მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937)
ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მშობლიური ხელოვნების დიდი მოამაგის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის სახელი. მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს დღესაც არ დაუკარგავთ მომხიბვლელობა და მხატვრული ღირებულება.
ეროვნულ კომპოზიტორებს შორის იგი პირველია, რომელმაც დაამუშავა ქართული ხალხური სიმღერები ცალფა, საანსამბლო, საგუნდო და საორკესტრო ნაწარმოებთა ფორმებად, რითაც გზა გაუკაფა პროფესიულ შემოქმედებას ჩვენში. მაღალი შეფასების ღირსია მელიტონ ბალანჩივაძის მოღვაწეობა, როგორც ეთნოგრაფიული გუნდების ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის, ასევე ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების დაუცხრომელი პროპაგანდისტისა საქართველოსა და რუსეთში.
მელიტონ ბალანჩივაძე დაიბადა 1862 წელს სოფელ ბანოჯაში (წყალტუბოს რ/ნ). ბალანჩივაძეების წინაპრები „წმ. გიორგის გლეხებად" ითვლებოდნენ, ვინაიდან ბატონყმობის დროს ირიცხებოდნენ „საეკლესიო გლეხებად". მელიტონის პაპა – ანდრია ბალანჩივაძე საუცხოო ხმის პატრონი იყო და გალობდა სოფლის საეკლესიო გუნდში. მისი ცოლიც ჟონეთელი (წყალტუბოს რ/ნ) ქორიძეების შთამომავალი იყო. იგი ხალხური სიმღერების კარგი მცოდნე გახლდათ. ადგილობრივ გუნდში გალობდა ასევე ანდრია ბალანჩივაძის მამა – ანტონ ბალანჩივაძეც.
რვა წლის მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ბუნებრივმა მუსიკალურმა ნიჭმა და ყმაწვილის წკრიალა ხმამ საეპისკოპოსო გუნდის ხელმძღვანელის დიმიტრი აღნიაშვილის ყურადღება მიიპყრო და პატარა მელიტონი 25 მგალობლისაგან შემდგარ საეკლესიო გუნდში ჩარიცხა. შემდეგ მან თავისი ტოლამხანაგებისგან შეადგინა პატარა გუნდი და თავად ხელმძღვანელობდა მას. მუსიკით გატაცებულმა მელიტონ ბალანჩივაძემ თავი დაანება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლას და თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, სადაც საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მღეროდა. გუნდის ხელმძღვანელმა ვ. აუშევმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა. 1880 წლიდან მ. ბალანჩივაძე თბილისის ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია ფილიმონ ქორიძემ. მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში „ევგენი ონეგინსა“ (ზარეცკი) და „ფაუსტში“ (ვალენტინი).
1882 წელს მ. ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი. მან 1883 წელს თბილისში კონცერტიც გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.
1883-1886 წლებში მელიტონ ბალანჩივაძემ მთელი საქართველო შემოიარა ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით ფილიმონ ქორიძესთან ერთად. იგი ლ. აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგან შედგენილ „ქართულ პოპურსაც“ ასრულებდა.
1889 წელს მ. ბალანჩივაძემ მსმენელებს წარუდგინა ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშების სამი რომანსი — „ნანა“, „შენ გეტრფი მარად“ და „ოდესაც გიცქერ“.
1889-1895 წელს მელიტონ ბალანჩივაძე პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა ჯერ ვოკალის განხრით (პროფ. ვ. სამუსთან), შემდეგ კი კონსერვატორიის დირექტორის ანტონ რუბინშტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა ნ. რიმსკი-კორსაკოვთან, რუსეთში იგი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა.
მელიტონ ბალანჩივაძემ ფართო საზოგადოებრივი მუშაობა გასწია პეტერბურგსა და საქართველოში. ამ ნუსხაში შედის შემდეგი: პეტერბურგში იგი აირჩიეს მუსიკის მეგობართა პეტერბურგის საზოგადოების „ხაზინადრად", სადაც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა „საზოგადოების" ყოველგვარ წამოწყებაში.
1906 წელს მ. ბალანჩივაძე აირჩიეს მუსიკალური ინსტრუმენტების, მათი წარმოებისა და ხელსაწყოების „პირველი სრულიად რუსეთის გამოფენის" ჟიურის წევრად. ამ გამოფენისათვის მან საკუთარი ჩონგური და ხალიჩები გამოიტანა. ამავე დროს ქართული კონცერტიც გამართა. მ. ბალანჩივაძე ქართული მუსიკის პროპაგანდის მიზნით აწყობდა კონცერტებს პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. იგი მუდამ ხალისით ეკიდებოდა ყოველგვარ საქველმოქმედო და პატრიოტულ საქმეს. მან 1901 წელს ასმანეთიანი ლატარიით მოიგო 200000 მანეთი, რითაც სისტემატიურ დახმარებას უწევდა თავის თანამემამულეებს.
ამასთან დაკავშირებით კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი თავის მოგონებაში აღნიშნავდა: „მელიტონთან მუდამ ვიღაც უცნობი ქართველები მოდიოდნენ. ვინ ფულად დახმარებას სთხოვდა, ვის გზის ფული ესაჭიროებოდა სამშობლოში დასაბრუნებლად. ვის სტიპენდიის საკითხის მოგვარება სურდა ან სამსახურში ან სასწავლებელში მოწყობა და ა.შ. მელიტონი არავის უარს არ ეუბნებოდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა."
კოტე ფოცხვერაშვილის რჩევით 1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მ. ბალანჩივაძემ ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო: 1918 ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში; იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე, „საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში; ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისის; მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას;
1921 წელს მელიტონ ბალანჩივაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ მუსიკალურ განყოფილებას.
მ. ბალანჩივაძის ინიციატივითა და აქტიური დახმარებით დაარსებული იქნა მუსიკალური სასწავლებლები და სკოლები სამტრედიაში, გორში, ველისციხეში, ხუთი მუსიკალური სკოლა თბილისში. იგი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მუსიკის სწავლების საქმეს.
მუსიკალურ აღზრდაზე მზრუნველობასთან ერთად მ. ბალანჩივაძე სერიოზულ ყურადღებას აქცევდა ხალხური გუნდების ჩამოყალიბების და განმტკიცების საკითხს. მისი დახმარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა გუნდების მდგომარეობა ქუთაისში (მაღრაძის გუნდი), ფოთსა და ზუგდიდში (ძუკუ ლოლუას გუნდი), თბილისში (კოტე ფოცხვერაშვილისა და მიხეილ კავსაძის გუნდები) და ჩამოყალიბებულ იქნა სხვა ახალი გუნდებიც. დიდი მუშაობა ჩაატარა მან ეთნოგრაფიული გუნდების რეპერტუარის გადასინჯვისა და ხალხური სიმღერის გამოჩენილი სპეციალისტებით ამ გუნდების დაკომპლექტებისათვის. ამასთან დაკავშირებით იგი წერდა: „ეროვნული მუსიკის გაფურჩქვნა შეუძლებელია თუ მას საფუძვლად არ დაედო ხალხური სიმღერა".
მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალურ–საზოგადოებრივი მოღვაწეობა წარმოადგენს ადრინდელ ეტაპს პროფესიული ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ისტორიაში. მისი ისტორიული დამსახურება მშობლიური ხალხის წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ ნაციონალური მუსიკის ჩამოყალიბების პერიოდში მან გაბედულად აღიმაღლა ხმა ქართული ხალხური მუსიკის ღირსებისა და იდეურ მხატვრული სიმდიდრის დასაცავად.
და როგროც კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი აღნიშნავდა: მელიტონ ბალანჩივაძეს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება – ჩაედო პირველი ქვა ქართული მხატვრული მუსიკის საძირკველში და შემდეგ, 50 წლის მანძილზე, ამაყად ედევნებია თვალი იმისათვის, თუ როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა ეს შენობა".
მელიტონ ბალანჩივაძის ორივე ვაჟი ხელოვნების სამსახურში ჩადგა. ჯორჯ ბალანჩინი გახლდათ ამერიკის ბალეტის მფუძემდებელი, ხოლო ანდრია ბალანჩივაძე კი – ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის დამაარსებელი.
სამწუხაროდ, წყალტუბოში დღემდე არა არსებობს მელიტონ ბალანჩივაძის სახლ–მუზეუმი. დიდი კომპოზიტორის სახელს ატარებს მხოლოდ მის მიერ დაარსებული ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი.