ვლადიმერ მარჯანიშვილი (1874–1936)
არიან ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ნაყოფიერ, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ეწევიან, მაგრამ მთელ რიგ მიზეზთა გამო მათი სახელი და ნამოღვაწარი დაუფასებელი და დაუმსახურებლად მივიწყებული რჩება. ასეთი ბედი ეწვია დიდი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის ძმას, შორეული ნაოსნობის კაპიტანს ვლადიმერ (ლადო) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილს.
სიყრმიდანვე ზღვის სტიქიონზე რომანტიკულად შეყვარებულმა ლადო მარჯანიშვილმა თანმიმდევრულად განვლო რჩეული პროფესიის ყველა ეტაპი – უბრალო მეზღვაურიდან დაწყებული შორეული ნაოსნობის შტურმანამდე დამთავრებული.
ლადო მარჯანიშვილი 1984 წელს თავის უფროს ძმასთან კოტესთან ერთად ჩაირიცხა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, მაგრამ არც ერთს იგი ბოლომდე არ დაუმთავრებია: თეატრზე შეყვარებულმა კოტემ მსახიობობა აირჩია და დიდ რეჟისორად დაუბრუნდა სამშობლოს, ხოლო ლადომ დაამთავარა ოდესის საზღვაო სასწავლებელი და პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა. მან არა ერთხელ გადასერა ხუთივე კონტინენტის ზღვები და ოკეანეები, ეწვია კუნძულებს, ყურეებსა და უცხო ქვეყნების ნავსადგურებს.
1901 წლიდან იგი ფოთში დამკვიდრდა. სამი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა ჯერ ფოთის პორტის ზედამხედველად, შორეული ნაოსნობის კაპიტნად და მთავარ ლოცმანად. მის გარეშე დიდი წყალწვის ვერცერთი გემი ვერ შევიდოდა და ვერც გამოვიდოდა ამ ქალაქის გემთსადგომიდან.
იგი ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და ბერძნულ ენებს. ლადო მარჯანიშვილის საქმიანობა ფოთში მარტო ლოცმანის საპასუხისმგებლო მუშაობით როდი იფარგლებოდა. მასაც უფროსი ძმასავით სულში ჩაბუდებული ჰყავდა დემონი. ეს იყო თეატრალური ხელოვნების ძალისხმევით თავისუფლებისაკენ სწრაფვა.
ლადო მარჯანიშვილი ორ რადიკალურად განსხვავებულ პროფესიას ერთმანეთს ჰარმონიულად უთავსებდა. „ზღვის მგელი“ მრისხანე წყლის სტიქიონთან შერკინებული მეზღვაური ამავე დროს იყო ფოთის საბავშვო თეატრის რეჟისორი.
იგი 1918 წლიდან ჩაუდგა სათავეში ფოთის საბავშვო თეატრს და მას მთელი 16 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
იმ პერიოდში 1918 წელს, რუსეთში დაარსდა „თეატრი ბავშვებისათვის“. მოსკოვის გარდა ასეთი თეატრი იყო პეტერბურგში, სარატოვში და სხვაგანაც.
რუსეთის საბავშვო თეატრის ანალოგი საქართველოში არ არსებობდა, რადგან რუსეთის საბავშვო თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მხოლოდ პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები. ხოლო ფოთის საბავშვო თეატრი იყო პირველი კულტურის კერა, სადაც ნორჩი თაობის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდა თვით ბავშვების უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა.
საბავშვო თეატრში ლ. მარჯანიშვილმა 20 სცენისმოყვარე ბავშვთან ერთად ბრწყინვალედ დადგა სპექტაკლი „მხიარული თოჯინები“, სადაც რვა-ათი-თორმეტი წლის „მსახიობებმა“ და „მოცეკვავე“ გოგო-ბიჭებმა ბავშვური უშუალობით გადმოსცენ პიესის მიმზიდველი შინაარსი.
ამ პიესის დადგმით საქართველოში საძირკველი ჩაეყარა პირველ საბავშვო თეატრს. „მხიარულ თოჯინებს“ მოჰყვა პიესები: „ჩექმებიანი კატა“, „ტყის ზღაპარი“, „ამურის შურისძიება“ და „ივანოვ პაველ“, რომლებშიც ნორჩ შემსრულებლების გარდა უფროსი კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
20-იანი წლების ქალაქ ფოთის კულტურულ კერას მხოლოდ კინოთეატრი „კომეტა“ წარმოადგენდა და ამიტომ ლადო მარჯანიშვილის საბავშვო თეატრი ფოთის საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. თეატრის მუშაობას ბევრი დაბრკოლება აფერხებდა. მას არ გააჩნდა საკუთარი შენობა, კოსტუმები, თანხა. ლ. მარჯანიშვილს თავის სახლიდან გამოჰქონდა ოჯახის წევრთა სამოსელი, ქსოვილები, სცენისათვის საჭირო ნივთები და ინვენტარი.
ასე რომ, თეატრის წარმატება მთლიანად ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული და თავადაც უსასყიდლოდ მუშაობდა. 1921-24 წლებში საბავშვო თეატრმა განახორციელა ბევრი ახალი პიესის დადგმა: „თოვლის ფიფქები“, „კატის სახლი“, „პატარა იდას ყვავილები“, „ჯადოსნური ქოხი“, „ტყის ზღაპარი“, „ზღაპარი ფოთოლცვენაზე“ და სხვა.
1921 წელს ლ. მარჯანიშვილმა ფოთის საბავშვო თეატრთან ასევე ჩამოაყალიბა ქართული დასი, რითაც დიდძალი ახალგაზრდობა მიიზიდა. ფოთის ქართული დასის ძალებით დაიდგა შემდეგი პიესები: „ი. გედევანიშვილის „სინათლე“, „სურამის ციხე“, „მოლიერის ძუნწი“, „ზღაპარი ფოთოლცვენაზე“... სპექტაკლები მუსიკალურად გააფორმა ლადო მარჯანიშვილის ქალიშვილმა თამარ მარჯანიშვილმა, რომელიც სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ ზელიონაიას კლასში.
სცენაზე ჭეშმარიტ წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ ცხოვრებაში გულმართალი არა ხარ, რადგან სცენური სიმართლე პიროვნებაში არსებული სიმართლიდან მოდის.
თავისი უფროსი და-ძმის ბოდბის მონასტრის წინამძღვარ დედა ფამარისა და რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მსგავსად ლადო მარჯანიშვილიც გულით ატარებდა დამოუკიდებელ და თავისუფალ სამშობლოზე ოცნებას. იგი მწვავედ განიცდიდა რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ ოკუპაციას. ლ. მარჯანიშვილი თავისი მრწამსით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული, რაზეც მეტყველებს ერთი ამონარიდი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრის ემიგრანტ დავით ვაჩნაძის მოგონებიდან „გზა დევნისა“: „... ლოგინად ჩავარდნილ დ. ვაჩნაძეს რიჟრაჟზე ძლივს ჩაეძინა. მოულოდნელად გამოღვიძებულს საწოლთან ჩაჩოქილი მამიდა უცვნია. მამიდა – ელენე, იგივე ელო – ერობაში ბოდბეს წმინდა ნინოს სავანის უკანასკნელი იღუმენია იყო. მან თავისი მოსვლა ძმისწულთან ამგვარად ახსნა: „ჩემო საყვარელო დათიკო, სიზმარში გნახე სწორედ ასე, როგორც ეხლა გხედავ, – მძიმე ავადმყოფად. ღვთისმშობელმა გზა მასწავლა. მითხრა თეკლათის ახლოს... ზღვის ქალაქი რომ არისო, იქ მონახე შენს მეგობრებთან შეფარებული შენი ძმისწულიო. დილით მოვიდა ვალოდიას ძმა კოტე მარჯანიშვილი და დაადასტურა ჩემი სიზმარი. და აქ გავჩნდი...“
ცნობილია, რომ სისხლიანი ბოლშევიკური რუსეთის ძვინვარების დროს დავით ვაჩნაძეს საზღვარგარეთ გადასვლაში დახმარებას უწევდა ვლადიმერ მარჯანიშვილი, რომელსაც ამ უკანასკნელის პასპორტით უნდა დაეტოვებია სამშობლო. დ. ვაჩნაძეს ხევსურეთის აჯანყების მომზადებისათვის სჭირდებოდა ოსმალეთში გადასვლა.
„1923 წლის აგვისტოში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ, სამი თვით ოსმალეთში გადასვლა, სამხედრო და მატერიალური დახმარების მოთხოვნა დაევალა დავით ვაჩნაძეს. ამ მიზნით სექტემბერსა და დეკემბერში, ფოთიდან ლადო მარჯანიშვილის დახმარებითა და მისი პასპორტით ოსმალეთში გაპარვის ცდა, ზღვის ღელვის გამო მარცხით დამთავრდა. მხოლოდ მომდევნო, 1924 წლის თებერვლის ბოლოს შეძლო დ. ვაჩნაძემ ახალციხის გზით საზღვრის გადალახვა.“
ასე რომ, ქართული საბავშვო თეატრალური ხელოვნების განვითარება და სამშობლოს თავისუფლება გახლდათ ვლადიმერ მარჯანიშვილის გულისა და სინდისის კარნახი.
ლადო მარჯანიშვილის საბავშვო თეატრის როლი ნორჩი თაობის მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში უდავოდ მნიშვნელოვანია. სწორედ, ამ თეატრის სპექტაკლებზე დასწრებით და მით უმეტეს, სპექტაკლებში მონაწილეობით ყმაწვილები ეცნობოდნენ თეატრს, ხელოვნებისადმი მისწრაფებასა და სიყვარულს. სპექტაკლის მოქმედ პირთა როლების განაწილებისას ლ. მარჯანიშვილი ითვალისწინებდა ამა თუ იმ როლის მომავალი შემსრულებლის მთელ რიგ მონაცემებს. მისი სპექტაკლების ძირითადი იდეური საფუძველი იყო სიკეთის გამარჯვება ბნელეთსა და ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული და მაღალ-ეთიკური ნორმების ძალდაუტანებელი ჩანერგვა მომავალი თაობის სულში.
საერთოდ, ღვაწლმოსილი ადამიანის დაუმსახურებლად დავიწყება ისევე უმართებულო და დასანანია, როგორც დაუმსახურებელი პატივი და განდიდება.
ლადო მარჯანიშვილს ეჭვმიუტანელი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო თეატრალური ხელოვნების პირველად საქართველოში დაარსება-დამკვიდრებაში.