ფილიმონ ქორიძე (1829-1911)
„ღმერთო, ამ ხმით თქვენ მსოფლიოს დაიმონებთ!“ – აღფრთოვანებით უთხრეს თბილისში სტუმრად მყოფმა იტალიელმა მომღერლებმა ფილიმონ ქორიძეს და ურჩიეს მას იტალიის გზას დადგომოდა და საოპერო ხელოვნებას დაუფლებოდა...
ძალიან მალე ის ოცნების ქალაქში – მილანში 1868 წელს გაემგზავრა... ფილიმონ ქორიძე გახლდათ პირველი ქართველი, რომელიც იტალიას სასწავლებლად ესტუმრა. პროფესორ რონკონის გაკვეთილებმა ამაოდ არ ჩაიარა – მალე ის იტალიურს მიმსგავსებული ფილიპო კორიძის ფსევდონიმით კონცერტებშიც კი იღებდა მონაწილეობას... იტალიაში ცნობილ ესპანელ მომღერალს – ლოპეცს დაუმეგობრდა და მის დასთან ერთად ამერიკაც საოცარი წარმატებით მოიარა... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მაინც ლა სკალაში წარმატებული დებიუტი იყო. იტალიური გაზეთები აღიარებდნენ ქორიძის ტალანტს, მის საუცხოო მანერებსა და ჭეშმარიტად დრამატულ მონაცემებს, დიდებულ ხმასა და რეგისტრის თავისუფალ ფლობას.
ფილიმონ იასეს ძე ქორიძე 1829 წელს დაიბადა გურიაში, სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მის იტალიაში გამგზავრებას ხელი შეუწყო მდიდარი მეუღლის ოჯახმა.
1881 წელს ფილიმონ ქორიძე სამშობლოში ბრუნდება და ქუთაიში იწყებს ფოლკლორულ–შემკრებლობით მუშაობასთან ერთად პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას. ამავე პეროიოდში იგი აწყობს ფოლკლორული ანსამბლებისა და გუნდების კონცერტებს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, ქმნის მუსიკის ელემენტარული თეორიის სახელმძღვანელოს, წერს საფორტეპიანო და ვოკალურ ნაწარმოებებს.
ფილიმონ ქორიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის გუნდსაც ლოტბარობდა. უსახსრობის გამო იგი მეუღლესთან ერთად მუსიკის კერძო გაკვეთილებს ატარებდა. ფილიმონი ხშირად უსასყიდლოდ ამეცადინებდა გამორჩეული ნიჭის ახალგაზრდებს. მათ შორის იყო ცნობილი მსახიობი ეფემია მესხიც, რომელიც თავის მოგონებაში აღნიშნავდა: „სიმღერას მასწავლიდა ფილიმონ ქორიძე, რომელიც ეუბნებოდა სერგეის, რომ ის მუქთად მასწავლის, რადგან საუცხოო ყურთასმენა და ხმა მაქვს. ერთი წელიწადი დავდიოდი მასთან. იმ დროს ის მსახურობდა აქაურ ოპერაში. ცოლად ჰყავდა ზინაიდა მიხეილის ასული ვორობეცი, კარგი მცოდნე მუსიკისა. როდესაც მე ვმღეროდი, ის აკომპანიატორობას მიწევდა".
ქუთაისში მოღვაწეობის დროს ფილიმონ ქორიძემ უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი ძალა და ენერგია მხოლოდდამხოლოდ ეროვნული მუსიკის, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, "საშვილიშვილო საქმისთვის" შეელია. საკუთარ არჩევანზე საუბრისას ფილიმონ ქორიძე აღნიშნავდა: "საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე,... შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია,... ჩემი დღევანდელი მუშაობა კი – საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე,... ჩემი ნამუშევარი ჩაწერილი და დაბეჭდილი არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს.“
1883 წლის ბოლოს ფილიმონ ქორიძეს ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების სანოტო ჩანაწერების დიდი რაოდენობა დაუგროვდა. მან იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა 1883 წლის ბოლოს დაასრულა, ხოლო კრებულის სახით, 1884 წელს აიკინძა. ხელნაწერების გამოქვეყნებას იგი იტალიაში ან რუსეთში გეგმავდა. მას ე.წ. "სასულიერო ბანკში" ცოლის მზითევის თანხის იმედი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად ეს ბანკი გაკოტრდა.
ქართული გალობის ნოტებზე გადატანის საქმის გულშემატკივრებმა არქიმანდრიტებმა მაკარიმ (ბატატაშვილი) და გრიგოლმა (დადიანი) საჭირო თანხების მოსაპოვებლად დახმარებისათვის მაშინდელ ეგზარქოს პავლეს მიმართეს. ეგზარქოსმა, მათი წინადადების საფუძველზე, კომისიის შექმნის განკარგულება გასცა, რასაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი. თუმცა ეს წამოწყებაც უშედეგოდ დამთავრდა.
მაგრამ ფილიმონ ქორიძე დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლას მაინც განაგრძობდა. იგი ქართული მუსიკის ნოტირების შესაძლებლობაში საზოგადოების სულ უფრო ფართო წრის დარწმუნებას და მათგან თანადგომის მოპოვებას ცდილობდა. ამისთვის მან 1883 წლის დეკემბერში არაოფიციალური კრება მოიწვია. კრების დამსწრე პირებმა აღიარეს ამ საქმის საჭიროება და მოღვაწეს დახმარება აღუთქვეს. „ 1884 წელი 20 მარტი. ხარაზოვის სახლის დარბაზში ჩატარდა ქართული კონცერტი ორ განყოფილებად. 1. პირველ განყოფილებაში შესრულდება ექვსი ნომერი იოანე ოქროპირის წირვიდან. მეორე განყოფილებაში – ხალხური სიმღერები, გადატანილი ნოტებზე ქორიძის მიერ: „პატარა საყვარელო," „ხელხვავი," „ხასანბეგურა", „დელავდა," „ფაცხა მელია," „ლომსა კურდღელი" (ქიმ 2173/1171 –4).
ფილიმონ ქორიძემ 1887 წლისათვის დაახლოებით 400 საგალობელი ჩაიწერა. საგალობელთა შესაბამის ხელნაწერებში ხშირად ვხვდებით ძილისპირების თავში ან ბოლოში დართულ წარწერებს. "შესწორებულია", "განხილულია". წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით. ქორიძის გუნდი შემოწმებულ საგალობლებს წირვისას სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში გალობდა. საერთოდ, ქართული საეკლესიო საგალობლებისა და სიმღერების ნოტირების საქმეს ფილიმონ ქორიძე 1882 წელს შეუდგა. საგალობლებს იგი ძველი საეკლესიო კილოების შესანიშნავი მცოდნეებისაგან – მელქისედეკ ნაკაშიძისა და ნესტორ კონტრიძისგან იწერდა. რამდენიმე თვეში მას ბევრი სხვადასხვანაირი კილო ჩაწერა. ფილიმონ ქორიძე მოწადინებული იყო, გაეფანტა ეჭვი, თითქოს ქართული სიმღერა-გალობის ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ჩაწერა შეუძლებელი იყო. ამ მიზნით მან მომღერალ-მგალობელთა გუნდის შედგენა გადაწყვიტა, რომელსაც მელიტონ ბალანჩივაძე ეხმარებოდა. სწორედ ამ უკანასკნელის გუნდის წევრებისაგან შეადგინა ფილიმონმა თავისი გუნდი.
1884 წელს, ქუთაისში დაარსებულმა ქართული საეკლესიო გალობის აღმდეგნელმა კომიტეტმა ფილიმონს ორ წელიწადში (1885-1886 წლები) იმერულ-გურული კილოს 400 საგალობლის ნოტებზე გადატანა დაავალა – პირველ რიგში კი, – ღვთისმსახურებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგალობლებისა. ესენია: სამი წირვის წესი – იოანე ოქროპირისა, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსისა, აღდგომის წირვის სადღესასწაულო, მღვდლის კურთხევის, ქორწინების საგალობლები, სადღესასწაულო განიცადეები და საგალობლები „შესვენებულთა ზედა". 1890 წელს ფილიმონ ქორიძე მეგობრების რჩევით თბილისში ჩამოვიდა, სადაც „მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტად" წოდებულ "საღმრთო წიგნთსაკითხავის" დამაარსებლების, მაქსიმე შარაძისა და ესტატე კერესელიძის დავალებით ნოტის კითხვა თორმეტ ახალგაზრდას შეასწავლა.
1890-91 წლებში "კაბინეტის" დამაარსებლის ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით პირველი სტამბისა და ნოტის საბეჭდი შრიფტის შეძენის შემდეგ ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში მიავლინეს დიდი მგალობლის ანტონ დუმბაძისგან საგალობლების ჩასაწერად. ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ძველი კილოების ჩასაწერად ფილიმონი სოფელ-სოფელ დადიოდა – ურემზე დაკეცილ ფისჰარმონიას დადგამდა, თვითონ კი გზას ფეხით მიჰყვებოდა.
ფილიმონ ქორიძე წერდა: "ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არცერთ ტომს არცერთ სამეფოს არა აქვს ისე მრავალი, ისე სრული, ისე წარმტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტის-მეტის შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები". 1895 წელს ფ. ქორიძემ ოზურგეთში მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა და პარალელურად იგი სიმღერა-საგალობლების შეგროვებასც განაგრძობდა. 1896-1899 წლებში გურიაში შემკრებლობითი მოღვაწეობის გარდა, ფ. ქორიძემ მთელი დასავლეთ საქართველო მოიარა და მგალობელ-მომღერალთა მრავალი სხვა გუნდი ჩამოაყალიბა. მისი მომზადებული მგალობლები მსახურობენ ოზურგეთის, ხონის, სუფსის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ბათუმის საკრებულო ტაძრებში. მაგრამ მათ შორის მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია ოზურგეთის მგალობელ-მომღერალთა და ქუთაისის ეთნოგრაფიული გუნდი.
1900-იან წლებში ფილიმონი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელშიც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფ.ქორიძის მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლის მიუხედავად იგი ხშირად განიცდიდა უსახსრობას. ბევრჯერ როიალის აწყობითაც მოუპოვებია ლუკმაპური. მის მიერ ორგანიზებული კონცერტების მცირე შემოსავალი მთლიანად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მგზავრობას, საგალობლებისა თუ ხალხური სიმღერების ჩაწერას ხმარდებოდა. ეს ფილიმონ ქორიძეს ყველაზე მეტად ახარებდა. „ჩემს ხანგრძლივ უსასყიდლო მუშაობაში ბევრი დაბრკოლება და სიღარიბე ვითმინე, მაგრამ მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი". – ამბობდა იგი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ფილიმონ ქორიძე მის მიერ ჩაწერილი ნიმუშების საზოგადოებისათვის წარდგენას. „ეს კონცერტები ჩემთვის არა მხოლოდ ნამუშევრის ჩვენებაა, არამედ ქართული მუსიკის შესასწავლი კონსერვატორიააო", – აცხადებდა. 1900 წელს ფილიმონ ქორიძემ 30-კაციანი ეთნოგრაფიული გუნდი ჩამოაყალიბა, რომლებიც ძირითადად გურული მომღერლებისგან შედგებოდა. „ქორიძის ხოროს", როგორც მას უწოდებდნენ, კონცერტები მსმენელთა აღტაცებას იმსახურებდა. 1904 წლიდან ფილიმონ ქორიძე განსაკუთრებულად ზრუნავდა სასულიერო მუსიკის ნიმუშების დაფიქსირებაზე, რადგან ხედავდა, რომ ამ საქმის მცოდნე ხალხი თანდათან აკლდებოდა წუთისოფელს. 1905 წლისთვის მას უკვე 1751 საგალობელი ჰქონდა ჩაწერილი.
1904-1905 წლებში ფილიმონ ქორიძემ თბილისში არისტო ქუთათელაძისაგან ჩაიწერა საგალობლები. მის მიერ ერთ ხმაში ჩაწერილი ნიმუშები (საუფლო თუ სხვა დღესასწაულთა ჰიმნები, პარაკლიტონის რვა ხმაზე გაწყობილი დასდებლები, ცისკრის წარდგომები, ჭრელები და სხვა) თხუთმეტ რვეულში გადანაწილდა, რაც შემდგომში ერთ წიგნად აკინძა.
ასე დაასრულა ამქვეყნიური მოღვაწეობა თავდადებულმა ხელოვანმა – ფილიმონ ქორიძემ. მან თავისი შემოქმედებითი ნიჭისა და მამულიშვილური თვითშეგნების, თავდადებული შრომისა და ეროვნული მუსიკის უდიდესი სიყვარულის წყალობით გაქრობისაგან იხსნა დასავლეთ საქართველოს სამონასტრო სკოლების საგალობელთა უდიდესი ნაწილი.