დავით ჩუბინაშვილი (1814-1891)
დავით ჩუბინაშვილი იყო არა მარტო სახელოვანი პედაგოგი – გულისხმიერი აღმზრდელი და მასწავლებელი, არამედ თავისი დროის ღირსეული მეცნიერიც. ის იყო შესანიშნავი ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, არქეოლოგი, ისტორიკოსი და დიდი ქართველი მწიგნობარი – განმგრძობი იმ სახელოვანი ღვაწლისა, რომელიც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან გააჩაღეს რუსეთში მცხოვრებმა გამოჩენილმა ქართველებმა.
დავით ჩუბინაშვილის ცხოვრებისა და ნაყოფიერი მოღვაწეობის გზა მოკლედ ამგვარად აღინუსხება: იგი დაიბადა თბილისში, 1814 წლის 26 სექტემბერს სიონის კათედრალის დეკანოზ იესე ჩუბინაშვილის საკმაოდ კულტურულ ოჯახში. თვითონ იესე თავის დროისათვის ჩინებული პედაგოგი იყო და ერთი სახელმძღვანელოს – ქართული ენის გრამატიკის – ავტორიც. ნარკვევში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის”, რომლის შედგენა მიეწერება იოანე ბატონიშვილს (1768-1839) – „ახალ ქართველ მთარგმნელ” მწერალთა შორის მოხსენებულია დავით ჩუბინაშვილის მამა იესე მღვდელიც.
1825 წელს მამით დაობლებული დავითი მისმა ბიძამ პეტებურგს წაიყვანა. 1835 წელს იგი შედის პეტერბურგის უნვიერსიტეტში, რომლის კურსს ჩინებულად ამთავრებს 1839 წელს. ნივთიერი სივიწროვის გამო უნივერსიტეტის ახლადკურსდამთავრებული დავითი ერთხანს მსახურობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააზიო დეპარტამენტში, სადაც ის მრავალ საარქივო მასალას ეცნობა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობიდან. შემდეგ ის ამ მასალებს თავის სამეცნიერო მუშაობაშიც იყენებს.
მიუხედავად ამგვარ დაწესებულებაში მუშაობისა, დავითს არ შეუწყვეტია სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობა, რის შედეგად 1844 წელს მას იწვევენ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის დოცენტად. 1848 წელს ის ხდება ადიუნქტი, ხოლო 1856 წლიდან – ექსტრა-ორდინატორი პროფესორი. დაუცხრომელმა შრომამ და ამ შრომის დიდმა ნაყოფიერებამ დავითის სამეცნიერო კარიერა მალე წასწია წინ. 1859 წელს ის უკვე ორდინატორი პროფესორია, ხოლო 1870 წლიდან დამსახურებული პროფესორი. ამ დროისათვის იგი მრავალი საყურადღებო შრომის ავტორი იყო.
სამეცნიერო ასპარეზზე მის ამგვარ წინსვლას ნიჭთან ერთად ხელს უწყობდა ის საარაკო შრომისუნარიანობა, ბეჯითობა, ნებისყოფა და გამბედაობა, რაც მას მუდამ ახასიათებდა. მის ამ თვისებათა საილუსტრაციოდ საკმარისია მისი ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდის მოყვანა: სტუდენტობის დროს დავითს დასჭირდა მენინსკის არაბულ-სპარსულ-თურქული ლექსიკონი. წიგნი რაკი ერთობ ძვირი იყო და მისი შესაძენი თანხა მას არ აღმოაჩნდა, გადაწყვიტა – ეს უზარმაზარი, „ჟამნგულანის” მოცულობის წიგნი მთლიანად გადაეწერა. რომ კარგად წარმოიდგინოს კაცმა, თუ რა შრომაა ამ წიგნის გადაწერაში გაწეული, – გადმოგვცემენ დავითის თანამედროვენი, – უნდა იცოდეთ ყველამ, რომ ეს ნაწერი ოთხ რვეულად არის ინ ფოლიო და თითოეული რვეული სისქით ორ გოჯს აღემატებაო.
ასეთმა დაუშრეტელმა ენერგიამ და ბეჯითობამ შექმნა მისი ეგზომ ვრცელი და მნიშვნელოვანი შრომები, როგორიცაა: ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1837 წელს, 23 წლის ჭაბუკმა წარუდგინა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას და მით განაცვიფრა იმდროინდელი სამეცნიერო წრეები. ეს ლექსიკონი დიდად მოწონებულ და რეკომენდირებულ იქნა, რომლის შესახებ სათანადო აზზრი გამოითქვა „Журнал министерства народногопросвещения”-ში და შემდეგ გაზეთ „Кавказ”-მაც შეაფასა მისი მნიშვნელობა. ეს ლექსიკონი, რომელსაც ე. წ. დემიდოვის პრემია მიენიჭა, პირველად გამოიცა 1840 წელს პეტერბურგში აკადმიკოს მარი ბროსეს წინასიტყვაობით.
ამას მოჰყვა დავით ჩუბინაშვილს რუსულ-ქართული ლექსიკონი, საყოველთაოდ ცნობილი და დიდად გავრცელებული პოპულარული წიგნი მთელ საქართველოში. იგი მრავალჯერაა გამოცემული (1857, 1887, 1901). პრიველად კი იგი გამოიცა 1846 წელს პეტერბურგში. წიგნს დართული აქვს მოკლე გრამატიკა ქართული ენისა (ქართულ ენაზე შედგენილი).
იმავე 1846 წელს აგრეთვე პეტერბურგში გამოიცა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგეილი ცნობილი სახელმძღვანელო „ქართული ქრესტომატია ანუ გამოკრებილნი ადგილები ქართველთა მწერალთაგან” ორ ნაკვეთად – პროზად და პოეზიად, რომელთა გამოცემა შემდეგშიც განმეორდა (1863), როგორც სასკოლო სახელმძღვანელო. მათ მოყვა 1847 წელს პეტერბურგში გამოცემული დავით ჩუბინაშვილის მოკლე რუსული გრამატიკა ხოლო 1855 წელს გამოაქვეყნა რუსულ ენაზე შედგენილი ქართული ენის გრამატიკა. ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტული აზრით, – ეს გრამატიკა პრიველი და ერთადერთი ცდა იყო იმ დროს, რომ ქართული ენისა და მეტყველების კანონები თვით ამ ენის თვისებებსა და დაკვირვებაზე დამყარებულიყო და ამით საგრძნობლად მაინც შეემცირებინა უთუოდ მავნე და შემბოჭავი სქოლასტიკური გავლენა ხელოვნურად ბერძნულ-ლათინურისა და რუსულისაგან გამოჭრილი ანტონ I-ის, გაიოზის, იოანე ბატონიშვილის, სოლომონ დოდაშვილისა და პლატონ იოსელიანის გრამატიკებისა.
დავით ჩუბინაშვილი, როგორც ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოს-არქეოლოგი ხშირად რედაქტორობდა რიგ მნიშვნელოვან გამოცემებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია მისი ინიციატივითა და თანარედაქტორობით 1841 წელს პეტერბურგში გამოცემული შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილება „ვეფხისტყაოსანი” – „ახლად დაბეჭდილი შეერთებულითა ღვაწლითა უფალთა ბროსე, ზაქარია ფალავანდიშვილისა და დავით ჩუბინოვისათა”. „ვეფხისტყაოსნის” ეს გამოცემა პირველი ბეჭდური გამოცემაა 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემის შემდეგ. დავით ჩუბინაშვილმა იგი თავისივე რედაქციით გამოსცა აგრეთვე 1866 წელსაც.
დიდი ღვაწლი მიუძღის დავით ჩუბინაშვილს საქართველოს უდიდესი და უმდიდრესი მატიანის „ქართლის ცხოვრების” სრულად აღდგენასა და აკადემიურ გამოცემაში. მისივე რედაქციით ვიდრე 1800 წლამდე, რომელშიც შევიდა, ძველ მემატიანეთა გარდა, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის, ვახუშტი ბაგრატიონისა და ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებანი.
1859 წელს დავით ჩუბინაშვილის რედაქციით გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების სახელგანთქმული კრებული „წიგნი სიბრძნე-სიცრუისა”. დავით ჩუბინაშვილისავე მონაწილეობით დაბეჭდა 1846 წელს ცნობილმა ნუმიზმატმა მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილმა (1784-1856) თავისი კაპიტალური შრომა „Нумизматические факты грузинского царства”.
ჩვენ აქ ვერ ჩამოვთვლით დავით ჩუბინაშვილის შრომებსა და მისი რედაქციით გამოცემულ წიგნებს, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. აქ მხოლოდ მისი ძირითადი მეცნიერუი ნაშრომები დავასახელეთ, რომელთა რიცხვს უნდა მიემატოს აგრეთვე 1861 წელს მის მიერ გამოცემული საინტერესო წიგნი – რუსეთისა და საქართველოს მეფეების მიწერ-მოწერა, რომელშიაც მოთავსებულია 85 მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესასწავლად.
ამ კაპიტალური შრომების პარალელურად დავით ჩუბინაშვილი წერდა მრავალ გამოკვლევას, საჟურნალო და საგაზეთო სტატიებს, ის იყო მუდმივი თანამშრომელი რუსული და ქართული პერიოდული პრესისა. ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში” დავით ჩუბინაშვილი ხშირად ათავსებდა ლიტერატურულ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულსა და სხვა სამეცნიერო ხასიათის ნარკვევებსა და სტატიებს.
საგულისხმოა და დღესაც არ არის მნიშვნელობას მოკლებული „ივერიაში” დაბეჭდილი (1887) მის ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „კაბადოკიისა და ჭანეთის (ლაზიკის) გარშემო”. დავით ჩუბინაშვილის აზრით, მაშინდელი მცირე აზიის საფაშალიკოები – სივასი, ყარამანია და ტრაპიზონი – თავიდანვე ქართველი ტომებით იყო დასახლებული და მათვე ეკუთვნოდა ის ადგილები, სადაც დღემდეც მკვიდრობენ ქართველი ტომები ჭანების (ლაზების) სახელწოდებით.
ილია ჭავჭავაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი ისეთ დროს დაიბადა, ისეთ ვითარებასა და გარემოებაში აღიზარდა, ისეთს ოჯახში გაატარა თავისი ყმაწვილობა და ისეთს ჰაერში ტრიალებდა ჭაბუკობაში, რომ თითქმის სიყრმიდანვე, დედის ძუძუსთან ერთად შეითვისა და შეიტკბო სიყვარული თავის სამშობლოსი, თავის დედა ენისა, მწერლობისა და ისტორიისა”.
მართლაც, დავით ჩუბინაშვილმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, ინტელექტუალური ძალა და ფიზიკური ენერგია მთლიანად მოახმარა მშობლიური ლიერატურის აღორძინებასა და გამდიდრებას. მისი ლექსიკონები, სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები და სხვა შრომები „დიდი ღვაწლია ქართული მწერლობისათვის, დიდი სიმდიდრეა ქართული ენისათვის”, – წერს სილოვან ხუნდაძე.
დავით ჩუბინაშვილს დიდი შრომა აქვს გაღებული ქართული ხელნაწერების შეგროვების სფეროშიც. ვინ იცის, თუ რამდენი ძვირფასი და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ძეგლი გადაურჩენია სახელოვან მეცნიერს გაჩანაგებისაგან.
აღსანიშნავია ამ მხრივ დავით ჩუბინაშვილს ღვაწლი, კერძოდ, თეიმურაზ ბაგრატიონსი შესანიშნავ შრომაზე „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა”, რომელიც დავით ჩუბინაშვილის ინიციატივითა და ნაწილობრივ რედაქციითაც დაიბეჭდა 1848 წელს პეტერბურგში. დასახელებული შრომის II ნაწილიც მის არქივებშია საძებარი. აქვე უნდა აღინიშნოს მისი სხვა დამსახურებაც, მაგალითად, მთელი რიგი საისტორიო ძვირფასი კოლექციებისა, რომელნიც ასე უხვად ამშვენებენ და ამდიდრებენ დღეს ჩვენს სიძველეთა საცავებს, მათი ერთი საგრძნობი ნაწილი დავით ჩუბინაშვილის ღვაწლითა და ნახევარსაუკუნოვანი შრომით არის მოპოვებული.
დავით ჩუბინაშვილმა მთელი თავისი წიგნთსაცავი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” უანდერძა.
ამგვარი დიდი ღვაწლისათვის რუსთა და ქართველთა მოწინავე საზოგადოებამ დავით ჩუბინაშვილს მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადა 1890 წელს და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა მხცოვან ამაგდარს. მაგრამ ამ სურვილს მხოლოდ ერთ წელიწადს ჰქონდა ძალა. 1891 წლის „ივერიის” (№119) ქრონიკა ქართველ საზოგადოებას აუწყებდა: „დიდად სამწუხარო ამბავი მოვიდა პეტერბურგიდან, ოთხშაბათს, 5 ივნისს იქ გარდაიცვალა 77 წლის მოხუცი, დამსხურებული პროფესორი ქართული ენისა და სიტყვიერება-ისტორიისა დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი”.
საბჭოთა საზოგადოებრიობა, მისი აღმავალი მეცნიერება და მწერლობა მარად პატივისცემითა და სიყვარულით მოიგონებენ სახელოვან პატრიოტ ქართველ მეცნიერსა და მრავალ ბრწყინვალე თაობათა აღმზრდელ მასწავლებელს.