‍მემედ აბაშიძე (1873-1937)

ავტორი: მარიამ მარჯანიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

0002_abasმემედ აბაშიძემ 35 წელიწადი იღვაწა საზოგადო და სახელმწიფო ასპარეზზე. მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო. იგი მონაწილეობდა სამწერლო სარბიელზეც, წერდა ლექსებს, მოთხრობებს, საცნობარო წერილებს. თარგმნიდა არაბული და თურქული ენებიდან ქართულად და პირიქით; ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის და ნამიკ ქემალის ნაწარმოებები. იგი თურქულ ენაზეც თარგმნიდა “ვეფხისტყაოსანს”, მაგრამ აღარ დასცალდა.

მემედ აბაშიძის ბაბუა ატარებდა ბეჭედს, რომელზეც ამ გვარის სამი წარმომადგენლის სახელი იყო ამოტვიფრული, მათ შორის დიდი ოჯახის ფუძემდებლის „კახაბერ ერისთავ–გურიელისა“, გადმოცემით არგვეთის ერისთავისა, რომელიც XV ს. იმერეთიდან გადმოსულა და აჭარას 1463-1520 წლებში განაგებდა.

მემედ-ბეგ აბაშიძის უშუალო ძალისხმევით 1921 წელს აჭარა კვლავ არ მოწყდა დედა-სამშობლოს და საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

ეს ბრძოლა იოლი არ იყო და იგი დიდი მსხვერპლისა და თავგანწირვის ფასად მიმდინარეობდა. მემედ აბაშიძე წერდა: „ჩვენ, აბაშიძეები, სასტიკად აღვუდექით წინ რუსთა იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანი ჩვენი გარუსება იყო და ქრისტიან მოძმეთაგან სრული ჩამოშორება. აშკარაა, ჩვენმა გამოსვლამ ჩვენი გვარი ნიშანში ამოიღო. გვიჭერდნენ და გვამწყვდევდნენ თურქეთში ტრაპიზონის ციხეში და სიკვდილით რომ არ დავესაჯეთ, თავს უშველეთ გაქცევით...

არანაკლებ ღვაწლი მიუძღვის ჩვენს გვარს დენიკინლთა ბატონობის დროს. ჩვენ ვაძლევდით იმათაც სათანადო პასუხს და ჩვენი პატარა კუთხე, ასე თუ ისე, უვნებლად მოვიყვანეთ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე“.

მრავალმხრივი იყო მემედ აბაშიძის მოღვაწეობის სფერო. აჭარაში არ იყო არც ერთი საზოგადოება, რომლის წევრი ან თავმჯდომარე ის არ ყოფილიყო. მემედ აბაშიძე იყო პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი მემედ აბაშიძე იყო გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“ რედაქტორიც. ამავე დროს იგი აჭარაში ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერიც გახლდათ. განუწყვეტელი დევნა, შევიწროება, დაპატიმრება, თურქეთისა და რუსეთის ციხეები, სიკვდილის მისჯა, გადასახლება, თბილისში მეტეხის ციხეში ჯდომა, ტერორი, – აი ეს იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის მძიმე ცხოვრებისეული გზა.

მემედ აბაშიძის, როგორც პიროვნებისა და პატრიოტის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ოჯახმა და პირველ რიგში მამამ – იბრაიმ აბაშიძემ, რომელიც იყო მრავალი ენების მცოდნე და განათლებული პიროვნება, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ვალერიან გუნიას, გერონტი ქიქოძისა და სხვათა მეგობარი. ეს ტრადიცია მისი შვილის, მემედ აბაშიძის დროსაც გაგრძელდა. აჭარაში ილია ჭავჭავაძის უშუალო ჩარევითა და ხელშეწყობით წერა-კითხვის საზოგადოებასთან არსებული ბათუმის პირველ საშუალო სკოლაში დაწყებითი განათლება მიიღო მემედ აბაშიძემ და იგი ამავე სკოლაში გახდა პირველი ადგილობრივი მასწავლებელიც. აბაშიძეებმა ამ სკოლისათვის მიწა თავისი მამულებიდან გამოყო.

მაშინ ქართულ სკოლაში ათი მოსწავლე ირიცხებოდა, მათ შორის ერთი გოგონაც, რომლის აღზდა მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. საერთოდ მემედ აბაშიძის დამსახურებაა აჭარაში ქართული სკოლების გახსნა.

იგი თავდაუზოგავად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.

მ. აბაშიძე ბათუმში 1917 დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას.

1918 წელს პროტესტით შეხვდა მ. აბაშიძე აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისს და დაარსა “სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ ჯგუფი”. დიდი ილიას თქმით: “მემედ აბაშიძე თავისი დროის უაღრესად მრავალწახნაგოვანი პიროვნება იყო. ბობოქარი, ეროვნული საქმისადმი თავდადებული, ქედუხრელი, როცა საქმე ეხებოდა აჭარას, ერთიანი საქართველოს ბედს, იქ მისი სულის ფეთქვის ძალა ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა. “აჭარა და ქალაქი ბათუმი ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო და მომავალშიც მისი განუყოფელი ნაწილი იქნება! ეს სიტყვები მან ტყვიასავით მიახალა თურქეთის თავგასულ ფაშას”.

1917 წელს მემედ აბაშიძემ ჩამოაყალიბა ბათუმის ოლქის ქართველ-მაჰმადიანთა კომიტეტი, რომელმაც შეძლო გაენეიტრალებინა ადგილობრივი პან–ისლამისტების გავლენა აჭარის საზოგადოებაზე. მ.აბაშიძის პრინციპული პოზიციის გამო ამ უკანასკნელთ ვერ შეძლეს აჭარის კვლავ თურქეთისათვის შეერთება. ამ ქართული კუთხის მკვიდრთ ლიდერთან ერთად არ სურდათ ჩამოშორებოდნენ ახლად გამოღვიძებადაწყებულ ქართულ სახელმწიფოს.

1921 წელს როდესაც საქართველო გაასაბჭოეს, აჭარაში თურქეთის დელეგაციამ მემედ აბაშიძეს, მაშინ აჭარის მეჯლისის თავმჯდომარეს, ამ კუთხის თურქეთთან შეერთება მოსთხოვეს. მხოლოდ მემედ აბაშიძის მტკიცე და ურყევი პოზიციის შედეგად აჭარამ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. 1937 წელს სტალინურმა რეპრესიებმა საბოლოოდ იმსხვერპლა დიდი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე. იგი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, მაგრამ მას უკვე შესრულებული ჰქონდა თავისი ისტორიული მისია.