ნინო გამრეკელ-თორელი (პირველი რეჟისორი ქალი) (1882-1935)
„ბაქოში თამაშობდნენ „ადიკო ზაკაიანს“. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კოტეს ვუთხარი ეს როლი ასე არასოდეს გითამაშია. – იმიტომ, რომ ასეთი ვარო არასოდეს მყოლიაო“, – აღნიშნავდა ნატო მესხი.
ვაროს როლს თამაშობდა კოტე მესხის დიშვილი ნინო გამრეკელ-თორელი.
ნინო გამრეკელმა პირველდაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, ხოლო თეატრალური – მოსკოვში, 1904 წელს, მცირე თეატრის მსახიობის ეკ. პოლიანსკაიას კერძო დრამატულ კურსებზე. იგი იყო საქართველოში პირველი რეჟისორი ქალი, რომლის სასცენო აკვანი პირველად ბაქოში დაირწა.
რა ხდებოდა იმ დროს კულტურულ ფონზე ბაქოში? 1873 წელს ბაქოში დაარსდა პირველი ნახევრად პროფესიული თეატრი, აქ არსებობდა საკმაოდ ძლიერი რუსული თეატრიც, რომელსაც ვასილევ – ვიატსკი ხელმძღვანელობდა.
პირველი დაწესებულება, კულტურის პირველი კერა, ქართველების თავშეყრის პირველი მუდმივი ადგილი ნ. ნარიმანოვის სამკითხველო გახლდათ. ამ დროს ბაქოში 1000 ქართველი ცხოვრობდა. ბაქოში ქართული საღამოების გამართვის ტრადიცია დამკვიდრდა, რომელიც წელიწადში ერთხელ, ზამთარში იმართებოდა. საღამოზე იდგმებოდა ქართული პიესა, პატარ-პატარა სცენები ქართველთა ცხოვრებიდან, ქართული ყოფის ამსახველი ცოცხალი სურათები, ქართული კონცერტი. იმართებოდა ლატარია და შესვენების დროს ფოიეში ქართული და ევროპული ცეკვები და ბოლოს ქართული რესტორანი.
ასეთ საღამოს ჰყავდა თავისი დიასახლისი, რომელიც საზოგადოებაში პატივსაცემი ქართველი მანდილოსანი იყო.
საღამოების შემოსავალი სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეს ხმარდებოდა. წარმოდგენებს უფრო ადგილობრივი სცენისმოყვარენი მართავდნენ.
1895 წელს ბაქოში დაარსდა ქართველთა სათვისტომო. ასევე ქართულ სამკითხველოსთან ერთად შეიქმნა საღამოს კურსები, რომელშიც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობდა. 1900-1902 წლებში ბაქოში დაარსდა დრამატული წრე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ შემთხვევით ხასიათს ატარებდა.
მესხების ოჯახიდან პირველად ბაქოში 1898 წელს ეფემია მესხი ჩამოვიდა, რომელიც ცოლად გაჰყვა ივანე გეპნერს. მას მეფის ჟანდამერიამ თბილისში ცხოვრება აუკრძალა. ეფემია მესხმა თავი მოუყარა სცენის მოყვარეებს, რომლებიც უანგაროდ, უსასყიდლოდ, დიდი სიყვარულით მონაწილეობდნენ სპექტაკლებში, რათა აქ მომუშავე ასობით თანამემამულესთან ქართული სიტყვა მიეტანათ.
დასი ხელმოკლეობასა და უბინაობას განიცდიდა. რეპეტიციები სხვადასხვა ბინაზედ ტარდებოდა, ხანაც შემთხვევით გამოძებნილ ოთახში. წარმოდგენებისათვის ასევე ქირაობდნენ თეატრის დარბაზს. ქართველთა მცდელობითა და საქმისადმი თავგანწირვით დაიბადა საკუთარი თეატრის აშენების იდეა, რომელშიც მოთავსდებოდა თეატრი, სკოლა, სამკითხველო და სხვა.
მდიდარი ქართველების დახმარებით იჯარით აიღეს სახლი ბაქოში ნიკოლოზის ქუჩაზე, სადაც გადმოიტანეს ყველა ქართული დაწესებულება.
ბაქოს ქართულ დასს დაუკავშირა მთელი თავისი სიცოცხლე ნინო გამრეკელ-თორელმა, რომელიც იქაურ ქართველებს მრავალი წელი აწვდიდა სულიერ საზრდოს. ბაქოში ბიძამისის რეჟისორ კოტე მესხის ხელმძღვანელობით მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდა ქალისათვის ჩინებული სკოლა იყო.
კოტე მესხის ბაქოდან წასვლის შემდეგ იგი დაინიშნა აქაური თეატრის რეჟისორად. პიესების შერჩევის საკითხში ნ. გამრეკელი მისი დამრიგებლის და მასწავლებლის კოტე მესხის კვალს მისდევდა.
ნინო გამრეკელ-თორელმა ბაქოში პირველად მისი რეჟისორობით დადგა „ბატონი და ყმა“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნა. შემდეგ მისივე რეჟისორობით დაიდგა ისტორიული პიესები: „თამარ ცბიერი“, „პატარა კახი“, „აღსდგა მკვდრეთით ანუ მარუჩა“, „კაცია-ადამიანი?!“ ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამარი“, გაბრიელ სუნდუკიანცის – „ხათაბალა“ და უცხოური პიესა ფონ ვილდენბრუხის – „„ქოჩრიანი ტოროლა“.
„30-ს აქ ქართული საღამოა. რამე პიესა უნდა დაიდგას ერთ მოქმედებიანი. არ ვიცი რა მოვიფიქრო. ნუთუ ჭამა-სმა, ხანჯლის ტრიალი და ჰარი-არალე უნდა ვაჩვენო ხალხს? თბილისში ახალი პიესა გამოჩენილა ნ. შიუკაშვილის მეგობრობა და გამომიგზავნეთ“, – თხოვდა იგი კოტე მესხის მეუღლეს.
სარეჟისორო მოღვაწეობასთან ერთად ნ. გამრეკელ-თორელი წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. თამაშობდა თამროს („ბატონი და ყმა“), მარუჩას, ცირას („თამარ ცბიერი“), ერეკლე მეორეს („პატარა კახი“), ლენას („ქოჩრიანი ტოროლა“); თამაშობდა დრამატულ როლებსაც. მას აქებდა პრესა, უყვარდა მაყურებელს. თავად კი საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული იყო. „წარმოდგენებს რომ სხვა დგამდეს უკეთ ვითამაშებდიო“, – ამბობდა. ჩანდა ამ ორი დიდი საქმის შეთავსებისათვის თავი მზად ჯერ კიდევ არ მიაჩნდა. თუმცა თავისი შემდგომი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ამ ორი საქმის შეთავსება ბრწყინვალედ შეეძლო. კრიტიკული დამოკიდებულება, რომელსაც ნ. გამრეკელი საკუთარი თავის მიმართ იჩენდა, პირად წერილებშიც იყო გამოხატული.
რეჟისორი ქალი რეპეტიციების დაწყებამდე დაკვირვებით სწავლობდა ნაწარმოებს, უკეთებდა ღრმა ანალიზს, წერდა თავისებურ სარეჟისორო გეგმას, რომელშიც დაწვრილებით იხილავდა პიესას, მის იდეას, ღირსება-ნაკლოვანებას, სათითაოდ ახასიათებდა ყოველ გმირს, რომელსაც აცნობდა მსახიობებს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა რეპეტიციები.
1900-1909 წლებში ბაქოს ქართულმა დასმა ნინო გამრეკელ-თორელის რეჟისორობით მაყურებელს უჩვენა 65 პიესა, აქედან 28 გადმოქართულებული.
ბაქოს ქართული თეატრი წარმოადგენდა იმ ტრიბუნას, სადაც ჭექდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის აღგზნებული, შემართებული, გონების გამხსნელი, გრძნობის გამაფაქიზებელი, იმედიანი სიტყვა.
მართალია, დრამატული წრის წარმოდგენები იმ ძირითად მოთხოვნებს პასუხობდა, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ იყო ბაქოში მცხოვრებ ქართველებისათვის. მშობლიური კულტურის გაცნობისა და განათლებისათვის საჭირო იყო ელემენტარული დაწყებითი სკოლის გახსნა, სადაც მათი შვილები წერა-კითხვას მშობლიურ ენაზე ისწავლიდნენ.
საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძალისხმევით ბაქოში გაიხსნა დაწყებითი სკოლა. აქაც ნინო გამრეკელ-თორელმა გამოიჩინა დიდი ინიციატივა. იგი 1909 წლის 11 სექტემბრიდან იყო ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი, რომელიც ამ სკოლაში ასწავლიდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სკოლას მხოლოდ საჭირო ნივთებით უზრუნველყოფდა. სკოლა ძირითადად ბაქოს ქართული დასის წარმოდგენებიდან შემოსული თანხით ფინანსდებოდა. ყოველწლიურად სკოლის სასარგებლოდ აქ მხოლოდ ერთი წარმოდგენა იმართებოდა.
„დიდ უარზე ვიყავი რეჟისორობაზე, მაგრამ ვინ გაიგონა. დაჟინებით აღარა ვთქვი უარი, რადგან ეს წარმოდგენები ახლა წ. კ. გ. საზოგადოების ფილიალური განყოფილების გამგეობამ აიღო თავის თავზე. წარმოდგენები ჩვენი სკოლის სასარგებლოდ იმართებოდა და მაშ როგორ მათქმევინებდნენ უარს“, – აღნიშნავდა ნინო გამრეკელი.
ბაქოში იაკობ მანსვეტაშვილის ხარჯით აგებულ ქართული კულტურის სახლის პირველ სართულზე, 1912 წლის 23 დეკემბერს, ქართული სკოლა გაიხსნა. აქვე ნინო გამრეკელ-თორელის ინიციატივით ჩამოყალიბდა ქართველ ქალთა წრეც. მის საზოგადოებრივ მოღვაწეობის ნუსხაში შედიოდა ბაქოში მცხოვრებ გაჭირვებულთა დასახმარებლად გამართული საშობაო დღესასწაულებიდან შემოწირული თანხის განაწილება, შენობაში ასევე გახსნილი იყო ჭრა-კერვის, ქარგვისა და სხვა ხელსაქმის კურსები ქართველ ქალთა დასხმარებლად. ნინოს ინიციატივით ეწყობოდა სკოლაში ლიტერატურული დილები, საბავშვო წარმოდგენები და შეკრებები.
1910 წლის 9 ნოემბერს ნინო გამრეკელ-თორელი გამოეთხოვა ბაქს საზოგადოებას. სხვადასხვა დროს იგი იყო ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის თეატრების რეჟისორი და მსახიობი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია ნ. ნაკაშიძის „კოტეს დანაშაული“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ ვაჟა-ფშაველას – „სტუმარ-მასპინძელი“ და სხვა.
1920-24 წლებში ნინო გამრეკელი მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. პარალელურად 1922-24 წლებში სწავლობდა ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში.
იგი ხელმძღვანელობდა ქუთაისის თეატრის სეზონებსაც, როგორც რეჟისორი.
1914 წლის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ 4 მაისის ნომერში ანბანის მიხედვით გამოქვეყნებული იყო „სია იმ პირთა, რომელიც შეიძლება დღეს- დღეობით ქართული სცენის მსახიობებად შეიძლება ჩაითვალოს. ცნობილ მსახიობთა შორის მოხსენიებული იყო ნინო გამრეკელ-თორელიც. მის შესახებ ხშირად წერდა ქართული პრესა.
ნინო გამრეკელ-თორელი მის მიერ განსახიერებულ თუ მისი რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლების გმირ ქალებში ყოველთვის ეძებდა და გამოკვეთთდა ქალური სიწმინდის უპირველეს ნიშნებს: ფიზიკურისა და სულიერის ჰარმონიას, სიწრფელეს, ზნეობრივ სიფაქიზეს, სათნოებას... და რაც მთავარია ამ ღირებულებათა შენარჩუნებისა და დაცვისათვის აუცილებელ სიმტკიცეს, გმირულ თავგანწირვას და სწრაფვას თავისუფლებისაკენ.