შალვა დადიანი (1874-1959)
„წარსულის სიმართლეზე დგას აწმყო და მომავალი სიმართლე; ძირდაკარგული ერი–უნიადაგოა და მომავლის შენობას ვერაფერზედ დაამყარებს". გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე" – თქმული ეს სიტყვა ეკუთვნოდა ქართველ მწერალს, კრიტიკოსს, პოეტს, მთარგმნელს, ორატორს, „თერგდალეულების" ლიტერატურულ–ესთეტიკური შეხედულებების მატარებელ – ნიკოლო დადიანს (1844–1896), რომლის შვილი გახლდათ ქართული თეატრის სიამაყე, მსახიობი, დრამატურგი, პირველი ისტორიული რომანის ავტორი, მთარგმნელი, რეჟისორი, ნოველისტი – შალვა დადიანი.
ცნობილმა დრამატურგმა, მწერალმა, პუბლიცისტმა საზოგადო მოღვაწემ და აკადემიკოსმა შალვა დადიანმა დაამთავრა ნიკო დადიანის საკუთარი სკოლა, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა იმ დროის ოფიციალურ სკოლათაგან. ეს სკოლა ორი რჩეულისთვის არსებობდა: ნიკო დადიანის სკოლის კურსდამთავრებული იყო მარიამ და შალვა დადიანები. მარიამ დადიანი, რომელიც აფხაზეთში გათხოვდა და ანჩაბაძის მეუღლე გახდა მფარველ ანგელოზად მოევლინა საქართველოს ამ განაპირა ადგილას ყოველგვარ ქართულ საზოგადო საქმეს, რუს ხელმწიფის დროს და შემდეგაც.
მეორე კურსდამთავრებულის შალვა დადიანის სახელი უშუალოდ დაუკავშირდა, როგორც მსახიობისა და დარამატურგის, ქართული თეატრის აღორძინების საქმეს. ასე რომ, ნიკო დადიანს იმ დროის სასწავლებელში არცერთი შვილი არ შეუყვანია. მასზე ნაცნობთა უმრავლესობა საყვედურის კილოთი ამბობდა: „თვით ბრძენი და ნასწავლი, შვილებს უსწავლელად ტოვებსო. ვის გაუგონიაო! კაცმა შვილებს გიმნაზიაში არ ასწავლოსო." მაშინ რუსული გიმნაზიის გარეშე სწავლის შეძენა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ნიკო დადიანს უცნაური ბედი დაჰყვა. ბევრის თქმა შეეძლო, თავისი სიბრძნის პაწაწა ნაწილსღა დაგვაჯერა... „ალბათ შვილს უანდერძა თავისი სათქმელი და მანაც პირნათლად შეასრულა იგი, რომლის მოწამეა შალვა დადიანის „გუშინდელნი", „გეგეჭკორი", „ვარამი", „კაკალ გულში" და დახვეწილი ქართულით დაწერილი მოთხრობები. იმ ხანებში ნიკო დადიანის მეთაურობით დაარსდა ქართული მუსიკის, როგორც ჩვენი კულტურის ერთი თვალსაჩინო დარგის, შესწავლისა და გავრცელების საზოგადოება. ნიკო დადიანმა თავისი ქალ–ვაჟი პატარაობიდანვე ჩააბა საზოგადოებრივი მოღვაწეობის საქმეში.
შალვა დადიანი დაიბადა 1874 წლის 8 მაისს დაბა ზესტაფონში. იგი ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა და პატრიოტულმა იდეებმა, რომლითაც გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული “ნაპერწკალი” (1892) და პროზაული მინიატურები (იბეჭდებოდა გაზეთ “ივერიაში” 1896-იდან).
მისი პირველ მოთხრობა „წმინდა ცრემლები" 1896 წელს გაზეთ „ივერიის" ფურცლებზე დაიბეჭდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე რედაქტორობდა. „წარმოიდგინეთ ჩემი გახარება, – იგონებდა შ. დადიანი, – როდესაც გაზეთის ფელეტონში ჩამწკრივებულად ჩემი მოთხრობა დავინახე."
ცხრამეტი წლის შალვა დადიანის დებიუტი ქართულ სცენაზე 1893 წლის 2 თებერვალს შედგა, სადაც კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში „მარგარიტა გოტიეში," მიიღო მონაწილეობა. მასვე ეკუთვნოდა ამ პიესის თარგმანი. სცენაზე იგი „ქუჯის" ფსევდონიმით გამოვიდა. შემდგომში ლადო მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში.
შ. დადიანმა 1908 წელს ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბაქოს ქართული თეატრის სცენაზე მისი დასი გარკვეული დროის მანძილზე მოღვაწეობდა.
ბაქოს სეზონის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 1917 წლის 12 თებერვალი – შ. დადიანის ბენეფისი, მისი ბრწყინვალე კომედიის „გუშინდელნის" დაბადების დღე. დიდ დრამატურგს განზრახული ჰქონდა თავისი ბენეფისისათვის თვითონ დაეწერა პიესა. რა თქმა უნდა, პიესა უცბად, მოულოდნელად არ შექმნილა. ავტორს იგი ადრევე ჰქონდა მოფიქრებული. ამასთან დაკავშირებით შალვა დადიანის ამ პიესის დაწერის ისტორიაზე მსახიობი შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) მოგვითხრობდა: „შალვას რამდენჯერმე ვთხოვე, მოვაგონე – პიესა მოიტანე, თუ როლები გადასაწერია, ბარემ ეხლავე იყოს–მეთქი. ჩაიხითხითებდა, იტყოდა მოვიტანო... ბოლოს, როგორც იყო მოიტანა რაღაც ხელნაწერი ერთი მოქმედება, წაგვიკითხა. ყველა აღტაცებაში მოგვიყვანა. იმ ღამესვე გამოვართვი პიესა, წავიღე სახლში და როცა შემომათენდა, ყველა მოქმედი პირის როლი მზად მქონდა. ასე, შუადღე იქნებოდა, მიუტანე სახლში... ძლივს სამი დღის შემდეგ მოიტანა მეორე მოქმედება – წაგვიკითხა. დიდი მოწონებით შევხვდით პიესას... მესამე მოქმედების მოტანას სწორედ ერთი კვირა დააგვიანდა. დღეს, ხვალ, ზეგ... რომ აღარა – გვეშველარა. ერთ დილას მარტო დავტოვეთ ოთახში. ეძინა, კარები ჩვენ დავკეტეთ და შავ ქალაქში წავედით... საღამომდე არ მოვსულვართ. მოვედით რვა საათისათვის, გავაღეთ კარები, შალვას ეძინა. დავიხედე საწერ მაგიდაზე – ხელნაწერი მესამე მოქმედებისა იდო და საღამოს რეპეტიციაც დავიწყეთ".
ასე რომ, „გუშინდელნი" დამსახურებულად შევიდა ქართული დრამატურგიის ოქროს ფონდში, რომლის გასცენიურება პატივად ხვდა ბაქოს ქართულ დასს, რათა გამხდარიყო ამ შესანიშნავი პიესის აკვნის დამრწევი. პიესას პირველად შთაბერეს სული მსახიობებმა გ. პავლიაშვილმა, ბ. წულუკიძემ, შ. ხონელმა, ელ. ანდრონიკაშვილმა (შალვა დადიანის მეუღლე), ც. ამირეჯიბმა, ა. ახობაძემ, გ. მატარაძემ, ა. წუწუნავამ და სხვებმა. პიესაში „გუშინდელნში" მაზრის უფროსის როლს თავად ავტორი ბენეფიციანტი შალვა დადიანი ასრულებდა.
ამ პიესის პოპულარობაზე მეტყველებს ცნობილი დრამატურგის ნ. შიუკაშვილის პირადი წერილი: „ძვირფასო შალვა! წუხელ პირველად ვნახე ჩვენს თეატრში თქვენი „გუშინდელნი" და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი აღელვება, ჩემი იშვიათი სიამოვნება! მე სულ იმ აზრისა ვიყავი, რომ ადამიანის ცხოვრების უმაღლეს მისახწევლობას გვირგვინად დაედგმის ხელოვნება (და არა მეცნიერება) და წუხელ აი, ამ ხელოვნებამ, ამ მძიმე, გაპირუტყვებულ ცხოვრებაში განმაცდევინა, ისეთი აღტაცება, რომ – ხომ ხედავთ – ვეღარ გავჩუმდი და გეხმაურებით!
თქვენი ცოცხალი, მშვენიერი სურათები ჩვენი ცხოვრებიდან, „გუშინდელ" ცხოვრებიდან ისეთი მხატვრული სისრულით იყო განსახიერებული ჩვენს სცენაზე, რომ მთელი საზოგადოება – დიდი, პატარა, მოწაფე, ინტელიგენტი – აღტაცებაში მოვიდა! აღარ გვინდოდა წარმოდგენა გათავებულიყო, – გესმით, ძვირფასო შალვა!"... (შ. დადიანის ფონდი, №25 424/26).
შალვა დადიანის რეჟისორობით მისმა მოძრავმა დასმა მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ნოვოროსიისკში, პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა “უკანასკნელნი”.
დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ დრამატურგიაში, რომელშიც მხილებულია სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმი, მლიქვნელობა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დრამატურგიაში ტრადიციული ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა “თეთნულდი” (1931), რომელშიც ავტორმა თანამედროვე სვანეთის ფონზე ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება ასახა. ისტორიულ-რევოლიციურ დრამაში “ნაპერწკლიდან” (1937) ასახულია XX საუკუნის დამდეგს საქართველოს მუშათა კლასის საბრძოლო შეკავშირება ბოლშევიკური ოგრანიზაციების გარშემო.
მისმა რომანმა “გიორგი რუსი” (1916-1926), რომელშიც ასახულია XII-XIII საუკუნეების საქართველო ბოლშევიკური რუსეთის აღშფოთება გამოიწვია. რის გამოც ახალმა რეჟიმმა ზეწოლის ქვეშ მოაქცია შალვა დადიანი. კომპრომისზე წასულმა მწერალმა რომანში “გვირგვილიანების ოჯახი” (1954) ეს ხარვეზი ერთგვარად „გამოასწორა" და რომანში ასახა ქართველ თავად–აზნაურთა ეკონომიური და სულიერი დეგრადაცია, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გლეხობის ბრძოლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი “რაც გამახსენდა” (1959).
დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები.
ვრცელი იყო მისი საზოგადოებრივ მოღვაწეობის ნუსხა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950-1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ თეატრის რეპერტუარში.
ჯერ კიდევ 1923 წელს შალვა დადიანის ბენეფისზე იოსებ გრიშაშვილმა განაცხადა: „ქართული კულტურის რომელი დარგიც არ უნდა დავასახელოთ, შალვა დადიანი, როგორც სამფერი ძაფი, ნაზად ექსოვება ჩვენს ეროვნულ ხალიჩას… შალვა დადიანი, როგორც მწერალი, სულ ახალი მოვლენაა ჩვენთვის. მისი ყოველი სიტყვა ყალიბშია ჩამდგარი, გამოკვეთილი და თავაზიანია… შალვა დადიანის კალამმა იცის თავისი საზღვრები; სად უნდა დაიხიოს და სად გადავიდეს შეტევაზე..."
1959 წლის 15 მარტს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი შალვა დადიანი, რომლის ცხედარიც მადლიერმა ერმა მთაწმინდის სავანეს მიაბარა.