დავით ნიჟარაძე (1856-1922)
თბილისის გუბერნიის თავად–აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზის (1864–1923) ერთგული მეგობარი გახლდთ თავადი დავით ნიჟარაძე, რომელიც თავისი ვაჟკაცური შემართებით, განათლებით, ეროვნული სულისკვეთებით, გარეგნული სილამაზით ქართველი კაცის ეტალონს წარმოადგენდა.
იმერეთის თავად–აზნაურობამ სულ რვაჯერ აირჩია თავისი წინამძღოლები. ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა ბოლო მარშალი იყო დავით (დათა) ნიჟარაძე, რომელსაც დათა ნიჟარაძის სახელით მოიხსენიებდნენ. იგი იბრძოდა მენშევიკური მთავრობისა და გერმანელი ინტერვენტების წინააღმდეგ. დათა ნიჟარაძეს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. იგი იყო უნიჭიერესი და საოცრად გონებამახვილი პიროვნება, დიდი ეროვნული მოღვაწე, მამულიშვილი, კარგი ორატორი და პატრიოტი.
დათა ნიჟარაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნუსხაში შედის – ქუთაისის ქართული გიმნაზიის ორსართულიანი შენობის აგება, სადაც გიმნაზიის დირექტორი იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ოცხელი. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გიმნაზიის მოსწავლე–ახალგაზრდობისა და ქუთაისის საზოგადოებაში.
ცარიზმის რუსულ პოლიტიკას ძვალივით ადგა ყელზე ის ერთადერთი ქართული გიმნაზია, რომელიც ქუთაისში იყო. ისინი ყოველგვარ მიზეზებს იყენებდნენ, რათა როგორმე დაეხურათ ქუთაისის გიმნაზია. თბილისში, მეფის ნაცვლის სასახლეში ჩაისახა აზრი, რომ ქუთაისის გიმნაზიაში მიმდინარე გამოცდები გამოეყენებიათ იმ „გენიალური გეგმის განსახორციელებლად, რომელიც მიზნად ისახავდა გიმნაზიის დახურვას. ამ საქმის განხორციელება ითავა ქართველთა მოძულემ ვინმე კორკინმა. მან ქუთაისში ჩამოსვლისთანავე მოინახულა თავად–აზნაურთა წინამძღოლი დათა ნიჟარაძე, აუხსნა თავისი „კეთილი მისიის' მიზანი, მთავარი ცხადია დაუმალა.
გამოცდების დაწყებამდე გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ოცხელმა მოიწვია გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო და მათ შექმნილი ვითარება გააცნო. საბჭომ ერთხმად დაადგინა: „კორკინი მოიხსნას საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან და გამოცდაზე დასწრება აეკრძალოსო." ამ გადაწყვეტილების გაცნობა კორკინისათვის დაევალათ ახალგაზრდა მასწავლებლებს დიმიტრი უზნაძესა და ალექსანდრე ჯანელიძეს.
მეორე დღეს კორკინი ქუთაისის გიმნაზიაში არ შეუშვეს. კიბეებზე მას შეხვდა იოსებ ოცხელი და ვაი სტუმარს პირდაპირ მიახალა: "Милостливый Государь, я не подам руку, Вы недостойны этого. Ваш приезд имеет дурную цель, хотите нарочно срезать абитуриентов и под этим предлогом прикрыть Грузинскую гимназию".
რამდენიმე დღის შემდეგ თბილისიდან ოცხელისა და ხუნდაძის სამსახურიდან მოხსნის ბრძანება მოვიდა.
თავად აზნაურთა წინამძღოლმა დათა ნიჟარაძემ თბილისში მეფის ნაცვალს თხოვა ოცხელისა და ხუნდაძის აღდგენა. იოსებ ოცხელზე ნებართვა მიიღო, ხოლო სილოვან ხუნდაძეზე კი კატეგორიული უარი განუცხადეს. საბოლოოდ, დათა ნიჟარაძემ თავისი გაიტანა და ორივე პედაგოგი სექტემბრიდან თავის უფლებაში აღადგინა.
დათა ნიჟარაძის დამსახურებაა ასევე საქართველოდან რუსეთში სამხედრო სამსახურში ახალგაზრდობის გასაწვევთა რიცხვის შემცირება. პირუთვნელი, პირდაპირი ვაჟკაცი და დიდი პატრიოტი დათა ნიჟარაძე რამდენჯერმე შეხვდა ნიკოლოზ მეორეს და ყოველთვის „გამარჯვებული" გამოდიოდა.
1905 წელს კავკასიაში ხელმწიფის მოადგილის გრაფ ვარანცოვ–დაშკოვისაგან ქუთაისში გაიხსნა სამაზრო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დათა ნიჟარაძე აირჩიეს. იგი ყველანაირად ცდილობდა დაზარალებული და დამზარალებელი პირები ერთმანეთში ისე მორიგებულიყვნენ, რომ სამართლის პასუხისმგებლობა კანონის წინააღმდეგ მოქმედებისათვის თავიდან აეცილებინა.
დათა ნიჟარაძე იყო ასვე, იმერეთის თავად–აზნაურთა ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც არაერთ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. მისი შემწეობით ცნობილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ნინო ორბელიანისას რამდენჯერმე გამოეყო დახმარება და უსახლ–კაროდ დარჩენილი საბოლოოდ მოხუცთა თავშესაფარში მოათავსა.
იმერეთის წინამძღოლი დათა ნიჟარაძე ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან კირილე ლორთქიფანიძესთან ერთად ცდილობდა ყოველგვარი საჭირბოროტო საქმის მოგვარებას. ამ მხრივ ნიშანდობლივია ქუთაისიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარის ექვთიმე თაყაიშვილის სახელზე 1916 წლით დათარიღებული მიმართვა: „გამგეობას სურს მიაქციოს თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ ლაზისტანსა და ტრაპიზონში დღეს თუ ხვალ დაიწყებს მოგზაურობას ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორი შმიდტი, რომელსაც პეტროგრადის ისტორიული საზოგადოება გზავნის. ვინაიდგან იმ ადგილებში ქართველთა ბევრი სიძველე ინახება, ძლიერ საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენის მხრით გაგზავნილ იქნეს ერთი პირი, რათა ყველაფერი აღწეროს და რაც მოხერხდება წამოიღოს ჩვენი მუზეუმებისათვის... ჩვენის მხრივ გასაგზავნად ვასახელებთ ვუკოლ ბერიძეს, რომელიც სრულიად თანახმაა ეს საყურადღებო და საჭირო მინდობილობა მიიღოს.
ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი შუამდგომლობა გუბერნატორის წინაშე აღვძრათ, რადგან დასახელებული რაიონი მას არ ექვემდებარება და არც ჩვენი წესდების ფარგლებშია. ასე, რომ შუამდგომლობა მეფისნაცვლის წინაშე უნდა აღიძრას და თუ ჩვენგან ქაღალდი ან სხვა რამე საჭირო იქნება, გთხოვთ საჩქაროდ გვაცნობოთ. მანამდის კი, თუ საჭიროება მოითხოვს, შუამდგომლობის აღძვრაში დახმარებას გაგიწევთ ჩვენი მარშალი თავადი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე, რომელსაც გთხოვთ, შინაარსი ამ წერილისა გააცნოთ". ( ქიმ 528/13)
მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში შედიოდა ასევე ქართული გალობის მოყვარულთა წრისა და ქართული გალობის აღმადგენელი საზოგადოების გამგეობების თავმჯდომარეობები.
სასიქადულო მამულიშვილი თავადი დავით ნიჟარაძე დიდი ორატორული ნიჭითაც გამოირჩეოდა. ცნობილია მისი წარმოთქმული სიტყვა, 1917 წ 21 ნოემბერით დათარიღებული, როცა თბილისის გუბერნიის წინამძღოლმა კოტე აფხაზმა და ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლმა დათა ნიჟარაძემ ერთობლივად მთელი თავად–აზნაურთა ქონება გადასცა საქართველოს ეროვნულ საბჭოს”, მანამ ვიდრე საქართველოს თვითმმართველობის ორგანო დაარსდებოდა:
„მამულიშვილნო! მეტად და მეტად ბედნიერი ვარ, რომ მეც წილად მხვდა ბედნიერება მივესალმო ამ ტრიბუნიდან ამ სანატრელს პირველ საქართველოს ეროვნულ კრებას, აუცილებლად მიმაჩნია კვლავ განვიმეორო და გაგახსენოთ ისტორიული ღვაწლი ქართული თავად-აზნაურობისა, თავისი სამშობლოს და ქართველი ერის წინაშე, რადგან ყოველივე ამას შეეხო და განმარტა კონსტანტინე აფხაზმა. თავად-აზნაურობა ერთრგვარად უწევდა სამსახურს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში და თვით რუსეთთან შეერთების შემდეგაც, რამდენადაც ეს მათ შეეძლოთ იმ ფარგლებში მომწყვდეულთ, რომელშიაც რუსის მთავრობამ ჩააყენა… დასავლეთ საქართველოს აზნაურობამაც რვა ამა გიორგობისთვეს ისეთივე დადგენილება გამოიტანა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობამ. მან თვის მემკვიდრედ აღიარა სრულიად ქართველი ერი, თუმცა, დასავლეთ საქართველოს აზნაურობას ისეთი სიმდირე არ ჰქონია, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობას, მაგრამ მან თავისი წვლილი ერთად ამ უკანასკნელთან გადასცა ერს… დასავლეთ საქართველოს აზნაურობისაგან ერზედ გარდაცემულ მამულებს შეიცავენ: ქართული გიმნაზია თავის შენობით, აზნაურობის ბანკი, რომელიც ერთსა და იმავე დროს არის დაარსებული თბილისის აზნაურობის ბანკთან და ერთი წესდება აქვთ. ერთსულოვნების და სოლიდარობის ჩვენი პოლიტიკური პარტიების შორის, რომელიც ამ სანატრელს ეროვნულ კრებაზე გამოირკვა (მცირე გამონაკლისის გარდა) მე აღფრთოვანებული ვარ სულით და გულით, ვბრუნდები დასავლეთ საქართველოში და ვახარებ მას, რომ საქართველო აღსდგა!
ქართველი ერი ხელი-ხელ ჩაკიდებული ერთსულოვნად და ერთგულოვნად, განურჩევლად პოლიტიკური მიმართულებისა, დადგა საქართველოს თავისუფლების დროშის ქვეშ და იგი ამ დროშის ქვეშ დაუყოვნებლივ განახორციელებს დიდის ხნის თავის იდეალებს, თავის დიდებული ისტორიის სავსებით აღდგენას. მაშ გაუმარჯოს ქართველ ერს."
ყრილობას ესწრებოდა თავად–აზნაურთა 12 წარმომადგენელი, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას. თავად– აზნაურთა მთელი ქონება გადაეცა ქართველ ერს რათა, იგი მოხმარებოდა ახლად დაარსებულ სახელმწიფოს, მისი მატერიალური დასაყრდენის გასამაგრებლად.
„მოისმინა რა ქართველ თავად-აზნაურთა ორივე გუბერნიის წინამძღოლთა მოხსენებანი იმის შესახებ, რომ თავად–აზნაურობის დადგენილებით 29 ოქტომბრის და 8 ნოემბრის თარიღებით, მთელი მისი ორივე გუბერნიის თავად–აზნაურობის კოლექტიური ქონება, ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები აღიარებულია ქართველი ერის ავლადიდებად და უნდა გადაეცეს, ვიდრე საქართველოს თვითმმართველობის ორგანო დაარსდებოდეს, საქართველოს ეროვნულ საბჭოს”.
(I ეროვნული ყრილობის რეზოლუციიდან 1917 წ. 21 ნოემბერი).
„ის ქონება, რომელიც დღეს ქართველი თავად-აზნაურობისაგან გადმოდის იქნება პირველი ფონდი ქართული ეროვნული ქონებისა… საჭიროა ეროვნულმა ყრილობამ აირჩიოს ორგანო, რომელიც დაიჭერს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ადგილს და ერთის მხრივ გაუძღვება, უპატრონებს მიღებულ ქონებას, ხოლო მეორეს მხრივ, ფხიზლად მოეპყრობა ყველა იმას, რასაც წარმოშობს დრო და გარემოება”.
სწორედ, ორივე მარშლის კოტე აფხაზისა და დათა ნიჟარაძის მიერ თავად–აზნაურთა მთელი ქონების გადაცემა გახდა საფუძველი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა.