრომ–ნააზრევის სათუთად მოვლა–პატრონობასა და მის გამოცემას მთელი სიცოცხლე შეალია. „ასეა ჩემი ბუნება, – ამბობდა ვიკტონ ნოზაძე, – მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწერდიო".